* * *
გქონდეს სამახსოვროდ მაგრამ
აღარ გაიხსენო ჯობია
ნახე ის ვარსკვლავიც ჩაქრა
ახლა ცას ვუყურებ ობიანს
სულ რომ ამ კიბეზე ვიჯდე
აღარც მოლოდინად არ მიღირს
თითით ვათამაშებ ბეჭდებს
ვითვლი წინა სახლის კრამიტებს
ახლა მსუბუქია მძიმეც
იქნებ დამამძიმო მცირედით
როგორც უკანასკნელ იმედს
ისე ვუფრთხილდები იმედებს
გახსოვს ჩემი ლურჯი ქუდი
გახსოვს როგორ მწარედ ვიცინე
ახლა კარგიცა და ცუდიც
ერთი ამოსუნთქვით მიცილებს
შენი დაშაქრული კანი
როგორ დავივიწყე არ მახსოვს
ნახე საბოლოოდ გავლენ
არ დაბრუნდებიან არასდროს
გწამდეს ღვთის გულისთვის ზღვების
ჩანდეს მუდამ ცეცხლი ნაპირთან
როცა დაგვტოვებენ სხვები
უნდა გიყურო და ავტირდე
ჩემი მოუქნელი ფრთები
ახლა კარადაში მიწყვია
იცი მერამდენედ ვკვდები
და არ მახსენდები სიცხიანს
* * *
არაფერი გაქვს ხომ გიყურებ გარდა ამ ჩემი
სიგიჟეების თვითმკვლელობის გარეთ გაქცევის
წადი და ჩემი წერილები ვინმეს აჩვენე
საფსიქიატრე რომ გამიხდა ჩემი სასცენო
პერფორმანსები მე სისხლსავსე ყოფა გისურვე
ჩემგან წასულს და გადახვეწილს ჩემგან დაშრეტილს
იმედს ვიტოვებ გამიხსენებ სხვასთან მისული
გზის ყურებით რომ ლამის დავშტერდი
დღეს ფარდებს ვწევ და ბოლო ხმაზე ისე ვიცინი
თეთრი ხალათი აღარ მაცვია
და მაინც რჩება ცხედარივით მძიმე სიცივე
რომ ვცეკვავდი და ყურადღება არ მომაქციე