ცდუნება

 

5 წლის რომ ვიყავი(თუ არ მეშლება), გლანდების ოპერაციის გაკეთება დამჭირდა.გართულებული მდგომარეობა მქონდა. აგრესიული ფონი მატულობდა.შეშუპება და სხვა გამოვლინება უკვე აუტანელი იყო.ერთ დღესაც დედამ წამიყვანა საავადმყოფოში. ჩამიტარეს ჩემთვის გაუგებარი პროცედურები,ანალიზებიც ამიღეს და დადგა გადამწყვეტი მომენტი. პირდაპირი შემოთავაზებით ოპერაციაზე ჩემი დაყოლიების ილუზია არავის ჰქონდა. ამიტომ საჭირო გახდა საკმაოდ მზაკვრული და ვერაგული გეგმის შემუშავება, რომლის ერთ-ერთი  მონაწილეც ის ადამიანი აღმოჩნდა,ვინც საავადმყოფოში მიმიყვანა. ამ ქალბატონის მეშვეობით ცნობილი გახდა თეთრხალათიანი კაცისთვის ჩემი და ხინკლის საკრალური ურთიერთობის საიდუმლოს შესახებ, რომელიც პალატაში პერიოდულად თავზე წამოსკუპებული მაღალი თეთრი ქუდით მეცხადებოდა. ცოტა ხანში დავძმაკაცდით კიდეც. ერთ დღესაც ხინკალზე დამპატიჟა. ცდუნებას, რა თქმა უნდა, ვერ გავუძელი და დაუფიქრებლად დავთანხმდი. წამოვდექი საწოლიდან,შეძლებისდაგვარად მოვწესრიგდი და თამაზთან ერთან გავედი პალატიდან. მზარეულის თეთრ ქუდზე ვერაფერს ვეკითხებოდი. ერთი კი მითხრა – გემრიელ ხინკალს ვახვევო და ამით დერეფანშივე ჩამიკლა სარესტორნო განწყობა. ერთხელ შევუხვით მარცხნივ და სამი კარიდან შუას მიღმა აღმოვჩნდით. დიდი სივრცე იყო. ხინკლის ოხშივარს დავუწყე ძებნა. ქვაბის მსგავსი ცილინდრის ფორმის უცნაურად მაღალი ნიკელის ჭურჭელი სადენით ელექტრო ქსელში იყო ჩართული. ალბათ ამაში ხარშავს მეთქი – გავიფიქრე. უცნაური კაცია თამაზი. ხმამაღლა მელაპარაკება. ხუმრობს. მითითებს  უჩვეულო სავარძელისაკენ, რომლის წინ კედელი მთლიანად  დაფარულია მომწვანო ფერის ფარდით. ვჯდები ჩემთვის უშველებელ სავარძელში კომფორტულად და სახელურებზე ვაწყობ ხელებს. ძმაკაცი უჩვეულო მოძრაობით ატრიალებს სავარძელს წრიულად რამოდენიმეჯერ. მიხარია, თუმცა თავბრუს ხვევა ვიგრძენი და სანამ გააჩერე მეთქი დავიძახე, თავად მიხვდა ამას და დამამუხრუჭა. ოღონდ ისეთ მხარეს აღმოვჩნდი, მომწვანო ფარდით დაფარული კედელი ჩემი ზურგის უკან მოექცა. ამ დროს მოულოდნელად საიდანღაც აქეთ-იქით  სამი თეთრხალათიანი ქალბატონი გაჩნდა, დამეძგერნენ გავეშებულები და რამოდენიმე წამში, ბინტის სახვევებით მიმაჯაჭვეს სავარძელს. მზარეულის ქუდიანი თამაზი გამარჯვებულის იერით ამოწმებდა ჩემს შებოჭილობას. ავტეხე ღრიალი.ხინკალი შემძულდა. ყველა მძულდა, განსაკუთრებით ძმაკაცი. ტირილი პირის დაფჩენის გარეშე მაშინ არ ვიცოდი.ამ კაცსაც ეს უნდოდა. რაღაც მასხურა, დაავლო ხელი გორგოლაჭებიან მაგიდაზე მოლაპლაპე სამედიცინო ინსტრუმენტებიდან ორ მოკაუჭებულ დაგრეხილობას და  დასრულდა ყველაფერი. აშკარად ყელგამოჭრილი,იმედგაცრუებული და უხინკლო დავბრუნდი პალატაში. საჩუქრად გამოგზავნილ სათამაშოებზე და ტკბილეულზე მტკიცედ ვაცხადებდი უარს. რამოდენიმე დღეში გაგვწერეს. წლები გავიდა. ეს ამბავი დავიწყებამ ჩაყლაპა თითქოს.

თამაზი ძმაკაცის გარდაცვალების შესახებ ნეკროლოგს რომ წავაწყდი ერთ-ერთ გაზეთში, აღმოვაჩინე რომ დიდი ხნის ნაპატები მქონდა მისთვის ყველაფერი.

1 2 3 4 5