*
რატომ განაგრძობენ სიარულს იმავე ნომრის ავტობუსები
რომლითაც ჩვენ ვმგზავრობდით
რატომ მიღიმის იგივე კაცი ხილ-ბოსტანის მაღაზიიდან
რომელშიც მე შენთვის სადილის მოსამზადებლად
ვყიდულობდი ქინძს და ოხრახუშს
რატომ ცხოვრობენ ჩვენი მეგობრები იმავე სახლებში
სადაც ჩვენ გვეძინა და ყავას ვსვამდით
ჩვენ ხომ თითქმის ყველაფერი დავამთავრეთ
და ისევ რატომ არ მაძლევენ სიგარეტს
წინამძღვრიშვილზე წითელ მაღაზიაში
არასრულწოვანების გამო
რატომ განაგრძობ ცხოვრებას შენ
როცა მე ისევ იქ ვარ სადაც ვკვდებით

 

*
ჩემს ბორდოსფერ თაღიან ოთახში
დგას განსასჯელის სკამი
რომელზეც ყოველდღე სხდებიან
დიდი პოეტები
დიდი ლოთები
დიდი უცნობები
დიდი მეგობრები
ჰაერზე მეტია ამ ოთახში კოკას დატოვებული
არყის ბოთლები და ცისფერი ქემელები
შაკოს დატოვებული ღვინის ბოთლები
და წითელი ლაქისთრაიქები
ელიავას დატოვებული ვისკის ბოთლები და დამჭკნარი იები
ჩემს ბორდოსფერ თაღიან ოთახს აქვს პატარა ფანჯარა
საიდანაც სამყარო იყურება

 

*
მერე კი როცა ისევ შევხვდებით…
შენ ასეთ ლამაზს მე ასე დაღრღნილს…
როცა შენ უცხო სახლში შეხვედი,
მე სამუდამოდ დავკარგე სახლი…

არაფერს გეტყვი, მე ხომ ვდარდობდი
წინასწარ. შენი სუნი ლავანდის…
ავად არისო, ასე ამბობდნენ,
მე რომ უფრო დიდ ტკივილს ვმალავდი.

და სასაცილო გავხდი ამგვარად.
და ყველაფერი დავკარგე ასე.
ალბათ, ყველა, ვინც ცრემლი დაღვარა,
დგას და ცარიელ ღამეებს ავსებს

რაღაც სიტყვებით, რაც ჯერაც დარჩა.
გული კი უფრო ზანტად უგალობს.
და ღმერთმა არ ქნას, რომელიც არ ჩანს,
ის ბოლო ცრემლიც გადაუღვაროს.

 

 

 

1 2 3 4 5