კარტოფილი
კარტოფილს ვიღებ. დიახ, სწორედ იმ კარტოფილს, რომელიც გაზაფხულზე, კარანტინისას დავთესე. ერთობ საკრალური კარტოფილია. კარანტინგამოვლილი. ჩემი მშფოთვარე ფიქრებისა და დარდების მესაიდუმლე, თანამზრახველი. ისე გამეტებით ვთესავდი, რომ მეტად თავდავიწყებით… ზუსტად მაგ თავდავიწყებამ გადამატანინა ის კარანტინიცა და ის საგიჟეთიც, რაც რომ მაშინ სუფევდა. ჰოდა, ვიღებ ახლა მიწიდან ამ ჩემ საკრალურ კარტოფილს და აღმოჩნდა, რომ დათესვისა არ იყოს, არც ეს ამოღებაა ადვილი საქმე. თან აქ, ჩემ ნაკვეთში, მიწა ისეთი ქვიანია, ასე მგონია, ადრე გზა გადიოდა და მე არ მითხრეს, დამიმალეს. ფაქტობრივად, ბალასტი ყრია. ნეტავ, რა კარტოფილი უნდა იყოს, ქვასა და დარდში გაზდრილ-დათესილი?! ვხუმრობ, ჩვეულებრივი კარტოფილია. ზოგი დიდი და ზოგიც პატარა. ზოგი თეთრი და ზოგიც ისე, რა. ამას წინათ, კიდეც შევწვით, ვჭამეთ და არ გვაწყინა. ის საცდელი ამბავი იყო და ახლა კი კაპიტალური საქმეა, სულ უნდა ამოვიღო. ისე ცოტა არ გეგონოთ. მართალია, არც ისე ბევრია, რომ ახლა ნათესავები მოვიკითხო, თუმცა იძულებით დამწყები ფერმერისთვის, მგონი, ცუდი შედეგი ნაღდად არაა?!
ფერმერობაზე გამახსენდა და ხომ გახსოვთ, ქათმებიც მყავდა? ჰოდა, ახლა აღარ მყავს. არა, არ შეგვიჭამია. ნუ ჩვენ დანამდვილებით არა და სხვისი რა გითხრათ… ძაღლმა გაგუდა. ჯერ პირველი ორი, კეკელა და მარო და შემდეგ კიდევ სხვა ორიც, მათი შემცვლელი უსახელონიც. თუმცა, არა, ერთი გაგუდა და ერთსაც ისეთი ნერვოზი დამართა, რომ ის საცოდავი დარდისგან გარდაიცვალა. დიახ, გარდაიცვალა და არა მოკვდა… ეგეთი ნაღვლიანი ქათამი მე არასდროს მინახავს. მგონი, ლექსებსაც წერდა. მეგობარი რომ გაუგუდეს და მარტო დარჩა, თვალწინ სულ ის სცენა ედგა, უტრიალებდა, ძაღლი როგორ უგუდავდა თანამოძმეს, ,,თანამესაქათმეს” და… მოკლედ, სულ დაიცენტრა. საქათმეს რომ გავუღებდი, გარეთ აღარ გამოდიოდა, საჭმელსაც აღარ ჭამდა და ბოლოს, უკიდურესი პროტესტის ნიშნად, აღარც სკინტლავდა. ტრაგედიის შემდეგ მხოლოდ ერთი კვერცხი დადო. თან ძალიან უცნაური კვერცხი. პინგ-პონგის ბურთის მსგავსი. აი, მანდ მივხვდი, რომ წასული იყო მაგის საქმე. აშკარად, საკუთარ თავში ჩაიკეტა და განგების წრეც შეიკრა. მრგვალი კვერცხი არ გვიჭამია. ეგეც ძაღლს ვაჭამეთ. იმას ვაბშე არ უდარდია. ძალიან უცნაური, უდარდელი ძაღლი გამოდგა. თან ჩვენი არაა. ჩემი ძმისაა, თუმცა მაგრად, ხოშიანად კი დაგვარბია, ვერაფერს იტყვი…
