მე მოვასწარი

 

ბებიაჩემი, ლუდმილა ბორისოვნა, ძალიან ნელა, დიდხანს კვდებოდა. თითქმის, საუკუნეც კი… მე ასეთი გაწელილი სიკვდილი არ მინახავს, არ მახსოვს. თუმცა, ეს შეიძლება, იმის ბრალიც იყო, რომ მაშინ ბავშვი ვიყავი. ბავშვობაში კი დრო ცოტა სხვანაირად მიდის, მიედინება. ცოტა მეტად გრძლად და სივრცეში გაფანტულად. როდის გავიგე, ბებიას სიმსივნე რომ ჰქონდა, არ მახსოვს. ასეთ დეტალებს მაშინ არც დიდ ყურადღებას ვაქცევდი და არც ვიმახსოვრებდი. ჩემთვის ეს ამბავი საყურადღებო მხოლოდ მაშინ გახდა, როდესაც ის ლოგინად ჩავარდა და პირველი კვნესა ამოუშვა. აი, მაშინ კი მივხვდი, რომ სიკვდილი, შესაძლებელია, ძალიანაც მტანჯველი იყოს და არა ისეთი, როგორიც ზღაპრებშია, სადაც წუთში ქრებიან… სამწუხაროდ, ადამიანი ვერც მას, სიკვდილს ირჩევს. ალბათ, ბევრს უთქვამს, უნატრია, ღმერთო, ოღონდ, ლოგინად ნუ ჩამაგდებ და გეხვეწები, ერთ წუთში მომკალი, გამათავეო, თუმცა, არა… ნურას უკაცრავად, ოლოლო შენ… შეკვეთები რესტორანში და ეს კი სიკვდილია. ყოვლის მსახვრალი სიკვდილი. ასევე იყო, ალბათ, ბებიაჩემიც და, ალბათ, ისიც ბევრს ნატრობდა, ღმერთო, ნუღარც მე მაწვალებ და ნუღარც ამ ხალხს სტანჯავ, მომკალი და გამათავეო, თუმცა, სულ ტყუილად… კიდევ დიდხანს უნდა ეტანჯა და ჩვენც კიდევ დიდხანს უნდა გვეცქირა მისი აღსასრულისთვის; როგორ მოზომილად ხრავდა სიმსივნის ჭია შიგნიდან; როგორ კარგავდა სხეულის ნაწილებსა და იმედს; როგორ წვეთ-წვეთ ვეზიარებოდით მტანჯველი სიკვდილის არსსა და რაობას. ვეზიარებოდით კი ძირითადად ბავშვები, თორემ დიდები ისედაც აზრზე იყვნენ და ეს დამთრგუნველი გამოცდილებაც მათ ფსიქიკას, მეობას, ბევრს ვერც ვერაფერს დააკლებდა.

