რადიოპიესა  ერთი შემსრულებლისთვის

 პიესა ეძღვნება მერაბ მამარდაშვილს

 

აეროპორტი. ხმების  ქაოსია.

 

1.

რატომ მგონია,რომ ყველაფერი ახლა იწყება?  (პაუზა)   თითქოს, თავიდან დავიბადე! ( პაუზა)  უცნაურად მიცემს გული. (პაუზა)   ჩასვლის შიში მაქვს?   იქ  ხომ აღარაფერი დამრჩა, მოგონებების გარდა თუ ვცდები?…………………….ცხოვრების ამგვარი შეგრძნება კი ნამდვილად ფასეულია…… როცა იცი, რა გინდა და რატომ გინდა.     კანონის ტოლია ცხოვრება, მე ასე მესმის. ვიღაც ამ კანონს არღვევს, ვიღაცას კი, რბილად რომ ვთქვათ, ერღვევინება…………………………………….  მე ხომ ვგრძნობ, ცოცხალი არაცოცხლისგან  რითი განსხვავდება!…………………………………………………  მიუხედავად იმისა,რომ ეს  ინტუიციური განმარტებაა, მე მაინც მგონია, რომ ცოცხალს ყოველთვის შეუძლია რაღაც სხვა. მკვდარი კი სტატიკაა. მკვდარი  არჩევანის შეუძლებლობის  პროექციაა და მეტი არაფერი……………………………………………………………………………………………………………………

თბილისში ახლა სტაგნაციაა, მორალურ-ზნეობრივი სტაგნაცია.  როგორ ვამბობდი?  ჰო,  აზროვნების გაშეშება. ახლაც კარგად მახსოვს, როგორ მიღრენდნენ იმ საბედისწერო დღეს, იმ  საბედისწერო, თუმცა ფუნქციურად  აუცილებელი და გასაცნობიერებელი  ფრაზის წარმოთქმის მერე, ჭეშმარიტების შესახებ…………………………………………………………………………………………………………………………….

