ხავერდოვანი და სისხლიანი რევოლუციები
ისტორიულად, თითქმის ყველა ახალი მეფისთვის წინა მეფის სიკვდილია საჭირო, უკეთეს შემთხვევაში – ბუნებრივი. რენესანსის ეპოქის ევროპული დემოკრატიების კლასიკური ფიასკოებიც სწორედ ხელისუფლების ცვლილებაზე გადის. სახელმწიფოებში თუ ქალაქ-სახელმწიფოებში, სადაც პარლამენტის მსგავსი სათათბირო ორგანოები, ეკონომიკური თავისუფლება, საერთო კეთილდღეობა, ბიზნესის და სახელმწიფოს თანამშრომლობაზეა აგებული, მმართველები იცვლებიან მკვლელობებით და შეთქმულებებით. სისხლის ეს ლაქები მთელ ეპოქებს მისდევს და მათი მოცილება თამარის მსგავსი პოლიტიკური კარიერით თუა შესაძლებელი.
სხვა ბევრის მსგავსად, ქართული დემოკრატიაც აქ ჩაფლავდა.
ზოგჯერ ლიტერატურა მეცნიერებაზე ზუსტია. მხატვრულად შეფუთული პოლიტიკური შეფასებები გაცილებით ობიექტურია, რადგან მოვლენები ნეიტრალური პოზიციიდანაა დანახული და არა – რომელიმე პოლიტიკური ბანაკიდან.
პოეტი-მოსამართლე პასუხისმგებლობას ორივე მხარეს უნაწილებს და ხელისუფლების უკანონოდ მიტაცებასთან ერთად, ამ უსამართლობის წინააღმდეგ აჯანყებაც გმობს. ტახტის მიტაცებას და სისხლში ჩახშობილ შეთქმულებას სამართლებრივი სახელმწიფო არ მოაქვს. წინასწარი პროგნოზიც ესაა („შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს“) და საბოლოო შედეგიც, როცა აჯანყებული ქვეყანას ტოვებს, მეფე – საწუთროს, სამეფო ტახტი ემხობა, სახელმწიფო ჩამოშლილია და უიმედოდ ებრძვის დამპყრობელს.
როგორც კი მხატვრულ ტექსტში ნამდვილი ამბის ასე თამამად გადატანას ვირწმუნებთ, პოემა მაშინვე პოლიტიკურ ტექსტად ტრასფორმირდება და ისტორიკოსების მიერ მოყვანილ ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებსაც თავის ადგილას ალაგებს.
გიორგი მესამის მიერ ხელისუფლების მიტაცების ამბავის ორ განსხვავებულ ლიტერატურულ პერსპექტივაში დუბლირებას უბრალო დამთხვევად თუ არ (ვერ) ჩავთლით და შევთანხმდებით, რომ რუსთაველი ამ ყველაფერს განგებ აკეთებს, იმის აღიარებაც მოგვიწევს, რომ პოემის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი და სათქმელიც ესაა.
„ვეფხისტყაოსანი“ ერთ ტახტზე ორი პრეტენდენტის დილემის გადასაჭრელად განსხვავებულ ვარიანტებს გვთავაზობს: პირველი – სასურველი, მაგრამ წარმოსახვითი ხაზია (არაბეთი), მეორე კი – მცდარი, მაგრამ ისტორიული (ინდოეთი და საქართველო).
დაპირისპირებაზე, რომელიც ათწლეულები გაგრძელდა და ორი მეფე, ერთი უფლისწული და უამრავი პოლიტიკური მოღვაწე შეიწირა, ისტორიკოსები გამომრიცხავ ცნობებს გვაწვდიან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მოვლენები თამარის გამეფებისა და ოქროს ხანის პლერუდიაა და შემდგომ ეპოქებში უკვე არცერთ მემატიანეს აღარ მოუბრუნდება ენა – ქვეყნისთვის მიყენებული აუნაზღაურებელი ზიანისა და განვითარების დაკარგული შანსის შესახებ.
