ხმობა
ეს სერიოზული საკითხია, ისევე
როგორც ბავშვისთვის თითის გაჭრა,
როგორც შვილის პირველი სიცხე,
როგორც ტყიდან ასული კვამლი,
ან რამდენიმე ვეშაპის ერთად
გამორიყული სხეული ზღვაზე.
ეს სერიოზული მომენტია,
როგორც,ვთქვათ, მენარხე,
ან დაფასთან პირველად გასვლა,
ან საბურავქვეშ გაჭყლეტილი პატარა კნუტი…
ან დაკარგული პირადობა,
ან წყალდიდობა.
ეს სერიოზული ამბავია,
როგორც, საერთოდ, აღსარება,
ან ვენიდან აღება სისხლის.
ან გულისწასვლა.
როგორც პირველი ექსკურსია,
ან კივილი მეზობლის სახლში.
ეს სერიოზული თემაა,
როგორც გულდაგულ
მოწყობილი პატარა შტაბი,
რომელსაც დაან ძმა (უმცროსი)
შემთხვევით გინგრევს…
როგორც ბოლო კურსის გამოცდა,
ან ერთ-ერთი კლასელისათვის
ამოხეული შუაფურცელი
წარწერით: “მე შენ…”
ეს სერიოზული საქმეა, როგორც
ანდერძი, ანდა
როგორც მძიმე ეპიდემია,
როგორც ომი,
როგორც ქორწილი…
მამასთან ჩხუბი,
ანდა სახლის მარტო შენება,
როგორც სიფხიზლე,
როგორც ძილი
როგორც წამება.
მოკლედ, ეს
სერიოზული რამეა და
თუ მოხვალ, გეტყვი.
და თუ არ მოხვალ,
ყველაფერი სხვა, რაც მე არ ვარ,
მოგიყვება ამ ამბავზე, თავისით.
და ეს შენ შეგძრავს,
ეს გაგათბობს,
ეს დაგასერიოზულებს მაინც.
დამთხვეულობა
რა თქმა უნდა,სასაცილოა,
მაგრამ ერთობ დაბეჯითებით
შემიძლია, ჩემს თავს ვუმტკიცო,
რომ
სულ ვიქნები.
ისე კი არა,
როგორც რამედ გადაქცეული:
რაღაცა მარად-მწვანე ყლორტი,
შველი ან ჩიტი,
არამედ როგორც
კონკრეტული უხერხულობა –
უფრო ზუსტად კი:
დიდ, უთავბოლო შეცდომაში
მშვიდად შემყვანი,
ამაჩუყებლად ბრწყინვალე და
ტკბილი
დამთხვევა.
ასეთ დამთხვევებს,
რა გამოლევს დედამიწაზე!
მათ სავალალო შედეგებს და
კეთილ საბაბებს!
სანამ იმედი –
თოვლზე
ცარცით დაწერის ვნება
ქვეყანაზეა,
მეც აქა ვარ,
სულ აქ ვიყავი…
