არის ასეთი წიგნი, გენიალური ქართველი მწერლის ოთარ ჩხეიძის “იტალიური დღიურები ბაირონისა”. ჩემი სიყმაწვილის ერთ-ერთი მოუბეზრებელი და სიამის მომგვრელი საკითხავი და სწორედ ეს წიგნი მახსენდებოდა ძალიან ხშირად იტალიაში მოგზაურობისას. ამ წერილის წერაც რომ წამოვიწყე, ისევ ეს წიგნი გამახსენდა და იმედია, მიხვდებით, რომ ჩემთან კავშირში ეს თვითირონიაა და არა – ამბიცია, მით უმეტეს, რომ მეორე, ჩემთვის უსაყვარლესი ქართველი პოეტი, ბესიკ ხარანაული ასევე ირიონიული სიმწარით ამბობს ერთ თავის ლექსში: “ბაირონი უკვე აღარ გაიღვიძებს”.

ბაირონი რომ უკვე აღარ გაიღვიძებს, ეს ცოტა მოგვიანებით გენუის ფესტივალმაც დამიდასტურა, რადგან ამ ძველი და მდიდარი ტრადიციების ფესტივალზე გამომსვლელი პოეტების ლექსების მოსმენამ დამარწმუნა, რომ თანამედროვე მსოფლიო პოეზია უკვე სხვა განზომილებაში გადავიდა და კლასიკური ლექსის ადგილი თითქმის აღარსად დარჩა იმ გაურკვევლობასა და სუბიექტივიზმის კაკაფონიაში, რასაც სადღეისოდ პოეზია წარმოადგენს.

ფესტივალზე გამოფენილ წიგნებს შორის თანამედროვე იტალიელი პოეტის, ჩეზარე ვივიანის უახლეს გამოცემას მოვკარი თვალი, ესეისტურ განსჯას პოეზიის შესახებ, რომელიც ავტორს ასე აქვს დასათაურებული: “პოეზია უკვე აღესრულა. ჩვენ დავმშვიდდეთ. ოღონდაც”.

სამწუხაროდ, იტალიური არ ვიცი, რომ ეს სათაურიდანვე უკვე უდავოდ საინტერესო წიგნი წამეკითხა, მაგრამ ვიცი, რომ ნუნუკა გელაძემ წიგნი შეიძინა  და იმედი მაქვს, ქართველ მკითხველს მისი წაკითხვის საშუალებას მშობლიურ ენაზე ძალიან მალე მოგვცემს.

სწორედ ამ არაჩვეულებრივ ადამიანზე, ქალბატონ ნუნუ გელაძეზე დგას დღეს, ძირითადად, ცოცხალი ქართულ-იტალიური სამწერლობო ურთიერთობები და ძალიან მიკვრის, როგორ ახერხებს, ამდენი რამის გაკეთებას, იმ რთულ ხლართებში ასე სიღრმისეულად გარკვევას, რასაც ქართული და იტალიური ლიტერატურული პროცესი ჰქვია, ამ პროცესიდან საუკეთესოს გამორჩევას და ორივე ენაზე მკითხველამდე უდანაკარგოდ მიტანას.

მეც სწორედ ნუნუკა გელაძის დამსახურებით აღმოვჩნდი ამ ზღაპარში – ჩემთვის ბავშვობიდან საოცნებო და უძვირფასეს იტალიაში.

აქ ისევ სხვა იტალიელი თანამედროვე პოეტის კლაუდიო სერჯო პერონის კრებულის სათაური გამახსენდა: “ხანდახან შენს სიზმარში შემოვდივარ”.

უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ეს მოგზაურობა იყო ის დრო, როცა ჩვენ ოთხმა ქართველმა მწერალმა – მე, შოთა იათაშვილმა, ნიკა ჯორჯანელმა და ალეკო შუღლაძემ – ძალზე ფერად, მძაფრ იტალიურ სიზმარში ამოვყავით თავი.

რა თქმა უნდა, ქალბატონ ნუნუსთან ერთად, უპირველესად უნდა ვახსენო საქართველოს კულტურის სამინისტრო და მისი არაჩვეულებრივი პროექტი “ცოცხალი წიგნები”, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა და განხორციელდა ჯერ ოთხი იტალიელი პოეტის მოგზაურობა საქართველოში, მერე კი ჩვენი, მათი ქართველი მთარგმნელების, ვიზიტი იტალიაში.

“ცოცხალი წიგნები”, რომელიც დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პროექტად გვევლინება, კულტურის მინისტრის მრჩევლის, ქალბატონი ქეთევან დუმბაძის იდეაა და სწორედ მისი დაუდგრომელი ხასიათის წყალობით ისხამს ხორცს ეს იდეა დღემდე ასე შთამბეჭდავად. ვიცი, რომ ოფიციალურ წერილში ფამილარობა ცუდი ტონია, მაგრამ ჩემთვის ქალბატონი ქეთევან დუმბაძე, ისევე, როგორც ბევრი ქართველი მწერლისათვის, უსაყვარლესი მეგობარი და გულშემატკივარი ქეთინოა. მისი ნიჭი, გემოვნება და ადამიანების სიყვარული ბევრ რამეს განსაზღვრავს და ეს “ცოცხალი წიგნებიც” სწორედ ადამიანური სიალალიდან ამოზრდილი პროექტია.

ვინც არ იცის, იმათ შევახსენებ, რომ პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ქართველი მწერლების მოგზაურობას და მკითხველებთან შეხვედრას. თავიდან ეს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იყო დაგეგმილი, თუმცა შემდეგ გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა და უცხოეთის ის ქვეყნებიც მოიცვა, სადაც ქართული დიასპორა უხვადაა წარმოდგენილი.

ცოცხალი წიგნები უკვე ოთხი წელია არსებობს, წელიწადში სულ 17 მარშრუტია დაგეგმილი, ამ ოთხ წელიწადში კი 80-მდე მოგზაურობა გამოვიდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დრემდე პროექტში 150-მდე მწერაალმა მიიღო მონაწილეობა. მათი შემადგენლობა მუდმივად განახლდება და უკვე აღიარებულ მწერლებთან ერთად აქ მონაწილეობას იღებენ ახალი თაობის ქართველი მწერლებისა და პოეტების გამორჩეული წარმომადგენლები, ისინი, ვისთან შეხვედრაც ხალხს აინტერესებს.

რეგიონების მოსახლეობის გარდა, “ცოცხალ წიგნებს” შეხვედრები აქვთ საჯარისო ნაწილებსა და ციხეებში, პატიმრებთან. ამიტომაც განუზომელია ამ პროექტის მნიშვნელობა, როგორც აუდიტორიის, ასევე თვითონ მწერლებისათვის. ერთი მხრივ, ხალხი ეცნობა თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და მეორე მხრივ, მწერლები ეცნობიან რეგიონების ცხოვრებას, ჩვენი მოსახლეობის ყოფასა და ინტერესებს. და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მწერლები ეცნობიან ერთმანეთს და ერთმანეთის ნაწერებს. ნაცნობობა ყველაზე უკეთ მოგზაურობისას ხერხდება და ეს ისეთი შესაძლებლობაა, რომელიც კოლეგიალური პატივისცემის გარდა, დიდი და სიღრმისეული მეგობრობის საფუძველი შეიძლება გახდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტში მონაწილე თითეული მწერალი, თითოეული გასვლისას, ჰონორარის სახით 500 ლარს იღებს.

1 2 3 4 5