გაფრენა N 38

 

ღამე ქრება ქვიანი

ღამე – ზაზა თვარაძე

მოდი ნუ იგვიანებ

შენი მოსვლა მანაზებს

 

ღამე ქრება ქვიანი

ღამე – აფთიაქები

მოდი ნუ იგვიანებ

რომ მოდიხარ მაქებენ

 

ღამე ქრება ქვიანი

ღამე – ბნელი ვირთხები

მოდი ნუ იგვიანებ

მოდი ნუ მეკითხები

 

ღამე მიდის ვახო და

ღამე – ზაზა თვარაძე

გულიც ხომ გკარნახობდა

მეც ხომ შემოგთავაზე

 

მოსვლა მოდი ღამე და

ღამე – თეთრი ოთახი

დიდი ხანი არ მინდა

მოდი მოდი ცოტა ხნით

 

ღამე ქრება და დილა

არაფერს არ მკარნახობს

მოდი გამიადვილე

ნატკენი და ნანახი

 

ღამე ქრება გელოდი

ცალცალკე და მთლიანად

ჩემო უსაშველო და

სუყველაზე გვიანო

 

 

ელენეს

 

მიწას ვიხსენებ ახლა და ახლაც

მიყურებს მიწა მშვიდს და ცარიელს

“ის ალბათ თეთრი თოვლია სადღაც

ის შორეული სიმწუხარეა”

 

არ არსებულა არცერთი ხიდი

იქნებ იმიტომ ვეძებდით მიწას

ცა აბსურდია არასდროს ღირდა

ის რაც გიყვარს და არაფრით გიცავს

 

და ჩემი გული ხომ გახსოვს არა

ვერ მოიხდენდა იგი სიმყარეს

და ის დღე იყო რომ დადგნენ მყარად

გადამიყვარეს

 

კი უნდა ქონდეს მათი თვალები

და მათი სუნი მიწას ვინც გვცივა

სულ მიწა ვიყავ და ვარსკვლავები

ვერ გავარკვიე რატომ მიცვივა

 

გულიდან ჩვენი უღრუბლო ცა და

უფრო უღრუბლო ჩვენი მიწები

ხომ იცი ერთხელ ვინც წასვლა სცადა

ვერ ივიწყებენ

 

ჩემი აქ ყოფნა მინდა თუ არა

ყოველდღე რაღაც უშუქოს იძენს

როცა მიდიან სარკმელთან ვდგავარ

და ვიმახსოვრებ დღეების სიგრძეს

 

 

 

 

1 2 3 4 5