დღეს, სიკვდილის შემდეგ ალდა მერინი, უკვე ყველა წრეში პოპულარულია, მაგრამ იგი, მაინც ხალხს უყვარს ისევ გამორჩეულად და განსაკუთრებულად.

ერთ საღამოს, იტალიურ პატარა ტავერნაში სავახშმოდ გასულებს უჩვეულოდ შეფუთული დანა-ჩანგალი მოგვიტანეს. შეფუთვაზე სხვადასხვა პოეტის ლექსების სტრიქონები ეწერა და მე სწორედ ის შეფუთვა მერგო, რომელსაც ალდა მერინის სტრიქონები ამშვენებდა:

მიყვარს

მთვლემარე ტავერნების

გაუვალი სიბნელეები,

სადაც ცას სწვდება მოქეიფეთა ლაღი სიმღერა,

მიყვარს

ზოგი რამ მკრეხელური,

ზოგიც მსუბუქი,

მიყვარს ღვინის დიდი ჭიქები,

რომელთა ფსკერზეც

ზარზეიმობს

გრძნეული ფიქრი.

 (იტალიურიდან თარგმნა ნუნუ გელაძემ)

დღეს ალდა მერინის საცხოვრებელ სახლში პოეტის მუზეუმი და მისი სახელობის ფონდის რეზიდენციაა, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება. ჩვენი შეხვედრაც ქართულ დიასპორასთან სწორედ აქ ჩატარდა. ქართველებთან ერთად ამ საღამოს იტალიელებიც ესწრებოდნენ. ქართველი კოლეგების სანახავად საგანგებოდ მოვიდნენ მილო დე ანჯელისი და ვივიანა ნიკოდემო, ჩვენთან ერთად იყო ალდა მერინის ფონდის დირექტორი ქალბატონი ვინჩენცა პიცუტო და ასევე ამ ფონდის დირექტორის მოადგილე, იტალიური პოეზიისათვის მეტად მნიშვნელოვანი ადამიანი, მილანის გამომცემლობა “ლა ვიტა ფელიჩეს” პოეზიის განყოფილების გამგე, ქალბატონი დიანა ბატაჯა.

იშვიათად მინახავს ასეთი მომხიბლავი, რაღაც განსაკუთრებული ადამიანური შარმით დაჯილდოებული ქალი, როგორიც არის დიანა ბატაჯა. შეხვედრის დაწყებამდე მან დაუვიწყარი ექსკურსია ჩაგვიტარა ალდა მერინისა და მისი შემოქმედების შესახებ და ბევრ ისეთ მნიშვნელოვან მომენტზე მოგვაქცევინა ყურადღება, რაც კარგად წარმოგვიჩენდა არამხოლოდ ალდა მერინის ცხოვრებასა და შემოქმედებას, არამედ თვითონ ჩვენი შარმიანი გიდის გემოვნებას, განათლებასა და პიროვნულ სიღრმეს.

დარბაზში კი ტევა არ იყო და ჩვენი ემიგრანტები აღფრთოვანებულები გვეგებებოდნენ. საერთოდ, ასეთი თანაგანცდა ალბათ იშვიათია დარბაზსა და გამომსვლელებს შორის. ისინი ცხარე ცრემლებით ტიროდნენ ჩვენს ლექსებზე, წარმოუდგენელ ოვაციას გვიმართავდნენ. პოეტების დატანჯული ჯიში კი უხერხულობისაგან ალეკო შუღლაძის არაჩვეულებრივმა პროზამ გვიხსნა. მის მიერ დიდი ოსტატობით წაკითხულ პროზაულ ფრაგმენტებს ახლა ჰომერული სიცილი მოჰყვა და მასპინძელი იტალიელები ალბათ ძალიან დააბნია ქართული საზოგადოების გრძნობათა ასეთმა პოლარულობამ.

ისე, შეიძლება, არც დააბნია, რადგან იტალიელები, ჩემი დაკვირვებით, ყველაზე უფრო მეტად გგვანან ქართველებს ამ დედამიწაზე. ისეთი “ქართული” ტიპაჟები მხვდებოდა ქუჩებში, რომ ველოდებოდი, აი, ახლა ეს ხმას რომ ამოიღებს, ქართულად ალაპარაკდება-მეთქი. ისე, სტერეოტიპების რა ვთქვი, თორემ ზოგადად სულ არ აღმოჩნდნენ იტალიელები ისეთი მხურვალე და მგზნებარე ადამიანები, როგორსაც ველოდი. რამდენიმე ნაცნობს თუ არ ჩავთვლით, საკმაოდ დუნე და ჩაკეტილი ხალხია. თუმცა, ძალიან თავაზიანები არიან, და თუ რამე ჰკითხე, ან რომელიმე ქუჩა მიასწავლებინე, ლამის თან წამოგყვნენ შენთვის სასურველ მისამართზე.

