ნიქაბი და ბურკა
ბელა ჩეკურიშვილს (ერთ სურათზე საუბრისას შთაგონებული)
შენ მიმწუხრი ხარ.
ღამის კუპრში ახალი მთვარის
თარაზულად დახრილი რკალი
მაგ ნიქაბის ვიწრო ჭრილია,
სამოწყალოდ დატოვებული –
ბნელეთის სვეტად რომ არ იქცე, შავჩადრიანო;
პატრონმა უკან მიდენილი ქალები რიგში
ერთმანეთისგან თვალებით რომ გამოგარჩიოთ,
თან ნახოს, მზერას როდის ხრით და როდის ასწორებთ,
განაგოს თქვენი ხედვის კუთხე, ხილვის საგანი.
მაგ ვიწრო ჭრილში ნაღვერდალს ჰგავს შენი თვალები,
თითქოს უღრანის სიბნელეში ღადარს აწყდება
გზააბნეული მოგზაური, –
შენი დანახვაც
ახლოდან ისე თბილია და მოგიზგიზეა.
შორს კი გულსაბნევს ემსგავსები,
გიშრის ქინძისთავს,
ავი თვალისგან დასაცავად რომ ატარებენ.
ნეტავ გაიხსნა
და მტარებელს მკერდში შეესო!
…
დაგინახე, ხიდის მოაჯირს მიბნეოდი.
ხასხასა მდელოს მოჩუხჩუხე მდინარის თავზე,
შენი ჩადრის შავ შვეულებს ქარი აფრენდა,
როგორც მერცხლის ლივლივა გუნდებს.
კაცი მაშინღა შევამჩნიე ხიდის ნაპირას, როცა შეგძახა რაღაც და შენც
ცენტრში გაცურდი.
მოკლემკლავიან მაისურში, შორტით, სანდლებით
იდგა ქვემოთ და განიშნებდა ხელით ნიქაბზე –
გაისწორეო გულისპირთან.
შენც დამორჩილდი.
ის, კმაყოფილი, კამერას დაწვდა
და ფოტოების გადაღება დაგიწყო უცებ.
არ იშურებდა მითითებებს, შენიშვნებს, ქებას,
რომ უფრო კარგი გამოსვლოდა შენი სურათი…
ჩანდა, კაცს შენი გარემოსთან მძიმე კონტრასტი
ძლიერ ხიბლავდა,
მგონი სულაც “შავ ვარდს” გეძახდა…
შენ იდექი – მოპაექრის ბოლო უჯრას მიღწეული შავი პაიკი
ლაზიერად გარდასახვამდე,
აფსუს, რა დროს გისწრო შამათმა!
ის კი გიღებდა
ფოტოს ხესთან, ფოტოს ყვავილთან,
ფოტოებს
სადაც მაინც ერთობ მადლიერი ხარ,
რომ ვინმეს მაინც შეუძლია
პირსაბურავის
მცირე ჭრილზე დაკვირვებისას
ამოგიცნოს,
მიხვდეს, ვინა ხარ.