* * *
რა მსუბუქია ახლა ქარი შენ თვალებს ხუჭავ
და თითქოს ერთით მეტი რაღაც იცოდე
ვიდრე ამ სკვერმა მოედანმა ვიდრე ამ ქუჩამ
მე კი ვიწვოდი
რა მსუბუქია ეს მუსიკა და შენი მხრები
მე ბევრჯერ ვნახავ მკვდარ სიზმრებში იმ ლურჯ სარაფანს
დამრჩება ასე მოშრიალე და ხელუხლები
ბედნიერება
და რადგან ახლა სად ვიქნები აღარ მანაღვლებს
რადგან ოთახშიც გაბმული მაქვს ფიქრი მძივებად
ჩემი ლექსებით აგიშენებ ოქროს სასახლეს
და შენ ამაზეც გაგეცინება
მითხარი და მე შევასრულებ ყველა მისიას
ან რა აზრი აქვს გამიხარდეს თუნდაც მეტკინოს
ლამაზი გოგო რა თქმა უნდა მუდამ სხვისია
და მისი ქუჩა რა თქმა უნდა კლარა ცეტკინის
* * *
მე ახლა უფრო ჩუმად ვსაუბრობ
არ ვიმტვრევ თითებს
და შავ ხეებზე შემჭკნარ
ალუბლებს ვდგავარ და ვითმენ
უჩრდილო ღამე როგორია შენ კარგად იცი
და ერთი ჭიქა ანდა ჩრდილი ასეთ დროს ყურძნის
ოთახში გაშლილ მათ ხმასა და საყვარელ სიცილს
ვდგავარ და ვუძლებ
და მერე ალბათ გვიანია და მერე ალბათ
გამიხსენებენ მეგობრები როგორც კამათელს
მე გავიცინებ გავისწორებ მიწიან საბანს
რომ მათ ნომერიც არ ახსოვდათ არც მისამართი
როცა ვეძებდი ღამით ჩრდილს და დილით სინათლეს
როცა ბრბოში მდგარს მიელავდა შარავანდედი
არავის წყენა აღარა მაქვს გარდა იმათი
ასჯერ აგლეჯილს მიმაგრებდა ვინც კი კათეტერს
და მერე მტვერი მათი მტვერი ვინც მომენატრა
და მერე კვამლი მათი კვამლი ვინც მიმატოვა
და მერე წყალი მათი წყალი ვისაც ემართა
და მერე ღმერთი არ ყოფილა ღმერთი რატომღაც