მიხარია, რომ სწორედ “ცოცხალი წიგნების” მეშვეობით დავმეგობრდით მე და ნიკა ჯორჯანელი, ან მე და ალეკო შუღლაძე, შოთა იათაშვილთან კი იქამდეც ვმეგობრობდი, მაგრამ იტალიაში მოგზაურობის მერე მუდმივად მენატრება და მაკლია, რადგან სწორედ მე და იათაშვილს გვეძინა ერთ ოთახში. პრინციპულად, ალბათ ეს იყო ერთადერთი დისკომფორტი, რაც მე იტალიაში ვიგრძენი და შოთამ ალბათ უფრო, რადგან მუდმივად მაღვიძებდა მისი ბუზღუნი: “რას დადგაფუნობ, როგორ წრიალებ ამ საწოლში!”

არადა, მიდი და, პოეტს წრიალისა და დგაფუნის გამო აგებინე პასუხი!

მართალი გითხრათ, მეც მერჩივნა ცალკე ოთახი და საწოლი, მაგრამ საბანი, როგორც გაგვწვდა, ისე გვეხურა, და ხანდახან საერთოდაც რომ გადამეხდებოდა ხოლმე უნებურად, ეს შოთამ დააფიქსირა და ფეისბუკზეც გამოდო დიდი სასოებით.

ჩვენი ეს მოგაზურობა იტალიაში კი დიდი ხნით ადრე დაიგეგმა პროექტ “ცოცხალი წიგნებისა” და იტალიაში ქართველთა სათვისტომოს “სამშობლო – გულით სატარებელის” მიერ, რომელიც თავის დროზე ღვაწლმოსილმა ემიგრანტმა, სიმონ ყაუხჩიშვილის ძმისშვილმა ნინო ყაუხჩიშვილმა დაარსა და დღეს კი ნუნუ გელაძე ხელმძღვანელობს. ნუნუსთან ერთად დღეს ამ ორგანიზაციის აქტიური წევრები არიან სოსო ნერგაძე, ქეთი თურმანიძე, მაია ზალოშვილი, ქეთო მამაგულაშვილი, ნინო ჯაფარიძე, პატრიცია მუნიანო, რომლებმაც იტალიაში გულუხვად გვიმასპინძლეს და კიდევ ერთხელ გვიჩვენეს,რას ნიშნავს ქართული თანგადაყოლა.

თუმცა, მოვლენებს თავიდან რომ მივყვეთ, თბილისის მეოთხე ლიტერატურულ ფესტივალზე ამ წლის მაისში საქართველოს ეწვია ოთხი თანამედროვე იტალიელი პოეტი – მილო დე ანჯელისი, კლაუდიო პოცანი, ფრანჩესკო იანონე დადომენიკო ბრანკალე, რომელთა ლექსებიც ოთხმა ქართველმა პოეტმა მე, ზვიად რატიანმა, შოთა იათაშვილმა და ნიკა ჯორჯანელმა ვთარგმნეთ, ნუნუ გელაძის მიერ მომზადებული არაჩვეულებრივი პორველადი თარგმანის მიხედვით (რადგან პწკარედს ვერაფრით ვერ დავარქმევ იმ მასალას, რაც ქალბატონმა ნუნუმ მოგვაწოდა). მოგვიანებით, ზვიად რატიანმა აღარ ისურვა თუ ვეღარ შეძლო პროექტში ჩართვა და ამიტომაც თბილისში ჩამოსულ ოთხ იტალიელ პოეტთან ერთად, “ცოცხალი წიგნების” ფარგლებში სვანეთში გავემგზავრეთ დანარჩენი სამი ქართველი და მესტიაში ჩავატარეთ დიდი მთარგმნელობითი ვორკშოფი, რომლის განმავლობაში დავაზუსტეთ, როგორ უნდა გვეთარგმნა ერთმანეთის ლექსების არაერთი ნიუანსი.

