„საქართველომ თავისი შანსი ხელიდან გაუშვა“ – ეს ბევრჯერ გვაქვს წაკითხულიც, მოსმენილიც, გააზრებულიც და განცდილიც.

ძირითადად მაინც გადარჩენისა და გაძლების ისტორიას ვქმნიდით და შანსები ბევრი არც ყოფილა. დროის რუკაზე ასეთი სულ რამდენიმე წერტილი ბჟუტავს, მაგრამ ერთი კაშკაშა ადგილიცაა: „ქართული რენესანსის მირაჟი“.

იქნებ დაკარგული შანსებიც აქ უნდა ვეძებოთ? მეტიც – იქნებ „ვეფხისტყაოსანი“ პოლიტიკური ნაწარმოებია და სწორედ დაკარგულ შანსებზე გვიყვება?

ისტორიულ-კულტურული კონტექსტი ასეთია: განვითარებას ახასიათებს „ნახტომები“. ბნელი შუა საუკუნეები ყველგან და ერთდროულად ვერ დასრულდება. ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიის ანტიკურ ფესვებზე სიცოცხლემ თავი სადმე უნდა ამოყოს. რაღაცამ უნდა მისცეს ბიძგი ღირებულებების გადაფასებას, მოძველებული მორალისა და ჩარჩოების, ავტორიტეტებისა და დოგმების რღვევას, ჰუმანისტური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბას და წინა პლანზე რეალური, ადამიანური პრობლემების წამოწევას.

როგორც ჩანს, ალბათობა ნამდვილად იყო, მაგრამ არ მოხდა და განვითარების შანსი, მარტო საქართველომ კი არა, მთლიანად, ცივილიზაციამ დაკარგა.

რას გვეუბნება „ვეფხისტყაოსანი“ ამის შესახებ?

 

 

„პეპლის ეფექტი“ ქართულად

ოქროს ხანის საქართველო არც დემოკრატიულია და არც ტოტალიტარული. უფრო, სადღაც, შუაშია, დემოკრატიის ჩანასახებით და ამავდროულად, ხელისუფლების მიტაცებებით, პოლიტიკური ანგარიშსწორებებით, მკვლელობებით, პატიმრებით, დევნილებით და არაერთი სადავო საკითხით, თამარის წარმატებულმა პოლიტიკურმა კარიერამაც რომ ვერ დახურა.

მამის მამის მამის გატარებულმა თანმიმდევრულმა და კომპლექსურმა რეფორმამ შვილის შვილის შვილს მემკვიდრეობად აწყობილი სახელმწიფო სისტემა და მისი ლოგიკური შედეგი არგუნა: გამართული ინსტიტუციები, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, განათლება, კულტურა, ხელოვნება, ტექნოლოგიები… არც დავითსა და თამარს შორის მყოფებს უნდა დავუკარგოთ დამსახურება. ცოტაც და შეიძლებოდა მიგვეღო ქვეყანა, რომელსაც რუსთველმა პირობითად „არაბეთი“ უწოდა.

„ვეფხისტყაოსნის“ არაბეთი ჰიპოთეტური ვერსიაა, თუ როგორი შეიძლებოდა, ან მეტიც, როგორი უნდა ყოფილიყო საქართველო, რომ არა – დაკარგული შანსი. ინდოეთი კი მისი ალტერნატივაა – ის, რაც დაკარგული შანსისგან მივიღეთ.

მოკლედ, იყო არაბეთს როსტევან…

 

 

 

კარგი მმართველობა და იერარქია

რაკი განვითარების ინდიკატორი კეთილდღეობაა, ორი პერსპექტივა, პირველ რიგში, ამ თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ. პოემის ფინალში გმირები ქვეყნებში მოგზაურობენ და შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ. განსხვავება მკაფიოა: „დაჰხვდა სოფლები, ციხები, ხშირ-ხშირად, თანის-თანები“ – ეს არაბეთია; „მოსრულა რისხვა ზეცისა“ – ეს კი ინდოეთი.