თუ ისტორიული მასალებით პასუხისმგებლობების განაწილება კი არა, ფაქტების დადგენაც ჭირს, ლიტერატურას შეუძლია ვერდიქტი გამოიტანოს. საქმე სამხედრო გადატრიალებას და ქვეყნის დაშლის მცდელობას ეხება. ესაა მასშტაბური სამოქალაქო ომი, რომლის მხოლოდ ერთ მხარეს 30,000-იანი ლაშქარი იბრძვის. სახეზეა ეროვნული ინტერესების უარყოფა და მტრულად განწყობილ გარე ძალებთან, ისტორიულ დამპყრობლებთან თანამშრომლობა. ამ შემთხვევაში, შეიძლება გამარჯვებულიც გასამართლდნენ, ოღონდ ლიტერატურულად.
წყაროების ერთი ნაწილის მიხედვით, გიორგი მესამე ტახტზე მეფედ კი არა, რეგენტად ავიდა. სამართლებრივად, ტახტი ეკუთვნოდა გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი / მოკლული მეფის, დავით მეხუთის შვილს, დემეტრეს / დემნას. გიორგი მესამემ ფიციც კი დადო სამღვდელოებისა და დიდებულების წინაშე, რომ ტახტს კანონიერ მემკვიდრეს გადასცემდა. ეს იყო პირობა, რითიც მან ქვეყნის დროებითი მართვის უფლება მოიპოვა.
მხატვრული სიუჟეტიც ამ ვერსიას მიუყვება: „მეფემ ბრძანა, შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა“ – ამბობს გიორგი მესამის პროტოტიპი დემნა ბატონიშვილის პროტოტიპზე. ტექსტში არც რეგენტის სტატუსია შენიღბული (“მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად, საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად“) და არც წლების წინ დადებული პირობის დარღვევა: „არ იცის, თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?! ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა“. შესაბამისად, მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობაც ტარიელის მუქარის ობიექტზეა: „არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა“.
არადა, საქართველოს განვითარების ალტერნატიური, უფრო ბუნებრივი გზაც ჰქონდა. არაბეთი vs ინდოეთი, ფაქტობრივად, სამეფო კარის მძაფრი კრიტიკა, მისი პოლიტიკური განაჩენია. მიტაცება, დაუმორჩილებლობა, მკვლელობა, თვითმკვლელობა, განდევნა – ესაა გზა, რომელიც ფარსადანმა აირჩია, როცა გიორგი მესამის ფიცი გატეხა.
დინასტიას, თავის მხრივ, არაბეთიც (წარმოსახვითი საქართველო) აგრძელებს და მეფეს აქაც საკუთარი ასული აყავს ტახტზე. თუმცა, ინდოეთისგან, ანუ რეალური საქართველოსგან განსხვავებით, აქ ხელისუფლების გადაბარების უსისხლო გზებია შემოთავაზებული: “მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია“.
ისე კი არა, შვილის გასამეფებლად, ძმისშვილს და ტახტის კანონიერ მემკვიდრეს თვალები დასთხარო, მოკლა, ან გადახვეწო (გააჩნია, რომელ ისტორიკოსს დავუჯერებთ); ან, ინდოეთის მსგავსად, შვილად გაზრდილი მტრად გადაიკიდო, განდევნო, ოჯახი დაანგრიო, საკუთარი და მოკლა, თვითონაც მიყვე და ქვეყანა მტრებს ჩაუგდო ხელში.
არაბეთში ხელისუფლება და სტატუსი თვითმიზანი და წარმატების საზომი არაა. ჯერ უნდა დაფიქრდე, ამ სტატუსს იმსახურებ თუ არა და მინიმუმ, მეფის ტახტზე საჯდომად თავი უნდა „გეღირსებოდეს“. თანამდებობის პირები სწორედ ღირსებით ფასობენ („იცის მეფობა“) და ობიექტურად გამოიცდებიან (“გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია”), მეფეს კი მთავარ ოპონენტთან დამარცხება ისე „უჩნს, ვითა მღერა ნარდისა“.
რაც მთავარია, როსტევანი, იგივე როსტანი, როგორც მას მეგობრულად იხსენიებენ, ჯერ თინათინის, შემდეგ კი ავთანდილის დაწინაურებით, სწორედ „ჩაჩოჩების აქტს“ აწერს ხელს და ამას ვაზირები იუმორით ფუთავენ, „თავსა რად უგდე ჭირიო“.