დასავლეთ ევროპისაგან განსხვავებით, აქ ქუჩებში არავინ კოცნაობს. არ ვიცი, ტემპერამენტისა თუ აღზრდის მიზეზია, მაგრამ ასეა და ამ ფაქტმა შოთა იათაშვილის განსაკუთრებული გულისწყრომა გამოიწვია. გენუაში პლაჟზეც კი იყო მარტო წასული, რომ ეგებ რამე პიკანტურისათვის მოეკრა თვალი, მაგრამ არა! აღიარა, რომ არაფერი გამოუვიდა. საერთოდ, მე მგონი, სექსუალური აღზრდა და თავშეკავება იტალიელების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა და ჩვენ ამ მხრივაც გვგვანან. ქართველებს, როგორც ჩანს, გვანან კიდევ ერთი საზიზღარი ტენდენციით – ფემიციდით. აქაც ეჭვიანი ქმრები და უღონო კაცები, ისევე, როგორც საქართველოში დაუნდობლად ჟლეტენ ცოლებს და ცოლყოფილებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება, რომ ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში, ორგან, მი+ლანში და გენუაში, ვნახე ფემიციდის მსხვერპლ ქალთა თავისებური მემორიალი. ერთ-ერთი მათგანი პირდაპირ ალდა მერინის სახლის კედელზე გაკეთებული გამოფენა იყო, შემზარავი სურათებითა და თოჯინებით.

საგულისხმოა, რომ ქართული ემიგრაციის ძირითად ნაწილსაც სწორედ ქალები შეადგენენ და მე მგონი, არამხოლოდ იტალიაში. თავის დროზე, საქართველოს ეკონომიკური კოლაფსის გამო, ძალიან ბევრი ქალი გახდა იძულებული, სამშობლოდან აყრილიყო და ოჯახის გადარჩენის მიზნით უცხოეთში ეცადა ბედი. ეს ქალები, ზოგჯერ თავისი საქმის კვალიფიციური სპეციალისტები, უცხო ქვეყნებში იაფ მუშახელად საქმდებოდნენ, ხშირად მათი კომპეტენციისა და ადამიანური სიღრმისათვის სრულიად შეუფერებელ სამუშაოებზე: მომვლელებად, გამყიდვლებად, მიმტანებად… ცხადია, მიმიხვდებით, რომ ამას იმიტომ არ ვამბობ, თითქოს რომელიმე პროფესია სათაკილო იყოს, მაგრამ როცა, ვთქვათ, ძალიან კარგი ექიმი ან მასწავლებელი იძულებულია, უცხოეთში გადაიხვეწოს, მოსწყდეს საკუთარ ოჯახსა და პროფესიას და მისთვის სრულიად შეუსაბამო საქმით ირჩინოს თავი, ეს დიდი პიროვნული დრამა მგონია და ადამიანისაგან მინიმუმ მოთმინებისა და გაძლების დიდ უნარს მოითხოვს.

ვიცი, ძალიან ფაქიზ თემას ვეხები და ამიტომ ვცდილობ, ბევრი არ ვილაპარაკო, მაგრამ ვუყურებდი არაჩვეულებრივ ქართველ ემიგრანტებს, ხალისით, ენერგიით, სიყვარულით აღსავსე ადამიანებს და ვფიქრობდი: ამათგან, ნეტავი, რამდენი დაბრუნდება საბოლოოდ სამშობლოში?

მთელ იტალიაში, არაოფიციალური  მონაცემებით, დაახლოებით 40 ათასი ქართველი ცხოვრობს! დამეთანხმებით, შთამბეჭდავი ციფრია! ამ ციფრის უკან კი ხშირ შემთხვევაში გახლეჩილი ოჯახები, დაცილებული დედები და შვილები, ცოლები და ქმრები, ბედნიერების მაძიებელი მეოცნებეები დგანან!

მაგრამ სად არის ეს ბედნიერება?

ბოლო ხანს იტალიაშიც ძალიან გაჭირდა ცხოვრება და ერთ დროს ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყანა დღეს, ეკონომიკური განვითარების მხრივ, ბოლოდან მეორე ყოფილა ევროპაში, საბერძნეთის შემდეგ.

 

1 2 3 4 5