ჩემი ნათლული

 

დღეს ვაკეში, აბაშიძეზე ვდგავარ და ვხედავ, მოდის ბიჭი. ძალიან ნაცნობი ბიჭია, თუმცა, აშკარად პირველად ვხედავ და არ ვიცნობ. არადა, მაინც საშინლად მეცნობა მისი ეს მოუსვენარი მზერა, ლამაზი პირსახე, თვითდაჯერებულობა, სითავხედე, უტიფრობა და სითამამეც კი. ნამდვილად სადღაც მყავს ნანახი. შეიძლება, ძალიან ადრე, წლების წინ ვიცნობდი. მეტიც, ისე კარგად ვიცნობ, რომ მეტი არ შეიძლება… თუმცა, საიდან? ის ასეთი ახალგაზრდა და მე კიდევ ამ ჩემ ასაკში?! შვილადაც კი მეკუთვნის… და უცებ ვხვდები, საიდანაც მეცნობა. ჩემ ერთ სიყრმის მეგობარს ჰგავს. სწორედ ასეთსავე მაღალს, შავგვრემანს, სიმპათიურს, ცოცხალს, გამჭრიახსა და მიზანდასახულს. თან ესეც გოგოსთან ერთად მოდის. ძალიან ლამაზ გოგოსთან ერთად… კი, ნამდვილად მისი შვილი უნდა იყოს, ჩემი ნათლული…

მინდოდა, მივსულიყავი, გამეჩერებინა და მეთქვა, ვინცა ვარ, თუ რაცა ვარ, თუმცა… ვერაფერი ვქენი. ან კი რა უნდა მეთქვა? რომ მე მისი მამის, რომელიც უკვე ათწლეულია ციხეში ზის, სიყრმის მეგობარი ვარ? თანაც მისი ნათლია? და მერე იმას რომ ეთქვა, შეჩემისა აქამდე სად იყავი, რა იცი, როგორ მჭირდებოდი, ახლა რომ გამომეცხადე გაზაფხულის თოვლივითო?! მერე მე რა უნდა მეთქვა, თავი რითი მემართლა? ახლა ხომ არ დავიწყებდი იმ გრძელი ამბის თხრობას, რომ რაც მამამისი აირია და ,,წამალზე შეჯდა”, ჩვენი გზებიც მაშინ გაიყარა და მანამდე კიდევ იცოცხლე, ღვიძლი ძმებივით ვიყავით და საზიარო ჯინსის შარვალიც კი გვქონდა… ახლა კი საერთო მხოლოდ მოგონებების რაღაც ნაწილი გვაქვს. შეიძლება ითქვას, მთლიანი მოგონებების მეათედი და ან კი მეოცედი, თუმცა, მთავარი სხვა რამაა. ეს მოგონებები ყველაზე თავბრუდამხვევი და დაუჯერებელი მოგონებებია… ისე, ალბათ, ესეც მამამისივით გაუხედნავი ულაყი იქნება და თუ ასეა, მაშინ აუცილებლად სიტყვას გამაწყვეტინებს, ცინიკურად გადმომხედავს, თვალებში ნაპერწკლები აუციაგდება და მოურიდებლად მკითხავს, შენ, ბიძაჩემო, ცოტათი…

თან ცოტა იმ გოგოსიც მომერიდა. რა იცი ვინაა? იქნებ, სულაც მისი შეყვარებულია? იქნებ, სულაც უმალავს, რომ მამა ციხეში ჰყავს? იქნებ, სულაც სულ სხვა ამბავს უყვება? ამბავს, სადაც არც მე ვარ, არც მამამისი და, მით უმეტეს, არაა ციხე, გისოსები… არადა, მართლა ძალიან ჰგავს იმ ჩემ სიყრმის მეგობარს. მეგობარს, რომელიც შეყვარებულებს წინდებივით იცვლიდა და თან ისეთ დაუჯერებელ ამბებს უყვებოდათ, აჯერებდათ, რომ ყველაზე გამოცდილ მეზღაპრესაც კი შეშურდებოდა.

ხან ვინ იყო და ხან ვინ. ხან დედის კალთას გამოკერებული მორცხვი ბიჭი გახლდათ და ხანაც კი თავზეხელაღებული აბეზარა, რომელსაც ვერსად დაემალებოდი. მოკლედ, ბოლომდე არც მე მესმოდა მისი გარდასახვების და, სიმართლე გითხრათ, მაგ ამბების გაგება არც მევალებოდა. ეგენი, ვისაც ,,მაგენის” სჯეროდა, იმათთვის უნდა გეკითხათ, თორემ ჩემი ფუნქცია სულ სხვა რამ გახლდათ. მე, უბრალოდ, ყოველთვის, ყველგან მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი და მხოლოდ ჩემთვის განკუთვნილი მცირე, პატარა როლები მეთამაშა, შემესრულებინა. მართალია, არ იყო ეს როლები მთავარი და გადამწყვეტი, თუმცა, გარწმუნებთ, არც ეს პერფორმანსები შედგებოდა ჩემ გარეშე. ამიტომაც იყო, რომ თავს ხან სად ამოვყოფდით ხოლმე და ხან სად? ხან სად დაგვიღამდებოდა და ხან სად გაგვითენდებოდა. ხან ვის მივდევდით და ხან ვინ მოგვდევდა… მოკლედ, რეჟისორი ის იყო და მე კი უფრო დარბაზში ჩანერგილ მსახიობს ვგავდი. მსახიობს ორი ფრაზითა და ერთი ტაშით…

