Midsommar/მიდსომარი

იქიდან გამომდინრე, რომ ჰორორი უკვე ათეული წლებია საკმაოდ პრობლემურ ჟანრად გარდაიქმნა, რომელშიც ძირითადად საინტერესო არაფერი ხდება და მხოლოდ პრიმიტიული და ბანალური სიუჟტის თუ ვიზუალური სტილის დემონსტრირებას ვაწყდებით, ყოველ ჯერზე, როდესაც ამ ჟანრში რაღაც საინტერესო და ამაღელვებელი ხდება, განსაკუთრებულ ვნებათაღელვას იწყებს ხოლმე. მიდსომარი შთამბეჭდავი საშინელებათა ფილმია, დასამსახსოვრებელი სცენებით, პერსონაჟბის ფსიქოლოგიის კომპლექსური აღწერით, შემაძრწუნებელი ატმოსფეროთი, მოკლედ, ყველა იმ აუცილებელი ნიუანსით, რაც თანამედროვე ჰორორ ფილმებში უდიდეს დეფიციტს წარმოადგენს. ამ ყველაფერს ემატება დამაჯერებელი სამსახიობო შესრულება და მახვილგონივრული პოლიტიკური ალუზიები მულტიკულტურალიზმზე და კულტურის ექსპროპრიაციაზე და შედეგად ვიღებთ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო საშინელებათა ფილმს.

Once Upon a Time in Hollywood/ერთხელ ჰოლივუდში

ტარანტინო თავის ახალ ფილმში, მრავალ მნიშვნელოვან აქცენტს სვამს და სხვადასხვა კულტურულ და სოციალურ თემას ეხება, დაწყებული კლასობრივი ურთიერთობებით, დამთავრებული ჰოლივუდური ცხოვრების სტილის ეთიკით, მაგრამ ყველაზე მკაფიოდ რასაც უპირისპირდება რეჟისორი, ჰიპების კომუნაა, იგივე „ბეიბი ბუმერების“ თაობა, რომლებიც იბრძოდნენ ამ კვლავწარმოებადი და მითოლოგიური (ქართული ცნობიერისათვისაც უკვე კარგადნაცნობი„მეტი თავისუფლებისთვის“, შემდეგ კი, როდესაც გაიზარდნენ, უოლ სტრისის ბირჟაზე, მსხვილ კორპორაციებსა და საბანკო სექტორში გადაინაცვლეს, ტოპ მენეჯმენტში დაიმკვიდრეს ადგილი და პოლიტიკური ისტებლიშმენტისკულტივირებული ნეოკლასიკური ეკონომიკა გააფეტიშეს, ნაკლები გადასახადებით, საბანკო დერეგულაციითა და კორპორაციული ინტერესების დასაქმებულ ადამიანებზე წინ დაყენებით; სწორედ ის ეკონომიკური მოდელი,რომლის კრიზისმაც 2008 წელს ახალი დიდი დეპრესია მოიტანა და რომლის მიერ მიყენებულ ტრავმებსაც დღემდე იშუშებს მთელი მსოფლიო. ზემოთხსენებული დიალექტიკა, რომელსაც რეჟისორი გვთავაზობს, ჰიპების ჰიპოკრიტებად ტრანსფორმაცის შედეგად საზოგადოებაში კომუნალურობის სტიგმატიზაცია და ეგოისტური მორალის კულტივირება, ისეთივე ტრაგედიად აქვს პოზიციონირებული, როგორც ნაციზმი. იმის გარდა, რომ ფილმი სატრფიალო პოემაა ძველ ჰოლივუდზე, ის პირველ რიგში ნოსტალგიაა იმ ამერიკაზე (1920-1960-იანი წლების პერიოდზე), როდესაც კორპორაციების მიმართ არსებობდა მოლოდინი, რომ ისინი დასაქმებულებზე და საკუთარ კომუნაზე იზრუნებდნენ, სადაც მოქალაქეებს გააჩნდათ ნარატივი, რომ შრომა საკუთარი ქვეყნისთვის წარმოებდა და არა ინდივიდუალური კეთილდღეობისათვის, როდესაც მდიდრებს გადასახადებს არ უმცირებდნენ, მშრომელებს კარგად უხდიდნენ, საშუალო ფენა შენდებოდა, ამერიკა კი რენესანსს განიცდიდა. ტარანტინო ქმნის ალტერნატიულ ისტორიას, სადაც ნოსტალგიის პრიზმიდან იხსენებს იმ ღირებულებებს, რომელიც ადამიანურ კავშირებში ითარგმნება და არა ვალუტაში. მოკლედ, თუ ჯერ კიდევ ვინმეს არ გინახავთ,  აუცილებლად  ნახეთ,  როგორი  სიყვარულით  გადმოსცემს  ტარანტინო  იმ ფაქტს,  რომ ოდესღაც,  ლოს ანჯელესიც “იყო ურთიერთობა”.

 

 

1 2 3 4 5