ღამით, „დივერსანტმა“ მალულად გამიყვანა ქალაქიდან და ჩავედი იმ ქვეყანაში, რომელიც ყველა ჩვენი ქალაქელისთვის მიუწვდომელი ოცნება იყო. მხოლოდ გათენების მეშინოდა და მაკანკალებდა – მე ხომ მზე უნდა მენახა. „დივერსანტმა“ დამამშვიდა:

– ნუ გეშინია. აქაური მზე სულ სხვანაირია. გათენდება და ნახავ, რა სასიამოვნოა მზის გულზე სეირნობა და ნებივრობა.

დილით სასწაულის მოწმე გავხდი – მზე არ მწვავდა, მათბობდა და თავისი სხივებით მეფერებოდა. მზეს თვალიც კი გავუსწორე. ცოტა დამაბრმავა, ეგ იყო და ეგ. მე იმ ბანაკში დავსახლდი, სადაც ყველა „დივერსანტი“ცხოვრობდა და ცენტრალური შტაბბინაც აქვე იყო განთავსებული. ბანაკში უფასოდ გვკვებავდნენ; მეორად, გამონაცვალ ტანსაცმელს გვაძლევდნენ და ბანაკის ტერიტორიაზე სრული თავისუფლება გვქონდა – რაც გინდოდა,  ის გეკეთებინა, ან სულაც არაფერი. არავინ გიშლიდა. ქალაქში გასვლაც შეგვეძლო – არც ეს გვეკრძალებოდა. პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო,რომ ყველაფერი ამოვიკვეთე, რათა ბავშვი არასოდეს მყოლოდა. სხვა ორგანოებიც უმტკივნეულოდ ამომაცალეს. იმდენი ფული მომცეს, არც კი მეგონა, თუ ამდენ ფულს დავხარჯავდი. ნახევარი იმ დივერსანტს მივეცი, აქ რომ ჩამომიყვანა. მაინც მდიდარი ვიყავი. ახლა უკვე შემეძლო, თავისუფლების მთელი სისავსით დავმტკბარიყავი. ეს ქვეყანა მართლაც სამოთხე იყო – მისი მოქალაქეები მუდამ გაღიმებულები, კარგად ჩაცმულნი დადიოდნენ. სახეები ბედნიერებისაგან უბრწყინავდათ. სამსახური ყველა მათგანს ჰქონდა. საღამოობით თეატრებში, გამოფენებზე, კონცერტებზე თუ რესტორნებში დადიოდნენ. ქუჩაში არსად ჩანდნენ პოლიციელები და სამხედროები. ერთი შეხედვითაც ეტყობოდათ, რომ ძალიან უყვარდათ თავიანთი ქალაქი და ქვეყანა. დაკანკალებდნენ თითოეულ შენობას, ძეგლს, ხეებსა და ბუჩქებს… ქუჩები დაუჯერებლად სუფთა იყო. ერთხელ ისიც კი ვნახე, იქაური მთავრობის წევრი, საკუთარი სახლის წინ, როგორ გვიდა ქუჩას. გამახსენდა ჩვენი ნახევრადდანგრეული ქალაქი. გამახსენდა დედის მონაყოლიც – თავიდან, როდესაც ჩვენთან ნისლი გაჩნდა და უცხო, ეგზოტიკური მცენარეებით, ფრინველებით და ცხოველებით გაივსო ჩვენი ქალაქი. მე კი აქ, ამ ქვეყანაში ვნახე პირველად ეგზოტიკური ცხოველები, მცენარეები და ფრინველები… პირდაპირ ქუჩაში სეირნობდნენ ლომები, ჟირაფები და მაჩვზღარბები. მდინარეებიდან ვეშაპების ფრუტუნი ისმოდა… ქალაქის ქუჩებში, ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებოდა საგზაო ნიშნები წარწერებით: „ფრთხილად, მარტორქებია!“, „პითონია!