მერე ორივე ხელი ყურებზე ააფარა და თვალცრემლიან ბავშვს, თავად ატირებულმა, დაუკოცნა თვალები. ხელში აიყვანა და ბუხრიან ოთახში, სავარძელში ჩაჯდა, რაღაც უცხო მელოდიის სტვენა დაუწყო. ბავშვმა იყუჩა, მერე კი დედას მიეკრო და გაირინდა. ქალმა ცოტა ხანში რწევა და სტვენა შეწყვიტა, ბოლოს კი ფრთხილად გაიყვანა ბავშვი გვერდითა  ოთახში. ოთახის  კარი მიკეტილი იყო, ავდექი ,  შევაღე , სიცივე მეცა,   იქ  ყინავდა.  არაფერი მითქვამს, დედამ  მძინარე ბავშვი ლოგინზე დააწვინა  და თხელი ზეწარი გადააფარა. მე უკან შვბრუნდი და შეციებულმა ცეცხლთან  ახლოს მივწიე სკამი. ამასობაში დედამისიც გამოვიდა.

– ალბათ გიკვირთ ეს ყველაფერი, რაც ნახეთ. ბევრი კითხვა გაგიჩნდათ  ან ვერ ბედავთ მკითხოთ რა ხდება, ან ფიქრობთ რომ არაა თქვენი საქმე

– ალბათ ორივე, თუმცა რაღა დაგიმალოთ და მაინტერესებს აიუას ამბავი. იქნებ, თუ არ მიწყენთ,  ექიმთან ჩაგეყვანათ., აი ნიკო კარგი ნევროპათოლოგია და ხვალ თუ გინდათ ვეტყვი და გასინჯავს.

-არა, აიუას ექიმი არ სჭირდება, ვერვინ გაუგებს. მაშინ მისი მოყვანის ისტორია უნდა მოვუყვეთ, ეს კიდევ ბევრ კითხვას გაუჩენს და არ მინდა. ცოტაც უნდა მოვითმინო, ამბობენ რომ რამდენიმე წელიწადში ხმებს ვეღარ გაიგებს და დაავიწყდება ი ს ი ნ ი , მერე ქალაქში გადავალთ.

– რა ხმები ესმის, ვისი? თუ საიდუმლო არაა- დავინტერესდი ამბით

– თავისიანების,  ი ს ი ნ ი ეძახიან, იხმობენ.  გრძელი ამბავია , თუ არ აპირებთ დაძინებას მოგიყვებით.

– ვერ დავიძინებ ,ასე რომ გისმენთ. თან ვეჭვობ, რომ ეს  აიუას ბოლო გამოსვლა იყოს, ხოლო გათენებამდე  დიდი დროა.

-ხუთი წლის წინ დაიწო ყველაფერი. დედაჩემი ბოლო დღეებს ითვლიდა და ძლივს ჩავუსწარით ცოცხალს. მერე გასვენება. ორმოცამდე იქაურობას ვერ დავტოვებდი, უამრავი საქმე იყო. ხოდა მოგვიწია დარჩენა, ნოემბერის მიწურული იყო. ჩემ კაცი ხანდახან ნადირობას აყოლებდა  გულს. ერთხელაც სანადიროდ წასული  ტყიდან მარტო არ დაბრუნებულა, თან პატარა ბავში მოიყვანა. ორი  წლისა არ  იქნებოდა. შიშველი იყო და სულ არ ეტყობოდა, რომ სციოდა. ვერ ლაპარაკობდა, მარტო აიუა აიუას იძახდა. ქმარმა აიუა დავარქვიო, მერე კი აი რა მომიყვა:

