სპილოებს არასოდეს ავიწყდებათ

 

ბეტონის მამონტს პოლიეთილენის მუხლუხო აახოხდა –

უბანში ახალი ხელოვნურსაფარიანი სკვერი გააკეთეს.

მეც მაგარი ვარ, ვინ ასეირნებს ბავშვს ამ ხვატში!

გავიხვართქეთ და გავსავათდით,

წამდაუწუმ საწრუპიან ბოთლს ვეწაფებით.

საცაა წყალი გათავდება.

კიდევ კარგი, მარკეტი რომ ორ ნაბიჯშია.

თორემ სახლამდე ხომ წყურვილით დავიხრჩობოდით.

ხვატისგან დახეთქილ გიგანტურ სხეულებს

ტაატით, მძიმედ მოარწევენ.

შორიდან გულის ფორმებს ჰგვანან,

რუხ ფილოდენდრონებს, სპილოები.

 

ვეება ყურების ფართხუნით წინ უძღვით

ზურგჩაზნექილი, სქელეშვება,

ყველაზე უფრო დაღარული,

ჯოგის უხუცესი, მატრიარქი.

 

მდედრს უკან სიცხისგან აქოშინებული

სპლიყვი და მთელი ოჯახია.

მეასე მილი გაილია,

ისევ წყალს ეძებენ სპილოები.

 

ასეთი გვალვები ადრე არ იცოდა,

ოჯახის უხუცესს არ ახსოვს.

გზად ყველა წყარო დამშრალია,

ერთი მწვანე ყლორტიც არ ხარობს.

 

ლეშის და დახრული ძვლების სავანეა

უდაბნოდ ქცეული სავანა.

გამომხმარ მიწაზე ამაოდ

ურტყამენ ხორთუმებს სპილოები.

 

დიდ დედას მუდარის თვალებით შეჰყურებენ –

იქნებ თავიდან გაიხსენოს

კიდევ ხომ არ დარჩა წვეთი წყლის

მიგნების იმედი შორიახლოს.

 

უწინ ხომ აქამდე ათჯერ შეხვდებოდათ

რუც, გრუნტიც, ბალახიც, ფოთლებიც.

რა იქნა, როგორ, სად წავიდა?

წყურვილით კვდებიან სპილოები.

—-

 

ბეტონის მამონტებს ფეხებზე ციცინათელები შეაფრინდა –

უბანში გარე განათების ბოძები დაამატეს.

მულტფილმს ვუყურებთ მე და ბავშვი,

“დიდ გამყინვარებას”, გვეცინება.

– დე, ჩვენ რომ ვნახეთ, იმ სპილოებს რატომ არ აქვთ ტანზე ბეწვები? –

ვუხსნი, რომ მანფრედისნაირები

სპილოებს ჰგვავან,

მაგრამ სპილოები არ არიან.

და რომ ისინი უკვე აღარ არსებობენ, რადგან გადაშენდნენ.

 

ბავშვს შეშფოთება ეხატება, ტუჩებს ნერვიულად ათამაშებს.

– სპილოებიც გადაშენდებიან?

ჩვენც ხომ არ გადავშენდებით?

მე კი ვაწყნარებ, რომ საფრთხე არავის ემუქრება.

და კიდევ კარგი, ისიც იჯერებს.

თორემ სიმართლით ღამე რაღა დაგვაძინებდა…

ბეტონის მამონტს ნერვიული ხველა აუტყდა –

უბანში ვიღაცამ ფოიერვერკით მიიღო მილოცვები.

შორს უწყლოდ დახეთქილ გიგანტურ სხეულებს

ჯერაც მიათრევენ სპილოები.

 

 

 

1 2 3 4 5