კბილი

მარილიან ქადა მოურიდებლად ჩავკბიჩე და განვაგრძე –  სოფლის მაწონი ქალაქში ისეთი მოთხოვნადია,  გეგონება შუშის ხუთას გრამიან ქილაზე ჩაიციკლა მოსახლეობაო. სადარბაზოში შესულს კედელზე ჭიკარტებით გაკრული განცხადება გხვდება – როგორ ამზადებს ერთ-ერთი კვების ობიექტი ულუკმაპუროდ დარჩენილებისთვის კვირაში ერთხელ ვახშამს, სადაც შეიძლება ისე გაძღე რომ სანაცვლოდ არაფერი გადაიხადო. ეს კომერციული ქველმოქმედებაა, ან,  შეიძლება, მარკეტინგული ხრიკიც კი პოტენციური მომხმარებლისთვის, თუმცა შიმშილთან ბრძოლა, როგორც პრიორიტეტი, უზნეო სარჩულს იმაზე მეტად ხდის უხილავს, ვიდრე ილუზიონისტის საკვანძო მანევრია აღტაცებული მოზარდისთვის. ვიღაცას გაუკვირდება როგორია შენობა, რომლის სადარბაზოს კედელზეც ჭიკარტი მაგრდებაო.  ეს შინაარსი შეიძლებოდა დიალოგის ნაწილი ყოფილიყო. და თუ ასეა გაგრძელების ალბათობაც არსებობდა. პირდაპირი კავშირის დამყარება ამ დროსა და იმ დროს შორის შეუძლებელია. შენობები რბილი ზედაპირით სადარბაზოში არ არის დამახასიათებელი ნიშანი ერთი კონკრეტული ეპოქისთვის. ან ვინ უნდა დაუწუნოს ბიზნესს სოციალური აქტივობა. მთავარი ხალხის არსებობაა, ხალხის რომელიც ჩვენ ვართ – ამბობს ყოფილი გამგე. ოცი წლის განმავლობაში თაობების აღზრდას რომ ემსახურებოდა და კარიერის დასრულების შემდეგ მთავრობების ცვლილების მიხედვით ახერხებს მნიშვნელობის შენარჩუნებას ხან ამხანაგობის თავმჯდომარის სტატუსითა და ხანაც არჩევნების დროს კოორდინატორის ფუნქციით აღჭურვილი. მისთვის ბევრი რამ არ არის საეჭვო. თითქმის აღარ ვუსმენდი. სახლში შევედი, ოთახამდე მივაღწიე. კედლის სანათს ავკარი ხელი, მყუდრო კუთხე ოდნავ გაანათა პირსახოცგადაფარებულმა ნათურამ. წამოვწექი, ფეხები საწერ მაგიდაზე შემოვაწყე, საფერფლეც მივიჩოჩე და გავუკიდე. ოცი წლის წინანდელი ამბავი, მოგონებების მყუდრო დინებამ, მკვდარი თევზივით ამოატივტივა. ეს ოთახი სწორედ იმ ოთახს ჰგავს, მე და ჩემი ძმა რომ ვიძინებდით ბავშვობაში. ქვეყანაში მძიმე მდგომარეობამ შიშზე და სასოწარკვეთაზე დამოკიდებული გახადა ადამიანი.  ერთადერთი ადგილი სადაც ოდნავი გამოცოცხლება შეინიშნებოდა, იყო ხილის ბაღები, რომლის მეპატრონეებიც თითქმის ყოველდღიურად აგროვებდნენ ხილის საკრეფად თვალში მკრთალიმედჩამდგარ ადამიანებს. მათ შორის იყო დედაჩემიც. შებინდებისას ბრუნდებოდა ხოლმე. ხან ფულის სახით აძლევდნენ ჯამაგირს და ხანაც ვაშლით თავმოუმდგარი ვედრო ამოჰქონდა კიბეზე დაღლილი ხელებით. თუ ჩემი ძმისთვისაც გამოჩნდებოდა ადგილი, იმ დღეს ერთით მეტი დაქანცული რჩებოდა სიზმრის გარეშე, ან უბრალოდ აღარაფერი ამახსოვრდებოდათ ძილიდან, ან სიზმარს წყალს უყვებოდნენ. როცა სახლში მარტო დარჩენა ამცდებოდა, გამთენიისას სატვირთო მანქანის ძარადან გამოუფხიზლებელ გამომეტყველებიან მკრეფავებთან  ერთად იწყებოდა მთქნარება და შებინდებისას იგივე ადგილას მთავრდებოდა დღე. შუალედს ხეებს შორის ათსაათიანი სირბილითა და ძრომიალით ვავსებდით.  არასდეს მიყვარდა ვაშლი. სამაგიეროდ, მათი ოვალური ფერადოვნების თვალიერებით ვერთობოდი. ამას დროის გაყვანა უფრო ერქვა, ვიდრე კმაყოფილება. თუმცა ეს სახლში დარჩენაზე ბევრად მეტი იყო. ერთხელ პაპამ ასეთი საჩუქარი გამიკეთა. საბძელის უკან იმ გალიასთან მიმიყვანა, რომელშიც წითელთვალება თეთრი დიდი დედა კურდღელი ბინადრობდა. ტირიფისა და რუსული აკაცის ტოტები დამაყრევინა მისთვის, წყალიც დამასხმევინა და მთხოვა რომ თვალები დამეხუჭა. გამიკვირდა, თუმცა ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც მითხრა. მანამდე ალბათ ბეწვითა და თივით გაფუებულ კუთხეს ხელით სანახევროდ გადახადა საბურველი და მანიშნა, გამეხილა თვალი. უსიამოვნო შეგრძნება იქვე გაჩნდა,  შიშველი, მოვარდისფრო სლიპინა კანის მქონე მომცრო არსებების დანახვისთანავე. რომელიც გინდა აირჩიეო. წამოიზრდებიან და წაიყვანე. ეს ყველაზე ლამაზი იქნება, თითით მანიშნა. თეთრი შავი ლაქებით. მე მაინც ამას გირჩევ. რა თქმა უნდა დავთანხმდი, რადგან ვერ მივხვდი, რა ნიშნით შეიძლებოდა შემერჩია ერთმანეთის მსგავსი ბაჭიებიდან რომელიმე. უბრალოდ პაპას ვენდე. ცოტა ხანში ბეწვი წამოეზარდათ. ნაჩუქარ ბაჭიას ჩავეხუტე და უბეში ჩავმალე. არავინ მომცემდა სახლში მისი შეყვანის ნებას. დაიწყებოდა  – ბეწვი არ გადაგცდეს ფულტვებში, არ დაგკაწროს, ასაცრელი გახდები, ცურცლს დაყრის, სახლში როგორ შეიძლებაო. როგორმე უნდა გადამელახა წინააღმდეგობა. მერე მის დაცვაზეც ვიზრუნებდი. მოსალოდნელი სცენარი გადაჭარბების გარეშე ზედმიწევნით განვითარდა.  გადიოდა დღეები. ბაჭია აცმაცუნებდა ხავერდოვან ცხვირს და თათებში მოქცეულ სახრავ-სასუსნავს ხარბად ღერღავდა. ლოჯია მის განკარგულებაში იყო. დიქტის მოზრდილი ნაჭერით შესასვლელი ჩავხერგეთ,  ყველგან რომ არ ერბინა. ცურცლის გადაყრას ვერ ავუდიოდი. სუნიც მწარე იდგა. ჩემი სიჯიუტე და სხვების ხათრი ახანგრძლივებდა ბაჭიას სახლში დარჩენას. ფაფუკი ბეწვი კბილებზე მეტად უქათქათებდა ადგილ-ადგილ. ყურებზე თითქოს წითელი პასტით უსწორმასწორო ზოლები გაეკეთებინა ვიღაცას.  ჩავეხუტებოდი და მთელ სიმშვიდეს  იმ გულის ბაგა-ბუგი არღვევდა, ამოვარდნის პირას რომ ჰქონდა. ტაშის ხმაზე შიშისგან თვალები უფართოვდებოდა და გაიყურსებოდა ხოლმე. ერთი არხეინი და ხალისიანი ვინმე აღმოჩნდა ჩემი ბაჭია. საიდანღაც მახსოვდა, კურდღლები კბილის ტკივილს რა ვერ იტანენო. ამიტომ პერიოდულად მიწევდა პირის ღრუს დათვალიერება. არხეინად ვიყავი, რადგან დაკვლას გადავარჩინე. ძალიან დიდ ხანს მინდოდა ეცოცხლა.

