საპრეზიდენტო კამპანია რუსეთში

საარჩევნო კამპანია რუსეთში აქტიურ ფაზაში შევიდა. დასრულდა კანდიდატების რეგისტრაციისთვის დოკუმენტების მიღება, მოხდა ვლადიმერ პუტინის საარჩევნო შტაბის ფორმირება. მან პირველმა შეაგროვა რეგისტრაციისთვის აუცილებელი ხელმოწერათა რაოდენობა. კამპანიის ერთ-ერთი ინტრიგა არა მონაწილეებს შორის კონკურენცია, არამედ ხელისუფლების და არასისტემური ოპოზიციის დაპირისპირებაა, რომელსაც ალექსეი ნავალნი წარმოადგენს და რომელსაც რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. ნავალნიმ „ამომრჩეველთა გაფიცვა“ დააანონსა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ელა პამფილოვას განცხადებით, დოკუმენტაცია რუსეთისთვის სარეკორდო 64-მა ადამიანმა წარადგინა. დიდ კუნკურენციაზე ისაუბრა ვლადიმერ პუტინმა 11 იანვარს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. რეალურად, არანაირი სურპრიზი არ ყოფილა: ახალი, მოულოდნელი კანდიდატები რეგისტრაციის პროცედურამ არ გამოავლინა.

 

ნავალნის ფაქტორი

წლის ბოლოს მთავარ სიახლედ იქცა ცესკოს მიერ ნავალნისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმა, რაც მოსალოდნელი იყო. თავად ნავალნიმ მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა და „ამომრჩეველთა გაფიცვა“ გამოაცხადა. იგი იმედოვნებს რეგიონებში აქტიური კამპანიის წყალობით შექმნას საზოგადოებრივი ზეწოლა ხელისუფლებაზე, ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები და მაქსიმალურად შეამციროს აქტივობა.

ნავალნისთვის რეგისტრაციაზე უარის ფონზე ინტრიგად რჩება აქტივობა 18 მარტის არჩევნებზე. კრემლში დარწმუნებული არიან, რომ ამ მხრივ პრობლემები არ იქნება. ამომრჩეველთა ინტერესის ასამაღლებლად იგეგმება ტაქტიკური ქმედებების წყება, დაწყებული ადგილობრივი რეფერენდუმების ჩატარებიდან დამთავრებული სხვადასხვა გასართობი პროგრამებით. თუმცა ყველაფერი ეს ექსპერტების სკეფსისს იწვევს. ადგილობრივ ხელისუფლებებს რეფერენდუმების მოგონება მოუწიათ, რამაც ზოგადი თემები მოსახლეობისთვის მარგინალურად და ნაკლებად მნიშვნელოვნად აქცია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს პრაქტიკა საყოველთაოდ იქცეს. პროგნოზები აქტივობის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგოა. დეკემბრის შუაში „ლევადა-ცენტრის“ ჩატარებული კვლევებით, მოსახლეობის მხოლოდ 28% აცხადებს, რომ მივა არჩევნებზე (30%, რომ დიდი ალბათობით მივა). ВЦИОМ-მა 10 იანვარს სხვა ციფრები გამოაქვეყნა – 67% აპირებს ხმის მიცემას 18 მარტს. სავარაუდოდ, ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილს არ გადაუწყვეტია არჩევნებზე მისვლა, რაც შედეგების სავარაუდობის ფონზე, გარკვეული სურპრიზების შესაძლებლობას ტოვებს.

მოულოდნელობის ფაქტორად შეიძლება იქცეს ხელისუფლების ალექსეი ნავალნისთან დამოკიდებულება. ეს უკანასკნელი აპირებს კამპანიაში „მონაწილეობა“ აქტიურად მიიღოს როგორც პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც შეუძლია შედეგზე და აქტივობაზე გავლენა მოახდინოს. როგორც ჩანს, კრემლშიც ნავალნის ამბიციებს სერიოზულად აღიქვამენ, რაზეც 11 იანვარს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პუტინის კომენტარი მიუთითებს. „კომერსანტის“ მთავარი რედაქტორის სერგეი იაკოვლევის კითხვაზე პასუხისას მან აშშ და დასავლეთი ნავალნის ღია მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამასთან კვლავაც არ ახსენა ოპოზიციონერის სახელი და გვარი.

