ბავშვობაში, სანამ ინტერნეტთან წვდომის ბედნიერებას ვეზიარებოდი, როდესაც ტელევიზორში კარგი ფილმის აღმოჩენის მოლოდინში არხებს ვათვალიერებდი ხოლმე, თუ ვხედავდი, რომ ფილმის მთავარი პერსონაჟი ბავშვი იყო, გადამწყვეტი ფაქტორი, გავაგრძელებდი თუ არა ყურებას ის გახლდათ, ინგლისურად საუბრობდნენ ფილმში თუ არა. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ევროპულ ფილმებში, რომლებიც ბავშვების ყოფაზე გვიყვებოდნენ, სულ გაუსაძლისი დრამა და ტრაგიზმი მხვდებოდა. ხოლო მცირეწლოვან ასაკში ძალიან არ მომწონდა თანატოლების პრობლემური ცხოვრების ყურება. დღეს რომ გადავხედოთ ჰოლივუდურ ფილმებს, რომელთა მთავარი გმირებიც ბავშვები არიან, მარტივი მისახვედრია, რატომ შეიძლება გაუჩნდეს მცირეწლოვან ასაკში ადამიანს მსგავსი მიმართება. ჰოლივუდურ ნაწარმში ბავშვების პრობლემები, კონფლიქტები და ტრაგიზმები ძირითადად ფანტასმაგორიული და არამქვეყნიური ხასიათისაა.

მაგალითად, სპილბერგის E.T.-ში მთავარი პერსონაჟის, ელიოტისთვის უცხო ცივილიზაციასთან კონტაქტი წარმოშობს ცხოვრებისეულ პრობლემებს, „ოზის ჯადოქარში“ დოროთი ზურმუხტისფერ ქალაქში გადააწყდება ბოროტ არსებებს, კანზასის რეალურ ცხოვრებაში კი ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვს. თუნდაც „ჰარი პოტერი“ რომ გავიხსენოთ, სადაც აშკარაა, რომ ოჯახური ჩაგვრის მსხვერპლია მთავარი პერსონაჟი, ეს სიუჟეტური ხაზი აქაც მხოლოდ დრამატული სარჩულის შესაქმნელად გამოიყენება, რომ მთავარი გმირისადმი თანაგრძნობა და სიმპათიები გაგვიმძაფრდეს, ხოლო პოტერის ცენტრალური პრობლემა ჯადოქრულ სამყაროში ფიქსირდება. ან თუნდაც ავიღოთ „მარტო სახლში“, მთავარი გმირი, კევინ მაკალისტერი, ოჯახის წევრების მხრიდან ემოციურ წნეხს, უყურადღებობას და მუდმივ ზრუნვის დეფიციტს განიცდის, მაგრამ ამ კუთხით მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მსჯელობა არცერთ სერიაში არ გვხვდება, სიუჟეტი იუმორისტულ და მელოდრამატულ ჭრილში ვითარდება. მოკლედ, მეინსტრიმული ამერიკული კინო ბავშვებზე როდესაც მოგვითხრობს, არასოდეს აღწერს ყოველდღიურობაში არსებულ რეალურ პრობლემებს.

არადა, ბულინგისა და, ზოგადად, ბავშვთა ჩაგვრის საკითხი ძალიან საყურადღებო და პრობლემატური თემაა როგორც ჩვენთან, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაშინ, როდესაც დღის წესრიგში ყველა ფლანგზე უნდა იდგას ამ პრობლემის განხილვა, ჩვენ მაინც რაღაცნაირად ვარიდებთ თავს მსჯელობას. მგრძნობელობა როგორღაც კვლავ დაბალი რჩება. ესტონურ ფილმში „კლასი“, რომელიც რეალურად მომხდარ ამბავს ასახავს, ბულინგის მსხვერპლი მოზარდი როდესაც სახლში მოყვება თავის განსაცდელის შესახებ, მამისგან მიიღებს რჩევას, რომ სკოლაში დაბრუნებულმა მის მჩაგვრელს ფიზიკური შეურაცხყოფით უპასუხოს. ფილმი იდეალურად პროექცირებს პრობლემის შრეებს, როგორც სკოლის ტოქსიკური ეკოსისტემის ჩვენებით, სადაც იერარქიული და ძალადობრივი ურთიერთობები წარმოებს, ისე უფუნქციო მასწავლებლებით, რომლებმაც არ იციან რა უნდა მოიმოქმედონ კრიტიკულ სიტუაციებში და ხშირად თვალებს ხუჭავენ სავალალო ნიშნების მატარებელ შემთხვევებზე. ამას ემატება მშობლების დამახინჯებული წარმოდგენები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აღდგეს სამართლიანობა ჩაგვრის პარადიგმაში.

