იმდენი მათხოვარი გვხვდებოდა მილანის ქუჩებში, რომ თავბრუ მეხვეოდა. თან თურმე, თუ ადრე, ძირითადად, ჩამოსულები, უცხოელები მათხოვრობდნენ, ახლა თვითონ იტალიელებიც აღარ თაკილობენ მოწყალების თხოვნას და რაც მთავარია, ბევრი მათგანი ძაღლთან ერთად გამოდის სამათხოვროდ. ეს თურმე ერთგვარი ფანდია, რადგან პოლიციელს ძაღლთან ერთად ქუჩაში მდგარი მათხოვრის აყვანის უფლება არ ჰქონია.

ერთი მათხოვარი პირდაპირ საპირფარეშოში დამეძგერა: უნა მონეტინა, უნა მონეტინას! – ძახილით და ახალი წლის დამდეგი რომ ყოფილიყო, ისეთი საყვარელი იყო, პირდაპირ საბუხრედან ჩამონარცებული სანტაკლაუსი მეგონებოდა.

საგადასახადო სისტემის სირთულისა და სხვა პრობლემების გამო იხურება ძალიან ბევრი იტალიური ტრადიციული საწარმო თუ რესტორანი და მათ ადგილს იკავებს ჩინურ-იაპონური კაპიტალი, რომელიც მოდის საკუთარი წარწერებით, კულტურით, ცხოვრების წესით და ამის გამო იტალიელები მაინცდამაინც კმაყოფილები არ არიან.

გენუაში თხელი საზაფხულო ფეხსაცმლის ყიდვა გადავწყვიტე. 50 ევრო მეტისმეტი კი მეჩვენებოდა ჩემი ჯიბისათვის, მაგრამ ფეხებმა ძალიან შემაწუხა და ვიფიქრე, ჯანდაბას, იტალიური ფეხსაცმელი მაინც შემრჩება-მეთქი. გასინჯვისას შევამჩნიე წარწერა: “მეიდ ინ ინდია” – და გამეცინა. გამყიდველი მიხვდა, რაზეც მეცინებოდა და მითხრა: სინიორ, თუ ნამდვილი იტალიური ფეხსაცმელი გნებავთ, იმაში ფასიც შესაბამისი უნდა გადაიხადოთ. თანაც, რა გგონიათ?! მთელ იტალიაში მხოლოდ სამი ტრადიციული ფეხსაცმელის ფაბრიკაღა დარჩა. დანარჩენი ყველაფერი აქაც უცხოეთიდან შემოდისო!

საგადასახადო სისტემის სირთულეზე რომ გეუბნებოდით, ვგულისხმობდი იმას, რომ იტალიის მოქალაქეებისათვის უამრავი გადასახადია დაწესებული, რაც მოსახლეობას დიდ ტვირთად აწევს და ამაზე კიდეც წუწუნებენ. უცხოელებისათვის კი აქ არსებობს ე. წ, ქვეყანაში გაჩერების ბაჟი, რომელიც დღიურად ზოგ ქალაქში 6, ზოგში კი ოთხ ევროს შეადგენს და თუ თქვენ ერთი კვირით იტალიაში დასვენებას გადაწყვეტთ, აუცილებელია ეს ზედმეტი, არასასურველი ხარჯიც გაითვალისწინოთ.

ისე, ჭკვიანური მოფიქრებაა: მთელი იტალია ერთი დიდი მუზეუმია და ფაქტობრივად, უფასოდ დააბიჯებთ მუზეუმში. ნებისმიერი კათოლიკური ეკლესია ძალიან მდიდარია და ხშირად პირდაპირ ეკლესიებშივე ჰკიდია აღორძინების ხანის იტალიელი დიდოსტატების შედევრები ან მათი კარგი ასლები.

ხოლო თუ რომელიმე მუზეუმის მონახულებას გადაწყვეტთ, ერთჯერადი შესასვლელი ბილეთი ყველგან ძირითადად 15 ევრო ღირს.

ტურინში ჩასულს ისევ პროფესიულმა ინტერესმა მძლია და ტურინის ეგვიპტურ სიძველეთა მუზეუმისაკენ გავეშურე. ჯგუფის სხვა წევრებმა კი კინოს მუზეუმის მონახულება ამჯობინეს.

ტურინის ეგვიპტურ სიძველეთა მუზეუმი მეორეა მსოფლიოში თვითონ ეგვიპტის (კაიროს) ეროვნული მუზეუმის შემდეგ. აქ თავმოყრილია ყველა ის ექსპონატი, რაც თავის დროზე ეგვიპტიდან იტალიაში აღმოჩნდა. ექსპონატები საუკეთესოდ არის დაცული და ამ მუზეუმის მონახულება ნებისმიერ აღმოსავლეთმცოდნეს დიდ პროფესიულ აღტყინებას განაცდევინებს.

ასევე პროფესიულად დაკმაყოფილებული დაბრუნდა შოთა იათაშვილი კინოს მუზეუმიდან და ისეთი გზნებით მელაპარაკებოდა იქ ნანახის შესახებ, რომ წამით გული დამწყდა კიდეც, რაღად მინდოდა ეს კაირო და მუმიები, რატომ მეც კინოს მუზეუმში არ წავედი-მეთქი.

მაგრამ ჩემი “მთავარი” იტალიური შთაბეჭდილება მაინც იყო ტურინის საკათედრო იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში ქრისტეს სუდარის სავანის მონახულება.

ტაძრის ერთ-ერთ კედელზე ვიდეოპროექტორით აჩვენებენ ქრისტეს გარდამოხსნის და სუდარაში გახვევის სცენებს. ამ ყოველივეს ნახვამ ჩემზე გამანადგურებლად იმოქმედა. დავდიოდი და თვალებიდან თავისთავად მომდიოდა ცრემლი.

სუდარის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი. ვიცი მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აზრები და თეორიები, მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც ამბავია, სრული ღმერთისა და სრული კაცის საოცარი ამბავი, რომელიც ზოგჯერ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, თვით ჩემივე ცხოვრებასა და არსებობაზე უფრო რეალურიც კი მეჩვენება.

ჩემთვის ასეთი განსაკუთრებული შემთხვევა იყო სწორედ იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მოხვედრა, ჩემს მეგობრებთან და განსაკუთრებით, ამ იტალიური მოგზაურობისას შეძენილ მეგობარ ნინო დიდებულიძესთან ერთად.

ნინოს საგანგებოდ იმიტომ გამოვყოფ, რომ მასაც ჩემსავით სჯერა, რომ სინამდვილეში ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ცხოვრებას ერთმანეთისაგან მხოლოდ ერთი თხელი ფარდა აცალკევებს და საკმარისია, ადამიანმა კარგად მიუგდოს ყური და, თუ რამეს ვერ დაინახავს, ფარდის შრიალს მაინც გაიგონებს.

სწორედ ამ ფარდის შრიალია ჩემთვის პოეზია.

ამის გააზრებამ დამამშვიდა და მომცა ძალა, განსაკუთრებით – ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდში და ამიტომაც არის ასეთი მშვიდი, მომთმენი და სიცოცხლისმოყვარე ჩემი ახალი, უსაყვარლესი მეგობარიც.

ამიტომაც სულაც  არ მეჩვენება მკრეხელობად და შემიძლია, გულიანად ვიცინო შოთა იათაშვილის რეპლიკაზე: “სამაგიეროდ, ჩვენ კინოს მუზეუმში მერლინ მონროს ბუსტჰალტერი ვნახეთ!”

 

1 2 3 4 5