ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გამოწვევები საქართველოში - თენგიზ ვერულავა

ავტორი: თენგიზ ვერულავა – მედიცინის დოქტორი, პროფესორი

22 განვითარებული ქვეყნის შედარებითი ანალიზის საფუძველზე, ჰოლანდიელმა მეცნიერმა ენ გოტეირმა წამოაყენა ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის ტიპოლოგია, რომელიც მოიცავს ოთხ მოდელს: ნატალური, ტრადიციული, ეგალიტარული, არაინტერვენციონისტული.

ნატალური გულისხმობს ისეთ მოდელს, სადაც მთავრობა ცდილობს გამოასწოროს მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა და მიზნად ისახავს შობადობის მაჩვენებლის გასაზრდელად ფართო ღონისძიებების გატარებას. მთავარი აქცენტი კეთდება ოჯახების წახალისებაზე და მოიცავს ბავშვების აღზრდის ხარჯებზე სახელმწიფო ხელშეწყობას. იგი გულისხმობს ფულად დახმარებას, როგორც ბავშვის შემწეობის, ასევე დასაქმებულ მშობელთა საგადასახადო შეღავათების სახით. ორსულობის გამო დეკრეტულ შვებულებაზე მოქმედებს მკაცრი კანონმდებლობა. ბავშვის მოვლაზე ოჯახის ხარჯების დასაფარავად სახელმწიფო გამოყოფს მნიშვნელოვან სუბსიდიებს. პრონატალური მოდელის საუკეთესო მაგალითია საფრანგეთი.

ტრადიციული მოდელი გამომდინარეობს ოჯახის შენარჩუნების პოლიტიკის მიზნიდან. იგი დაკავშირებულია არა შობადობის ზრდასთან, არამედ ტრადიციული ოჯახის შენარჩუნების პატერნალისტურ მიზანთან. სახელმწიფოს მხრიდან ფულადი დახმარების დონე საშუალოა. მშობლების დეკრეტული შვებულება მოკლეა (უმთავრესად 1 წელი). ბავშვის მოვლაზე ოჯახის ხარჯების დასაფარავად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ხარჯები შედარებით დაბალია, რადგან ტრადიციული შეხედულების გამო დედის პასუხისმგებელია ბავშვების აღზრდაში. ტრადიციული მოდელის საუკეთესო მაგალითია გერმანია.

ეგალიტარული მოდელის მთავარი მიზანია გენდერული თანასწორობის მიღწევა ისეთი გარემოს საშუალებით, რომელიც ქალებს დასაქმების და ოჯახური ცხოვრების ერთმანეთთან დაბალანსებაში დაეხმარება, ამავე დროს იზრდება მამის როლი ბავშვზე ზრუნვაში. შესაბამისად, ეს მოდელი გულისხმობს ფულადი დახმარების საშუალო დონეს და დასაქმებული მშობლებისთვის მაღალი დონის შეღავათებს, განსაკუთრებით ბავშვების მოვლის სერვისებისთვის. ეგალიტარული მოდელის საუკეთესო მაგალითებია შვედეთი და დანია.

არაინტერვენციონისტული მოდელი, როგორც მისი სახელიდანაც ჩანს, საერთოდ არ ისახავს შობადობასთან დაკავშირებით რაიმე მიზანს. ჩვეულებრივ, ამ მოდელის დროს აქცენტი კეთდება სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი ოჯახებისათვის გარკვეული დახმარების გაწევაზე. შესაბამისად, ფულადი დახმარება, დასაქმებულ მშობელთათვის საგადასახადო შეღავათები, ორსულობის და დედობის დეკრეტული შვებულება და ბავშვის ზრუნვის დახმარების დონე ძალიან დაბალ დონეზეა. დასაქმებული დედებისათვის შეღავათები შეზღუდულია. ღარიბ ოჯახებს შერჩევით ეძლევათ შეღავათები, რაც დამოკიდებულია მათ შემოსავლებზე. კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვების მოვლის სერვისებს, სარგებლობენ ფინანსური წახალისებით. ეს მოდელი გამოხატავს ნეო-ლიბერალურ იდეოლოგიას, სადაც აქცენტი კეთდება ბაზრის როლზე, ინდივიდუალურ და ოჯახურ თვითკმარობაზე და რწმენაზე საზოგადოებასა ინდივიდუალურ ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევების წინააღმდეგ. ამ მოდელის წამყვანი მაგალითია 1980-იანი და 90-იანი წლების ბრიტანეთი.