დარწმუნებული ვარ, ბევრი მშობელი ანალოგიურად ეტყვის თავის შვილს, რომ თუ ვინმე დაჩაგრავს, მეორე დღეს მან თავად დაჩაგროს ის. ბევრი მასწავლებელი მოარიდებს თვალს კონფლიქტს ან შემოიფარგლება დატუქსვით. ამ მიდგომებმა კი შეუძლებელია პოზიტიური შედეგი გამოიღოს. ზემოთ ხსენებული ფილმის ბოლოს უდიდესი ტრაგედია ტრიალდება, სადაც კარგადაა წარმოჩენლი ის ფაქტი, რომ მსგავს მოვლენებზე დაუშვებელია მსჯელობის წარმოება ანტაგონისტის და პროტაგონისტის როლების განაწილებით, რადგან სრულფასოვანი კონტექსტი ზრდასრულებმა არასოდეს ვიცით მოზარდების დაპირისპირების შესახებ.

ერთადერთი ქართული ფილმი, რომელიც სკოლაში ბავშვების ბულინგის თემაზე აქცენტირებს, არის „ტბა“, რომელსაც არანაირი კინემატოგრაფული ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ სიუჟეტურად საინტერესოდ ეხება ამ თემას. მთავარ პერსონაჟს თვალწინ მოუკლავენ მამას, რის შემდეგაც მისთვის სხვებზე დომინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება. რა თქმა უნდა, მასწავლებლები და მშობლები აქაც უუნარონი არიან. მთავარი პერსონაჟის დედა მკითხავია და სხვებს მათი მომავლის შესახებ აძლევს ცნობებს, აფრთხილებს შესაძლო საშიშროებების შესახებ და ასე შემდეგ, თუმცა რა ხდება მისი შვილის ცხოვრებაში და რა საფრთხეების წინაშე უწევს მას გამკლავება, ამას ვეღარ ხედავს.

რასაკვირველია, რთულია იმაზე საუბარი თუ რა არის ზუსტი რეცეპტი ბავშვებში ბულინგის პრევენციისათვის, მაგრამ თუ კინოიმიჯებს სოციალურ დოკუმენტებად გამოვიყენებთ, დავინახავთ, რომ ყველა ბავშვთა პრობლემებზე გადაღებულ სურათში ერთი მნიშვნელოვანი დეტალია საზიარო, ის ფაქტი, რომ კომუნიკაციის არხები სრულადაა მოშლილი. ალბათ, პირველ ყოვლისა, სწორედ ამაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ მუდმივი კომუნიკაცია არსებობდეს შვილებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან. როდესაც რაიმე პრობლემურს დავინახავთ, ღიად ვაქციოთ ის განხილვის საგნად. ხშირად ვაწარმოოთ დიალოგი ჩაგვრის ბუნებასა და ხასიათზე, ვაჩვენოთ ბავშვებს ფილმები, სადაც ცალსახად იკვეთება თუ რამდენად მავნებლური, უღირსი და არაჰუმანურია მსგავსი ქმედებები, ვაწარმოოთ განხილვა მათთან ერთად და თუ დავინახავთ რომ მჩაგვრელის მხარეს რაიმე სიმპათია უჩნდებათ, განსაკუთრებული ყურადღებით მივუდგეთ ასეთი ბავშვების აღზრდის საკითხს. ერთი სიტყვით, საჭიროა როგორც მშობლებს, ისე სასკოლო სივრცეს, მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროს და მოეთხოვოს მეტი მზრუნველობა მომავალი თაობის როგორც ფიზიკურ, ისე მორალურ ჯანმრთელობაზე.