ამ თანამშრომლობის შედეგად, ძალიან მალე იტალიაში გამოვა ოთხი ქართველი და ოთხი იტალიელი პოეტის ორენოვანი (ქართულ-იტალიური) კრებული. ამ კრებულისათვის მე ვთარგმნე და, პირიქით, ჩემი ლექსები იტალიურად თარგმნა თანამედროვე იტალიური პოეზიის ცოცხალმა კლასიკოსმა მილო დე ანჯელისმა. თბილისში ჩამოსული ანჯელისი შეუძლოდ შეიქნა და ამიტომ სვანეთში გამომგზავრება ვერც მან მოახერხა, სამაგიეროდ, თან გვახლდა მისი არაჩვეულებრივი მეუღლე ვივიანა ნიკოდემო, რომლის კონსულტაციებმა ქმრის ლექსებთან დაკავშირებით ფასდაუდებელი სამსახური გამიწია. თვითონ ძალიან კარგი ხელოვანი, მსახიობი და პერფორმერი ვივიანა ნიკოდემო ბევრი თვალსაზრისით არის სამაგალითო ადამიანი, მაგრამ უპირველესად გამაოცა იმან, რა ღრმად იცნობს თავისი დიდი მეუღლის შემოქმედებას, როგორა აქვს გააზრებული მისი პოეტური მიღწევები და რა ერთგულებით ეკიდება თავისი მეუღლისათვის თითოეულ მნიშვნელოვან საკითხს.

ოდნავ მოგვიანებით, როცა უკვე მილო დე ანჯელისიც პირადად გავიცანი, ეს იტალიელი წყვილი ჩემს უახლოეს ადამიანებად იქცნენ. მილომ თავისი ლექსების შესანიშნავი ფრანგული გამოცემა მაჩუქა და ერთიანი შთაბეჭდილება იმდენად თავზარდამცემი აღმოჩნდა, რომ, ნუნუ გელაძის დახმარებით, გადავწყვიტე, სამომავლოდ მისი ცალკე, შედარებით სრული კრებულიც გავაკეთო ქართულად.

ნუნუკას მიერ უკვე თარგმნილი და გამოცემულია ამ იტალიური ჯგუფის, მე ვიტყოდი, ასევე დიდი პოეტის, კლაუდიო პოცანის ლექსების პატარა წიგნი. პოცანის დიდი მეგობრობა აკავშირებს ჩვენს საყვარელ კოლეგასთან, დათო მაღრაძესთან. მას უკავშირდება დათოს არნახული პოპულარობა იტალიაში და საერთოდ, ქართული პოეზიის გაუნელებელი გულშემატკივრობა და აქტიური მხარდაჭერა. კლაუდიო პოცანი არის გენუის ძალზე მნიშვნელოვანი პოეტური ფესტივალის ორგანიზატორი და უპირველესად სწორედ მისი წყალობით, უკვე რამდენიმე წელია, ქართველ პოეტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ამ ფესტივალის მუშაობაში. იტალიაში ჩვენი წასვლის მიზეზიც სწორედ გენუის ფესტივალში მონაწილეობა იყო, თუმცა მანამდე რამდენიმე დღით ადრე მილანში ჩავფრინდით და ამ ქალაქში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს, იქ მცხოვრებ დიდ ქართულ დიასპორას შევხვდით.

ოფიციალური სტატისტიკით, დღესდღეობით მილანში 3000-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს, ბარიში კი –  14 000. ეს ადამიანები იქ სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობენ და ზოგი მათგანი დიდ წარმატებასაც აღწევს საკუთარ სფეროში. ბევრი მათგანის არც თუ დალხენილი ცხოვრების მიუხედავად, ისინი ინტერსს არ კარგავენ საქართველოსა და მშობლიური რეალობის მიმართ და მათთან შეხვედრისას ისეთი დიდი სიყვარული ვიგრძენი, რაც მთელი ცხოვრება გაუნელებელ განცდად გამომყვება.

მილანში ჩვენი საღამო ალდა მერინის ფონდში გაიმართა. ალდა მერინი იყო მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდის იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული პოეტი ქალი. იგი მეტად თავისებური ადამიანი ბრძანდებოდა და მისი თავისებურებები უკვე იტალიის თანამედროვე პოეტური ლეგენდების ნაწილია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სწორედ ხალხმა შეიყვარა და ხალხს უყვარს ალდა მერინი დღემდე, თორემ მილანის პოეტები, როგორც ამიხსნეს, მეტად თავისებური კასტაა, რომელთა გულის მოგება, მათ სივრცეში შეღწევა და მათგან აღიარება, რბილად რომ ვთქვათ, იოლი არაა.

 

1 2 3 4 5