დემოგრაფიული ტენდენციები საქართველოში

ისტორიულად საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მრავალრიცხოვანი XIII საუკუნის პირველ ნახევარში იყო – 8 მლნ. (ამის დამადასტურებელი რეალური მონაცემები არ არსებობს – რედ) უცხოელ დამპყრობთა გამუდმებული შემოსევების შედეგად XVIII საუკუნეში საქართველოს მოსახლეობა 761 ათასამდე შემცირდა. უკანასკნელ წლებში, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მრავალრიცხოვანი 1989-1992 წლებში იყო და 5 მლნ 400 ათასს შეადგენდა.

ისტორიულად კავკასიაში საქართველოს მოსახლეობა რაოდენობრივად ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო და ქართველები ყოველთვის სჭარბობდნენ სომხებსა და აზერბაიჯანელებს; 1926 წელს კავკასიის მთელი მოსახლეობის 35,1% საქართველოში ცხოვრობდა; 1970 წელს იგი 28,1%-მდე, ხოლო 2010 წელს 18,95%-მდე შემცირდა. ამასთან, აზერბაიჯანის მოსახლეობის რაოდენობა 30,4%-დან 38,0%-მდე გაიზარდა.

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა (1254-2014 წწ) (ათასებში)

სქემა 1

 

საქართველოს მოსახლეობის დინამიკა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, არსებული დემოგრაფიული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 3186000-მდე (15%-ით 2014 წელთან შედარებთ), ხოლო 2100 წლისათვის 2,367 000 ადამიანამდე (37.5%-ით 2014 წელთან შედარებთ) შემცირდება. შედარებისათვის, 2050 წლისათვის აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა 7%-ით გაიზრდება. როგორც ვხედავთ, სახეზეა კავკასიაში დემოგრაფიული ბალანსის დარღვევა.

საქართველოს მოსახლეობის სწრაფი კლების უმთავრეს მიზეზებია სიკვდილიანობის მაღალი და შობადობის დაბალი მაჩვენებელი, მოსახლეობის ბუნებრივი მატების შემცირება, დაბერების ტენდენცია, გარე და შიდა მიგრაციის ფართო მასშტაბები.

1990-იანი წლების შემდეგ შობადობის მაჩვენებელი 17.5-15.9 შუალედში მერყეობს. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახელობის ბუნებრივი მატება (7.7-დან 2.7-მდე შემცირდა). სულ უფრო მცირდება იმ დედების რაოდენობა, რომლებსაც სამი და მეტი შვილი ჰყავთ. კერძოდ, თუ საქართველოში 1960 წელს მესამე და მეტი ბავშვის დაბადების წილი მთელ დაბადებულთა 36,5 პროცენტს შეადგენდა, 2009 წელს ეს მაჩვენებელი 13,6 პროცენტს უდრის.

ფერტილობის კოეფიციენტი, რომელიც შვილოსნობის უნარის მქონე ერთი ქალის მიერ (15-49 წლის) სიცოცხლის განმავლობაში დაბადებული ბავშვების საშუალო რაოდენობას გულისხმობს, შეადგენს 1,86-ს. გასათვალისწინებელია, რომ თაობათა აღდგენისათვის, ეს კოეფიციენტი მინიმუმ 2.1-ის ტოლი უნდა იყოს, ანუ ერთმა ქალმა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში უნდა გააჩინოს მინიმუმ 2 ბავშვი.

შობადობის და შესაბამისად მოსახლეობის ზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს აბორტების დიდი რაოდენობა. ბოლო ათწლეულში მკვეთრად გაიზარდა აბორტების რიცხვი. 2014 წელს ქვეყანაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით აიკრძალა სელექციური (შერჩევითი) აბორტები. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოში აბორტების უმრავლესობა არალეგალურია, შესაბამისად, მისი აღრიცხვა რთულია.

დემოგრაფიულ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს შიდა მიგრაციის პრობლემა. წლიდან წლამდე მოსახლეობისგან იცლება საქართველოს სოფლები. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა შეინიშნება მთიან რეგიონებში (რაჭა-ლეჩხუმი, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი). რაც შეეხება გარე მიგრაციას, მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, უკანასკნელ წლებში ქვეყანა მილიონამდე ადამიანმა დატოვა. მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებისა და იმიგრანტების რაოდენობას შორის) უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გადის, ვიდრე შემოდის.

ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში

ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ისეთი ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა: ოჯახის ფინანსური ხელშეწყობა და დახმარება, სამუშაოსა და ოჯახის შეთავსებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა.

ოჯახის ფინანსური ხელშეწყობა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ შემდეგი ფინანსური ღონისძიებების გატარებას: ბავშვის/ოჯახის ფინანსური დახმარება, ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ერთჯერადი ფინანსური დახმარება, ბავშვის მზრუნველობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში დახმარება, საგადასახადო შეღავათების მინიჭება.

