გადადგომა და ადმინისტრირება

გჯერათ, რომ დღევანდელ სამყაროში ბევრ თანამდებობის პირს (მაგალითად თავდაცვის მინისტრს) საკუთარი სურვილით გადადგომა შეუძლია და იმ შემთხვევაშიც კი, როცა სახელმწიფოს მეთაური ამის კატეგორიული წინააღმდეგია?

არაბეთში ნამდვილად ასეა.

მთავრობის წევრს შეუძლია ისე დატოვოს ქვეყანა, რომ ნებართვაც არ აიღოს  (“ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა“), ოფიციალური წერილში კი (ანდერძი), იმდენად თამამი იყოს, რომ მეფისთვის ჭკუის სწავლებასაც არ მოერიდოს: „მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლათქმულსა“.

სწორედ ესაა არსებითი განსხვავება არაბეთსა და ინდოეთს შორის – მეფე სხვის ნაცვლად არ და ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, მისი სიტყვა არაა კანონი, შეიძლება არ დაემორჩილო, დაარღვიო, საკუთარი არჩევანი გააკეთო, ბრძანება შეცვალო და მხოლოდ მოიბოდიშო, “შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა“-ო.

არაბეთში „არცა სიტყვა მომისმინა“-ზე „გაპარვაა წამალი“. შენს თავთან მართალი თუ ხარ და გადაწყვეტილებას ბრმად არ იღებ („მან არ იცის, რა მჭირს“), ყველაფერი მარტივია, პირადი არჩევანის შესახებ, მეფეს, უბრალოდ, წერილით აცნობებ, ისიც – პოსტ-ფაქტუმ.

დაუმორჩილებლობა არ არის ანომალია და საზოგადოებაში ამას ჩვეულებრივ იღებენ. შერმადინი, ქალაქის დროებითი მმართველი, სულაც არ ცდილობს, რომ ავთანდილს გადააფიქრებინოს და ის საფრთხე დაანახოს, რაც წინააღმდეგობას მოყვება. მისი რეაქცია მხოლოდ საკუთარი გასაჭირით შემოიფარგლება: „რა ვქმნა, უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი“! სწორედ ესაა მხატვრული წყარო და დასტური, რომ არაბეთში საკუთარი აზრი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, დამოუკიდებელი არჩევანი დასჯადი არ არის. კარგი იქნება, თუ სათქმელს აკადემიურად, მკაფიოდ ჩამოაყალიბებ (“ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა“), თორემ, დასჯა კი არა, უკან მობრუნებულ შეთქმულს მეფე გზაზე შეგეგებება და თანასწორად, აღმატებულადაც შეგხვდება: „მას ავთანდილ თაყვანის-სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა“.

მეტი-მეტი, ერთი სხდომა ჩაიშალოს („არ შეექმნა დარბაზობა მას დღე როსტანს გულგამწყრალსა“) და ვაზირი ისე გამოიძახოს, როგორც ამირბარი – ინდოეთში. თუმცა, „მოსამართლე და მოწყალე“ მეფე დიალოგს აქაც თავის მართლებით დაიწყებს, საუკეთესო ვაზირს ასე როგორ მოგექეციო: „გაგათრივე შენ, ვაზირი გულის-გული“.

საჯარო საქმეები კულუარებში ვერ გადაწყდება, თანაც თუ მაღალ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს ეხება. მოქმედება ისევ დარბაზში ინაცვლებს. “მოვიდეს და აწ მიამბოს”-ო, როსტევანი ოპონენტს დისკუსიაში იწვევს, სადაც, შეთქმულების მთელი სიმძიმის წარმოსაჩენად, მრისხანების ნაცვლად, ტანჯვის საჯარო დემონსტრირების ხერხს მიმართავს: „პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი“.

გამონაკლისები, არაბეთის დემოკრატიისთვის, არ არსებობს. შერმადინიც საჯარო სივრცეში გადასცემს სპასპეტის წერილს. რა თმა უნდა, აღარ რისკავს და იტყუება, რომ დოკუმენტი ხელში შემთხვევით ჩაუვარდა, საწოლთან იპოვა.

თავისუფლება და პირადი არჩევანი, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას ნიშნავს და თანამდებობის თუ ქვეყნის დატოვებას გარანტიები სჭირდება – ადამიანურიც, ინსტიტუციურიც და სამართლებრივიც. სტაბილურობას გმირი კი არა, გამართული სისტემა ქმნის და ერთის წასვლით მთელი ქვეყანა ინდოეთივით არ ინგრევა. შემცვლელი ადგილზეა („ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა“), დარბაზსითვისაც ნაპოვნია წარმომადგენელი („დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი“) და დოკუმენტებიც მაგიდაზე დევს. ადმინისტრირება – ყველგან და ყოველთვის – თუნდაც შეთქმული იყო და ქვეყნიდან გარბოდე. უფლებების დელეგირება „ნოტარიულად“ უნდა დაამოწმო: „წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი”.

მინდობილობაში უფლებების გარდა მოვალეობებიცაა გაწერილი: „მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს, ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს“. კორესპონდენციის უფლებაც კი დოკუმენტურადაა გაფორმებული: „წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ“.

არაბეთში, ზოგადად, ბევრს წერენ და ფოსტაც მშვენივრად მუშაობს: „მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა“.

