ციოდა. თოვლზე  სიარულისას ფეხდაუდგმელი ყინულის აპკი ხმაურიანად  ტყდებოდა, სამნი ვიყავით. ერთ-ერთი გოგია იყო, რომლის სიმამარმაც მიგვასწვალა – ამ ადგილებში კარგა მოსუქებული ტახის ნატარიაო. დეკემბერია, ნახევარი დღე ვიარეთ ჯაგებში, ხევ-ხევ, სულიერი არ შეგვხვედრია. ძაღლები კი მხნედ დარბოდნენ. ჩვენ  შიშველი ხეები და უკაცრიელი ტყე გვიტყუებდა, აი ცოტაც … აი ის ქედიც და….. ხელცარიელი  არ მინდოდა დაბრუნება.

სადღაც შილდისკენ ვიყავით. ადრე ამ სიშორეზე  არასდროს წავსულვართ,თავიდან  ძაღლების ყეფა ისმოდა , მალე ისინიც მიჩუმდნენ და მყუდროებას აღარაფერი არღვევდა. იშვიათად  ჩვენი ფეხის ხმა, გადალაპარაკებები  და ღრმა თოვლში ჩაფლობისას წამოცდნილი გინება.

ამასობაში ამინდი გაფუჭდა და მოიქუფრა. გავაცნობიერე რომ დავიკარგეთ, გულიანად შევიგინე. საათს დავხედე, სწორად რომ გვევლო, წესით უკვე მანქანებთან უნდა ვყოფილიყავით, ირგვლივ კი უცნობი ადგილებია, გაუვლელი ხევები, ცივი ქარი. ბინდდებოდა, ძაღლები დაიღალნენ, მოშივდათ, შესცივდათ, საცოდავად მოგვყვებოდნენ უკან.

უცებ გოგიამ სიხარულით შეყვირა და ხელი წინ გაიშვირა. ყურადღებით გავაყოლეთ მის ხელს თვალი და შორს მოციმციმე სინათლის წერტილი დავინახეთ. შვებით ამოვისუნთქე. სამივენი მხნედ დავუყევით დაღმართს.

თითქმის ბნელოდა,  სახლამდე რომ მივაღწიეთ. ვიძახეთ მაგრამ ამ ქარში  ვის რას გავაგონებდით. დიდი რკინის კარი  გაჭირვებით შევაღეთ, ეზოდან არც ძაღლს შემოუყეფია, არც ვინმე გამოჩენილა. რომ არა  ფანჯრებიდან გამომავალი სინათლე, ვიფიქრებდი რომ მიტოვებული სახლია.  კართან მივედი და დავაბრახუნე. კარი გაგვიღეს. ქალი იყო. საშუალო ტანის, ხნიერი, კალთის უკან პატარა გოგონა ჰყავდა ამოფარებული. მოკლედ ავუხსენი მდგომარეობა და ისიც, რომ ჩემს გარდა კიდევ ორნი იყვნენ. ქალმა თითქოს შვებით ამოისუნთქაო და სახლში შემოგვიპატიჟა. მე ბიჭებს დაველოდე, როცა ისინიც ამოვიდნენ კიბეზე ,  მერე შევედით.

გავიხადეთ, იქვე დავკიდეთ ცივი და სველი ბუშლატები.მერე დიდ ოთახში შევაბიჯე. იქაურობა  ყურადღებით მოვათვალიერე.  კედლებზე ფიტულები, დიდეშვიანი ტახის თავი.  თავის დროზე,  ვინძლო, სამას კილოზე მეტს იწონიდა.  მზერაგაყინული და ფრთაგაშლილი არწივი. მელიის გამოყვანილი ტყავი, ძველებური, დაღესტნური ხანჯალი. ფრანგული ხმალი, ტყავგადაკრული ვერცხლის არშიებიანი თუშური ფარი. კარგად გავერთე მათ თვალიერება – შესწავლაში.   ოთახში  რამდენიმე ადგილას  ნავთის პატარა ლამპა  ენთო, ხოლო  დიდი ლამპა – მაგიდაზე .  ფანჯრის რაფებზე ჭრაქი ხრჩოლავდა, ბუხარი გუზგუზებდა.ოჯახის უფროსი  არ ჩანდა, დიასახლისი სუფრას შლიდა.  მივხვდი,  დავღლილვარ-მეთქი,  მშიოდა.

