პოლ ოსტერი და ჩემი კინო

 

ძალიან მაღიზიანებს, როდესაც ვაი ავტორები და ვუი მკითხველები იწყებენ ხოლმე ახლად წაკითხულ წიგნზე საუბარს, მსჯელობას და თან ავტორის მიერ წარმოჩენილ მარტივ თემებს ცისას და მიწისას აბამენ, აბევრებენ. ახლა მეც იგივე უნდა ვთქვა, ვქმნა. იმედია, ეს ის არაა, ის არ გამოვა… იმედია, უბრალოდ თემამ შთამაგონა და არა ამპარტავნებამ. მოკლედ, საქმე იმაშია, რომ დასასვენებლად ვარ, ვნებივრობ, წიგნს ვკითხულობ, კერძოდ კი პოლ ოსტერის ,,ილუზიების წიგნს”, სადაც სიუჟეტის მიხედვით ერთი ძველი მსახიობის ამბავი ვითარდება, იხლართება. მსახიობისა, რომელიც მუნჯურ ფილმებში თამაშობდა და შემდეგ თავადაც იღებდა, ხოლო მერე უეცრად გაქრა. ამასობაში კი, სანამ მე ჰამაკში ვიწექი და თავს ვირთობდი, ჩემი პატარა გოგო, ჩემი ძმის შვილი და ერთიც მათი მეგობარი, თურმე, ფილმს იღებდნენ. ეს არავინ ვიცოდით. არავის მიუქცევია მათი ხმაურისთვის ყურადღება, რადგან ისინი ხომ მხოლოდ ბავშვები იყვნენ, არიან?! მერე კი, საღამოს, მოირბინეს და მობილური ტელეფონი მომაწოდეს, აბა, ერთი ნახე და შეაფასე, რა მაგარი ფილმი გადავიღეთო. მე კიდევ მაგ დროს იმ ჩემ რომანში ვიყავი ბოლომდის ჩათრეული, სადაც რომ მთავარი გმირი, ერთი შეხედვით, სწორედ ასეთ მარტივ ფილმებს იღებდა და მერე კი მალავდა, წვავდა… 8 წუთიანი ფილმი გამოდგა. კი გავიფიქრე, ახლა ამ 8 წუთს რა უყურებს და რა გაუძლებს, ამათ ტაკიმასხრობას-მეთქი, თუმცა არაფერი მითქვამს. წიგნი გადავდე, ჰამაკში წამოვჯექი და ტელეფონი მოვიმარჯვე.

– დღე მეორე… – ამ ფრაზას მოჰყვა მცირედი ქირქილი და ტელეფონის კამერიდან ხელის მოშორება, რაც ძალიან ჰგავდა თეატრში ფარდის გადაწევას, გახსნას. შემდეგ უკვე მოქმედება დაიწყო. იმ კუთხიდან ჩვენი აივანი ასე ნათლად, ხატოვნად არასდროს დამინახავს. ამან მართლაც გამაოცა, რადგან ,,კუთხე” ისე ოსტატურად იყო შერჩეულ-დაჭერილი და განათებაც ,,ობიექტივს” ისე რბილად, მოზომილად უტყამდა, რომ მეტად სახასიათო გარემოც კი იქმნებოდა. გოგოებიც დიდი ენთუზიაზმით განასახიერებდნენ შეყვარებულ წყვილსა და ერთსაც გაანჩხლებულ ბებოს, რომელიც ამ შეყვარებულთ ყოველმხრივ ხელს უშლიდათ და გამუდმებით ეჩხუბებოდათ. ჰო, რაღაც შექსპირული მართლაც შეინიშნებოდა მათ სცენარში, თუმცა ტრაგედია არა, უფრო კომედიისკენ იხრებოდნენ, რადგან ანჩხლ ბებოს დიდ ყურადღებას არავინ აქცევდა და წყვილიც ძალიანაც მშვენივრად, მოურიდებლად ეხვეოდა ერთმანეთს. მერე ისევ დაბნელდა და ხელისგულიც კვლავ დაეფარა კამერას. შემდეგ ისევ საიდანღაც, სიბნელიდან გაისმა ხმა, რომელმაც გვამცნო, ერთი წლის წინო და ხელიც კამერას მოშორდა. გამოჩნდა მაშო (ასე ერქვა მთავარ ქალ გმირს, რომელსაც ყველა რიგრიგობით განასახიერებდა), რემელიც ხმამაღლა ყვიროდა ვაი მუცელი, ვაი მუცელიო… ფრაზამ ერთი წლის წინო ცოტა დამაბნია, რადგან აშკარად ერთი წლის შემდეგ უნდა ყოფილიყო, აი, შეძახილმა ვაი მუცელო, მუცელიო კი საბოლოოდ გამაბითურა… არც კი ვიცი, რა ქვია იმ განცდას, როდესაც გააცნობიერებ, რომ შენი მაშო მშობიარობს… ძალიან ბევრი ვიცინე.

