(ნაწყვეტი რომანიდან)

„უკეთესადაც შეგიძლია“

 

„უკვდავება არსებობს“… – ვამბობ აბსურდს და გამოვიმუშავებ ჩემს სამყოფს. ამ სიტყვებზე პასუხს არ ვაგებ, მხოლოდ თუთიყუშივით ვიმეორებ სხვა ენაზე, უკრიტიკოდ ვახმოვანებ სხვის სათქმელს – ასე მარჩენს უცხო, დიდი ხნის წინ გათავისებული ენა. არ უნდა ვიფიქრო: ეს რა შუაშია ან ეს ტყუილია, ეს ხომ უკვე ითქვა ან ეს ხომ წინააღმდეგობაშია მანამდე ნათქვამთან. ფიქრი პაუზაა, პაუზის უფლება არ მაქვს. მე მხოლოდ ნახევარი ფრაზით შემიძლია ჩამოვრჩე მოსაუბრეს. უნდა ვიყო ნეიტრალური, უბრალოდ გამტარი. ვილაპარაკო შეუჩერებლად, ამოუსუნთქავად. მქონდეს ძლიერი ფილტვები და კარგი სმენა, გაგონილი სიტყვები უსწრაფესად და უზუსტესად გადავალაგო სხვა სახლში, უყოყმანოდ გადავსხა სხვა კულტურისა და გარემოებათა კონტექსტში. მე თარჯიმანი ვარ, სინქრონული თარჯიმანი, ადამიანთა მყისიერად გადამთარგმნელი, აზრების ერთი სამყოფელიდან მეორეში გადამზიდავი.

ვასრულებ წერით სამუშაოებსაც. ეს სულ სხვაა: ვკითხულობ, ვაანალიზებ, აღარ ვჩქარობ და არ ვიძაბები.

„აქ გააჩერეთ!“ „ფასდაკლება როდიდან გაქვთ?“ „ჩქარა, ჩავედით, კონტროლიორია.“ „ჯინჯერის ჩაი მოგვიტანეთ.“ „იმ კვირაში გამორიცხულია, გამოცდები მაქვს.“ „არჩევნებზე მიდიხარ?“ „ორსულადაა, რა უნდა ვქნა?“ „ნატურალური მაიონეზი თქვენი ოჯახისთვის.“  „მატარებელმა გამასწრო“. „ჯინსები გიხდება, რამდენი დაიკელი?“ „უკაცრავად, გამატარეთ!“ – ქუჩაში, მაღაზიაში, კაფეში, ტრანსპორტში ავტომატურად ვთარგმნი ჰაერში მოტივტივე ფრაზებს, სხვათა ცხოვრების ნაგლეჯებს და ჩემი ენა – ჩემი ყოფიერების სახლი – სავსეა უცხო აზრებით, უაზრობებით, სურვილებით, მიზნებით, შიშებით და ვნებებით. ვიღლები, ვიკარგები. ვცდილობ, გავუმკლავდე ჩემი პროფესიის უკუჩვენებას: გავამკვეთრო სახლის მკრთალი კედლები, გავამყარო ზღვრები და გავყარო ღია კარში შემოხეტებული დაუპატიჟებელი სიტყვები.

„უკვდავება არსებობს, ჩვენს პლანეტაზე ცხოვრობს ორგანიზმი, რომლებსაც მუდმივი სიცოცხლის უნარი აქვს, ის თავისი სიკვდილით არასდროს კვდება.“ – ვბეჭდავ გამალებით და ვცდილობ შინაარსს არ ჩავუღრმავდე. ეს დამაბრკოლებს, გამიჩენს კითხვებს, კითხვები – წინააღმდგობას. მე კი მხოლოდ ტრანსპორტი ვარ, დანადგარივით განყენებულად უნდა ვიმუშავო, საკუთარი აზრის, განწყობისა და გრძნობების გარეშე; წინადადებები დავიცვა ჩემებური ელფერისგან და სიტყვები გერმანულ სახლში ხელშეუხებლად გადავასახლო. ზოგიერთი ფრაზა არ სჯერდება ზედაპირულ, უმტკივნეულო კონვერტირებას – უკითხავად მიძვრება საძინებელში, მწერივით დამბზუის ძილსა თუ ღვიძილში; ილექება და ფსკერზე ჩაბუდებული უკვდავი ცოცხალი ორგანიზმივით განაგრძობს არსებობას სახლის სარდაფში. იქ ჩასვლის ზოგჯერ მეშინია, ზოგჯერ კი უბრალოდ ვეღარ ვპოულობ დაჟანგული კარის გასაღებს. ხანდახან მეჩვენება, რომ სარდაფში ჩასახლებული აზრები მართლა უკვდავები არიან და ჩემს მერეც იარსებებენ.