როგორც ქალის ლაპარაკიდან გავიგეთ მისი ქმარი თელავში იყო წასული. ამაღამ უნდა ჩამოსულიყო, დიდი თოვლი თუ დადოო და ვერ ჩამოვიდა.

-ის არასდროს გვტოვებს მარტო. თუ არა და ჩვენც მივყევართ. რომ იცოდეთ როგორ გამიხარდა რომ გამოჩნდით, ოთხი წელია რაც აქ ვართ და მაინც  ვერ შევჩვიე აქაურობას. თითქოს თავს იმართლებდა სიხარულის გამო. მალე სუფრასთან მოგვიწვია, ჩვენც დიდი თავპატიჟი არ გამოგვიდია. მისწრება იყო ცხელი,  ხორციანი წვნიანი. მოგვიბოდიშა, რომ სასმელი არ ჰქონდა. მართალია ჩემი მათარა სავსე იყო ჭაჭით, მაგრამ მომერიდა უცხო, უკაცო ოჯახში თუნდაც ჭერის დალოცვის მიზნით დალევა. რომ არა ეს სახლი, ალბათ ამაღამ ტყეში მოგვიწევდა გათენება და ვინ იცის, რა გველოდა.

ერთი უცნაურობა შევნიშნე,  დიასახლისის გოგონა, ძალიან ლამაზი ბავშვი იყო.  უცხო, დახვეწილი სახე ჰქონდა,  მაღალი შუბლით და ცისფერი თვალებით, ოღონდ რაღაცნაირი ყინულისფერი ცისფერი თვალებით, რომელიც გათვალიერებდა მშვიდად, დაკვირვებით. პირველად ვნახე ასეთი ლამაზი, მართლა არამიწიერი მშვენიერების ბავშვი.  ასაკით ქალი ბებიად უფრო ეკუთვნოდა ვიდრე დედად. კითხვა – დაზუსტებაც  მომერიდა, ბავშვი კი არაფერს ეძახდა. უცნაურად მომეჩვენა ის, რომ როგორც კი შევედით, პატარამ ხელები გამოგვიწოდა, მაგრამ არ ჩამოგვართვა.  ჩვენს ცივ ქურთუკებს მიადო და თვალები დახუჭა. მერე, როგორც კი დრო იხელთა, შემოსასვლელ კართან  გაწვა და მცირე ღრიჭოდან გარეთ იყურებოდა. ვიფიქრე მამას ან ბაბუას  ელოდებოდა. მაგრამ ფანჯარაც ხომ იყო. იქ არ დამდგარა. რამდენჯერმე წამოაყენა დიასახლისმა, მაგრამ გოგონა ჯიუტად მიდიდოდა და კვლავ კარის ღრიჭოსთან წვებოდა. ხმას არ იღებდა, ჩვენც გვერიდებოდა. ვივახშმეთ, ცოტა ხანი ვისაუბრეთ. ჩვენ- ქალაქის ამბები მოვყევით, ცოტა პოლიტიკაზე ვილაპარაკეთ, ცოტა ჩამოგდებულ პრეზიდენტზე.  გავიგეთ სად იყო გზა.  სახლიდან ხელმარცხნივ  სადენებჩაჭრილ ბოძებს უნდა გავყოლოდით, მერე კი ხევზე გადავსულიყავით. მომეშვა, სადღაც უფრო შორს რომ არ აღვმოჩდით.

