სინკონსატა

 

ბავშვობა გათლილი, აწყობილი ასოებით.

მაშინ მეტ ჰალუცინაციას ვხედავდი,

ვიდრე ეს ახლა შეუძლია

მთელ ჩემ ლიზერგინის გამოცდილებას.

დამცინის დარვინი,

მაინც ვამტკიცებ, რომ პოეზიამ შემქმნა

და მე თავიდან უხეირო ლექსი ვიყავი,

დაუბანელი, კუზიანი, პრიმიტიული,

სანამ ვიმოგზაურე თეთრ იდუმალებაში,

კიბეზე აყვანილს გული მიცემდა

მომაკვდავი ჩიტის მსგავსად.

იქ იჯდნენ ბელადები,

გაშავებულნი, სიფრიფანები,

ოქროს სქელი ბეჭდებით

და კუბური, მსხვილი სიგარებით თითებში.

განხილვა საავადმყოფოს კეთილმოწყობაზე,

წყალგაყვანილობის მილები,

უფერო უნიფორმა,

თეთრი იდუმალება,

ეს 90-იანების დასასრულია.

ახალი საუკუნის თავი უკვე მოჩანს

ძველის დაჭმუჭნულ და სისხლიან საშოში.

ჩემი აცრა ჯერ კიდევ ვარდისფერია

და როცა მას ვაკვირდები გარემო იცვლის ფორმას,

შიში რეალობის მეტად საზარელია

კოდში ჩაწერილი პორნოგრაფიის სიყვარულით,

რითაც დამლაგებელი ბიუსტჰალტერის ბოლოებს იწევს,

სამალავი სიზმრებიდან ყოვედღიურ მონოგამიაში გამოსვლის გამო

ბელადების ცხვირზე მძიმედ ასვენია შავი სათვალეები

და შიში მიტანს, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება.

ჭრელი თმებით, ან პარიკით შემოსილნი მოდიან,

გიგანტური ხეების ფესვებიდან ნელა იჩეკებიან,

ხოლო კენწეროებს სიოსავით ნელა ეხება ჩემი წარმოსახვა

უკვდავებისა და ფრენის დაუოკებელი სურვილის შესახებ.

შენ იქ მოკვდი, როგორც ერთერთი ბელადი,

როგორც სანიტარი საკუთარ სიმარტოვეში

წარსულის სიმულაციით გართული.

მოკვდი, როგორც მეოცე საუკუნე,

როგორც ყოველი ჰალუცინაცია,

რომელიც შენს დაბადებას მოჰყვა.

შენ იქ მოკვდი

და იმ დღიდან შენს ნაცვლად

შენი პოეზია არსებობს.

 

 

1 2 3 4