„კარგი დრო“ ტარიელს ინდოეთშიც ახსოვს, რაც უფრო ფუფუნებაში გამოიხატებოდა: „შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა; ჯამი და ჭიქა – ყველაი ფეროზისა და ლალისა“; არაბეთის ცხოვრების ხარისხი და კეთილდღეობა კი განათლებაში, მეცნიერებაში (მედიცინა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ასტრონომია), ხელოვნებაში (სიმღერა, თამაშობა, მგოსნობა და მოშაითობა), გართობაში (ნადირობა, მშვილდოსნობა, ბურთაობა), ჩაცმულობაში (ყარყუმი და ჭრელი კაბა), მოგზაურობასა და ძიებაშია.

კეთილდღეობა დემოკრატიაზე დგას, დემოკრატია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი იწყება, „ვეფხისტყაოსანი“ კი – არაბეთის პირველი პირის დახასიათებით: „მოსამართლე და მოწყალე“. ობიექტური აღქმისთვის აჯობებს, რომ მეფე ზოგჯერ პირველ პირად, ან სახელწმიფოს მეთაურად მოვიხსენიოთ.

მოწყალება და მოწყალეობა იოლი საქმეა (საბრალო რამაზს ინდოეთშიც შეიწყალებენ), მოსამართლეს კი სისტემური და მენტალური საფუძვლები სჭირდება, რაც განვითარების გარკვეულ დონეზეა შესაძლებელი. ადამიანის უფლებებიც და პასუხისმგებლობებიც ამ სისტემასა და აზროვნებაზე დგას.

ორი მეფის, როსტევანისა და ფარსადანის დახასიათებები აშკარა მენტალურ განსხვავებებზეა აწყობილი. ერთგვარი სიტყვების თამაშიცაა: „მაღალი, უხვი, მდაბალი“ როსტევანი და „მპყრობელი, უხვი, მდიდარი“ ფარსადანი; „მოსამართლე და მოწყალე“ როსტევანი და „უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი“ ფარსადანი.

როგორ მუშაობს და რა ინსტრუმენტებს იყენებს არაბეთის კარგი მმართველობის სისტემა და დემოკრატია? ხომ შეიძლება, რომ მეფის მთელი „მოუბარ-წყლიანობა“ ფარსია? ამაზე პოემის მესამე სტროფიდან ვიგებთ: „მეფემან იხმნა ვაზირნი“.

პოეტის, თუნდაც ისტორიკოსის და თუნდაც პოლიტოლოგის შეფასებები ნაკლებად დამაჯერებელი იქნებოდა, რომ არა მხატვრული წყაროები და ფაქტები. კარგი მმართველობის შესახებ სიუჟეტები და პერსონაჟები ყვებიან. მეტი სარწმუნოებისთვის, მთავარი გმირი როსტევანს საკუთარი სამართლიანობის მსხვერპლადაც მიიჩნევს და განიცდის, რომ ამ „მშობლურ, ტკბილ, მოწყალე“ ადამიანს თვითონვე არ ემორჩილება.

ბუნებრივია, საჭიროა სივრცე, სადაც შედგება სამართალი და ხალხი, რომელიც მზადაა იმსჯელოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

დარბაზი არაბეთში პოლიტიკური ყოველდღიურობაა, თავისი კარგად გამართული, კომფორტული ინფრასტრუქტურით: „შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი; დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი“.

სკამები აქ თანასწორობის პრინციპით გაუნაწილებიათ და მეფე და პოლიტიკოსები გვერდიგვერდ სხედან („გვერდსა დაისხა“). საკითხები საჯაროდ, ფართო საზოგადოების თანდასწრებით განიხილება: „ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა, ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა“.

