ტელეფონის ნომერი 

– გამარჯობა ლამარა დეიდა,  დედა ხომ არ ყოფილა მაღაზიაში?
სკოლიდან დაბრუნებისას, მისალმების შემდეგ  ამას ყოველთვის ეკითხებოდა ლუკა უბნის მარკეტის გამყიდიველს, ტკბილეულის ვიტრინის მიღმიდან სანახევროდ რომ მოუჩანდა ატმისფრად შეღებილი თმიანი თავი . პურის, კვერცხისა და ორი ქილა მაწვნისთვის მეცხრე სართულიდან ჩამოსვლა რომ არ დასჭირვებოდა დაღლილს, მხოლოდ ამ მიზნით აზუსტებდა ხოლმე. შიმშილი თავისას შვრებოდა. ერთი სული ჰქონდა, მისვლა მანამ მიესწრო, სანამ დედა მძინარე დახვდებოდა ,თორემ სადილის მომზადება თავადვე მოუწევდა. გაღვიძებას აზრიც არ ჰქონდა. ერთი სიტყვით,  თადარიგიანი ბიჭი იყო ლუკა ამ საკითხში. ლამარა დეიდამ მისალმებაზე ისე უპასუხა, თითქოს ჩაგუბებული სიმლაშის წვეთების გამოჩენას მოარიდა, გადმოხეთქვის პირას მისული თვალებიდან და ნესტოებიდან, ყვრიმალებიდან და სიტყვებიდან. დაზეპირებული პროდუქტი ჩაუწყო პოლიეთილენის ორ პარკში. მხოლოდ ერთი მაწვნის ქილა, ერთი პური და სამი კვერცხი ძალიან ეცოტავა ლუკას, იფიქრა,  რომ ნისიის ლიმიტი იყო ამოწურული და ლამარა დეიდამ უკვე თავად განსაზღვრა,  თუ რა და რამდენი უნდა გაეტანებინა სახლში. აღარაფერი უკითხავს. სადარბაზოსთან ყურზე ნიშანმიმაგრებულ  ტობის მოუტეხა ყუის ნაწილი ,გადაუგდო და ლიფტის მოლოდინში სტადიონზე მოყაყანე ბავშებს გასძახა:
– სამი გაკვეთილი მაქვს სასწავლი. მალე ჩამოვალ.
დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გამოჩნდა ლუკა სკოლაში. კლასის დამრიგებელი ახალი შეცვლილი იყო.  პედაგოგის მოწესრიგებული ტონი ბავშვებს დისციპლინას აჩვევდა. მას ლუკას დაბრუნებამდე მოესწრო დანარჩენებისთვის მშობლების საკონტაქტო ნომრების გამორთმევა.  ახლა ჯერი პირველად ნანახ მოსწავლეზე მიდგა.
-ლუკა,  დედაშენის ნომერი მიკარნახე.
დაზეპირებული ციფრები უხალისოდ გადმოძვრნენ  მეხსიერებიდან და გაემართნენ უჩვეულო სიჩუმეში ჩასაფრებული ცნობისმოყვარეობისაკენ, რომელიც საქმიანი გამომეტყველების მქონე პედაგოგში მთავრდებოდა. ბელა მასწავლებელმა დააზუსტებინა კიდევ ერთხელ ნომერი ლუკას და გაკვეთილის ჩატარება დააპირა.
– მაგ ნომერზე არ დარეკოთ! –  გაისმა ლუკას ჩურჩული.
– რატომ?  – გაუკვირდა დამრიგებელს.
– დედას ვერ დაუკავშირდებით.
-ახლა არ ვურეკავ,  ლუკა. დაჯექი და მოემზადე გაკვეთილისთვის.
-არც ახლა და არც არასოდეს.
-კი მაგრამ რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
-დედას ვერ დაუკავშირდებით.
-ვერასოდეს?
-ვერასოდეს…

1 2 3 4 5