პროფესორ თემურ თავაძის ტექსტს ვასრულებ, თარგმანს დედას ვუგზავნი. დახმარება მჭირდება. ვთხოვ, გადაიკითხოს და რამდენიმე ტერმინი ჩამისწოროს. დროში ვიწვები, კიდევ ორი სამეცნიერო სტატია მაქვს გადასათარგმნი. დედა ყურმილს არ იღებს, არც მეილზე მპასუხობს და არც სოციალურ ქსელში მეხმიანება. ვღელავ. რა დაემართა? ლეპტოპს ვთიშავ, ტუალეტში შევრბივარ, თან გაუჩერებლად ვურეკავ. დამლაგებელი სათლში ტილოს ალბობს. მე რომ მხედავს, ცბება:

– მოდი, შვილო, გავდივარ. – ნამტირალებია.

– რუსიკო დეიდა, – სახეზე ვაკვირდები, – მოხდა რამე?

– უჰ, არაფერი. აი, დავამთავრე და გავდივარ. – სათლს კუთხეში დგამს და გაწურულ ტილოს ძირს აფენს.

– მითხარით, რამით დაგეხმაროთ? – თან ტელეფონს ყურიდან არ ვიშორებ.

 – არა, შვილო, შენ რა უნდა ქნა. – თბილად მიღიმის და გადის.

სახლში გავრბივარ. გზაში ათას საშინელებაზე მეფიქრება. დედაჩემის სიკვდილს ვერ გადავიტან. ყველას აქვს უფლება ჰყავდეს ვიღაც და მე მყავს დედა, დაბადებიდან დღემდე მხოლოდ დედა, არავინ სხვა.

ბებია, რომელსაც მამსგავსებენ, დედაჩემის დედა იყო. ანუ ისიც დედა იყო, დიდი დედა, დედის ნაწილი და მისი გაგრძელება. ბაბუას შეყვარების შესაძლებლობა ალცჰაიმერმა წამართვა, რადგან ეს დაავადება ანადგურებს სიყვარულის ასაშენებლად აუცილებელი მეხსიერების საძირკველს. ვერ მიცანი? აბა, როგორღა გეყვარები? ან მე როგორ შეგიყვარო, თუ არ მომცემ საშუალებას შენი ხასიათის, თვისებების, მოგონებების, ჩვენი ურთიერთობისა და საერთო გამოცდილების აგურები ერთმანეთზე დავაწყო? საშინელებაა ჩვილი ბავშვის უწარსულო თვალებით მომზირალი მოხუცი. სწორედ ასეთად დამამახსოვრდა ბაბუა, გაოცებული, მაგრამ მაინც ქუთუთოებჩამოშვებული, არაფრისმთქმელი. იმ წამს დაწყებული და იმ წამშივე დასრულებული ურთიერთობით, ყოველ ჯერზე პირველად რომ მხედავდა… ბებიას გარდაცვალების შემდეგ ერთადერთი ქალიშვილი ამოიჩემა, მთელი აგრესია დედასკენ მიმართა, რასაც ვერასდროს ვერავის ვაპატიებდი. ამიტომ ბაბუას ყველაზე პატარა ადგილი ერგო ჩემი ყოფიერების სახლში. ის ოთხასოიანი სიტყვით და პატარა ქოთნით შემოსკუპდა საგვარეულო კარადის თაროზე: ა-ლ-ო-ე. ამ მცენარეს ბაბუა კვირაში ერთხელ მეხსიერების დაკარგვის მერეც გულმოდგინედ რწყავდა, მეტი არ უნდაო, იმეორებდა და ნებისმიერ ჭრილობაზე მის უებარ, მწარე წვენს ისვამდა. ჯიუტმა ალოემ მოურწყავადაც უსასრულოდ იცოცხლა ბაბუას გარდაცვალების შემდეგ. დეიდა ანუ დედაჩემის ბიძაშვილი, რომელიც ბებიამ და ბაბუამ გაზარდეს, ისევ და ისევ დედას აჩრდილი იყო. სიმსივნით გარდაიცვალა და დიდი თარო ბებიასთან ერთად გაინაწილა. მამა თვალით არ მინახავს. საბრალომ ვერც კი გაიგო ჩემი დაბადება და ყოფიერების სახლში ერთი გამოკეტილი ოთახის სიცარიელე დაიკავა. ასე დავრჩით მე და დედა – მე და ჩემი თავშესაფრის დედაბოძი – მთელი მოკვდავი გარესამყაროს წინაშე.

 

1 2 3 4 5 6