პუტინის განცხადება ეწინააღმდეგება ხელისუფლების მხრიდან ნავალნისადმი დამოკიდებულებას: ინფორმაციულ სივრცეში იგი წარმოდგენილი იყო ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის ერთ-ერთ ინსტრუმენტად. ნავალნის უწოდებდნენ წვრილ თაღლითს, დამნაშავეს და მიიჩნევდნენ სუსტ და უმნიშვნელო ფიგურად. ახლა კი პუტინმა მას აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი უწოდა. ეს ზრდის ფოკუსს კამპანიის გეოპოლიტიკურ შემადგენელზე და გადააქვს ამომრჩეველთა ყურადღება საშინაო პრობლემებიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლების და არასისტემური ოპოზიციის ურთიერთობა მნიშვნელობით სისტემურ კანდიდატებთან კონკურენციას შეიძლება გაუთანაბრდეს იმ ვითარებაში, როდესაც მთავარი საარჩევნო თემა პუტინის რეჟიმის „გარეშე მტრებთან“ დაპირისპირება იქნება.

 

პუტინის საარჩევნო შტაბი

ამავდროულად მოხდა პუტინის საარჩევნო შტაბის ფორმირება, რომელსაც სამი თანახელმძღვანელი ყავს: გამორჩეული ბავშვების ცენტრ „სირიუსის“ ხელმძღვანელი ელენა შმელევა (იგი ხელმძღვანელობდა პუტინის კანდიდატად დაყენების საინიციატივო ჯგუფს), „კამაზის“ გენერალური დირექტორი სერგეი კოგოგინი და ბავშვთა ჰემატოლოგიის, ონკოლოგიის და იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი ალექსანდრ რუმიანცევი. შტაბის პრესმდივანი გახდა ფილმის „ყირიმი – გზა სახლისკენ“ ავტორი ანდრეი კონდრაშოვი. კოგოგინი პასუხს აგებს ეკონომიკურ საკითხებზე, რუმიანცევი კამპანიის აქტივისტებთან ურთიერთობაზე, ხოლო შმელევა მედიასა და ინტერნეტზე.

სამივე ფიგურამ დიდი ყურადღება მიიპყრო. მათ, განსახვავებით წინა კამპანიების საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებისგან, მნიშვნელობა უშუალოდ პუტინისთვის გააჩნიათ: არცერთ მათგანს ფართო საზოგადოება არ იცნობდა. ელენა შმელევა არის ეკატერინა ტიხონოვას (ითვლება პუტინის შვილად) და ვიოლონჩელისტ სერგეი როლდუგინის („სირიუსის“ დამფუძნებელი და პუტინის მეგობარი) მეგობარი. 2006-2007 წლებში იგი მუშაობდა „ერთიან რუსეთში“ ბორის გრიზლოვის გუნდში. მედიის ინფორმაციით შმელევას გავლენა დიდია – სოჭში „სირიუსის“ შეხვედრებზე უშუალოდ მისი მიწვევით ჩადიან მინისტრები და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები. თავად პროექტს კი პირადად პუტინისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

კოგოგინი 2002 წლიდან ხელმძღვანელობს „კამაზს“ (სატვირთო მანქანების უმსხვილესი მწარმოებელი რუსეთში, რომელიც „როსტეხის“ დაქვემდებარებაშია). იგი შედის სერგეი ჩემეზოვის გუნდში, რომელიც ახლო კავშირშია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანტონ ვაინოსთან.

აკადემიკოსი რუმიანცევი ბავშვთა ონკოლოგიის ცენტრს 1991 წლიდან ხელმძღვანელობს. აღნიშნულ პროექტს კი პირადად პუტინი მფარველობს.

