და ამ რეპლიკამ ერნესტო კარდენალის არაჩვეულებრივი ლექსი “ლოცვა მერლინ მონროსათვის” გამახსენოს, ასე შესანიშნავად რომ თარგმნა ნაირა გელაშვილმა:    

 

“უფალო,
სულ ერთია, ვინ არის იგი,

ვისთვისაც მას სურდა დაერეკა და ვერ დაურეკა,
ეგებ არც არავინ იყო ან ვიღაცა ისეთს ეძებდა,
რომლის ნომერიც საერთოდ არ წერია
ლოს-ანჟელესის ტელეფონების წიგნში.
სულ ერთია:
შენ აიღე, უფალო, ყურმილი!”

 

მილანში ასევე დამამუნჯა ჯერ დუომოს ტაძრის დანახვამ და მერე დუომოს მუზეუმის მონახულებამ. დავდიოდი მუზეუმში ვუყურებდი აღორძინების ხანის დიდოსტატების შედევრებს და ვფიქრობდი, რომ სწორედ ეს იყო სრულყოფილება, ამაზე შორს ადამიანი ვეღარსად წავა სრულყოფილების ძიებაში.

გულდაგულ მოვიარე ყველა დარბაზი და უცებ, როცა თანამედროვე ეპოქის ნამუშევრების გალერეაში გადავედი, სული შემიგუბდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს რაღაც ხანძარი ჩადგა აღორძინების ხანასა და თანამედროვე ეპოქას შორის, იმდენად უღიმღამოდ მომეჩვენა ყველაფერი ძველთან შედარებით.

რა თქმა უნდა, ახალშიც არის ბევრი ბრწყინვალე ნამუშევარი, მაგრამ მთავარი დაკარგულია: ის საოცარი ჰარმონია, რაც აღორძინების ხანის ნიმუშებიდან იღვრება, ახალ ეპოქაში ნევროზითა და შიშებით არის ჩანაცვლებული. ხელოვნებაც ისეთივე დაშლილი და “დაპატარავებულია”, როგორც თვითონ ადამიანი.

პრინციპულად, ასეთივე განსხვავებაა პოეზიის ტრადიციულ აღქმასა და მის თანამედროვე გაგებას შორის. ჩვენ აღარ/ვეღარ ვქმნით ეპოსს. ჩვენ სუბიექტური აღქმის ხალხი გავხდით, მაშინ, როცა ობიექტური სინამდვილე, როგორც ფიროსმანს წმინდა გიორგი, მათრახშემართული გვადგას თავზე და გვიბრძანებს, დამხატეო! – ანუ ჩვენგან გამოხატვას მოითხოვს დაჟინებით.

ჩვენ ნაკაწრებზე ვწუწუნებთ, როცა პირმოღებული გვიყურებენ დიდი ჭრილობები…

ალბათ, ამიტომაც იმოქმედა ჩემზე განსაკუთრებულად გენუის ფესტივალზე მოსმენილმა ერთი აფრიკელი პოეტის ლექსებმა. ფრანგული თარგმანის მეშვეობით გავიგე, რას ამბობდა, მაგრამ მე სწორედ იმ ენამ ჩამითრია საკუთარ მორევში, საიდანაც ერთი სიტყვის შინაარსიც კი არ მესმოდა. ენა და მისი მუსიკა ქმნიდა ეპოსს და გაცილებით მეტს მეუბნებოდა, ვიდრე ვთქვათ, ლატვიელი პოეტი გოგოს ლექსები, რომელსაც თურმე კრიტიკოსები აფასებენ, როგორც “ახალ ხმას ევროპულ პოეზიაში”.

საკუთარ თავზე ლაპარაკი უხერხულია, მაგრამ აუდიოტორიას განსაკუთრებით მოეწონა ქართველი პოეტები. გენუაში სულ ორი საღამო გვქონდა, ერთი შედარებით კამერულ სიტუაციაში, მეორე კი დიდი საღამო იყო, სადაც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ პოეტებთან ერთად გამოვედით.

მეამაყება, რომ ძალიან დიდი წარმატებით გამოვიდნენ შოთა იათაშვილი და ნიკა ჯორჯანელი. მიხარია, რომ მივიღეთ რომის ლიტერატურულ ფესტივალზე მიპატიჟება, რაც ჩვენი ჯგუფით აუდიტორიის დიდ დაინტერესებას ადასტურებს.

ეს ინტერესი კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ნუნუ გელაძითა და მისი არაჩვეულებრივი თარგმანებით იყო შეპირობებული.

საერთოდ, თანამედროვე სამყაროში პოეზიის მენეჯმენტი უკვე ცალკე ხელოვნებაა. შეიძლება, ადამიანი წერდეს ბრწყინვალე ლექსებს, მაგრამ თუ ამ მენეჯმენტისა არაფერი ესმის, დარჩება თავის ლოკალურ გარემოში.

ამიტომაც, პოეტებს თან დასდევენ მათი მთარგმნელები და ლიტერატურული აგენტები, მიმართავენ ათასგვარ ხერხს იმისათვის, რომ დააინტერესონ გამომცემლობები. ლიტერატურულ საღამოებზე მათი ლექსების თარგმანებს კითხულობენ მასპინძელი ქვეყნის გამოჩენილი მსახიობები…

იტალიაში ამ ყველაფერს ქართველი პოეტებისათვის ერთი ადამიანი, ნუნუ გელაძე აკეთებს: ის თარგმნის, ეძებს გამომცემლებს, სპონსორებს, დაინტერესებულ პირებს, ლიტერატურულ საღამოებზე კი ქართველი პოეტების საკუთარ თარგმანებს შესაშური სამსახიობო ოსტატობით კითხულობს.

ნუნუკა ამ ყოველივეს სრულიად უანგაროდ, საქართველოსა და ქართული ლიტერატურის დიდი სიყვარულით აკეთებს. პიერმონტეში, მისი საცხოვრებელი სახლის აივანს ქვემოდან რომ ახედავთ, პირველი საქართველოს ლაღად გაშლილი დროშა შემოგეგებებათ. თვითონ ნუნუ და მისი იტალიელი არაჩვეულებრივი მეუღლე, პროფესორი ეჯიდიო ფუსკო იქ ჩასული ყველა ქართველი მწერლისა და მოღვაწის გულუხვი მასპინძლები არიან. ნუნუს წყალობით, ისეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ქართველ მწერლებსა და გენუის პოეტური ფესტივალის დირექტორ, გამოჩენილ იტალიელ პოეტ კლაუდიო პოცანის შორის, რომ წელს დიდი დატვირთულობის მიუხედავად, ქართველებს ეს მნიშვნელოვანი ადამიანი პირადად დაგვხვდა რკინიგზის სადგურში და მთელი ჩვენი იქ ყოფნისას არაჩვეულებრივი მასპინძლობა გაგვიწია.

ვწერ ამ წერილს და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მრჩება. სულ მგონია, რომ რაღაც უმნიშვნელოვანესის თქმა მავიწყდება, რადგან იტალიაში მოგზაურობისას ჩემთვის არც ერთი შთაბეჭდილება არ ყოფილა მსხლტომი და უფერული. ალბათ, ეს გასაგებია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისთვისაც იტალია თავისი დიდი ხელოვნებითა და ფილოსოფიით ერთგვარი სულიერი სამშობლოა.

ამიტომაც ის არასოდეს იქნება ჩემთვის ბოლოდან მეორე. იტალია მუდამ პირველია, შეუდარებელი და განსაკუთრებული…

 

 

1 2 3 4 5