აფხაზეთი, სოხუმი

 

ახლახან მკითხეს, შენთვის აფხაზეთი რა არისო? მკაფიო პასუხის გაცემა გამიჭირდა. თუმცა, ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ აფხაზეთი არ არის სოხუმი ამინდის პროგნოზში. არც ის სიცივე თუ სიცხეა, რომელსაც იქ აცხადებენ. და, მით უმეტეს, არაა ის ამინდი, რომელიც ყველას ფეხებზე ჰკიდია. არ გჯერა? აბა, მაშინ, ერთი ადამიანი მაინც მითხარი, დამისახელე, რომელიც ამ ამინდის პროგნოზს უსმენს, მოსმენილი გულთან ახლოს მიაქვს და შემდეგ, თუნდაც თავისთვის, იძახის, იმეორებს, დღეს სოხუმში წვიმს…

სანამ სოხუმში მოვხვდებოდი, ჯერ იყო გალი. ბაბუაჩემის და, ვენერა ცხოვრობდა გალში. იქ იყო გათხოვილი. მისი მეუღლე აპოლონი, იგივე აპო, სკოლის დირექტორი გახლდათ. მაღალი, ხმელი და ძალიან სასიამოვნო კაცი იყო. ყოველთვის პიჯაკი ეცვა და თავზე კი, აი, ,,მიმინოში” რომ ვალიკოს ქუდი ახურავს, ეგეთი ეფარა. დარწმუნებული ვარ, მათი დაწყვილება მხოლოდ პლანეტების სახელების თანხვედრის გამო არ მომხდარა და აპოლონსა თუ ვენერას სხვა რამ ძვირფასი საერთოც გააჩნდათ, აკავშირებდათ.

ბაბუდა ვენერა, მგონი, პედიატრი იყო. ზუსტად არ მახსოვს და, შეიძლება, სამშობიაროშიც კი მუშაობდა. ისე უხაროდა ხოლმე ჩვენი სტუმრობა, თითქოს, მთელი ,,კომპარტია” სწვეოდა. ჰო, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო. მაშინ აფხაზეთის ხიდები ჯერ კიდევ არ იყო ჩატეხილ-ჩამწვარი და მხოლოდ სააგიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ჰოდა, ეს ჩემი ბაბუდა ვენერა ყოველ დილით საუზმედ კვერცხს მიმზადებდა. ოღონდ, არა შემწვარს და ან კი მაგრად მოხარშულს, არამედ, მდუღარე წყალში ჩახლილს. გემო არ მახსოვს, თუმცა ტაფაზე შემწვარი თვალისგან მართლაც განსხვავებული და ორიგინალური ფორმა ჰქონდა. აპო კიდევ ის კაცი იყო, რომელსაც ერთხელაც არ დასცდენია, რომ ეზოში მდგარ საწვავით სავსე ავზს სწორედ მე მოვტეხე ონკანი და მთელი ეზოც ნავთობის დიდ ტბორად ვაქციე. ეგრევე ყველაფერი მეზობელ ბიჭს, მანუჩარს დააბრალა, იმან ქნა, იმან გატეხა ონკანიო. არ გამოდიოდა ჩემგან მაგ ონკანის გატეხვა და ის მანუჩარიც ნამეტანი გამგებიანი ბიჭო გამოდგა. ჩახარა თავი და სულ ეგ იყო. იმედია, მერე ორივენი გულში დედას არ მაგინებდნენ. თუმცა ვინ იცის…

 

ის მანუჩარი ენგურს იქით დარჩა, აპო ენგურს აქეთ დამარხეს და ბუტროს ბუტროს-გალი კიდევ სულაც არ ყოფილა გალელი. არადა, ვენერას და აპოს ერთადერთი ვაჟი, კახა, სულ იმას მიმტკიცებდა, ეს გალი ისეთი მაგარი ადგილია, რომ გაეროს გენერალური მდივანი ბუტროს ბუტროს-გალიც კი აქედან არისო. სახლსაც კი მაჩვენებდა ხოლმე, სადღაც შორს, ჩაის პლანტაციებში მდგარს, ჩაკარგულს. მე ეგ კაცი იქ პირადად არასდროს შემხვედრია და, შესაბამისად, ამ ამბავს ვერც დავადასტურებ და ვერც უვარყოფ.

მერე ჩუტყვავილა დამემართა. ამ მოგზაურობაში ჩემი ძმა არ წავიყვანეთ და, მგონი, იმის თვალი მეცა. აშკარად არ უნდა შემეხარბებინა. 1 კვირა მაღალი სიცხით ვიწექი და ვბოდავდი. მამას მალევე მობეზრდა ჩემ სხეულზე გაჩენილი წყლულებისთვის ,,ბრილიანტის მწვანეთი” წერტილოვანი დარტყმების მიყენება და ბოლოს უბრალოდ, ,,მალიარივით” შემღება. აფხაზეთის მოგონებისას ოჯახში ამ ამბავსაც ხშირად იხსენებენ, იცინიან. მე დიდად ახლაც არ მეცინება. მე აფხაზეთის მოგონებისას რატომღაც ვენერას გამოგზავნილი მანდარინით სავსე უშველებელი ყუთები მახსენდება. მანდარინი, რომელსაც ბავშვობაში გაყვითლებამდე ვჭამდით…

ერთ დღეს კი მამამ სოხუმში წამიყვანა. ზღვაზე გემითაც გავისეირნეთ. სწორედ მაშინ ვნახე ზღვა პირველად და სოხუმი კი უკანასკნელად. შემოდგომა იყო და წყალში არ შევსულვართ. სამაგიეროდ, უნივერმაღში შევედით. სწორედ მანდ დამხვდა ის დასაწვავი სათამაშო ავტომატი, რომელმაც მოსვენება დამაკარგინა და ცრემლი მადინა. მწვანე იყო და გასაშლელი ფეხები ჰქონდა. ეგეთი კოხტა რამ ჯერ არასდროს მენახა. ძვირი ღირდა. სულსაც კი დავთმობდი, ოღონდ, ის ეყიდათ. ვერ მიყიდეს. არც ჩემი სულით დაინტერესებულა ვინმე. ისე რაღაც სიმბოლური და წინასწარმეტყველური მართლაც იყო ამ მწვანე ავტომატსა და ჩემ ცრემლებში. ძალაინ მალე ომიც დაიწყო და სოხუმიც, სწორედ ასეთი, ოღონდ, უკვე ნამდვილი ავტომატებით გაივსო და ცრემლი კიდევ იმდენი დაიღვარა, რომ უთვალავი…

ახლა სოხუმი მხოლოდ ამინდის პროგნოზში, წარსულის მოგონებებსა და კილომეტრაჟის მაჩვენებელ საგზაო ნიშნებში არსებობს. ახლა სულ იქაა, სხვაგან აღარსად შეგხვდება… თითქოს, ვიღაცამ მოაჯადოვა და ამ უცნაურ სიბრტყეში გამოკეტა. სიბრტყეში, რომელიც მხოლოდ თვალისთვის არის, ყურისთვის არის და, სამწუხაროდ, არ არის გულისთვის… იმედია, ოდესმე განჯადოების დროც დადგება და სოხუმიც დაბრუნდება. დაბრუნდება მატარებლის ბილეთებში, სამსახურის მაძიებელთა ვაკანსიებსა და ჩვენი შვილების პაემნებშიც კი.

დღეს სოხუმში ისევ წვიმს…

 

 

 

 

1 2 3 4 5 6