Marriage Story/ქორწინების ისტორია

პირველად რომ ვნახე „ქორწინების ისტორია“, ყველაზე მეტად მონტაჟით და მუსიკით მოვიხიბლე, მეორედ მხოლოდ იმის გამო ჩავრთე, რომ მონტაჟის სპეციფიკას დავკვირვებოდი, მაგრამ მთელი ყურადღება იმან წაიღო თუ როგორ წარმოაჩენს რეჟისორი ურთიერთობის ჩამოშლის მთავარ პრობლემას. დასაწყისში ვიგებთ, რომ ურთიერთობა თანამშრომლობით დაიწყო, როგორც კარიერული, ისე ემოციური კუთხით. თუმცა იმ ეტაპზე, როდესაც უკვე პერსონაჟებს ვეცნობით, მათი ურთიერთობა კონკურენციის მდგომარეობაში ფუნქციონირებს; მათ შორის შეჯიბრის, ინდივიდუალური წარმატების მოპოვების მიზნები იკვეთება, იქნება ეს საცხოვრებელი ქალაქი თუ პირადი კარიერული მიზნები, მოგვიანებით კი უკვე ბავშვის მეურვეობა. კონკურენციულ გარემოში იქმნება გამარჯვებულის და დამარცხებულის დიქოტომია, შესაბამისად, ურთიერთობა, სადაც ურთიერთკონკურენცია ჩნდება, ხდება ნარცისისტული, ეგოზე დამოკიდებული, კარგავს ერთიანობას და წყვეტს ფუნქციონირებას, რადგან ოჯახი საერთო წარმატების სივრცეა, თანამშრომლობის და არა კონკურენციის. ნოა ბაუმბახის ფილმი თვალისმომჭრელი ლირიულობით გვიყვება სიყვარულის/ოჯახის ჩამოშლის ისტორიას, მაქსიმალურად რეალისტური ემოციური დიაპაზონის წარმოჩენით და პერსონაჟბს შორის საოცრად ზუსტი და დამაჯერებელი მოტივაციების შექმნით.

The Irishman/ირლანდიელი

სკორსეზეს „ირლანდიელი“, გარდა იმისა, რომ ეპიკური განგსტერული საგაა, ამასთან ერთგვარი ნოსტალგიაა ძველ დროებაზე, იმ სოციალურ კოდებზე და ღირებულებით სისტემებზე, რომელიც ჟამთასვლამ იმსხვერპლა. ფილმში დროის მიმდინარეობასთან და ახალი, ახალგაზრდა პერსონაჟების შემომატებასთან ერთად, ყველაფერი სულ უფრო ბრუტალური და ამორალური ხდება, კადრში განათება და ფერთა პალიტრაც კი ხუნდება. „ირლანდიელი“ მრავალ ისტორიას გვიყვება, სიკვდილთან შეგუების, ეთიკური ღერძის დაკარგვის, მშრომელთა კლასის ექსპლუატაციის, თანამედროვე ამერიკის დაბადების, თუმცა ერთი სცენა განსაკუთრებით დამამახსოვრდა, რომელშიც მთავარი პერსონაჟი მეორე მსოფლიო ომში გერმანელი ტყვეების დახვრეტის ფაქტს იხსენებს – როგორ თავდაუზოგავად და გამალებით თხრიდნენ ტყვეები საკუთარ საფლავებს – და კითხვას სვამს, ნეტავ რატომ აკეთებდნენ ამას, ალბათ ეგონათ, რომ თუ კარგად შეასრულებდნენ სამუშაოს, ტყვიის ნაცვლად ჯილდოს მიიღებდნენო, რაც იდეალური მეტაფორაა ნეოლიბერალიზმის თუ კაპიტალიზმის იმ ფორმის, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რომელიც გვიქმნის ილუზიას, რომ თუ საკმარისად ბევრს გავირჯებით, ჯილდოს მივიღებთ (თუმცა გაწეული მძიმე შრომის შედეგი უმეტესწილად მხოლოდ იმედგაცრუებაა), რომ სინამდვილეში კაპიტალისტური ეკონომიკა ჩვენსკენ მოშვერილი იარაღია, რომელიც მისთვის სასარგებლო რესურსის გამოწურვის შემდეგ, მხოლოდ სამარეს გვთავაზობს, ყოველგვარი კომპენსაციის და ნუგეშის გარეშე. თუ „ნათლია“ განგსტერული ფილმია ამერიკულ კაპიტალიზმზე, „ირლანდიელი“ განგსტერული ფილმია მკაფიო პარალელებით კაპიტალიზმის ბუნებაზე, რომელიც ყველა სიმყარეს და ღირებულებას, მათ შორის სოციალურ სიკეთეებსაც (ჰოფა), ინდივიდუალურ მოგებაზე ორიენტირებულს ხდის.

ფილმის შემდეგ, სკორსეზეს ინტერვიუები ვნახე, სადაც საუბრობს იმაზე, რომ არცერთი მსხვილი კინოსტუდია არ უფინანსებდა პროექტს და ბოლოს ნეტფლიქსის იმედადღა მოუწია დარჩენა, რაც თავისთავად კატასტროფული მოცემულობაა და კიდევ უფრო ამყარებს მის მოსაზრებას, რომ მეინსტიმულ კინოში ძირითადად არა ფილმებს, არამედ გასართობ პარკებს ქმნიან.

 

 

 

1 2 3 4 5