დედა ყველგან და ყოველთვის პირველობას მთხოვდა, იქაც კი, სადაც არ იყო აუცილებელი: „უკეთესადაც შეგიძლია.“ – მიმეორებდა მთელი ცხოვრება და ძლიერი, მკაცრი ბიძგებით მაგდებდა წინ. კარის ჭუჭრუტანასთან წელში მოხრილი იმახსოვრებდა ცეკვის ილეთებს და სახლში საათობით მავარჯიშებდა. ზეპირად იცოდა საბავშვო სპექტაკლების ყველა ჩემი მთავარი როლი და ქანცის გაწყვეტამდე მამეორებინებდა. ჩემთან ერთად გადადიოდა კლასიდან კლასში და იღებდა მხოლოდ ფრიადებს. მაშინაც კი, როცა საჭმლის ფული არ გვქონდა, ყველაზე ლამაზ კაბებს მაცმევდა და სპექტაკლებსა თუ კონცერტებზე დამატარებდა. ქმარი ან კიდევ ერთი შვილი რომ ჰყოლოდა, ალბათ ვერასდროს შეძლებდა ჩემთვის თავის ასე დათმობას. ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ გამიმართლა. დედა მხოლოდ მე მეკუთვნოდა.

ასეთი სიმძაფრით არასდროს გამოუხატავს ჩემი პროფესიით უკმაყოფილება. უნივერსიტეტში ჩაბარებისას გერმანული იმდენად კარგად ვიცოდი, რომ უცხო ენებზე სწავლა უსარგებლოდ ჩავთვალეთ და დედამ სამართალმცოდნეობაზე დამითანხმა. ტრადიციულად საუკეთესო მოსწრების მიუხედავად, იურისპრუდენცია მაინც ვერ გახდა ჩემი სფერო. უცხო ენამ კი იოლად მაშოვნინა სამსახური და თანდათან ჰონორარიც გაზარდა. თავიდან დედაჩემის კონტაქტები დამეხმარა, ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა და რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ „მაიას თეკლადან“ „თეკლა მაისურაძედ“ ვქცეულიყავი – თავი დამოუკიდებელ წარმატებულ მთარგმნელ-სინქრონისტად დამემკვიდრებინა. ისევ მისი გავლენა იყო ეს არჩევანი. ბავშვობაში ნავთქურით დამძიმებულ ჰაერში სუნამოს სურნელს ტოვებდა მნიშვნელოვანი კონფერენციების სათარგმნად ჩვენი გაყინული, ლამპის შუქით განათებული სახლიდან მიმავალი. ყველაზე ბნელ წლებშიც ხვდებოდა ქალაქის გაბრდღვიალებულ, გაღუღუნებულ სასტუმროსა თუ რესტორანში სიმპოზიუმის ან მნიშვნელოვანი შეხვედრის თარჯიმნად. უკან დაბრუნებულს კარგი ცხოვრების უხილავი შლეიფი მოჰყვებოდა და ზოგჯერ ლაქაც რჩებოდა აბრეშუმის იისფერ პერანგზე ან საკუთარი ხელით შეკერილ ულამაზეს ტყავის ჩანთზე, რომელიც ყველას გედეერის ბერლინში შეძენილი ეგონა. დედა დელიკატესების ფურშეტიდან ნამცხვარს ან თევზიან კანაპეს ჩემთვის მალულად იღებდა და ხელსახოცში გახვეული მოჰქონდა სახლში. ცხიმის ეს ლაქები დიდ სიხარულს მოასწავებდა. ნელა ვკბეჩდი ფხვიერ არომატულ ტკბილეულს, ნაღების კარაქიან და ორაგულიან პურს, ნეტარებით ვაგემოვნებდი უცხო ყოფის, ფუფუნების ნამცეცებს და მჯეროდა, რომ მეც ასე წამოვუღებდი ჩემს პატარა შვილს სამსახურიდან ბედნიერების გემოს. უცხო ენა ამ უცხო სამყაროსთან ხიდი მეგონა. იმ წლებში თავს ისე ლაღად ვგრძნობდი, აზრად არ მომდიოდა, რომ ჩვენი ყოველდღიურობა – სანთლის შუქზე გატარებული საღამოები, ტყუილი სუპი მუდმივ სადილად, ბოთლში ჩასხმული ცხელი წყალი ლოგინის გასათბობად, თავის ტაშტში დაბანა გაზის ბალონზე ადუღებული წყლით, ქუჩაში შიში და ტყვიების ზუზუნი – ერთი დიდი უბედურება იყო, რომლის დასრულებაზე უნდა მეოცნება და არა მასში ნაპოვნი სიხარულების გამეორებაზე. უცხოელებთან კავშირები და ასეთი შეხვედრები ძალიან იშვიათი იყო ჩვენს გაპარტახებულ ქვეყანაში, თუმცა ის რამდენიმე შემთხვევა ერთი ათად ზემოქმედებდა ჩემს ცნობიერებაზე. პატარა ასაკისა და დედას ვირტუოზობის წყალობით, სულ კარგი რამეები შემორჩა ჩემს მეხსიერებას: დედაზე მიკრული ძილით გატეხილი სიცივე, უყველო ხაჭაპურის მატყუარა სიგემრიელე – მარილიანი დამბალი პურის ტაფაზე შეპიწკინება, ამ პურის უსასრულო რიგების მეგობრებთან შეხვედრის ადგილად ქცევა, კლასელ გოგოსთან ერთად გულისამოვარდნამდე სირბილი, ქუჩაში მძარცველებისგან დასხლტომა და სადარბაზოში ჩაკეცვამდე სიცილი, ნავთის არქონის გამო გაცდენილი გაკვეთილები და გაუქმებული საკონტროლოები; საღამოობით ჩრდილობანას თამაში და დედას თითებით კედელზე გაცოცხლებული კეთილი ფიგურები, ღამით ზინგერის საკერავი მანქანის ხმა და კაბები, ულამაზესი კაბები… დედა ამ მანქანას ჯადოსნური ჯოხივით ამუშავებდა. როცა შუქი გვქონდა, მეორე უფრო დიდ და ბევრძაფიან ელექტრო დანადგარს, ე.წ. ოვერლოკსაც აგრუხუნებდა. ძველმანებისგან ორიგინალური დიზაინის ახალ სამოსს ქმნიდა, ფარდებით, მაგიდის გადასაფარებლებითა და ძველი ნაჭრებით, არშიებით, ღილებითა თუ ბაბუას ტყავის პალტოსგან ამოჭრილი ნაკუწებით ჟურნალ „ბურდას“ მოდელებს განსხვავებული დეტალებით ამდიდრებდა. ქსოვილებს დიდ ქვაბში სხვადასხვა ფერის საღებავში ათუხთუხებდა, მთლიანად ან ნაწილობრივ, გარდამავალ ტონებში ღებავდა და რომ ვიღვიძებდი, სახლში  ნამდვილი დღესასწაული მხვდებოდა.