რა თქმა უნდა, ბიჭები ძალიან მალევე შემომეფანტნენ. ერთმა ალერგია მაქვსო და მეორემ კიდევ უცებ გადავივლებ და მოვალო. ვერც ის გავარკვიე, ან ამ ერთს რაზე ჰქონდა ალერგია და ვერც ის, იმ მეორემ შუა მუშაობისას რად განიზრახა შხაპის მიღება. დავრჩი ისევ მარტო. არც ალერგია დამემართა და არც შუალედებში გადავლება მომინდა. ცოტა ხანში ისევ ჩემი პატარა გოგო წამომეშველა. მოირბინა ხტუნვა-ხტუნვით, ასკინკილით და მამა, გინდა, დაგეხმაროო? მე ვთქვი, რატომაც არა, მოდი და დამეხმარე-მეთქი. მე კარტოფილებს მიწიდან ამოვყრი და შენ კიდევ სათლში ჩაყარე-თქო. ისე გაუხარდა, შეხტა. მოვიმარჯვე ბარი და დავცხეთ… მე კარტოფილებს მიწიდან ვყრი და ის კი თევზებივით იჭერს, სათლში ისვრის. ჩვენ შრომას ბოლო არ უჩანს. ცოტა კიდეც მოგვბეზრდა და მოვიწყინეთ. მაშინ, მოდი მამა და იცი, რა ვქნათ-მეთქი?! ეგრევე თვალები აუციმციმდა. ვითომ, ეს ჩვენი თეთრი კარტოფილები ოქროსია-მეთქი. ვითომ, ჩვენ ოქროს მაძიებლები ვართ და ახლა მიწაში თვითნაბად ოქროს ქვებს ვეძებთ და არა კარტოფილებს-თქო. აუ, რა მაგარიაო, ეგრევე მოიხიბლა. ახლა ახალი შემართებით დავცხეთ… გამოაჩენს თუ არა მიწიდან კარტოფილი თავის თეთრ გვერს, ტუსი ეგრევე მივარდება და მიწას ისეთი მონდომებით ჩიჩქნის, თითქოს, მართლაც, ოქროს ზოდი გვეპოვნოს. ცოტა კიდეც შევშინდი, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, რამე მარცხი არ მოგვივიდეს-მეთქი. მოდი, შვილო, მაშინ ჯერ მე ამათ მიწიდან ამოვყრი და შენ კი მერე დაუარე, აკრიფე-თქო. ეს ბარი მაინც მაგარი ბასრი რამეა და არ ღირს გათამამებად. კარგიო და ასე შეხმატკბილებულად ვიმუშავეთ საღამომდე. შუალედებში, ,,პერერივებზე”, ჩრდილშიც ვკოტრიალობდით და მე ფეისბუკს ,,ვსქროლავდი”, ის კიდევ ტიკტოკს. მოკლედ, ერთმანეთს კარგად შევეწყეთ და კარგადაც ვიმუშავეთ. ბოლოს, ტუსიმ, მამა, ეს ოქროს კარტოფილები მართლა ძალიან ლამაზია, უბრალოდ, შუშის რომ არის, მიწიდან ძალიან ფრთხილად უნდა ამოიღო, რათა არ დაიმსხვრესო. გავშრი. მაიცა, მამა, ოქრო ხომ ლითონია და ლითონი კიდევ ვერ დაიმსხვრევა, რადგან შუშა სულაც არაა-მეთქი. და იმან კიდევ, მართლაო? ჰო, მართლა-მეთქი და სიცილი ამიტყდა. ნეტავ, რას დაზდევდა ამ კარტოფილებს ასეთი აჟიტირებული, თუ ისიც არ იცოდა, ოქრო რა იყო?! იმანაც გადაიკისკისა და საერთოდაც ვერ მიხვდა, რა ვუთხარი. სამაგიეროდ, მე მივხვდი, რომ ის იყო უბედნიერესი, რადგან ჯერ კიდევ არ იცოდა, რა იყო ოქრო…
კვების წყარო
ერთი ნაცნობი მყავს, რა, თუმცა, რაღა ერთი, მგონი, ძალიანაც ბევრი, აი, სოციალურ ქსელში გამუდმებით თავის სოლო ფოტოებს რომ დებენ და თავსაც უსაშველოდ იწონებენ. თქვენც გეყოლებათ ასეთი მეგობრები და თანაც არა ერთი. კაცებიც და მეტადრე ქალები. თან, აი, ისეთ ფოტოებს რომ დებენ, ვერ მიხვდები, რა სურთ და რა სწადიათ? გათხოვიალია თუ გასათხოვარი? ცოლიანია თუ უცოლო? პარტნიორს ეძებს თუ თავგადასავალს? გართობა სურს, თუ სერიოზული ურთოერთობისთვის გაუშლია ეს თავისი ბადე? მოკლედ, ამ ფენომენმა დამაფიქრა, ანუ რისთვის ირჯება ეს ხალხი და, მგონი, ცოტა კიდეც გავერკვიე და გავუგე. ნუ, ნაწილობრივ მაინც.
