მიწა დადნა? 

  ამ ამბავს ისეთივე მიზეზი ჰქონდა, როგორც თოთო ბავშვის ჭირვეულ ჩაბჟირებას. თუმცა მიზეზის არცოდნა უმიზეზობას ყოველთვის რომ არ უნდა ნიშნავდეს , ამის აღნიშვნა რაღა საჭიროა. კომუნისტების პერიოდში, საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც კომბინატში დასაქმებულებისთვის შეღავათიანი პიროებებით აეშენებინათ, საკმაოდ მოზრდილი ეზო ჰქონდა. ისე ეზოც რომ არ ყოფილიყო, ოთხმოცდაათიანი წლების ბავშვებს სხვა ეზოში ჟრიამულიც არასოდეს გაუჭირდებოდათ, თუმცა ეს ამბავი სწორედ აქ მოხდა. კორპუსის შესასვლელთან დიდი ხანს იდგა გაუნძრევლად  ზილის მარკის  მანქანა.მისი პატრონი მეზობელ ქვეყანაში გადახვეწილიყო და ერთ დროს განუყრელი რკინის მეგობარი მარადიული უძრაობისთვის გაეწირა. სამაგიეროდ აქ მცხოვრები ბავშვებისთვის საძრომიალო მოწყობილობად გადაიქცა ცისფერცხვირიანი ვეშაპი.  გასაკვირი არაფერია იმაში, თუ აღვნიშნავ, რომ უფროსი თაობის მაცხოვრებლები ერთამნეთისგან დიდად განსხვავებული ადამიანები იყვნენ ასაკითა თუ ხასიათით; ბავშვების ცელქობის მიმართ გამოხატული რეაქციებითა თუ ერთმანეთთან ურთიერთობით. ეს კი შეუმჩნეველი არასოდეს რჩებოდა მოუსვენარი გოგო-ბიჭებისთვის.ვიღაც ყოველთვის დაუცაცხანებდა ბავშვებს ზედმეტი ყიჟინის გამო, ან იმ რომელიმე ონავარის მშობელთან მოიოხებდა გულს საყვედურებით, სირბილის დროს მოულოდნელად რომ დაეჯახა სადარბაზოს პირველ სართულზე.  ასე გადიოდა დრო. ბავშვები კი თავისებურად რეაგირებდნენ ,,ბოროტ” მეზობლებზე. ზოგჯერ აივანზე გამოფენილ ჩურჩხელას და ტყლაპს მოჰპარავდნენ ერთ-ერთ ხანში შესულს, ზოგჯერ კოლიდორის კედლის მიღმა დამალულები გამოუხტებოდნენ კიბეზე ჩამომავალს და შეაშინებდნენ, შემდეგ კი მიიფანტ-მოიფანტებოდნენ. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ბავშვებს ახალი საზრუნავი არ გაუჩნდათ რუხი ბეწვით შემოსილი ლეკვის სახით, წინა ორ თათს შორის მკერდზე მკვეთრად ყავისფერი უსწორმასწორო ფორმის მოგრძო  ლაქა რომ ჰქონდა, ადვილად შეიძლებოდა ამ ფრაგმენტის, რუკაზე დატანილი რომელიმე ქვეყნის მოხაზულობისთვის შეადრება. ეს არ ჰგავდა ჩექმას, არც რომელიმე ცნობილ ასოციაციას. უფრო აფრიკის კონტინენტისკენ უნდა გეძებნათ ალბათ მსგავსება, თუმცა ეს იყო თუ არა მიზეზი იმისა, რომ  მოეწონათ და ეზოში მოიყვანაეს – არავინ იცის.  სახელიც შეურჩიეს. მთლიანად მიკისკენ თუ, ზუსტად აღარ მახსოვს, ბიმისკენიყვნენ გადართული. გათენებისთანავე იწყებოდა სახლებიდან გამოტანილი პურის ნატეხებითა თუ საჭმლის სხვადასხვა ნარჩენებით მისი მომარაგება და შემდეგ დაუსრულებელი სირბილი ლეკვთან ერთად კორპუსის ორგვლივ. ზამთრის ხასიათი დღითიდღე   ეტყობოდა ამინდს. ჯერ ტემპერატურამ დაიკლო, ერთი კვირის შემდეგ თოვლიც გამოჩნდა. ლეკვის საცხოვრებელმაც ეზოდან სადარბაზოში გადაინაცვლა. სადარბაზო კი განავალით აივსო. ახალი თავსატეხი გაუჩნდათ ბავშვებს. მშობლებისა თუ უკმაყოფილო ადამიანების დავიდარაბას ბავშვური გულგრილობით პასუხობდნენ. ლეკვის თავიდან მოშორება  იდგა დღის წესრიგში.  