ბევრი ქალისგან განახვავებით,

ვინც უფრო ნაკლებ გულმოწყალე “ფოტოგრაფებმა”

მოსიარულე უკუნეთად გადააქციეს.

შენ მათზე მეტად გაგიმართლა –

იმათ სრულად, თხემით ტერფამდე წყვდიადი მოსავთ

და სადაც კი გამოჩნდებიან,

მარტო თვითონღა იციან, რომ

თვითონ არიან.

 

შენ მიმწუხრი ხარ,

ისინი კი ღამე არიან.

მათი წკვარამიც და ვარამიც შენზე დიდია.

(Christmas) Eve*

 

შენ, სიმწრისაგან დაოთხილი,

ობლად ბორგავდი თივაზე.

ოფლს საფეთქლებიდან,

სისხლს სარცხვინელიდან,

გაჰქონდა ღვარ-ღვარი, თქრიალი.

 

შენს ქმარს თმა-წვერის გლეჯისაგან

დატეხილი ჰქონდა ფრჩხილები.

ფურივით ღმუოდი,

მგელივით ყმუოდი,

თივასთან მხრჩოლავი ფიჩხებით

 

კლდის ეხი ოდნავ ნათდებოდა

და უფრო ნაკლებად თბებოდა,

ხარივით ზმუოდი,

ძაღლივით წკმუოდი,

ტკივილებს რომ ვეღარ ითმენდი.

 

ეხში გინახავს მოლოგინე

აუარებელი პირუტყვი.

‘ტანჯვით შობ შვილებსო’

ამას მაფრთხილებსო

თავსაც ხშირ-ხშირად ეტყოდი.

 

მაინც იმაზე ძნელად მოხდა,

ვიდრე კოშმარებში ელოდი:

გულ-ღვიძლს გიფატრავდა,

ძვალ-რბილს გატკვირავდა,

როცა საზარდულში გივლიდა.

 

გამოსვლა ისევე გაუჭირდა

(მოვლები დამძიმდა შეკუმშვით)

როგორც შენ და ადამს

გასვლა ედემიდან

დევნილთ, ლეღვისფოთლებშემოსილთ.

 

და როცა ჭინთვით გამოდევნე,

უშვი სხეულიდან სხვა ტანი,

მთლიანად მოეშვი

და შვების მორევში

ჩაეშვი. პატარას სხმარტალით

 

შენს ქმარს მუხლები დამორჩილდა,

შეძლო, მოგეახლათ დედა-შვილს.

მსხვერპლის შესაწირი

ბასრი დანის წვერი,

როგორც კრავს კისერში, დაუშვა

 

შენი საშოდან ყრმის მუცლამდე

ძარღვად აძგერებულ დასაბამს –

გადაჭრა ჭიპლარი,

და ჭიპის ნაოჭმა

პირველი მუცელი დაღარა.

 

ყრმამ გამაყრუებლად შეჰკივლა,

ჰაერით გაევსო ფილტვები.

მატყლის სახვევებში

მკვიდრად გაახვიეთ,

სიხარულს კლდე ვეღარ იტევდა.

 

ხსენმა კერტიდან ღვრა დაგიწყო,

ჩვილი დვრილს მოეჭდო ბაგეთი.

და რომ ჩაიძინა,

გვერდით ჩაიძვრინე,

იქვე მიაწვინეთ ბაგაში.

 

მგონი ასე უნდა მომხდარიყო … –

ჩვილს ჩაათბობდა ბაგის თივა.

სანამ გასისხლული,

ღვთისგანშერისხული,

შენ სულს იბრუნებდი, ალბათ, ევა…

 

ათასწლეულეულები გაივლიან

და ჭვრეტ აბრაამის წიაღიდან

ბაგას უპატიოდ

წევს, ვინც გაპატიებს

ვაშლის მოწყვეტას წმინდა ხიდან.

 

და შენ მიხვდები მის სიყვარულს,

როგორ ტკენია შენი დასჯა,

შობის სიმარტივით

შენი სიმარტოვე

წამება, დედაკაცის გარჯა

 

როგორ განადიდა; როგორ შეეცოდე,

როცა თქვა, ტანჯვით შობ შვილებსო.

მაშინაც შენს გვერდით,

მაშინაც შენთვის და

მუდამ შენთან იყო იესო.

________

(Christmas) Eve – (შობის) წინა ღამე, ევა.

“წინა ღამე” და სახელი ევა ინგლისურად ომონიმებია.

 

 

 

 

1 2 3 4 5