მანამდე ის პოლიტიკურ დისკუსიას აჩაღებს. ცდილობს, „ლაღი და წყნარი“ იყოს და მხარდაჭერაც „ამო საუბნარით“ მოიპოვოს. იცის, რომ არაა მარტივი საკითხი და მზადაა ამისთვის როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური ხარკი გაიღოს.
სისტემა მუშაობას გადამწყვეტ მომენტშიც გამართულად აგრძელებს. ბუნებრივია, მის სანდოობაზე თავიდანვე არსებობს კითხვები – ხელისუფლების გადაბარება რეალურ საფუძველს მოითხოვს და პასუხიც ნაპოვნია: პირველი პირი გადაწყვეტილებას მისი მთავარი ოპონენტის და თინათინის ერთადერთი კონკურენტის, შეყვარებული სპასპეტის სასარგებლოდ იღებს: “მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა, თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა“.
შეიძლება ესეც ხელისუფლების მიტაცებას გავს, რადგან „მეფეს“ არაბეთში სქესი არა აქვს და გვირგვინი თინათინს რჩება, მაგრამ როცა ისტორიის მხატვრულ გადაწერას და წარსულში ვირტუალურ დაბრუნებას ცდილობ, დიდ კორექტივებს ვეღარ შეიტან – მეფე თამარია, და არა – დემნა ან გიორგი რუსი (ამ უკანასკნელის პროტოტიპს პოემაში თავის საწოლში, სვეტზე თავის მირტყმით კლავენ).
ავთანდილი მთავარი ოპოზიციური ძალა მარტო იმის გამო არაა, რომ მეფეს არ ემორჩილება და ვაზირის მოქრთამვით ცდილობს, დარბაზის მის საწინააღმდეგოდ განაწყოს. ის ტარიელის, ან თუნდაც საქართველოს სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრის, პროტოტიპია და იგივე დაემართებოდა, ტოტალიტარულ ინდოეთში, ან საქართველოში რომ ეცხოვრა.
როგორც ვთქვით, ეს უკვე წარსულია და როცა „ვეფხისტყაოსანი“ იწერება, საქართველოს უკვე ინდოეთის და ტარიელ-ნესტან-ფარსადან-დავარ-ქაჯების გზა აქვს არჩეული. პოემაშიც ასეა, ინდოეთზე საუბრისას, უბრალოდ, წარსულს იხსენებენ და ტარიელის აჯანყება დამარცხებისთვის წინასწარაა განწირული.
ევროპულ მაგალითებზე ვთქვით, მაგრამ გადატრიალებებს აზიური ტიპის მმართველობებისკენ უფრო მივყავართ (მაგალითად, ძველი პართია, არაბული დიდი თუ პატარა სახალიფოები, აქემენიდური ირანი), სადაც სამეფო ოჯახების ცხოვრების და სამეფო დინასტიების ცვლილების წესი, მკვლელობები და დასაჭურისებებია.
ასე რომ, ტარიელი თავისი ცუდი ქვეყნის მსხვერპლია, ავთანდილი კი – კარგი ქვეყნის თამამი გაგრძელება.
რუსთველიც თავისი ცუდი ქვეყნის „მსხვერპლია“.
მაგრამ როგორია ეს ცუდი ქვეყანა?
ინდოეთშიცაა დარბაზი, მაგრამ ფორმალურად – წევრებს უფლებები წართმეული აქვთ და გამოცდილებებს ერთმანეთს ასე უზიარებენ: „დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა“. ინდოეთის, როგორც ანტიარაბეთის სადემონსტრაციოდ, ფარსადანის სამეფოში განვითარებული მოვლენების მოკლე თანმიმევრობაც საკმარისია:
(1) თუ არაბეთში დარბაზის წევრს უფლება აქვს, სხდომაზე არც შევიდეს (“დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი, ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მისცა ვინანი”), ინდოეთის დარბაზში ამირბარს იმპერატიულად იბარებენ; (2) სახელმწიფო ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას, დარბაზში, ხალხის ნაცვლად, სულ რამდენიმე ადამიანია („ხასითა ოდენ სამითა“); (3) განხილვა სრული ფორმალობაა და ტარიელს ხმას არავინ აღებინებს: „ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა“; (4) პროტესტი, არათუ ჩვეულებრივი მოკვდავისთვის, სახელმწიფო იერარქიაში რანგით მეორე ადამიანისთვისაც უაზრობაა („შეცილებამცა ვით ვჰკადრე, რათგან თვით იყო მნდომელი“) და მაშინაც კი, როცა მისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ („მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი“), თან სრულიად უსამართლოდ.