ესაა სამუშაო სივრცე, სადაც სახელმწიფო მოხელეები ისე დადიან, როგორც სამსახურში:

„რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი“;

„ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ“;

„დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი“…

ავთანდილი დარბაზის ერთ-ერთი ყველაზე პრივილეგირებული წევრი, „დიდი სპასპეტი“ და ტახტის მთავარი პრეტენდენტია. ამის მიუხედავად, საკუთარი გეგმების განხორციელებისთვის, პოლიტიკური მხარდაჭერა მასაც სჭირდება, მეფესთან შეთანხმებას დარბაზის საშუალებით ცდილობს და საქმეში ყველაზე წარმატებულ მოხელეს, „მოახლე დასთა დასისას“ რთავს.

სოგრატს ლაკონურად ახასიათებენ – გავლენიანი („გაჰვიდოდეს ვისცა ვისი“), რაც, პირველ რიგში, მეფეზე ვრცელდება. სახელმწიფო ლიდერს, არც მეტი და არც ნაკლები, მეფე ყავს გავლენის ქვეშ მოქცეული: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების, რაცა გწადდეს საურავი, მეჰფე იქმს და შენ გეთნების“.

კარგ სიტყვას დიდი ფასი აქვს – „კაცი იყო საქმისაცა შესაფერი, შესატყვისი“; მთლად მონეტარიზაციას თუ გავაკეთებთ, ეს ფასი შეიძლება „ასი ათასი წითელი“ იყოს. ავთანდილიც ორატორობის ხიბლშია: “მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა“. სიტუაცია ელინურ საბერძნეთს წააგავს, სადაც მჭერმეტყველებას, ხელოვნებას და ფილოსოფიას იმაზე არანაკლებ პატივს მიაგებენ, ვიდრე ბრძოლას და გმირ მებრძოლებს. ელინური მმართველობა კიდევ უფრო იერარქიულია, მაგრამ გადაწყვეტილებას მაინც საბჭო იღებს და არა – ერთი ადამიანი. იერარქიულია სოციალური ფენებიც, თუმცა ხმებს აქვს თავისი „წონა“ და ხალხი გამოთიშული არ არის ქვეყნის მმართველობიდან.

არაბეთში ორატორებმა მშვენივრად იციან, რომ „ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ და რომ „კაცი კაცსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს“. სიტყვის წარმოთქმისას, პოზიციების გასამყარებლად, ფილოსოფოსებს იშველიებენ: „ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“. მეფეს და აუდიტორიას იმით ამუნათებენ, რომ განათლებულ ხალხს ერთმანეთის უნდა ესმოდეს: „შენ არ სჯერხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ“!

მაგრამ სიტყვის ფასი მარტო ხელოვნებასა და შთაგონებაში არ გამოიხატება, მთავარი გამბედაობაა, რაც სავსებით შესაძლოა, მეფესთან დაპირისპირებამდეც მივიდეს. დისკუსია ზოგჯერ ფიზიკური კონფლიქტის ზღვარზეა: „რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა, ფერი ჰკრთა და გასაშიშდა“. სკამებსაც ლეწავენ და ოპონენტებსაც ათქმევინებენ, „მიკვირს, რად არ მომკლა“-ო, მაგრამ ესეც საჯარო პოლიტიკის ნაწილია. მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დისკუსიაში ვაზირი იმარჯვებს, მეფე მარცხდება და საკითხი მისი სურვილის საწინააღდეგოდ წყდება.

წესრიგი და თავისუფლება, საშინაო პოლიტიკის გარდა, დიპლომატიურ ურთიერთობებზეც ვრცელდება. დეტალები უცხო ქვეყნის დელეგაციების მიღების დროსაც მნიშვნელოვანია: „სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად, ქვემოთ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად… ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული ვით მეფობასა“. თუმცა, როსტევანის ერთი განცხადება და მთელი ეს მოსაწყენი ფორმალობა დამთავრებულია: “რად ხართ რასაცა რიდითა? რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა“. არაბეთში თავისუფლება ჰაერივით სჭირდებათ.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6