მერე ბაბუაჩემის, ტარიელ პლატონოვიჩის ჯერი დადგა და ახლა ის კვდებოდა. მისი სიკვდილი ბევრად უფრო გათვითცნობიერებული აღმოჩნდა. უკვე კარგად ვიცოდი, რაც იყო, როგორიც და რანაირადაც გამოიყურებოდა ეგ ოხერი. უკვე სახეზეც ვცნობი და მისი სიცარიელის სურნელიც ნაგემი მქონდა. ოღონდ, სანამ ბაბუა მოკვდებოდა, რამდენიმე თვით ადრე ჯერ ბებია გარდაიცვალა და ეს იყო მძიმე, ემოციური სურათი. კაცი გასვენებისას გარეთ ვერ გავიდა, აღარ შეეძლო და მეუღლეც, უკანასკნელ გზაზე, აივნიდან მზერით გააცილა… ხელის დაქნევით გააცილა… ალბათ, ეს იყო ყველაზე გრძელი გაცილება, რაც კი მინახავს. ბაბუა ჩვენ რკინის აივანზე იდგა, რემელსაც ერთ ადგილზე, ცენტრში უშველებელი ხვრელი ჰქონდა, რადგან ჩემ დაბადებამდე ძაღლი ჰყავდათ და ის შეჩვენებული სწორედ იქ ფსამდა და ბებიას ხელს უქნევდა. დაუსრულებლად უქნევდა… და არსად ჩანდა ფონი, გზა, რომელიც ამ დამშვიდობებას დაასრულებდა. ბებიას ხომ უსასრულობაში მიასვენებდნენ?! მერე კი მისი ჯერიც დადგა. ბაბუას ბევრი რამ აწუხებდა. ზოგი ადრევე, ზოგი ნელ-ნელა და ზოგიც უცებ, ერთბაშად… მამამ რით აღარ უმკურნალა და რა აღარ სცადა. მოსკოვშიც გადააფრინა საოპერაციოდ, როდესაც მუცელში, აორტაზე ანევრიზმა აღმოაჩნდა და შემდეგ არსაიდან გაჩენილ ნაწოლებსაც ჩინური მედიცინით, ნემსების ჩხვლეტითაც კი მკურნალობდა. თუმცა, აქაც სულ ტყუილად ირჯებოდა… ბაბუას ვერ მოატყუებდა… ის გამოცდილი ექიმი იყო. ანალიზის წაკითხვაც შეეძლო და დიაგნოზის დასმაც. შესაბამისად, სულ ზეპირად იცოდა, რა და როგორ. სტადიებადაც კი დაყო და აღწერა, რას რა მოჰყვებოდა და, საბოლოოდ, რა მოკლავდა, როგორ აღესრულებოდა. დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობაც კი განსაზღვრა და… ამას რომ იძახდა, ყვებოდა, ასე მეგონა, სხვაზე საუბრობდა, სხვის ამბავს ყვებოდა, თუმცა, ვცდებოდი… სწორედ ისე და მაშინ აღესრულა, როგორც იწინასწარმეტყველა.

ბაბუასთან დამშვიდობება მაინც მოვასწარი. ბებიასთან ვერა. მაშინ ჯერ კიდევ ისიც არ ვიცოდი, რომ გარდაცვალების შემდეგ ვეღარაფერს ასწრებ. ვერც შენ და ვერც ის… აი, ბაბუას შემთხვევაში კი მივხვდი, ვიგრძენი და, თითქოს, სხეულმაც მამცნო, რომ უნდა დავმშვიდობებოდი. მის ოთახში შევედი, სადაც იწვა, სადაც მანამდე ბებიაჩემი იწვა და უფრო მანამდე კი მისი დედა და… პრინციპში, ეგ პატარა ოთახი მისი, ბაბუის სულაც არ იყო, არ გამოდიოდა და უფრო სიკვდილის ოთახს წარმოადგენდა, ჰგავდა. ოღონდ, ცოტათი უწყინარსაც და კომიკურსაც, რადგან მაგ ოთახში, შუალედებში, როცა არავინ კვდებოდა, მამაჩემი ცხოვრობდა ხოლმე. ჰოდა, მივედი სასთუმალთან და დავხედე. მძიმედ სუნთქავდა. ტკივილი არ ასვენებდა. ყელში ბურთი გამეჩხირა. დავიხარე და გრილ, ნოტიო შუბლზე ვაკოცე. თვალები გაახილა. არ იყო ნაჩვევი ჩემ კოცნას. არ გვქონდა ოჯახში კაცებს ჩვევად ერთმანეთის პირზე კოცნა. ესიამოვნა და გული აუჩუყდა. თვალები დაუსველდა. მეც… თანხმობის ნიშნად ოდნავ თავი დამიკრა. მეც… ოთახიდან გავედი და ნახევარ საათში ისიც გათავდა, აღარ იყო. მეც… ძალიან მეწყინა, რომ გათავდა და აღარ იყო, თუმცა, თან ძალიან გამიხარდა, რომ მოვასწარი, დავემშვიდობე და კიდეც ვაკოცე.

სხვებთან ასე დამშვიდობება არ გამომსვლია. არც ნათესავებთან, არც მეგობრებთან და არც ახლობლებთან. მიდიოდნენ უკანმოუხედავად და ისე სწრაფად უჩინარდებოდნენ, კოცნას კი არა, სიტყვასაც ვერ დააწევდი. შესაბამისად, რჩებოდა უამრავი უთქმელი სიტყვა, უთვალავი გამოუხატავი ემოცია და მილიონობით უკოცნელი კოცნა. ეჰ, აქაც ყველაფერი დასწრებაზე ყოფილა და, თურმე, დამშვიდობებაც მოსასწრებია…

 

 

1 2 3 4 5 6