დედა ფეხს მიწაზე აბაკუნებს, ჯოხს იქნევს და მთელი ძალით ურახუნებს იქვე მდგარ ნაგვის უზარმაზარ კონტეინერს. ძაღლები უკან იხევენ. მათ ადგილზე კი რჩება პაწაწინა, ნათრევი, გაუბედურებული კნუტი. დედას მორიგ შეტევაზე და კონტეინერის მჭახე ხმაზე ძაღლები წკავწკავით გარბიან. მაია კნუტს ფრთხილად იყვანს და სწრაფი ნაბიჯით მივდივართ შინ.

– ვერ გადარჩება… მშვიდად მაინც მოკვდეს. – იმედს არ მაძლევს.

მთელი ცხოვრება უსაფუძვლო ოპტიმიზმისგან  მიცავდა.

გაზის ბალონზე შემთბარი წყლით კნუტს ფრთხილად ვბანთ. აღელვებისგან გული მაგრად მიცემს. დედა ცხოველის პატარა, მოდუნებულ სხეულს ნაჭერში ახვევს. ნავთქურასთან სითბოში ათავსებს და ჯამით რძეს ათბობს. ცდილობს კნუტს პირი გააღებინოს და პიპეტით რამდენიმე წვეთი ჩაასხას.

– ეჰ… – თავს უიმედოდ აქნევს და მომაკვდავი კნუტი აივანზე გაჰყავს.

კარადაში რბილ კუთხეს უწყობს, ადგილს უჩენს.

– აქ არ შესცივდება… მშვიდად მაინც მოკვდეს. – იმეორებს სევდიანად.

დაძინება მიჭირს. აივნიდან ჩამიჩუმი არ ისმის.

 – მოკვდა? – ვეჩურჩულები დედას.

– დაიძინე. – მაჩუმებს.

– მართალია, რომ კატას ცხრა სიცოცხლე აქვს?

მიხუტებს და ვგრძნობ, რომ იღიმება.

ახალგაღვიძებულს დედა ნავთქურასთან მხვდება. ისევ ფისოს გამოკვებას ცდილობს.

– გადარჩა? – ფეხშიშველი ვხტები ლოგინიდან.

– ამას რა გადაარჩენს, დედა. ფეხზე ჩაიცვი.

კნუტს ისევ აივანზე ვტოვებთ. საღამოს შინ დაბრუნებულებს სუსტი კნავილი გვესმის. მაიას გახარებულს შემოჰყავს ფისო ოთახში.

– რაო, შე საწყალო, ამოიღე ხმა? – ეფერება.

– გადარჩა? – ვეკითხები გულამოვარდნილი.

მაია ალოეს პატარა, წვნიან რტოს აჭრის, ხელს უჭერს და ფისოს დაზიანებულ თვალში აწვეთებს. კნუტი ჭყავის. ალოე მწარეა.

– ეს, მგონი, ძალიან ყოჩაღი ფისოა. – იღიმება დედა.

კატას მას შემდეგ დავარქვით სახელი, რაც დავრწმუნდით, რომ სიკვდილი ნამდვილად გადაიფიქრა ან თავისი გაუხარჯავი სიცოცხლეებიდან ერთ-ერთი გამოიყენა. პარასკევი იყო. ჩვენი ოჯახის ახალ წევრს კვირის ამ დღის გერმანული შესატყვისი – ფრაითაგი ეწოდა, შემოკლებით – ფრაი, რაც თავისუფალს ნიშნავს. დედამ მოტეხილ ფეხზე არტახები დაადო და მოღონიერებული ორ კვირაში უკვე ჯიუტად დააბიჯებდა გაყინულ ოთახებში.

ფრაი რამდენჯერმე წავიდა სახლიდან, სადაც სადილად მხოლოდ ტყუილი სუპი ეგულებოდა.

– ჭამე, ფრაი. – თავზე ედგა დედა, – ხომ იცი, სხვა არაფერი გვაქვს. – უხსნიდა დაუზარებლად.

დამშეული ფრაიც ხათრიანად, უმადოდ ღეჭავდა მოხარშულ კარტოფილს.

თავი ბნელ სადარბაზოებში ბევრჯერ მაძებნინა. ორჯერ ვიპოვე, რამდენჯერმე თავად ინება დაბრუნება. სულ უფრო გალამაზებული მოდიოდა, თვალებში მონადირის ნაპერწკლებით და ტანზე გაბზინებული ბეწვით. მერე საბოლოოდ წავიდა. მივხვდი, რომ დრო იყო. რამდენიმე თვეში დედამ ფანჯარასთან მიმიხმო.

– ფრაია? – მკითხა გაღიმებულმა.

გადავიხედე. ძველი ქარხნის სახურავზე დიდი ნაცრისფერი კატა მიიზლაზნებოდა. ზემოდან მისი ნაბიჯების გრაციოზულ ტრაექტორიას ოდნავ ტეხილი ხაზი გასდევდა. წინა თათს ძლივს შესამჩნევად ითრევდა.

– ფრაია! – წამოვიძახე გახარებულმა. – ფრაი! – დავიყვირე მეთორმეტე სართულიდან.

კატა გაჩერდა და შიგ თვლებში შემომხედა.

– ამოდი! – ხელი დაუქნია გახარებულმა დედამ.

გამოიქცა. ჩვენ კარს მივცვივდით. გავაღეთ და დავუდარაჯდით.

– მოვა? – ვიკითხე დედას მოუთმენლად.

– მოვა. – თქვა დედამ, – თუ ვუყვარვართ. – დააყოლა ღიმილით.

ნაბიჯების ხმა, რა თქმა უნდა, არ გაგვიგია, ისე აღმოცენდა სადარბაზოს სიჩუმიდან გაზრდილი, ბეწვგახშირებული, ულამაზესი მტაცებელი ცხოველი. რბილი თათებით ისე მოირბინა, კოჭლობა არ დატყობია და თვალის დახამხამებაში ჩვენს ფეხებთან გაჩნდა. აკრუტუნებული მოგვებჯინა წვივებზე, ხან დედას ეგლისებოდა, ხან მე მაცოცდებოდა ზომიერად გამოშვებული კლანჭებით მკლავებსა და მხრებზე. ფერებით გული რომ იჯერა, გატრიალდა და წავიდა.

მას მერე ფრაი ზანტად იზმორება ჩემი ყოფიერების სახლის დივანზე მამასავით განუსაზღვრელ დროში გაწელილი, არც მკვდარი და აღარც ცოცხალი.

 

 

1 2 3 4 5 6