თემურ ელიავას

გზადაგზა ძილი და არყის სმა ღრუბლებს ასქელებს
მოდის წვიმები და ამ წვიმებს ვერ დაუძვრები
მაგრამ სულ სხვაა სიგარეტი უკანასკნელი
ასეთ სიგარეტს ნეტა სხვები როგორ უძლებენ

 

ასეთ წვრილ გზებზე სხვებთან ერთად როგორ დადიან
ასეთ ეკლებში უჭრილობოდ როგორ რჩებიან
შეხედე იმ ერთ ფანჯარაში შუქი ანთია
ნახე იმ სახლში მხიარული სიმღერებია

 

მივიდეთ ერთი სევდიანი ლექსი უთხარი
მივიდეთ იქნებ მოგვაშველონ რამე მცენარე
იქნებ ჩვენ სადღაც ვინმეს გული ვერ გავუხარეთ
იქნებ ვერასდროს გადაცურე შენი მდინარე

 

და იქით დაგრჩა ყველაფერი ფრთები ჯაჭვები
და მიგელიან დაკარგული შენი მიწები
ჩვენ ალბათ სადმე გადახრილი ხის ქვეშ ჩავწვებით
და ზეიმები რომ მორჩება გაგვაღვიძებენ

 

*
ცა ჩანს ჩემი ფანჯრიდან
ცის ნაგლეჯი მოჩანს
თუ ოდესმე დაგჭირდე
თუ ოდესმე დაგჭირდე
ამ ცით გიმკურნალებ
ახლა ჩემზე ამბობენ
კარგად არი. მორჩა.
მეც ნელ-ნელა ვისტუმრებ
დაგროვებულ ვალებს

 

განა რამდენს ვეყოფი
განა რამდენს აუვალ
ჩემი სიზმრის ჭაში
აღარ შეგიძღვები და
აღარ გამოგზაურებ
და თვალების ნახშირს
ისევ იმას გავუმხელ
ვინც არ შემიბრალებს
თუ ოდესმე დაგჭირდე
თუ ოდესმე დაგჭირდე
მაინც გიმკურნალებ

 

 

1 2 3 4 5