ყოველდღიური, ყოფითი დიპლომატიაც მაღალ დონეზეა: „თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია“. არც ფრთიანი გამოთქმები და კრიტიკული ქვეტექსტებია უცხო. ინდოეთის ტახტის მემკვიდრისგან განსხვავებით, აქ ვაზირებიც კი საკუთარ უფლებებზე და მოსაზრებებზე მეფესთან მკაფიოდ აპელირებენ: „უთქვენოდ გვითქვამს“.

და ჯერ სიუჟეტი არც კი განვითარებულა, ისევ პოემის პირველ გვერდზე ვართ, ჯერ კიდევ მერვე სტროფზე, რომ დარბაზში ამბობენ იმას, რისი დაჯერებაც 21-ე საუკუნის „ინდოეთშიც“ გვიჭირს.

 

 

გენდერის ორი პოლუსი

არსებობს მოსაზრება, რომ „ლეკვი ლომისა სწორია”-ში, ჰუმანისტური პარადიგმის ნაცვლად, არისტოკრატი ქალების პრივილეგირებულობაც შეიძლება ამოვიკითხოთ, რადგან „ლომი“ სამეფო ოჯახის სიმბოლოა. რუსთველს „კოჭის გაგორება“ სამეფო კარისთვისაც შეუძლია („მისგან არს ყოვლი ხელმწიფე“ და „თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია“), მაგრამ სიმბოლიზმის ლოგიკა მთლიანად ირღვევა, როგორც კი ინდოეთთან პარალელს ვავლებთ: „ვეფხისტყაოსნის“ კიდევ უფრო დიდი სამეფოს კიდევ უფრო დიდი ოჯახი ღიად აცხადებს, „ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ყმისა არ-სმა არად გვაგვაო“ და ქმრის გარეშე მას სამეფო ტახტზე არც კი განიხილავს: „ქმარი გვინდა… რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ, არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ“.

მეფის ასულისთვის ტახტის გადაცემის აუცილებელი პირობა ქმარია და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც უფლებებს მასაც უნარჩუნებენ („არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი“), ნესტანისთვის საკუთარი სტატუსი მაინც ბუნდოვანია: „ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოდ ვლიდენ, თუნდა გზეთსა“.

პრინციპი – „ლეკვი ლომისა სწორია“ – ინდოეთში სრულ აბსურდამდე მაშინ მიდის, როცა მეფე საკუთარ დას სიკვდილით სჯის. დავარი მეფის ისეთივე ასულია, როგორიც თინათინი და თუნდაც ნესტანი, მაგრამ იმდენად უმწეო, რომ მეფის გადაწყვეტილებას ვერაფერს უპირისპირებს, თვითმკვლელობის გარდა: „ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა. დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა“.

ინდოეთში ქალის უფლებები ყოველ ნაბიჯზე ირღვევა:

დაბადება – უბედურია ადამიანი, ვისაც ვაჟი არ ყავს: „ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია“.

ბავშვობა – გოგონებს წლების განმავლობაში კეტავენ და ყველასგან განმარტოებულად ზრდიან, მაშინ, როცა ვაჟი სრულ თავისუფლებასა და ფუფუნებაში იზრდება.

გათხოვება – ქალებს ძალით ათხოვებენ. ნესტანი ამას აპროტესტებს მაინც, მაგრამ ტარიელისთვის თავგადაკლული ასმათი, იმავე ტარიელის გადაწყვეტილებით, მარტივად, ერთი ხელის მოსმით თხოვდება და ამით ბედნიერიცაა.

მემკვიდრეობა – თუ ავთანდილს თინათინის მეფედ დასმა სიამეს გვრის, რადგან ამას იღებს, როგორც მისი ხშირი ხილვის შესაძლებლობას და არა, როგორც მისი დაკარგვის საფრთხეს, ინდოეთში ნესტანის გამეფება მხოლოდ ფორმალურად განიხილება მშობლების მიერ, საერთოდ არ განიხილება შეყვარებულის მიერ („ერთიღა მე ვარ მემკვიდრე“) და სამწუხაროდ, ამ შესაძლებლობას თვითონ ნესტანიც უარყოფს: „ჰკადრე, თუ სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა, ჩემია მკვიდრი მამული“.

ძალადობა – ქალები თვითონვე არიან მოძალადეებიც და ძალადობის მსხვერპლიც: „ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა“. ამას არც კი აპროტესტებენ („მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა“) და სოლიდარობის უფლებაც ჩამორთმეული აქვთ: „ვერცა წყლული დაუშუშნა“.

მოტაცება – უკომენტაროდ: „გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოიღეს, ეუბნეს არ აჯებითა, მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა“.

დამცირება: ავტორისთვის არაფერი უჩვეულო არაა იმაში, რომ ნესტანს თვითონ ტარიელიც კი ამცირებს: „ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!“

თვითშეფასება: ქალები ინდოეთში თავს თვითონვე იმცირებენ, მაგალითს კი ისევ მეფის ასული და ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტი იძლევა: „ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა“; და ესეც ნესტანია: „ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად“. და ესეც: „დიაცურად რად მოვღორდი“.

ღალატი: პრინციპში, ეს ყველგან მიღებულია, მაგრამ ტარიელი ნესტანს ერთი ნახვით შეყვარებისა და ამით გამოწვეული სამდღიანი „კომიდან“ გამოსვლისთანავე ღალატობს: „ვარქვი: მანდა რად ჰზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა“.

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6