ის დღე არასოდეს დამავიწყდება, ჩემი და რომ ცუდად გახდა. საკუთარი სიყვარული არ მქონდა გამოგლოვილი, რომ ჩემი პატარა დაიკო დაავადდა. თვალსა და ხელს შუა დნებოდა. დედამ ისევ შეაწრიალა ქალაქი – იარა, ემუდარა, წერილები წერა, მაგრამ ბოლოს, ჩემი დაიკო პატარა კუბოში ჩავასვენეთ და სანიტარულ მანქანას სასაფლაოზე გავატანეთ. დასაფლავებაზე დასწრება ოჯახის წევრებს აკრძალული გვქონდა. დედას ვკითხე: მე ხომ მიშოვე წამლები და გადამარჩინე, ჩემი დაიკოსთვის რატომ ვერ იშოვე-მეთქი?! დედამ – რაც შემეძლო, შენთვის შევძელი, შენი დის გადარჩენა კი აღარ შემეძლოო.

ჩვენს ქალაქს გარს უზარმაზარი სახელმწიფო ერტყა, რომელთანაც გამუდმებული ომი გვქონდა. ჩვენი ქალაქის ერთმა პატარა ნაწილმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მასთანაც ომი გვქონდა. უფრო შორს, სადღაც გადაკარგულში, კიდევ ერთი უზარმაზარი სახელმწიფო მდებარეობდა, რომელთანაც ვმეგობრობდით და მისი მხარდაჭერა რომ არა, ჩვენი ქალაქისგან ბუნდღა აღარ დარჩებოდა. ეს შორეული ქვეყანა გვაძლევდა ფულს, სურსათს და გვამარაგებდა იარაღით, რათა  გვეომა და მეზობელ ქვეყანას არ დაეპყრო ჩვენი ქალაქი. თუმც, ჩვენი მეზობელი დროდადრო მძლავრობდა და ხან ერთ კვარტალს იპყრობდა და ისაკუთრებდა, ხან მეორეს. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩვენი მამები, ძმები, და საერთოდ – ჩვენი ქალაქის ბიჭები, ამ ომს ეწირებოდნენ. ჩემი ძმაც ომობდა, ოღონდ ცოცხალი იყო თუ მკვდარი, არ ვიცოდი. ამას არავინ გეტყოდა და გაგაგებინებდა – ეს სახელმწიფო საიდუმლოება იყო. იქნებ, ის ბიჭიც, მეჯლისზე რომ შემიყვარდა, ამ ომს შეეწირა?..არ ვიცი. ან იქნებ სხვა გოგო შეუყვარდა… ჩვენს ქალაქში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ მთავრობას ებრძოდნენ. ხალხი მათ სამ ნაწილად ჰყოფდა: „ოპოზიციონერებად“, „დისიდენტებად“ და „დივერსანტებად“. „ოპოზიციონერებისა“ ხალხს არაფერი სწამდა – ისინი მხოლოდ ლაქლაქებდნენ, ტელეეკრანებზე ფილოსოფოსობდნენ და ვითომ ოპოზიციაში ედგნენ მთავრობას. სინამდვილეში კი, მათი ნასუფრალით იკვებებოდნენ და ჩუმ-ჩუმად ელაქუცებოდნენ. „დისიდენტები“, მართალია, მთავრობას არ აქებდნენ და მთავრობაც დევნიდა მათ, ნამდვილ საქმეს თავს ვერ აბამდნენ. პროკლამაციებს თუ გააკრავდნენ და შინაურებში, სანდო ხალხთან აგინებდნენ ხელისუფლებას. აი, „დივერსანტები“კი, მართლაც მებრძოლები იყვნენ. „დივერსანტებს“ ბაზები ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში ჰქონდათ. ამ ქვეყნებზე ლეგენდები დადიოდა. ამბობდნენ, რომ იქ ომი არ იყო და ხალხი ბედნიერად ცხოვრობდა. „დივერსანტები“ ამ ქვეყნებიდან შემოიპარებოდნენ ქალაქში და ხმამაღლა წყევლიდნენ მთავრობას. ხანდახან ბომბებსაც აფეთქებდნენ. აფეთქებისას ნისლი  დროებით იფანტებოდა. ამ დროს ვხედავდით ჩვენს ნახევრადდანგრეულქალაქს და მთავრობის წევრების ბრწყინვალე სასახლეებს. ხელისუფლება დაუნდობლად ებრძოდა „დივერსანტებს“, და თუ დაიჭერდა მათ, მართავდნენ საჩვენებელ სასამართლო პროცესებს. მათ მიერ ჩადენილ ბოროტებებზე ტელევიზიებში დღენიადაგ ლაპარაკობდნენ და ასევე საჯაროდ სჯიდნენ  სიკვდილით. მე ჯერ „დისიდენტები“გავიცანი. ჩავერთე მათ მოძრაობაში. რადგან პირდაპირ „დივერსანტებთან“ არავინ მიმიშვებდა, „დისიდენტური“ საქმიანობა დავიწყე. რასაც მავალებდნენ, ყველაფერს პირნათლად ვასრულებდი. ნელ-ნელა გავიწაფე „დისიდენტურ“ მოძრაობაში, დავწინაურდი და ერთხელ ჩემმა უფროსმა „დივერსანტი“ გამაცნო. უფროსმა დამავალა ყველანაირი დახმარება გამეწია „დივერსანტისთვის“ და სიამოვნება არ მომეკლო მისთვის. მოკლედ, „დივერსანტი“ ერთი თვე ცხოვრობდა ჩემთან და თუ ტელევიზორს არ უყურებდა, ან არ ქეიფობდა, ჩემთან კოტრიალობდა ლოგინში. ჩემს სხეულზე ჭკუას კარგავდა. ძილშიაც კი, ჩვევად ჰქონდა – ტანით, ხელით ან ფეხით მომხუტებოდა. სულ  ჩემს მკერდზე ლაპარაკობდა. ერთხელ, მკერდზე რომ მეფერებოდა, ვუთხარი:

– ჯანმრთელი ვარ. თუ ოდესმე საოცნებო ქვეყანაში მოვხვდი, ორგანოებს გავყიდი.

ხმა არ გაუცია. მერე დავამატე:

– გამიგია, იმ ქვეყნებში ზღაპრულ ფულს იხდიან ორგანოებში.

დივერსანტმა ბოლოს გამომიცხადა, რომ მე დავიმსახურე ნდობა, გავამართლე მისი იმედები და ამიტომ საოცნებო ქვეყანაში – „დივერსანტთა“ ბაზაზე წამიყვანდა, სადაც გამოვიწრთობოდი და ნამდვილი „დივერსანტი“ გავხდებოდი. მე დავემშვიდობე დედას. ვუთხარი, რომ მივდიოდი და დიდხანს ვერ ვნახავდი. დედამ ჩამილაგა ტანსაცმელი, გადამკოცნა და მითხრა:

– როცა მოგინდება, დაბრუნდი.

 

1 2 3 4 5