– მოიზომე, დე! – მეტყოდა და უძილო თვალებში სიხარული უკრთოდა.

მეც გახარებული ვძვრებოდი ახალ, საოცარი სიზუსტით შეკერილ ტანსაცმელში და ვიცოდი, რომ ასეთი კაბები მსოფლიოში მხოლოდ მე მქონდა. ჩემი კაბების გარდა იყო დიდების ტანსაცმელიც, რომელზეც მუდამ თვალი მრჩებოდა. ნაირ-ნაირ ბლუზებს, ბალახონებს, შარვლებსა თუ ქვედა ბოლოებს ლამაზ სარჩულებთან ერთად „იმპორტული“ იარლიყები ეკერა. მათ წასაღებად ერთი ქალი მოდიოდა. დედაჩემს შეთქმულივით ართმევდა ფუთებს და ქრებოდა. რამდენიმე დღეში სახლში გემრიელი სადილის ოხშივარი ტრიალებდა. ქვაბი – ტოლმით, ტაფა – კატლეტებით, მაცივარი კარგა ხნის სამყოფი ყველითა და ძეხვით ივსებოდა. დესერტად მიწის თხილი და მურაბიანი ნაყინიც გვქონდა.

დაძინება მიჭირს. დედაჩემის გახსნილ ფეისბუქში უაზროდ ვიყურები. ჩემს უპასუხო შეტყობინებებს ვხედავ:

„დე, მეჩქარება და დროზე ნახე რა მეილი.

დედა

რატომ არ მპასუხობ?

გირეკავ და არ იღებ.

დე, მშვიდობაა?

დედაააა“

 

1 2 3 4 5 6