სამუშაოსა და ოჯახის შეთავსებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების (ან ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული შვებულების) შესაბამისი გარანტიების შემუშავებითა და ორივე მშობლისათვის აღნიშნული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემით.

ოჯახის ფინანსური დახმარება ფულადი სოციალური დახმარებაა, რომლის მიზანია  სახელმწიფოს მიერ ოჯახის გრძელვადიანი ფინანსური მხარდაჭერა ბავშვის აღზრდის პროცესში და  განისაზღვრება ოჯახში ბავშვების რაოდენობის და ბავშვის ასაკის მიხედვით.

საქართველოში ოჯახის ფინანსური დახმარების პირობები სრულიად განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნებში არსებული სტანდარტებისაგან. საქართველოში ფულადი დახმარების მიღების უფლება ვრცელდება მხოლოდ იმ რეგიონებში ფაქტობრივად მცხოვრებ ბავშვებზე, სადაც წინა მე-2 და მე-3 წელს არ ფიქსირდება წლიური მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი. აღნიშნული პირობა უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს იმ ოჯახებს, რომლებიც მოცემულ რეგიონში არ ცხოვრობენ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოჯახის ფინანსური დახმარების მიღების უფლება ვრცელდება ყველა მოსახლეზე. გარდა ამისა, საქართველოში ფულად დახმარებას იღებს რიგით მესამე ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი. ამისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოჯახის ფინანსური დახმარების ოდენობა დამოკიდებულია ოჯახში ბავშვების რაოდენობაზე, კერძოდ, სახელმწიფო ოჯახის ფინანსურ დახმარებას გამოყოფს პირველი ბავშვის გაჩენიდან და  ფინანსური დახმარების ოდენობა იზრდება ყოველ შემდეგ ბავშვზე.

საქართველოში ფულადი დახმარება ინიშნება 2 წლის ასაკამდე. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოჯახს უფლება აქვს მიიღოს ფინანსური დახმარება ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე (18 წელი). შესაბამისად, საქართველოში არსებული ფინანსური დახმარების პერიოდი ძალიან ცოტაა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ ფინანსური დახმარების მიღების პერიოდთან შედარებით. ამასთან, საქართველოში ფულადი დახმარების ოდენობა ერთობ მცირეა ბავშვის საჭიროებებთან მიმართებით და ვერ უზრუნველყოფს ოჯახის შესაბამის დახმარებას ბავშვის აღზრდის პროცესში.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გათვალისწინებულია ბავშვის საჭიროებები ასაკის მიხედვით, შესაბამისად, სახელმწიფო ადგენს ფინანსური დახმარების განსხვავებულ ოდენობას სხვადასხვა ასაკის კატეგორიის ბავშვისათვის. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ოჯახის დამატებით ფინანსურ დახმარებას განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის ყოლის შემთხვევაში.

საქართველოში ერთი და იგივე ბენეფიციარი ვერ მიიღებს ორ ან მეტ ფულად დახმარებას. ასეთ შემთხვევაში, ოჯახი იძულებულია გააკეთოს არჩევანი რამდენიმე სოციალური დახმარების ღონისძიებას შორის. ევროკავშირის ქვეყნებში ოჯახი იღებს რამდენიმე, სხვადასხვა სახის სოციალურ დახმარებას.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობები  მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად განსხვავებულ მეთოდებს (სოციალური დახმარებების ოდენობა, პირობები) იყენებენ. ზოგიერთ ადგილობრივ თვითმმართველობებს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა საერთოდ არ გააჩნიათ.

ევროკავშირის ბევრ ქვეყნებში სახელმწიფო გამოყოფს ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ერთჯერად ფინანსურ დახმარებას. მისი მიზანია ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ოჯახების ფინანსური წახალისება. ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა, როგორც წესი, აღემატება ოჯახის ფინანსური დახმარების ყოველთვიურ ოდენობას.

საქართველოში ოჯახის ერთჯერადი დახმარება ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით. იგი შესაძლოა შედიოდეს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობების სოციალური დახმარების პროგრამებში და ისიც, უმრავლეს შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის.

ბავშვის მზრუნველობასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების დაფარვის მიზნით ევროკავშირის ზოგი სახელმწიფო (გერმანია, ფინეთი, შვედეთი და ნორვეგია)  ახორციელებს ოჯახების დახმარებას. იგი გაიცემა 2 წლის განმავლობაში და ძირითადად გამოიყოფა ბავშვის 1-დან 3 წლამდე ასაკის პერიოდში. საქართველოში სახელმწიფო არ ახდენს ოჯახის დახმარებას ბავშვის მზრუნველობასთან დაკავშირებით დამატებით ხარჯების ასანაზღაურებლად.