თუ ენის გარეშე ფიქრი შესაძლებელია, ან თუ ენას ფიქრის გახმოვანება შეუძლია, იქნებ კბილმაც მითხრას, რატომ გახდა დაუნდობელი. როგორ მოახერხა ღრძილში ამაყად ფესვგადგმულმა ბაჭიას ყელიდან ამოსული ჭყივილისთვის გაეძლო, მისი ენის გასავსავებისთვისაც ეყურებინა, შემდეგ ვიღაცის ტირილისთვის დაეგდო ყური, მიწის ამოთხრასაც დასწრებოდა ვაშლის ხის ძირში და წაყრაზეც არ წამოცდენოდა საყვედური. მხოლოდ ფერი შეცვლოდა. მხოლოდ გამუქება მოეხერხებინა და მაინც დარჩენილიყო თავის ადგილას.

მაღვიძარა ახმაურდა. უხასიათოდ გამეღვიძა. ტანსაცმლით ჩამძინებოდა. მოუსვენარი იყო წუხანდელი ძილი. ხილის ბაღში დავდიოდი. ვაშლის ხის ძირში ამობურცულ ადგილს ვეძებდი. ბალახის ნაცვლად კურდღლის ფუმფულა ბეწვით იყო დაფარული მიწა.

 ყავის დალევაც ვერ მოვასწარი. მატარებელზე მაგვიანდებოდა.

1 2 3 4 5