მე ვუპასუხე, რომ პირველად ვხედავდი. მან ლაპარაკი გააგრძელა:

– როგორ? კაცებს ხომ ხვდებოდი?..

მე ვუთხარი:

– ჯერ ერთი, ნისლში რომ შემათრევდნენ, სახე სულ არ მაინტერესებდა – სულ სხვა საქმით ვიყავი დაკავებული. იმ სიბნელეში სახეს ძნელად გაარჩევდი და თან იმდენ კაცთან ვარ ნამყოფი ნისლში, რომ ამდენი სახის დამახსოვრება სისულელე იქნებოდა.

ბიჭმა გამიღიმა და მითხრა:

– აქ ნისლი არ არის. იქნებ შევხვდეთ და ჩემი სახე მაინც დაიმახსოვრო.

მე დავთანხმდი და თითქმის ყოველ ღამეს ვატარებდი მასთან. ერთი-ორჯერ კიდევ მკითხა, ნეტა საიდან მეცნობიო… ვუთხარი, არ ვიცი-მეთქი. ერთ მშვენიერ დღეს, კრებაზე გამომიცხადეს, რომ შინ უნდა დავბრუნებულიყავი და მნიშვნელოვანი დავალება შემესრულებინა. გამამზადეს, დამაზეპირებინეს, თუ რა უნდა გამეკეთებინა და ჩვენს ქალაქში შემაპარეს. ქალაქში შემოსვლისთანავე პოლიციაში გამოვცხადდი და ყველაფერი მოვუყევი, თუ რა ხდებოდა „დივერსანტების“ მეთაურთა შეკრებებზე, რა დავალება მქონდა მოცემული. გავეცი ყველა კონსპირაციული ბინა და „საფოსტო ყუთი“. დავუსახელე ის „დივერსანტები“, ჩვენს ქალაქში რომ იმყოფებოდნენ. ისიც მოვუყევი, რომ მეჯლისზე გაცნობილი ბიჭი ვიცანი; მივხვდი – პოლიციის აგენტი იყო, მაგრამ „დივერსანტთა“ მეთაურებთან არ დავაბეზღე და მას საშიშროება არ ემუქრება… პოლიციელებმა ყურადღებით მომისმინეს, შემაქეს და მითხრეს, რომ სახლში მანქანით მიმიყვანდნენ. მანამდე გამივსეს პაკეტები და ჩანთები ათასგვარი პროდუქტითა და დელიკატესით. ცალკე ჩანთებში ისეთი ტანაცმელი, ფეხსაცმელი, სიგარეტი და პარფიუმერია ჩამილაგეს, იმ საოცნებო ქვეყნის მაღაზიების ვიტრინებში რომ მენახა და მხოლოდ ჩვენი მთავრობის წევრების შვილებს რომ ეცვათ და ჰქონდათ. სახლშიც ყველაფერი თავად ამომიტანეს, კართან დამიწყვეს, დამემშვიდობნენ და წავიდნენ. ზარი დავრეკე.  დედამ გამიღო. ყველაფერი შევზიდეთ და დივანზე დავსხედით.  ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით. სიგარეტს მოვუკიდე და დედას ვუთხარი:

–  მე ვიცი, როგორაც გადამარჩინე, როცა ვკვდებოდი და წამლები მომიტანე. ისიც ვიცი, ჩემი დაიკო რატომ ვერ გადაარჩინე.

დედამაც მოუკიდა სიგარეტს და თვალი თვალში გამიყარა. მე გავაგრძელე:

– დედა, შენ ჩემს გადასარჩენად „დივერსანტები“ დააბეზღე. ჩემი და რომ კვდებოდა, უკვე აღარავინ გყავდა დასაბეზღებელი და ამიტომ ვეღარ უშველე.

დედამ მკითხა, მაგ ჩანთებში სასმელიც ხომ არ არისო. ერთი ბოთლი კონიაკი და შოკოლადის ფილა ამოვიღე. ცოტა რომ დავლიეთ, დედამ გამიღიმა და გადამეხვია.

1 2 3 4 5