2019 წლის მარტში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო კინემატოგრაფის „პატარა დედოფალი“ ან უმჯობესია ვთქვათ, კოლოსი, ანიეს ვარდა. მის ფილმოგრაფიაში არაერთი გენიალური სურათი გვხვდება, თუმცა ალბათ ყველაზე ცნობილი, ესთეტური და სანახაობრივი, არის „ბედნიერება“, ფილმი, რომელიც როგორც ფორმით, ისე შინაარსით, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს და მეხსიერებაში მკვეთრად იბეჭდება, ნანახზე რეფლექსიის ვნებას აჩენს და საბოლოოდ საკუთარი იდეალებისა და წარმოდგენების, პირადი მორალის გამოკვლევისკენ გიბიძგებს. ამიტომ ალბათ იდეალური სწორედ ეს ნამუშევარია იდეალური ვარიანტი რეჟისორის მოსაგონებლად, ხოლო მათთვის, ვინც არ იცნობს ვარდას შემოქმედებას, მის გასაცნობად და შესაბამისად, შესაყვარებლად. ახლა კი საკუთრივ ფილმზე.

„ბედნიერების“ სიუჟეტი პარიზის მახლობლად, პატარა ქალაქში ვითარდება. ნაწარმოების ცენტრში იდილიური ოჯახია, ცოლ-ქმარი და ორი შვილი. როდესაც ვამბობ იდილიური, ვგულისხმობ ამ სიტყვის ყველაზე სტერეოტიპული გაგებით. პირველ აქტში ყველაფერი იმდენად ჰარმონიულად გამოიყურება, ძალაუნებურად გაგიჩენს კითხვას, რეალურ ცხოვრების ასახვას უყურებ თუ მაღალ ესთეტურ წარმოდგენას, ერთგვარ რომანტიზებულ ოჯახურ ცხოვრებას, რომელიც შეიძლება მხოლოდ ჰიპერრომანტიკულ ნაწარმოებებში არსებობდეს.

 

 

ირგვლივ ყველაფერი სიმშვიდეს და მშვენიერებას ასხივებს, საოცრად თბილი, ხასხასა და მკვეთრი ფერთა პალიტრა, როგორც ბუნების აღწერისას, ისე ინტერიერის სცენებში, კოსტუმების დიზაინში და ა.შ. თითქოს ჩვენ თვალწინ სარეკლამო კატალოგი იშლება, სადაც ბუნებაში, პიკნიკზე, ბედნიერი ოჯახის ყოფაა ასახული, უცებ კი რაიმე სამომხმარებლო პროდუქტი უნდა გამოჩნდეს და ადამიანური კავშირების სილამაზის და მსგავსი ჰარმონიის მიღწევის წინაპირობად გამოგვეცხადოს. თუმცა ამის მაგვარი არაფერი ხდება.

ოჯახი მუშათა კლასს ეკუთვნის, ქმარი დურგალია, ცოლი მკერავი, სახლი, რომელშიც ბინადრობენ, საყოფაცხოვრებო კომფორტისგან სრულადაა დაცლილი, თუმცა იქ უდიდესი სიმყუდროვე სუფევს. ბავშვები დამჯერები არიან, ერთხელ ნათქვამზე, შეუპასუხებლად იძინებენ, მოკლედ, როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაფერი იმდენად იდილიურადაა, რომ რთულია დაჯერება. ერთ დღესაც, ქმარი, ფრანსუა, ემილის გაიცნობს და მასთან გააბამს რომანს. მიუხედავად იმისა, რომ მის ცხოვრებაში არაფრის დეფიციტი არ შეინიშნება, არც სიყვარულის, არც სიმშვიდის, არც ვნების, ის მაინც ღალატობს ცოლს და საკუთარ თავს ამართლებს ფსევდოინტელექტუალური მეტაფორებით იმის შესახებ, რომ მისი ცოლი ბაღის ყვავილია, საყვარელი კი თავისუფლებაზე მყოფი ცხოველი, მას კი ბუნება უყვარს.

 

 

 

1 2