გვინდა თავისუფლება, მაგრამ ამით არაფერი სრულდება……… თვითგამორკვევის პროცესი ჯერ არ დაწყებულა…………………………………………………………………………….. ჯერ ისევ ბნელა.  ჯერ უნდა გაიგო, ცნების დონეზე მაინც რა არის თავისუფლება. გაგება უნდა მოხდეს, ხოლო რომ მოხდეს, უნდა გაგაჩნდეს სათანადო კაპიტალი, ე.ი. შინაგანი დაჩრდილვის და ბნელში წამების გამოცდილება………………………………….  ასეა, ხომ?   სად არის მერე ეს კაპიტალი?  საად?  ან მე სად ვარ? ………………………………………………………………………………..  ერთგან ვამბობდი და მგონი  სამართლიანადაც,  საჭიროა შეხედო თავს სარკეში და გული აგერიოს საკუთარი ხატის შემხედვარეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რაიმე გაიგო………………………………………………  მე კი მწყინს, რომ გაგების ეს აქტი ჯერ ვერ აღსრულდა და სამწუხაროდ, ვერც უახლოეს მომავალში აღსრულდება, ამას დრო ჭირდება, მაგრამ  აი, იქ  დარჩენილი  ეგზალტირებული მედროშეები,  დამოუკიდებელი ქვეყნის შენების ილუზიით  საკუთარ  კუზებს წამებულის მანტიის ქვეშ  რომ მალავენ, ხოლო რქებს კი შარავანდედის  სიკაშკაშის ფონზე, შეიძლება ითქვას, სწორედ ამ    ილუზორული  გამოთაყვანების  გამო არიან  არა ანტიპოდები, არამედ  ტოტალიტარიზმის მესვეურთა სიამის ტყუპები, რაც  არაცნობიერ დონეზე ხორციელდება………………………………………………………………………………………………………………………………..რომელი საათია??  ჰმ.   ჯერ დრო მაქვს……………………………………………..  ასე მგონია, უხილავ აუდიტორიას ვესაუბრები.  ლამის დიქტოფონი ამოვიღო……………………….. ( იცინის)ახლა რატომღაც  ჯონსონის ფრაზა გამახსენდა: პატრიოტიზმზე რომ  თქვა, ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარიაო………………………………… განა ვინაა გამსახურდია? იგი ხომ არც საქართველოს წარმოადგენს და არც რაციონალურად მოაზროვნე ოპოზიციას. იგი პრიმიტიული აგრესიული  ნაციონალიზმის წარმომადგენელია………………………………………………, დიდ  პარადოქსთან გვაქვს საქმე.  ჰელსინკის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის წევრია, თუმცა დაუშვებელ მეთოდებს იყენებს  განსხვავებული აზრის მქონე  სუბიექტების წინააღმდეგ.  მისთვის მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება არსებობს და ესაა საქართველო, ოღონდ არა cogito ergo sum-ის გავლით, არამედ  ლოზუნგების დონეზე…  მას საქართველო კი არა საქართველოს სიყვარული უყვარს. ეს კი  უბრალო ფსიქო-ფიზიოლოგიური იმპულსებია…………………………………………………………    მეშინია…   მუჭში  მომწყვდეული  წიწილასავით მიცემს გული…………………………. (პაუზა)  70 წლიანი ტოტალიტარული გამოცდილების შედეგად მივიღეთ  ტრავმირებული   საზოგადოება და ეს არ არის ყველაზე მთავარი. თუ ჩვენ გვინდა, და მე დარწმუნებული ვარ რომ გვინდა,  სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, საჭიროა………………………………………………………………………………………………………………………………..(პაუზა)……………………………………………………………………………………………………………………….  რატომ აიმღვრა საგნები ჩემს ირგვლივ?  სად ვარ?  აი, ტაბლო, რომელიც  ამორფულია. აი, გადღაბნილსახიანი ადამიანები . ყველაფერი თავის კონტურს, თავის თავს კარგავს. საგნები ტოვებენ თავიანთ მნიშვნელობებს……………………………………………………………………….  დამშვიდდი, შენ მარტო არ ხარ. ცნობიერება მარადიული აწმყოა, ცნობიერება მარადიული აწმყოა, ცნობიერება მარადიული აწმყოა……………………………………………………………..  ……………………………………………………………..  ( ნერვიულად იცინის)  რა სასაცილო ვიქნები, მოსკოვის აეროპორტი ჩემ ვატერლოოდ რომ იქცეს, თუმცა ამ,  კლინიკური თვალსაზრისით ეგზალტირებულ,  ეპოქაში ეგ ალბათობაც დასაშვებია.   პარადოქსების უსასრულობა  ცხოვრების სასრულობის ფონზე  შემაშფოთებლად და საგანგაშოდ  ყოვლისმომცველია, შავი ჭირის ეპიდემიასავით……………………………………………………………………………………………………………………..  აზრი გამიწყდა. რას ვამბობდი?  გაიხსენე, ნუ ჩქარობ, არსად გეჩქარება…………………………………………………. თუ ჩვენ გვინდა, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება… (  დუმილი)  თუ ჩვენ გვინდასამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, საჭიროა…. ( დუმილი) საჭიროა… ( დუმილი) საჭიროა იძულებით თავსმოხვეული მონონაციონალიზმის მსხვრევა. ( იმეორებს. თითქოს სიტყვებს აგემოვნებს)  ჰო, იძულებით თავსმოხვეული მონონაციონალიზმის  მსხვრევა…………………………………………………………………………….. შესაბამისად,  სამოქალაქო საზოგადოებაში განსხვავებულობის და მრავალფეროვნების  რეალური პრეცედენტი  ადასტურებს სწორედ თავისუფლების საჭიროებას………………………………………………..

(პაუზა)

………………………………………………………………………………………………………………………………

 

 

 

1 2