–  ლეკის მთამდე უვლია,  ამასობაში კი დაუღამდა, მარტო როჭო ჰყავდა მოკლული, ღამის გათენება ტყეში მოუწია, მუხა უპოვია და ხეზე ასულა. მაღალ ტოტზე  ქამრით მიუბამს თავი, ხოლო  ნანადირევი თოვლში ჩაუმარხავს,  გათენებას დალოდებია. იქვე ანთებული ცეცხლი დატოვა, ვინიცობაა სხვა მონდირეებს ან მესაზღვრეებს გაევლოთ,. იმ ღამეს სავსე მთავრე ანათებდა, როგორც კი დაბნელდა, ქვების ჭახა-ჭუხის მტვრევა-ნგრევის, თითქოს მთა ჩამოიშალა ისეთი ხმა გაისმა. მერე სხვა ხმებიც  გაუგია, ქარის ქროლვის და ზუზუნის, თუმცა  ხე არ ირხეოდა და არც ქარი ქროდა. ბავშვის ტირილის ხმებიც მოდენილა, მოკლედ, ისეთ დღეში ჩავარდნილა,  შიშისგან ვერ ინძრეოდა.  ძალიან რომ დაინტერესებულა, როგორღაც ისე მოწყობილა ტოტზე, ქვემოთ რომ გადაეხედა. ასე მეუბნებოდა, ნეტავ არ ჩამეხედაო. იქაურობა სავსე იყო ბალღებით, ტიტლიკანა გოგო-ბიჭებით.  ზოგი დახოხავდა, ზოგი კიდევა ძლივს დადიოდა. ტიროდნენ, იცინოდნენ. თვალებიც მოუფშვნეტია, ხელზეც უკბენია, ხომ არა მესიზმრებაო. მერე კი ტოტების ლაწა-ლუწის ხმაც გაუგია და ი ს ი ნ ი დაუნახავს. აქ პაუზა გააკეთა და მერე უფრო დაბალ ხმაზე განაგრძო. – არცერთ ძველ ამბავში არავის მოუყოლია ჯერ მათზე. ვინაა, საიდან მოსულები, არ ვიცი. აგერ ოჩოპინტრე, ჭინკა, ეშმა, კოჭუკუღმართი მსმენია და მოუყოლიათ აქაურებს, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო ის რაც იქ გამოჩნდა. მაღალი გრძელი არსებები იყვნენ, ნაცრისფერი, თითქოს გამხმარ ხეებს ჰგვანდნენ, გრძელი ტოტებივით ხელები ეკიდათ და თმაც ფიჩხს უგავდათ. ერთი თვალი ჰქონდათ, ერთი პირი.  დიდი, მრგვალი ფუღუროსავით.  თითქოს ქარი ღმუისო ისეთ ხმას გამოსცემდნენ, მემრე კი მისულან ეს არსებები ამ ბავშვებთან და ზოგმა ძუძუ აწოვა, ზოგმა დააძინა და ასე გრძელდებოდა  მთელი ღამე. დილას როგორც კი ინათა,  ი ს ი ნ ი სადღაც წავიდნენ, ბავშვები დატოვეს. ზოგს უკვე ეძინა. ის სხვები რომ წასულან, ჩემი ქმარი ხიდან ჩამოსულა და ერთერთან მისულა. იქვე ბუჩქთან იჯდა და აიუა დაუძახა, რადგან ამას იმეორებდა გოგონა. სანამ ის მოიხედავდა, რამდენიმე მოზრდილი  ბავშვი  ღრიალით ეცა და ამხელა კაცი წააქციეს. გამწარებული მათ მოშორებას ცდილობდა.  ამასობაში კი მზეც კარგად ამოვიდა და რამდენიმე  მათგანი მაშინვე  ქვის ლოდად იქცა. ერთმა კი მაინც  მოასწრო ხორცის გამოგლეჯა.  სანამ გონს მოვიდოდა, ის ხორციჭამია ბალღიც გაქვავდა . წამომდგარა ჩემი ქმარი და გამოქცეულა, თან ხმამაღლა ლოცულობდა და პირჯვარს იწერდა.  მერე გახსენებია რომ თოფ-იარაღი იქ დარჩა და უკან დაბრუნდა. მუხის ძირში  ათიოდე შავი ლოდი  ეგდო. თვალს არ უჯერებდა, ისიც კი იფიქარა ნაძრახი ადგილი იყო და ეს ყველაფერი მოეჩვენა, ან ეშმაკებმა დასცადეს. აიღო თოფი და წამოსვლა დააპირა. ბუჩქებში რაღაც ხმა გაუგონია, ჯერ ყური არ უგდო მაგრამ მერე ის დაულანდავს – პატარა აიუა. იქვე ბარდებში ჩრდილში იყო შემალული. და იქიდან უყურებდა ცისფერი თავალებით, ვერ გაიმეტა იქ დასატოვებლად და წამოიყვანა. ასე მოხვდა აიუა ჩვენთან.  მესამე ღამეს, ჩვენ სახლთან ი ს ი ნ ი  მოვიდნენ.  მაშინ დაიწყო საქონელმა გაქრობა. ადამიანებიც იკარგებოდნენ.   არავინ იცოდა რა ხდებოდა, ჩვენ გარდა.  აიუა კი ყოველ ღამე ტიროდა  . ი ს ი ნ ი ც მოგროვდებოდნენ ჩვენ ეზო-კართან, ისმოდა ქარის ზუზუნის ხმა, სტვენა, პატარები არ მოდიოდნენ, მხოლოდ  დიდები. ხმელი ნაცრისფერი არსებები, უცნაური სტვენით  უხმობნენ  ჩემ შვილს. რომელიც მხოლოდ მათი ხმის გაგონებაზე წყნარდებოდა. დღე ჩვეულბრივი მშვიდი ბავშვი იყო, აი ღამე კი ჯოჯოხეთად გვიქცია ცხოვრება. მეზობლებსაც ესმოდათ აიუას კივილი. ჩვენ კი რამე უნდა მოგვეფიქრებინა. მე არავის დავუთმობდი  აიუას.