ყველა ამისკენ მოუწოდებდათ. ერთ დღეს კიბეზე ჩამომავალ მოზარდს ლეკვი რომ არ შეეგება ჩვეული ხალისით, ცუდად ენიშნა. დანარჩენებმაც ბრაგა-ბრუგით ჩამოირბინეს კიბეებზე. გადათეთრებულ ეზოში ზილის უკან შავად მოჩანდა რაღაც ნახევრად მოკუნტული. ფიფქები ისე აგრძელებდნენ ვარდნაში ერთმანეთთან შეჯიბრს, თითქოს მუქ სხეულამდე მიღწევა პირველობისთვის მათი უმთავრესი მიზანი ყოფილიყო. ისინი ეცემოდნენ  ლეკვის სხეულზე და აღარ დნებოდნენ. არ ვიცი, ვინ მიუახლოვდა პირველი ავის შეგრძნებით მონიშნულ ადგილს, ვის ეყო გამბედაობა პირველი ცრემლისთვის. მეორე დღეს ფიცრებით შეკრულ საშუალო ზომის კოლოფში ჩასვენებული ლეკვის ნეშტი დახვდა ზილის საფეხურზე უთენია  სიგარეტის მოსაწევად გადმომდგარ მეზობელს. ბავშვები უხალისოდ და უხმაუროდ გროვდებოდნენ ლეკვის ირგვლივ. სახელდახელოდ მომზადებული გადაჯვარედინებული ორი ჯოხიც გაუმაგრეს წინა თათებს შორის, რომელმაც გეოგრაფიული მოხაზულობა თითქმის სრულად დაუფარა ლეკვს. ერთიანად აბღავლდნენ და წინასწარ ამოთხრილი, უფრო სწორად, გამოთხრილი საფლავისკენ დაიძრნენ ჩასასვენებელთან ერთად. აკლდამასავით ადგილი იყო. ძველ ნანგრევებში მოზრდილი მყარი მასის ნატეხის ქვეშ დარჩენილი სივრცე ქმნიდა ამ შეგრძნებას. შედგეს ყუთი და ამოქოლეს. იქაც იგლოვეს ხმით. გადიოდა დღეები და ჭირისუფლები თითქმის ყოველ დღე აკითხავდნენ სამარხს. მეზობლებს რაღაც სინდისის შემაწყუხებელი გამომეტყველება ემჩნეოდათ სახეზე ამ ამბის შემდეგ. ბავშვების ყურამდე იმ ამბავმაც მიაღწია, რომ თურმე ერთ-ერთ მეზობელს დილით რაღაც უჭმევია ლეკვისთვის. ეს ფაქტი რომ რაღაც კავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო ტრაგედიასთან, ამას  ბავშვებს შორის ვერავინ მიმხვდარა..

ზამთარი ძალას კარგავდა. თოვლი არათანაბრად და უცნაურად დნებოდა. ადგილ-ადგილ ისეთ მუქ კვალს ტოვებდა ნახევრად სითეთრე შენარჩუნებულ სივრცეში, თითქოს ლეკვების გვამებით იყო მოფენილი გარემო. ან თითქოს ისეთი უპატიებელი რამ ჰქონოდა ჩადენილი, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად უნდა დაეტოვებინა ის ადგილები, სადაც სამ თვეზე მეტია, ფეხი მოეკიდებინა. ერთ დღეს ბავშვების მისვლა სამარხთან  იმედგაცრუების მიზეზად შემდეგმა სურათმა აქცია. თოვლი დამდნარიყო. სამარხიდან გვამი გარკვევით მოჩანდა. ერთ-ერთმა წამოიძახა – მიწა დადნა?

1 2 3 4 5