მაწონი შაქრით 

მოსახლეობას თვეებია, არ გაუგია წყლის ორთქლის მაღალი წნევით მილიდან გამოშვების ხმა, მომავალი მორიგეობის შესახებ გამაფრთხილებელ სიგნალად რომ გამოიყენებოდა საწარმოში. თუ ვიტყვი იმას, რომ წარმოშობით ვარ სწორედ იმ დაბინდან, სადაც შაქრის საწარმოს ყოფილი თანამშრომლები ოცდაოთხ საათიანი პიკეტირებით ცდილობენ ხელისუფლებამდე ხმის მიწვდენას, ან, უფრო სწორედ, ქმედითი ნაბიჯების მოლოდინში არიან, ამის აღნიშვნა ჩემს მიმართ წარმოდგენას ალბათ არ შეგიცვლით. ის ან არსებობს ან უბრალოდ უნდა გამოვიგონო. მსგავსი ხრიკებით კი, უბრალოდ ,,შევქმნა’’ ან გავამძაფრო. ერთი ძველი რაიონული გაზეთი ჩამივარდა ხელში, მუშათა მიღწევებისა და წარმატებულების ქებით გადავსებული.  ბოლო გვერდზე წარჩინებულების ნეკროლოგებით იყო. წარმოვიდგინე, როგორ შეკრთებოდნენ უხერხულად ფურცლები ერთმანეთისაგან განცალკევებამდე. სვეტებს შეგუებული პუბლიკაცია მკითხველის თვალწინ ისე იშმუშნებოდა, როგორც სხეული მინავლებული კოცონის ახლოს. თუ ვიტყვი იმას, რომ აზრები ფეხაკრეფით ცდილობენ ტვინიდან გამოპარვას, მხატვრულ-მარაზმატიკული ელფერი თვალში საცემი იქნება იდენტური მცდელობისას.
ადამიანებში შიში მწყობრი ნაბიჯებით მხედრულად ნაწილდებოდა. დაბაში ისინი შთამომავლობით გადმოცემულ ფუნქციურ ერთიანობაში განიხილებოდნენ ისეთ საშემოსავლო საშუალებასთან, როგორსაც შაქრის წარმოება წარმოადგენდა. მახსოვს ბებია, რომელსაც  რამოდენიმე ათეული წლის სამუშაო გამოცდილება ჰქონდა.
სამ სართულიანი საერთო საცხოვრებლის პირველ სართულზე იმ სახლში დამაბრუნეს მოგონებებმა, სადაც ბებია ცხოვრობდა გარდაცვალებამდე. ახლა სხვა ხალხი ცხოვრობს. სახლში მოხვედრა ორი განსხვავებული შესასვლელით იყო შესაძლებელი  – ნესტიანი სადარბაზოდან და ბაღის მხრიდან. უმრავლეს შემთხვევაში უკანასკნელ გზას ვანიჭებდი უპირატესობას. პირდაღებული ტიტები წითლად ხასხასებდნენ გაზაფხულობით და ხახის სიშავით მათი აგრესიის გაზმოვა არასოდეს იყო შესაძლებელი. სად ძაღლი და სად ყვავილი. აქა-იქ კი ბოტკინის ფერი ყვავილები უნარჩუნებდნენ წამლის არომატის მსგავს შეგრძნებას ჰაერს. იის ბოლქვები ერთმანეთში ჩაქსოვილიყო და ერთ მთლიან სხეულს წარმოადგენდა ბაღის უდიდეს ნაწილზე. შავი ადესისა და დირბულას ხეივანი გვირგვინივით მორგებოდა მაღლიდან სივრცეს. სახლში ამ მხრიდან შესვლა მეტად სასიამოვნო იყო ვიდრე ნესტიანი სადარბაზოდან.