ოჯახის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში სახელმწიფო გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს აწესებს. მისი მიზანია ოჯახისათვის დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებების შემსუბუქება. ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფო ბავშვის ყოლის გამო გარკვეულ თანხას განსაზღვრავს, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან. აღნიშნული შეღავათი ვრცელდება ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე (18 წლამდე). ასევე, სახელმწიფო აწესებს ოჯახის ერთობლივი შემოსავლის განსხვავებული დაბეგვრის სისტემას, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთობლივი შემოსავლის გარკვეული ნაწილის საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისაგან გათავისუფლებას. იგი დამოკიდებულის ოჯახის ერთობლივი შემოსავლის ოდენობაზე და ოჯახის წევრების რაოდენობაზე. საქართველოში მსგავსი საგადასახადო შეღავათები არ არსებობს.

ოჯახის მხარდაჭერის ერთ-ერთ საშუალებაა სახელმწიფო მიერ ოჯახისა და სამუშაოს შეთავსებისათვის სათანადო შრომითი გარემოს ხელშეწყობა. დამქირავებელი დაქირავებულს სთავაზობს დეკრეტული შვებულების ან ბავშვის მოვლისათვის საჭირო შვებულების სათანადო პირობებს, ასევე ეხმარება სამსახურში დაბრუნების შემდგომ ბავშვის აღზრდაში. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიზანია ოჯახისათვის სათანადო შრომითი პირობების შემუშავება, კერძოდ, ხელი შეუწყოს მშობლების მიერ სამუშაოსა და ოჯახის საქმეების შეთავსებას, რომ დარჩეთ ბავშვის აღზრდისათვის საჭირო დრო.

ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ბავშვის მოვლისათვის შვებულებას აძლევენ ორივე მშობელს. შვებულების პერიოდის გადანაწილება ხდება მამაკაცსა და ქალს შორის შეთანხმების საფუძველზე. შვებულების ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შვებულების მიმღები პირის ანაზღაურების ოდენობის 80%-100%-მდე.

საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების პერიოდის ხანგრძლივობამ, დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა შეადგინოს მაქსიმუმ 730 დღე, თუმცა ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 183 კალენდარული დღით (26 კვირა), ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღით. საქართველოს შრომის კოდექსი ადგენს ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის ზედა ზღვარს – „არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.“ საქართველოს შრომის კოდექსის 28-ე მუხლის მიხედვით, „დასაქმებულს, თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლისთვის – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.“ ანაზღაურების ოდენობის გაანგარიშებისათვის ითვალისწინებენ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში გასვლის წინა თვის თანამდებობრივი სარგოს.

საქართველოს კანონმდებლობის მიერ განსაზღვრული ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდის ხანგრძლივობა შეესაბამება ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ სტანდარტს, თუმცა, შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის ზედა ზღვარის ოდენობა (1000 ლარი) ვერ უზრუნველყოფს ოჯახის ეფექტურ ფინანსურ დახმარებას. ამ მხრივ, შვებულების მიმღებ პირს უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს შვებულების პერიოდში მიღებული ფინანსური დახმარება მის მიერ წინა თვის განმავლობაში მიღებული შრომითი ანაზღაურების ოდენობით, ზედა ზღვარის დადგენის გარეშე.

ამგვარად, საქართველოში ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა განეკუთვნება არაინტერვენციონისტულ მოდელს. აღნიშნული პოლიტიკა საქართველოში არ ქმნის სათანადო პირობებს დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ოჯახის ფინანსური დახმარება და ისიც ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს. საქართველოში არ გამოიყენება ოჯახის ფინანსური დახმარების ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ერთჯერადი ფინანსური დახმარება, ბავშვის მზრუნველობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში დახმარება და საგადასახადო შეღავათები. შეზღუდული სახელმწიფო ბიუჯეტის გათვალისწინებით და სახსრების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მიზანშეწონილია სახელმწიფომ შეიმუშავოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გათვლილი იქნება დაბალ და საშუალო შემოსავლიან ოჯახებზე და გავრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. იგი უნდა წარმოადგენდეს ერთიან სტანდარტს მთელი ქვეყნისათვის, როგორც მინიმალური საბაზისო პაკეტი. ცალკეულ რეგიონებს თუ რაიონებს უნდა მიეცეთ საშუალება რომ ამ საბაზისო პაკეტს დაამატონ მასში არშემავალი სერვისები და გაზარდონ თანხები.