ფიფქიაზე ზღაპარი ხომ ყველას გახსოვთ? ჰოდა, ახლა ფიფქია თავის ჯუჯებითურთ დაივიწყეთ, გვერდზე გადადეთ და მთელი ყურადღება დედინაცვალზე გადაიტანეთ. დიახ, სწორედ იმ ქალზე, რომელიც მთელი დღეები თავისი ჯადოსნური სარკის წინ იდგა, ტრიალებდა და ერთსა და იმავე კითხვას იმეორებდა: სარკეო, სარკეო მითხარი, ვინ არის ყველაზე ლამაზი… და ისიც, სარკე დაუზარებლად პასუხობდა, შენ ხარ ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო ყველაზე მშვენიერიც, ყველაზე ლამაზიც და სულ, სულ ყველაზე ყველაფერიც… არაფერს გაგონებთ ეს სცენა, ურთიერთობა? კი, ნაღდად ეგრეა. ფიფქიას დედინაცვალს სოციალური ქსელი ჰქონდა, სადაც გამუდმებით თავის ფოტოებს ტვირთავდა და მომატებულ პატივმოყვარეობასაც პოზიტიური გამოხმაურებებით ,,იცხრობდა”, იკმაყოფილებდა. ლაიქები, კომენტარები, გულები და ასე შემდეგ… მოკლედ, მაგრად იკვებებოდა ამ ენერგიით და, აბა, ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა, როდესაც ერთ მშვენიერ დღესაც სარკემ ახარა, კი ხარ ჩემო დაია ყველაზე ლამაზი და რაცხა, მაგრამ შენი გერი გჯობნის და მაგის დადებულ ვიდეოებს იმდენი ნახვა-მოწონება აქვს, რომ სადაცაა, სოციალური ქსელი აფეთქდესო. აბა?! გადაირია ქალი. სხვათა შორის, ეს, ანუ შედარების ფუნქცია ჩვენთან სოციალურ ქსელებს ჯერ არ აქვთ, მაგრამ, მერწმუნეთ, ძალიან მალე ექნებათ და სულ მალე თქვენ გამოდებულ ფოტოებსაც ისინი სხვისას შეადრიან და კბილთა ღრჭენა თქვენ მერე ნახეთ…
ნუ მერე ალბათ ყველამ იცით, ამ ზღაპარში როგორც განვითარდა მოვლენები. გაავებულმა დედინაცვალმა როგორ წაშალა მეგობრებიდან ,,ფრენდების” დიდი ნაწილი, გააუქმა ყველა აქტიური ,,ექაუნთი” და სანამ რამე აზრიანს მოიფიქრებდა, როგორ შექმნა ყალბი მომხმარებლი სახელით ,,სილამაზე, მშვენიერება” და დაიწყო სოც. ქსელების დაწიოკება. საბოლოოდ, იმდენი ქნა და იმდენი იაქტიურა, საწყალი გოგო, ფიფქია ისე შეავიწროვა და საზოგადოების დიდი ნაწილიც მის წინააღმდეგ იმდენად მტრულად განაწყო, რომ უკიდურესად… აქაოდა, ეგ ისეთი თეთრია, თოვლზე მეტადაც და ამით, ხორბლისფეკანიანებს დაგვცინის, გვამასხრებსო… სრულად განდევნა ყველა პოპულარული სოც. ჯფუფიდან თუ გვერდიდან და დიდი ,,ბანიც” დაადო. შედეგად, საწყალ ფიფქიას სხვა გზა აღარ დარჩა და მანაც, რათა სრულ სოც. ვაკუუმში არ აღმოჩენილიყო, ეგოშელახულთა ჯგუფებში დაიწყო გაწევრიანება, სადაც სხვადასხვა პრობლემის მქონე პირები თავის სატკივარზე ხმამაღლა საუბრობდნენ. ფიფიქიამ თავი დედინაცვლის მხრიდან კანის ფერის გამო ,,ბულინგის” მსხვერპლად გამოაცხადა და დიდი მხარდაჭერაც მოიპოვა. განსაკუთრებით ყველასთვის ცნობილი ჯუჯებისგან… ამ ეპიზოდიდან მისი ისტორია სულ სხვა მიმართულებით წავიდა, გაგრძელდა. ჩვენი ისტორია კი ისევ იქაა, სადაც იყო და დავიწყეთ. დედინაცვალი ფერფლიდან აღდგა და კვლავ თავის სოლო ფოტოებს გაუჩერებლივ ტვირთავს თუ პოსტავს. ავსებს ხურჯინს, ლაიქებით, გულებით, არაფერ შუაში ,,ღმერთმა დაგლოცოს” კომენტარებით და თან საშინლად კმაყოფილია. განსაკუთრებით იმით, რომ ფიფქიას ღვიძლის ჭამა არ მოუხდა და პრობლემაც ასე მარტივად გადაჭრა, მოაგვარა.
ასევე ძალიან კმაყოფილია ეს ჩემი ნაცნობიც. ისიც კვლავ გაუჩერებლივ ტვირთავს თუ პოსტავს თავის შარმიან ფოტოებს და წარმოდგენაც არ აქვს, წინ რა ელის. მან ხომ ჯერ კიდევ არ იცის, რომ სულ მალე სოც. ქსელებს ახალი, ფოტოების შედარების ფუნქცია დაემატება და მერე კი… ეჰ, წასულია მისი საქმე…
პ.ს. მოკლედ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, იცოდე, რომ თუ ასე გააგრძელებ, ერთ მშვენიერ დღეს შენც გამოგიცხადებენ, ვიღაც სხვა გჯობნის სილამაზეში, მშვენიერებაში, კდემამოსილებასა და სექსუალობაშიო. შენი კვების წყაროც ნელ-ნელა დაშრება, დაიწრიტება. და მაშინ კი მოგიწევს ახალ რეალობასთან შეგუება და უჩვეულო არჩევანის გაკეთებაც. საინტერესოა და რას აირჩევ შენ, ფიფქიას ღვიძლს თუ ყალბ ექაუნთს სახელით ,,სილამაზე, მშვენიერება”?