*

ჩამოდი ჩამოიყოლე კიბე
ჩამოდი ჩემი ტკივილი მწიფე
და სიხარული მოუსვლელია ჯერ
და შენი შვილი ეზოში ირბენს
არ უწერიათ ახდენა ცისფერ
ოცნებებს მაინც ვიღიმები და ვწერ

 

ჩამოდი ბოლო წასვლის წინ მნახე
ყველა ნაბიჯზე დაგიგებ მახეს
რომ ჩაგიხვიო ცისფერ მკლავებში კვლავ
გათენებამდე ვიტყვი შენს სახელს
გათენებამდე მექნება სახლი
გათენებამდე ხელს ხომ არავინ მკრავს

 

ჩამოდი ნახე ეს ჩემი ორმო
ჩამოდი იქნებ დავძლიოთ ორმა
ჩემი სიბნელის უფრო სიბრმავის შიში
გადამიქროლოს მერე თუნდ ქორმა
გადამიქროლოს ქარმა და ჭორმა
თუ შენი ხელი გულზე მედება ძილში

 

რომ ისე გაშრა სურვილი ყველა
ვცხოვრობ კი არა ორმოში ვწევარ
ასე ვიგონებ თითო გასაძლებ იმედს
აქ არ არსებობს დაღუპვა შველა
მე მივესწრაფი უღრმავეს მწვერვალს
აქ არ მოიტანს კარგ ან ცუდ ამბავს ვინმე
აქ ვარსკვლავები დღისითაც ჩანან
აქ ყველას ნიჩბის პირის სიბასრე ვიცი
სანამ ისინი მმარხავენ სანამ
მეც დავამთავრებ ჩემს უთავბოლო სიცილს

 

 

 

1 2 3 4 5