“ ამ ქვეყანაში ზოოპარკი არ არსებობდა და მასწავლებლები ბავშვებისთვის ზოოლოგიის გაკვეთილებს პირდაპირ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ატარებდნენ. უფრო საოცარი ის იყო, რომ ცხოველები არც ერთმანეთს ერჩოდნენ და არც ადამიანებს. ჩვენი ქალაქისგან განსხვავებით, აქ ნისლი არაფერ შუაში იყო. ცხოველების მოვლას, თითოეული მცენარის გახარება-შენარჩუნებას ტიტანური შრომა სჭირდებოდა. სანამ ფული მეყო, დედოფალივით ვცხოვრობდი. სასტუმროებში, რესტორნებში და მაღაზიებში ყურებამდე გაკრეჭილები მეგებებოდნენ. ფული რომ გამითავდა, მოგზაურობა გადავწყვიტე და დავდიოდი ქალაქიდან ქალაქში. მოგზაურობისას მძღოლებს ჩემი სხეულით ვუსტუმრებდი მგზავრობის საფასურს;  ვათვალიერებდი ქვეყანას და ვრწმუნდებოდი, რომ ყველა ქალაქი ერთიმეორეზე ლამაზი და მოვლილი იყო. ბანაკში რომ დავბრუნდი, გადავწყვიტე, სამსახური მომეძებნა. ბევრი ვიარე, ვიწვალე, მაგრამ სამუშაო ვერ ვიშოვე. ჯერ ერთი, მათი ენა ცუდად ვიცოდი. პროფესიაც არ მქონდა. დედის წყალობით, ფორტეპიანოზე ვუკრავდი, ხელსაქმე და კერძების გაკეთება შემეძლო. ერთი-ორჯერ, უბილეთო მგზავრობისთვის, მათხოვრობაზე და წვრილმან ქურდობაზეც დამიჭირეს – პროდუქტი, ტკბილეული და ნაყინი მოვიპარე… ერთხელ მზის სათვალეზე წამიცდა ხელი. ამის გამო ციხეში არავინ ჩაგვსვამდა მაგრამ… იქაური მოსახლეობა, ჩვენ – „დივერსანტებს“, ცუდი თვალით გვიყურებდა. ეტყობა სხვა „დივერსანტებიც“ არ იყვნენ მთლად უცოდველნი. მერე და მერე დავრწმუნდი, რომ აქაურებს  თავიანთი მოქალაქეების გარდა, სხვები ადამიანებადაც არ მიაჩნდათ. მათი თავაზიანობა იმწამსვე თავდებოდა, როგორც კი რაიმეს თხოვდი. მოკლედ, საბოლოოდ გადავწყვიტე პროსტიტუციით მეშოვა ფული. აქაც არ გამიმართლა. აღმოჩნდა, რომ მე მხოლოდ „დივერსანტებს“ მოვწონდი, მათ კი უფულოდაც შეეძლოთ ჩემთან დროსტარება. ისღა დამრჩენოდა, რისთვისაც ამ ქვეყანაში ჩამოვედი, ის მეკეთებინა და დავიწყე „დივერსანტთა“ კრებებზე სიარული. ძირითადად, იმ კრებებზე დავდიოდი, სადაც „დივერსანტთა“ მეთაურები მსჯელობდნენ და კამათობდნენ. „დივერსანტები“ ორ ჯგუფად იყოფოდნენ: ერთნი აჯანყების მომხრენი იყვნენ და მთავრობის დამხობა უნდოდათ და ომის საკითხსაც მერე, ვითარების მიხედვით განიხილავდნენ; მეორენი ტერორისტული აქტებით აპირებდნენ მთავრობის განადგურებას და ომის გაგრძელება სურდათ. მთელი წელიწადი მათ პაექრობასა და ჩხუბს ვუყურებდი და ვუსმენდი. ვერ თანხმდებოდნენ საარჩევნო სისტემაზე და ჩვენი ქალაქის კონსტიტუციურ მოწყობაზე – მონარქია უნდა ყოფილიყო თუ რესპუბლიკა… ვიჯექი და ნისლზე, დედაზე ვფიქრობდი. ერთხელ, როცა მორიგ  კრებაზე მივედი, სიტყვით გამოდიოდა ტერორისტული ფრთის წარმომადგენელი. თვალებს არ დავუჯერე – ეს ის ბიჭი იყო,  მეჯლისზე რომ შემიყვარდა და მერე უკვალოდ გაქრა. არ შევიმჩნიე, რომ ვიცანი და თავჩაღუნული ვუსმენდი, თუმცა მივხვდი – მან მიცნო და ცოტა არ იყოს დაიბნა. კრება რომ დასრულდა, ის ბიჭი მოვიდა ჩემთან და მითხრა:

– ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ?..

 

1 2 3 4 5