ყველაფერი – ნესტანის გათხოვება, მისი გამეფება, დავარის სიცოცხლე – მეფის სურვილზეა დამოკიდებული. ამიტომ, ერთადერთი ლოგიკური გაგრძელება აჯანყებაა. მით უფრო, როცა მკითხველისთვის ტარიელი უკვე უძლეველი მებრძოლია და საფუძველიც მისი ასპარეზზე გამოსასვლელად მზადდება. სასიყვარულო რომანი მძაფრსიუჟეტიანი გაგრძელებისთვისაა განწირული – ჯერ ნესტანი ემუქრება ტარიელს („ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო! თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო“), მერე კი გადატრიალებაც ანონსდება: „ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე“.
აჯანყებულებმა რისკები წინასწარ იციან („ინდოეთი გარდაქარდეს“) და სისხლის სუნსაც გრძნობენ („მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა, ვითა ვირთაო, სისხლი კაცისა უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო“), მაგრამ მიზანი ამართლებს საშუალებას, „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“.
რევოლუცია, კარგად დაგეგმილი კი არა, სულ დეტალებშია გათვლილი („იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა, ჩემსა მამასა“), გეგმას ყველა ზედმიწევნით ასრულებს და თითქოს ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა („ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი“), მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ წარსულის გახსენებაა. ავტორიც და მთავარი გმირიც, უბრალოდ, მხატვრულ ბიოგრაფიებს ქმნიან და მთელი ბაქი-ბუქი („სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხრმალია“), ცვლილებების ეს გზა, წინასწარვეა უარყოფილი.
რეალურ საქართველოში ეს დემნამაც იცის და გადამწყვეტ მომენტში იხევს უკან, როცა სასწორის ერთ მხარეს ბევრი სისხლია, მეორე მხარეს კი – ტახტი, მემკვიდრეობა, თვალები და სავარაუდოდ, სიცოცხლეც, რაზეც უარი უნდა თქვას და ამბობს კიდეც.
დემოკრატიასა და ტოტალიტარიზმს შორის ზღვარი იქ გადის, სადაც როსტევანი და ფარსადანი ხალხს ელაპარაკებიან. ესაა არაბეთის საქმიანი განხილვები, ერთი მხრივ (“გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა“) და ინდოეთის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, მეორე მხრივ („ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა“); სამართლებრივი და მორალური ნორმები არაბეთში („რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია“) და ადამიანის სრული იგნორირება ინდოეთში (შეყვარებულ ამირბარს ხელს ნესტანის გათხოვებაზე აწერინებენ, თან, როცა ეს სიყვარული ორმხრივია და ფიცითად არის დადასტურებული).
ტოტალიტარული მმართველობის საბოლოო, ნამდვილი სახე, მეფის მიერ საკუთარი დისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენია – ყოველგვარი განხილვისა და სამართლის გარეშე: „მოვჰკლავ“. ინდოეთში ყველამ იცის, რომ მეფის სიტყვა არც გასაჩივრდება და არც თვითონ წაიღებს უკან; რომ რაც მეფემ თქვა, „მასვე წამსა დაამტკიცის“. დავარიც იმ დამარცხებული, ღირსეული არისტოკრატების მსგავსად იქცევა, ვინც სიკვდილით დასჯას თავის მოკვლა არჩია; მთავარი აქცენტი კი განაჩენის უსამართლობაზე და მსხვერპლის უდანაშაულობაზე კეთდება: „უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან“.
ცოტა ხნით ისევ „რენესანსის მირაჟით“ ვისამოვნოთ და ასე ხელშესახები, ასე ახლო, თითქმის ხელის გაწვდენაზე მყოფი, მაგრამ ბოლოს მაინც უარყოფილი და ლიტერატურულ პროექციად ქცეული არაბული დემოკრატიით დავტკბეთ.