„ვედომოსტის“ და «Газеты.Ru»-ს წყაროები აღნიშნავენ, რომ შტაბის როლი დეკორატიული იქნება, ხოლო საარჩევნო კამპანიას რეალურად სერგეი კირიენკო და ანტონ ვაინო უხელმძღვანელებენ. კრემლთან დაახლოებული წყაროები ხშირად მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ ანტონ ვაინო საშინაო პოლიტიკაში წინამორბედზე აქტიურია და შესაბამისად, იგი საარჩევნო კამპანიას არ ჩამოშორდება. თავად სერგეი კოგოგინმაც აღნიშნა, რომ შტაბში აუცილებლად შევლენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის თანამშრომლები, რომლებიც ამ დროს ოფიციალურად შვებულებაში გასულები იქნებიან. გავლენიანმა ტელეგრამ-არხმა «Давыдов. Индекс»-მა კი დაწერა, რომ ვლადიმერ პუტინის შტაბის აპარატის რეალური ხელმძღვანელი საშინაო პოლიტიკაში პრეზიდენტის მრჩეველი ანდრეი იარინი იქნება.

 

დასკვნის მაგიერ

10 იანვარს გამოქვეყნდა კანდიდატების ელექტორალურ რეიტინგზე პირველი გამოკითხვის შედეგები. იმ ამომრჩევლის 81%, რომლებიც აუცილებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ხმას ვლადიმერ პუტინს აძლევს. მეორე ადგილზე გადის კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინინი – 7,6%. ეს ორჯერ აღემატება გენადი ზიუგანოვის დეკემბრის რეიტინგს და თითქმის ორჯერ ვლადიმერ ჟირინოვსკის იანვრის რეიტინგს, რომელიც 4,2%-ს აგროვებს. ამასთან ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოახერხებს გრუდინინი ერთი მხრივ „პროგრესულობის“ ჩვენებას ახალი ამომრჩევლების მოსაზიდად, ხოლო მეორე მხრივ მუდმივი ამომრჩევლისთვის კომუნისტური იდეალებისადმი რწმენის დამტკიცებას. შესაძლოა წარმატებული ბიზნესმენი უცხოეთში აქტივებითა და საბანკო ანგარიშებით საკმარისად მემარცხენე არ აღმოჩნდეს კომპარტიის ამომრჩევლებისთვის, ან ზედმეტად მემარცხენე აღმოჩნდეს ელექტორატის სხვა ნაწილისთვის. დანარჩენი კანდიდატების რეიტინგი ერთ პროცენტსაც ვერ აღწევს.

საარჩევნო კამპანია ვლადიმერ პუტინისთვის მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში დაიწყო: მისი ელექტორალური მხარდაჭერა ისტორიაში ყველაზე მაღალია, სისტემური ოპოზიცია პოლიტიკურ ანაბიოზში რჩება და პრეზიდენტს კონკურენციას ვერ უწევს, ხოლო არასისტემური ოპოზიცია არჩევნებზე არ დაუშვეს. ეკონომიკური თვალსაზრისით ნავთობის ფასების ბოლოდროინდელი ზრდა პუტინს წინასაარჩევნოდ „სოციალური საჩუქრების“ გაცემის საშუალებას აძლევს. პუტინის უალტერნატივობა პოლიტიკური სისტემის უცვლელ კონსტანტად იქცა, რომლის ალტერნატივაც ჯერჯერობით არ ჩანს. ყველაფერი ეს ახდენს შიდასისტემური პოლიტიკური პროცესის რუტინიზებას, აქცევს მას ტექნიკურად და დეკორატიულად. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ მოქმედი კონსტიტუციით მომდევნო საპრეზიდენტო ვადა პუტინისთვის უკანასკნელი იქნება, საკითხი მის მემკვიდრეზე და ძალაუფლების კონსტრუქციის ახალ ფორმატზე შეიძლება უახლოეს მომავალში აქტუალური გახდეს.

დატოვე კომენტარი