– გავიდა კიდევ 19 წელი. – 8 წუთიანი ფილმის თაობაზე დრო მართლაც სწრაფად გავიდა. ამასობაში, მომსწრე გავხდი კიდევ ერთი მშობიარობისა და ,,ისტიტუტში” ბიოლოგიურზე ჩაბარებისა. ის მეორე მშობიარობა სიუჟეტის ძირითად ხაზს ვერ დავუკავშირე და ვერც ის გავარკვიე, ეს მეორე ბავშვი იმ პირველის დედმამიშვილი იყო თუ შვილიშვილი, თუმცა არა უშავს, ეს არაა მთავარი. აი, ,,ისტიტუტში” ბიოლოგიურზე ჩაბარებამ კი მართლაც სულ სხვა მსვლელობა მისცა თითქოსდა ბანალურ მელოდრამას. მართლაც კარგი პასაჟი გამოდგა. მით უმეტეს, მერე ისიც გაირკვა, იმან ვინც ბიოლოგიურზე ჩაბაარე, ,,ისტიტუტი” მალევე კიდეც დაამთავრა და ძალიან სევდიანი ხმით ისიც გაგვანდო, ახლა სამსახურს ვერ ვშოულობო. საიდან მოიყარა თავი ამ თითისტოლა ბავშვებში ამდენმა შიშველმა რეალიზმმა, წარმოდგენა არა მაქვს. თან ეს შემთხვევითი სულაც არ იყო, რადგან მწარე სიმართლე კიდევ სხვა ფრაგმენტშიც გამოჩნდა, გაიპარა, როდესაც მაშომ თავის შვილს უსაყვედურა, ჩემი დაბადების დღე რამ დაგავიწყა, რა მამაშენი გიორგივით (მამაკაცის მთავარ როლსაც ასევე ყველანი რიგრიგობით თამაშობდნენ) გულმავიწყი გახდიო. იმედია, აქ მე არ მიგულისხმეს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ფილმის ყურებისას კიდეც ვიცინე და ალაგალაგ კიდეც მოვიწყინე, დავნაღვლიანდი, რადგან არსებული რეალობა ბევრად უფრო სატირული გამოდგა, ვიდრე მეგონა, ვფიქრობდი. თურმე 7 წლის გოგონების თავშიც დიდი ამბები ხდება, ტრიალებს და ჩვენი, უფროსების ყოველ სიტყვას, ქმედებასაც სულ სხვა ფასი აქვს, რადგან მათ სათუთ ცნობიერებაში ფენა-ფენა ილექება და შემდეგ ასეთ გასაოცარ ფილმებში ამოდის, ნათდება… ყოველივე ეს არახალია და არც მე გამოვდგები ბავშვთა ფსიგოლოგად, რათა ახლა ის ყველაფერი ავხსნა და განვმარტო რაც ვნახე, განვიცადე მეც და იმათაც, თუმცა ფილმის ფინალმა და კულმინაციამ მართლაც ჩამაფიქრა, რამდენად სწორედ ცხოვრობთ, ვიღწვით?!

– მაშო და გიორგი გარდაიცვალნენ. ახლა მშობლები აღარ მყავს და მეც შემიძლია, თმები წითლად შევიღებო და შაურმა ვჭამო. – ოპააა… ვაიმეეე… უნამუსო ვიყო, აქაურმა ფინალმა პოლ ოსტერის ,,ილუზიების წიგნის” ფინალს თუ არ გადაუჯოკრა, აჯობა და თუ სიტყვაზე არ მენდობით, მაშინ, ადექით და… თმები წითლად შეიღებეთ და ჭამეთ შაურმა…

პ.ს. გოგოები დამპირდნენ, რომ გაგრძელებას აუცილებლად გადაიღებენ. ველი მოუთმენლად. ერმალო მაღრაძესაც როგორც იქნა ღირსეული მიმდევრები და თანამზრახველები გამოუჩნდნენ. მიხარია. ისე, სხვათა შორის, არც ,,ილუზიების წიგნია” ურიგო.

 

 

 

1 2 3 4 5 6