ათი  ხდებოდა, ნიკო და გოგია რომ დასძინებლად ავიდნენ. მე ვერ ვიძინებდი, იქ დავრჩი. ქალმა ხის დარაბები მჭიდროდ დახურა, ფარდაც გადააფარა, თუმცა ფანჯრის რაფიდან ჭრაქი არ აუღია. მერე კარი  რამდენიმე ურდულით გადარაზა და მძიმე  სკამიც მიადო. უცნაურად მეჩვენა. რას უფრთხოდა,  ვის? არ ვიცი. სამი კბილებმდე შეიარაღებული მონადირე ვიყავით. დრო კი იყო ცუდი, საშიში, მაგრამ ასეთ ამინდში მგელიც არ მოგვადგებოდა,  არამც თუ ადამიანი.

ბუხრიან ოთახში ორნი დავრჩით. ქალმა საქსოვი დაზგა გამოიტანა  და ფარდაგის ქსოვა დაიწყო. მივხვდი, დაძინებას არც  ის აპირებდა. მეუხერხულა, ვინ იცის, ჩემს გამო არ წვება-თქო და მოვუბოდიშე.  თუ არ შეწუხდებოდა, გვიან დავიძინებდი, მაგრამ თუ წუხდებოდა, მეც ავიდოდი ზემოთ.

-არა იყავით, პირიქით. ამაღამ გათენება მომიწევს და გამომლაპარაკებელი მაინც მეყოლება. სულ ასე ხდება, როცა ქარბუქია.  აიუას გამო…

– აიუა? გავიოცე,

-ჰო, ჩემი ქალიშვილია, გოგონა.

ქალიშვილის გაგონებაზე კიდევ ერთხელ შევათვალიერე ქალი. ორმოცდაათს გადაშორებული  იქნებოდა. დროის კვალი  უკვე შეპარვოდა,  ტუჩის კუთხეებთან  და თვალებთან.  დაბალი იყო და ტანსრული, შავი თვლები ჰქონდა. არანაირად არ ჰგავდა ბავშვი დედას, შეიძლება, მამას ჰგავდა.

-აა უკაცრავად , სახელი არც მიკითხავს. უცხო, არაქართული სახელი აქვს.

– ჩემაა ქმარმა დაარქვა.  ორი წლის არ იყო როცა მოიყვანა, თურმე   ასე ტიროდა,  -აიუა აიუა. ხო და მოეწონა ეს სახელი.  მე ნინოს ვეძახი, მაგრამ მხოლოდ აიუაზე იხედება.

– რამდენი წლისაა? მინდა გითხრათ რომ უალამაზესი გოგონაა

–  მალე ხუთის გახდება. კიდევ ორი ზამთარიც და მერე ქალაქში გადავალთ. – ამოისუნთქა ქალმა შვებით.

-ჰო,  ძნელია აქ მარტოობაში, მგონი არც მეზობლები გყავთ ხო?

-არა, მხოლოდ მე ჩემი ქმარი და აიუა ვცხოვრობთ.

ქალის ლაპარკიდან მივხვდი რომ ბავშვი ნაშვილები იყო. რაღაცნაირი გრძნობა ამყვა. მომინდა მეთქვა, როცა გაიზრდებოდა, ამის შესახებ აუცილებლად მოეყოლათ. მეც ნაშვილები ვიყავი, თუმცა  ჩემი მშობლები ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან,  ამის შესახებ არაფერი უთქვამთ.  ერთხელ, თორმეტი წლისამ მეზობლის ქალს მსხალპანტა მოვპარე.  დამინახა და სახრით გამომეკიდა. ხოდა  მაშინ მომაძახა – უჯიშოს ნაშიერი ხარ და უჯიშოდ დარჩებიო.  გული ჩამეთუთქა ამ სიტყვების გაგონებაზე. შევდექი და ქალისკენ წავედი, პერანგში დაგროვილი ოციოდე პანტამსხალი მის ფეხებთან დავყარე და ვთხოვე გამეორებინა რაც მითხრა. ქალი კიდევ გაცხარებული იყო, მაგრამ საცემრად არ წამოწეულა, გამიმეორა რომ აყვანილი ვაყავდი მშობლებს. ტყეში დაგდებული  მიპოვეს. მაშინ  კი დავკარი ფეხი და გავიქეცი. სად გავრბოდი, არ ვიცი. გონს რომ მოვედი, ტყის პირას ვიდექი.  ცოტა ხანი დავყოვნდი,  სულს ვითქვამდი, მერე დავმშვიდდი. სახლში შებინდებულზე დავბრუნდი, დედაჩემს  უკვე აწრიალებული ჰყავდა მთელი სოფელი,  ყველა მე მეძებდა. რომ დამინახეს, დედამ ტირილი დაიწყო. ჯერ ჩამიხუტა, მკოცნა, მერე კი გამწარებულმა მომცხო და მომცხო. არაფერი მითქვამს, რატომ და სად ვიყავი, არც ის რომ,  ჩემ შესახებ უკვე ვიცოდი სიმართლე.