რაც გვებადა, ყველაფერი გავყიდეთ და სოფლისგან კარგა  მოშორებით, ეს სახლი ავაშენეთ, მას მერე აქ ვართ. ცოტა დამშვიდდა აიუა, ყოველღამ აღარ ტირის, უფრო და უფრო იშვიათად ითხოვს გაშვებას, ლაპარაკი დაიწყო. მომავალ წელს სოფელში გადავალთ,  მერე კი ქალაქში ჩავიყვანთ.  უფრო ზამთარში ჭირს, როგორც კი აცივდება,  ნოემბრიდან მარტის ბოლომდე  ყოველ ღამე მოდიან ი ს ი ნ ი და ეძახიან აიუას. ზაფხულობით კი მარტო სავსე მთავრეზე.  აი, ხვალ მზის შუქზე ნახავთ,  რა სხვანარი და კარგი გოგოა.

სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, ისევ გააიღო აიუას ოთახის კარი და ბავშვი გამოვარდა. სწრაფად მიირბინა შემოსასვლელ კართან და იმსიმძიმე სკამი ხელის ერთი მოძრაობით გვერდზე გადააგდო. მერე   წაქცეულ სკამზე შედგა და ზემოთა ურდულის გაღებას შეეცადა. დედამისიც თვალისდახამხამებაში გაჩნდა კართან და წელზე მოხვია ხელი. მეც მივვარდი და ძლივს გამოვათრიეთ. აიუა კიოდა, ხელ-ფეხს იქნევდა. როგორღაც გამოვიყვანეთ ბავშვი დიდი ოთახში,  ცეცხლთან.  დედამისმა კვლავ დამშვიდება დაუწყო. აიუას სახეს  დავაკვირდი.  საშინელი ტანჯვა  ეხატა, რაღაც დიდი და აუხსნელი ტკივილი. დედობილიც იტანჯებოდა შვილის შემხედვარე და ისიც უხმოდ ტიროდა. ამ ორის საცოდაობისთვის რომ არ მეყურებინა, ზურგით შევბრუნდი და ღრმად დავიწყე სუნთქვა. ხმაურზე ნიკო ჩამოვიდა, მაგრამ რომ გაიგო ბავშვი ტიროდა, დამშვიდდა, ერთი კი მკითხა,  მე რატომ არ ვიძინებდი, მერე მხრები აიჩეჩა და თვალი ჩამიკრა.  საათს დავხედე – სამი ხდებოდა. კიდევ ოთხი- ხუთი საათი და გათენდება ეს  წყეული ღამე.   ამასობაში დედამისმა  აიუა კვლავ იმ ოთახში გაიყვანა , იქიდან მესმოდა სტვენის ხმა. უკან გამობრუნებული ქალი ერთიანად კანკალებდა. ბუხარს შევუკეთე.

მერე სიჩუმემ დაისადგურა, ქალის მშვიდი და თანაბარი სუნთქვა შემომესმა, როგორც ჩანს, ჩაეძინა. მეც ვეცადე ჩათვლემას, რაღაცამ შემაკრთო, ცალი თვალი გავახილე და საათს დავხედე. ხუთის ნახევარი ხდებოდა, ქალს ეძინა, შეშა ჩამწვარიყო. ფრთხილად ავდექი და ერთი-ორი ნაპობი შევაგდე.  იქვე დაგდებული პლედი ავიღე და მძინარე ქალს გადავახურე. არ გაღვიძებია, ოდნავ შეიშმუშნა და გააგრძელა ძილი. მეც სკამზე მოვიკალათე და  ჭრიალის ხმა მომესმა. მივიხედე – აიუა იყო. წამებში  ჩემთან გაჩნდა. მშვიდად შემომხედა თავისი დიდი, მომნუსხავი  ცივი თვალებით, მერე კი გამიღიმა. მეც ღიმილითვე ვუპასუხე. მერე ავდექი და ფეხაკრეფით წავედი. ყველა გადარაზული ურდული უხმაუროდ ავხსენი და კარი  ფართოდ გავუღე. აიუა სწრაფი ნაბიჯით გაემართა, გზად პერანგი  გადაიძრო და დედიშობილა  სიბნელეში გაუჩინარდა. ამ დროს ქარბუქმა მთელი ძალით დაბერა და ოთახში ქარის ღმუილი და თოვლის კორიანტელი შემოიჭრა. ხმაურზე ქალი წამოხტა, შეჰკივლა – შვილოო!  და ისიც გარეთ გავარდა. მშვიდად მივხურე კარი, პლედი ავიღე და მე მოვიფარე.  მეღიმებოდა. ცხადად წარმოვიდგინე ის სიხარული, რასაც აიუა განიცდიდა თავისიანების ნახვით.

რატომ გავუღე კარი? მე თავის დროზე არავინ გამიღო, როცა ვითხოვდი.

 

 

 

 

 

 

1 2