ჩემი გასამრჯელო და საზღაური კი სწორედ ის მოგონებები იყო, რომელთაც ეს ჩემი მეგობარი ქმნიდა და აგრეგატივით გამოიმუშავებდა. ათასი ხიფათი, ფათერაკი, თავგადასავალი, ავანტიურა და დაუჯერებელი ამბავი გადაგვხდენია თავს. მეც მეტი რა მინდოდა?! დავდევდი კუდში და ვაგროვებდი ამ მოგონებებს, შეგრძნებებს, ემოციებს, რათა, მრავალი წლის შემდეგ, დავმჯდარიყავი და ბევრი მეწერა. მეწერა თავგადასავალზე, მოგზაურობაზე, ავანტიურაზე და სხვა ათას დაუჯერებელ ამბავზე, რომელთა დიდი ნაწილის მონაწილეც თავად გახლდით.

არადა, მისი დაბადებაც მახსოვს, ძეობაც, ნათლობაცა და პირველი დაბადების დღეც. მეტიც, მაგის მშობლების ქორწილიც მახსოვს, ნიშნობაც, ჯვრისწერაც, ცალ-ცალკე აღებული უამრავი დაბადების დღეც და მაგათი ყველა ბებია-ბაბუის პანაშვიდი თუ გასვენებაც. და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი დიდი თუ პატარა ლხინი და დარდი. ულევი… ათას ერთი ღამე… და მერე უცებ აღარაფერი. ურთიერთობის ოცწლიანი პაუზა. ეს ჩემი მეგობარი ,,წამალზე შეჯდა” და აღარასოდეს ჩამოვიდა. ძალიან სხვა ადამიანი გახდა. ნახევრად ადამიანი… მერე ერთხელაც ციხიდან დამირეკა და თითქოს ისევ ის იყო, ვისაც ვიცნობდი. ,,წამალდამოუკიდებელი” ჩემი მეგობარი. რა თქმა უნდა, ისევ დავმეგობრდით. გვქონდა ბევრი საერთო და არ გაგვჭირვებია. მერე მალე ციხიდანაც გამოვიდა. ,,საარჩევნებო” ამნისტია შეეხო. თითქმის სულ მარტო იყო. წლები კარგავდა ყველას და ყველაფერს. მშობლებს, ცოლს, ნათესავებს, მეგობრებს და ალბათ შვილსაც… რაც შემეძლო გვერდზე ვედექი და რომ მეგონა, ახლა გამოსწორდა და ცხოვრებასაც თავიდან დაიწყებ-მეთქი, ისევ დაიჭირეს. ისევ იგივეზე… ისევ ბევრ ,,წამალზე”. თურმე მე მიმალავდა.

ზუსტად ვიცი, ახლა ჩემ ადგილას ის ჩემი მეგობარი რომ ყოფილიყო და ასე, სადმე ჩემ შვილს გადაყროდა, როგორც მოიქცეოდა. ეგრევე, ყოველგვარი გარკვევის გარეშე, ნაღდად ჩემი შვილი იყო თუ არა, მიაჭრიდა, გადაეხვეოდა, მათ შორის იმ გოგოსაც და მერე იქვე მდებარე რესტორანსა თუ კაფეში შეიპატიჟებდა. შეუკვეთავდა სულ ნაირ-ნაირს და იმდენს მოუყვებოდა ჩემზე რეალურსა თუ მოგონილს, რომ ჩემ შვილს ხელმეორედ შევუყვარდებოდი და იმ გოგოს კი პირველად, სამუდამოდ. მერე პერანგის გულის ჯიბიდან ტკიცინა 100 ლარიანს და ან კი დოლარიანს გააძრობდა და არც თუ ისე მალულად, სხვებისგან დაუფარავად, აჩუქებდა. და, რა თქმა უნდა, ამ სცენას შეესწრებოდა მთელი რესტორანი თუ კაფე და კოხტა მიმტანიც, აღელვებული მისი ასეთი მამაკაცური საქციელით, ჯერ თავის ტელეფონის ნომერს მისცემდა და შემდეგ, საღამოს კი…

მე ეს არ გამიკეთებია. მე ეს არ შემიძლია. ასე და ამნაირად. მე არც ამის სითამამე მეყოფა და არც ფანტაზია. მე სხვანაირი ვარ, ის სხვანაირია… ამიტომაც იყო საინტერესო ჩვენი მეგობრობა. ის მართლა ბევრ რამეს იზამდა, ,,წამალს” რომ არ გადაყოლოდა, ხოლო მე მის შვილს მხოლოდ თვალი გავაყოლე და მოგონებებიც წამომეშალა…

 

 

1 2 3 4 5 6