ფერადი იხვები სახელდახელოდ მოწყობილ საფარში ცხოვრობდნენ. ოთახში შესვლისთანავე თალში გეცემოდა ადამიანს საკუთარი თავი სრული გამოსახულებით, უშველებელი სარკის ზედაპირიდან რომელიც ჭერამდე აზიდულ კარადას პორტალის კარიპჭესავით ჰქონდა სხეულზე აფარებული. ორი დივანი, კომოდი და პატარა მაცივარი ვასალებივით ეხვია უშველებელ მსხვილფეხა მოჩუქურთმებულ მაგიდას, რომელსაც პირუტყვიც ერქვა და მაგიდაც. ან ჩემი წარმოდგენით უბრალოდ – მსხვილფეხა პირუტყვი. მაცივარზე მუდამ იდო რამოდენიმე ნივთი ხელუხლებლად და წიგნი ყდით, მოლურჯო ტალღების გამოსახულებითა და არამოციმციმე ვარსკვლავებით. სიზმრები როგორც რებუსები პასუხებს აქედან იძლეოდნენ. წინასწარ შეგეძლო სიზმრების გამოწვევაც. ლოცვაც შესაძლებელი იყო ამ წიგნით და შფოთვაც. სულ მეგონა მაცივრის დაბალ მოცემულობას ამ წიგნის მთელი სიბრძნის სიმძიმე განაპირობებდა.მსხვილფეხა პურუტყვის ტანზე მუდამ იდო მნიშვნელოვანი ატრიბუტი – თერმოსი. თეთრი თერმოსი. მასში საგულდაგულოდ დაყენებული პიტნის ტკბილი ნაყენის შეთავაზება სტუმრისთვის თავაზიანობის პირველ, უმთავრეს და აუცილებელ რიტუალურ ეტაპს წარმოადგენდა, თანდართული რეკომენდაციით იმის შესახებ, თუ რა სარგებელის მოტანა შეეძლო ჯანმრთელობისთვის და კონკრეტულად გულისთვის პიტნის უნიკალურ ნაყენს.პირველად დაშაქრული მაწონი გავსინჯე აქ და მას შემდეგ ვერასოდეს ვამბობ უარს.დედა ხშირად საყვედურობდა ,,მაწონი შაქრით უსარგებლოაო’’ მაგრამ ჩვენი გავიტანეთ.სათვალის დასადები შუშის ნივთი საგანგებო მცველივით იდო თერმოსის ახლოს. მეორე ოთახი შედარებით ცივი ან უფრო სწორედ უჩვეულოდ გრილი იყო. სამაგიეროდ ბადაგისა და ფელამუშის სურნელი, ჩამწვარი სანთლისა და ნაფტალინის სუნი მუდმივობის შეგრძნებას ამძაფრებდა.მუდმივობისა და უცვლელობის.ფანჯრის რაფაზე მკუხე პომიდვრები მზის მოლოდინში ჩაემწკრივებინათ და ისე ამწიფებდნენ. აქ პომიდვრის ჭამა შეგეძლო მაშინ, როდესაც მოილეოდა. ასე იტყვიან ხოლმე ბოსტნეულისა თუ ხილის სეზონის გასვლისას. ყვითელი კარადა ტანსაცმელისთვის იყო გამოყენებული და მცირე კუთხეში საკმაოდ მყუდროდ მოეთავსებინათ ფანჯრის ახლოს. ორი საწოლი საპირისპირო მხარეს და მათ წინ მდგარი სერვანდი ჭურჭლით ისე გამოეტენათ, როგორც ბავშობაში რაიმე გემრიელის ჭამისას ვიტენიდი ხოლმე პირს სიხარბის დასაკმაყოფილებლად. სერვანდის გვერდით ყურძნის ცოცხლად შენახული მტევნები გაზეთის გაფენილ ფურცლებზე ეწყო და ზემოდანა ,,კომუნისტის’’ გარეკანი ეფარა. ასე დიდ ხანს ინახებოდა ნედლად.
ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ გარემოში პერიოდული ყოფნა, ეთგვარი გამოძახილი იყო პიროვნილი ჩამოყალიბების პროცესში უსასრულობის შეგრძნების.მდგომარეობებისა და ადგილმონაცვლეობის მიხედვით სხვადასხვა სივრცეში გადადიოდა მოვლენები. სახლიდან ფსიქიატრიულში და პირიქით.იზოლაციის აუცილებლობას ვერასოდეს ვხვდებოდი რადგან გამოხატულების აშკარა ფორმები საკმაოდ დახშული იყო ადამიანის ქმედებაში.გამძაფრებული ემოციონალური ფონი აჩქარებდა საკუთარი სივრციდან პალატურ გარემოში აღმოჩენას. მოსანახულებლად ხშირად მიწევდა ვიზიტები. აკვატორიაში მოხეტიალე კუნძულივით იყო მისი არსებობის ხასიათი. ხმამაღალი საუბრით გამოხატული დამოკიდებულებები ადამიანთა მიმართ მისი მხრიდან ხშირად ხდებოდა უხერხულობის შექმნის მიზეზი. შენიშვნები და საყვედურები იჩენდა თავს უცნაურ მოვლენებზე, რომელშიც აუცილებლად ვიღაცის უსიამოვნო ხელი ერია. პირადი წესრიგის რღვევის შლეგი გარდაუვალობა ერთიანობაში განიხილავდა დანით დასერილი პლასტმასის მწვანე ტოლჩისა და წყლის გადაჭრილი მილის ბედს, ფანჯრებზე ატეხილ ფრთხილ კაკუნსა და შორეული ძახილის ბუტაფორიულ ისტერიას, პედანტური წესრიგის რღვევის სხვადასხვა გამოვლინების შესახებ ისტორიები ფინჯნებსა და ხელსაწყოებს შორის, საბნებსა და ტელევიზორის ეკრანს მიღმა ამოფარებულ პერიფერიებს ფსიქიკური მედეგობისკენ შეტევისთვის ამზადებოდნენ და ადამიანებიც იწყებდნენ გაუჩინარებას.რაღაც აუხსნელი სიმშვიდე იგრძნობოდა მისი პიროვნული სიღრმიდან.მუქი ლურჯი თხელი ხალათი მოხდენილად ჰქონდა მორგებული. განსაკუთრებული ურთიერთობისთვის იმეტებდა ადამიანებს. კვახის მოხარშული ნაჭრებით,ჭყინტი სიმინდის ტაროებითა და თეფშზე დასხმული თათარით, ნაჭრის სახელურებიან ჩანთას დაიჭერდა ხელში და დინჯი რწევით მიადგებოდა ადამიანებს. მიადგებოდა და მოიკითხავდა მათ ამბავს. როგორც შაქრის საწარმოს ყოფილი თანამშრომელი, ფაბრიკის წარსულისა თუ აწმყოს ბედითაც დაინტერესდებოდა.შესაქებს შეაქებდა და საძაგებელს აძაგებდა. თითქოს სხვათა ცხოვრება უკარგავდა მოსვენებას. თითქოს საკუთარი ცხოვრების უკუღმართობა ბედ-იღბალის გავლენისგან განცალკევებით ჩამოყალიბდა და წინაღობების კორიანტელში დაბრკოლებების გადალახვისთვის საჭირო ძალისხმევა, თავისთავადობით მოეგვარებინა ამოუხსნელ შეუპოვრობას. ერთ დღეს რაღაც მოერია. რაღაც სისხლის გაუფერულება, ლეიკემიას დავარქვი ასე. სწრაფად მოერია.გაფითრდა. დაიღალა. დანებებას არც აქ აპირებდა. თითქოს გზას სახლიდან პალატამდე რაღაც გამოეზარდა ახალი გზის სახით. ამ მიმართულებას ვერ შეეგუა. მხოლოდ გული ყოყმანობდა ერთი კვირის განმავლობაში გზაგასაყართან. პიტნის ნაყენით გაჟღენთილი გული. დაუმორჩილებელი გული –  სიტყვისა და ხმების დამგუბებელი. დაშაქრული მაწვნის ტალღებში ჩასახლდა მისი გამორჩეული არსი ბავშობიდან დღემდე.

1 2 3 4 5