გარეთ ქარბუქი ღმუოდა. ძაღლებს საკუჭნაოში ეძინათ, თუმცა ასე თორმეტის მერე აწკმუტუნდნენ  და აწრიალდნენ. მილა ფეხებთან მომეკუნტა.  ქალს გავხედე, თავი დამიქნია, მეც აღარ დამიშლია ძაღლისთვის აქ ყოფნა., ისე კი გამიკვირდა, ამ მიუსავლეთში, თავად რომ არ ჰყვდათ ძაღლი.   ის ის  იყო ჩამთვლიმა კიდეც, კარის ჭრიალმა გამომაფხიზლა, შევკრთი. ოთახიდან აიუა გამოვიდა, გრძელი ცისფერი ღამის პერანგი ეცვა , ფეხშიშველი იყო. ჩემთვის ზედ არ შემოუხედავს, დაადო თავი და შემოსასვლელი კარისკენ წავიდა. იქ კიდევ, ჯერ კარზე მიდებულ სკამს დასწვდა და ხმაურით გასწია, მერე საკეტს დაუწყო ჯაჯგური, ზემოთა საკეტს  ვერ წვდებოდა. ქალი -რომლის სახელი მართლა არ მახსოვს, მივარდა ბავშვს და კარს გამოაცილა.. გოგონა აყვირდა, ხელს იშვერდა და ცდილობდა დედას როგორმე ხელიდან დასხლტომოდა. თუ  აქამდე მუნჯი მეგონა ან ცოდვას ვიტყვი და, უნარშეზღუდული, ახლა ჩვეულბრივად დაილაპარაკა,

-დედავ, გამიშვი იქ, ჩემებთან, მეძახიან, მიხმობენ.. – და ისე  მწარედ ამოიგმინა, გულ-მუცელი ჩამეწვა.

ქალს კიდევ  ბავშვისთვის წელზე ჰქონდა ხელი შემოხვეული და ცდილობდა უკან ბუხრიან ოთახში შემოეყვანა, აიუა არ ნებდებოდა, ჯერ დაბნეული ვუყურებდი ამ სცენას, ვერ გადამეწყვიტა- უნდა ჩავრეულიყავი თუ არა. ქალის ყვირილმა გამომაფხიზლა, მიხმობდა.

  • მიშველეთ! დაიჭირეთ! გარეთ არ გავიდეს…

წამოვხტი და ბავშვი დავიჭირე, გავოგნდი !! რა ძალა ჰქონდა ამ პატარა არსებას. ამხელა კაცი ძლივს ვერეოდი, გავეშებული იწევდა. ან რა უნდოდა, ან ვინ ეძახდა ამ ყინვაში, ამ ქარბუქსა და ბნელეთში, ვერ ვხვდებოდი.  ქალმა ახლა მძიმე სავარძელი გამოათრია ოთახიდან და ის მიადგა კარს. მერე ბავშვთან  მივიდა და და გულში ჩაიკრა

– აიუა , დამშვიდდი ნუ უსმენ იმათ, არ გინდა, მე მომისმინე

 

1 2