მარადიული სი ძინპინი

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმის გადაწყვეტილება,  შეიტანოს ცვლილება ჩინეთის კონსტიტუციაში და მოხსნას შეზღუდვა ჩინეთის ხელმძღვანელისა და ვიცე-ხელმძღვანელის ვადების რაოდენობაზე, გახდა ლოგიკური გაგრძელება კურსის, რომელიც ჩინეთის ხელმძღვანელობამ (უფრო სწორად ხელმძღვანელმა) გასული წლის ოქტომბერში კომპარტიის XIX ყრილობაზე აიღო. ჩინეთის ძალაუფლებრივ სისტემაში კოლეგიალური ორგანოების როლი მცირდება, ხოლო უმაღლესი ხელმძღვანელის იზრდება. ჩინეთი ანგრევს კოლექტიური ხელმძღვანელობის სისტემას, რომელიც ცოტა ხნის წინ წარმატებული არადემოკრატიული სისტემის მშენებლობაში დიად ინოვაციად იყო წარმოდგენილი და მიისწრაფვის წარსული დიდებისკენ, კერძოდ კი იდეალიზებული საიმპერატორო მმართველობისკენ. ძალაუფლების კონცენტრაცია სი ძინპინის და მისი მომხრეების ვიწრო წრის ხელში უნდა დაეხმაროს ქვეყანას გადალახოს მასშტაბური გამოწვევები და გააკეთოს ნახტომი სასურველი წამყვანი მსოფლიო სახელმწიფოს სტატუსისკენ, ხოლო თავად სი დიადი ჩინელი ხელმძღვანელების რიგში დააყენოს. პრობლემები ამ გზაზე ბანალურია, თუმცა სახიფათო როგორც ჩინეთისთვის, ასევე მისი მეზობლებისა და მთელი მსოფლიოსთვის.

დენ სიაოპინის სისტემის დასასრული

შესწორება კონსტიტუციაში, რომელიც 1982 წელს მიღებულ მუხლს აუქმებს, დენ სიაოპინის მიერ შექმნილი სისტემის ნგრევის სიმბოლოდ იქცა. უფრო მნიშვნელოვანია არაფორმალური წესების ნგრევა, რომელიც პირველი პირის ძალაუფლებას ზღუდავდა და რომელიც დენმა და მისმა მომხრეებმა 1980-იან წლებში შეიმუშავეს. ამ სისტემის სამი მთავარი ელემენტი იყო: ათ წელიწადში ერთხელ უმაღლესი ხელმძღვანელების როტაცია; ძირითადი გადაწყვეტილებების პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის მიერ მიღება, სადაც ძირითადი პარტიული ჯგუფები იყვნენ წარმოდგენილი; ხელისუფლების ცვლილებამდე ხუთი წლით ადრე პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში უმაღლესი ლიდერისა და სახელმწიფო საბჭოს პრემიერის მემკვიდრეთა ტანდემის შეყვანა. ამასთან ორი ხუთწლიანი ვადით ფორმალური შეზღუდვა მხოლოდ ცერემონიული და ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის ჩაიწერა. უფრო მნიშვნელოვანი სხვა პოსტებისთვის, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნისა და ცენტრალური სამხედრო საბჭოს (რომელსაც არმია ემორჩილება) ხელმძღვანელისთვის, არავითარი ფორმალური შეზღუდვა არ არსებობს. ამ ორი თანამდებობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სწორედ არაფორმალურ შეზღუდვას და მემკვიდრეების წესი ერთ-ერთი ასეთი შეზღუდვა იყო.

ამიტომაც ჩინური სისტემის ვექტორის ცვლილება ნათელი ჯერ კიდევ ოქტომბერში გახდა, როდესაც XIX ყრილობის შედეგად პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში სი ძინპინის პოტენციური მემკვიდრეები არ აღმოჩნდნენ. „კოლექტიური მმართველობის“ ამ სისტემაზე დარტყმა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ამჟამინდელი კონსტიტუციის გადაწერა, რომელსაც ფორმალურად უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო – სახალო წარმომადგენლების საერთოჩინური ყრილობა დაამტკიცებს. თეორიულად სის 2023 წლის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნების სხვა ვარიანტებიც ჰქონდა (მათ შორის ჩინეთის ხელმძღვანელის თანამდებობის სხვისთვის გადაცემის და გენერალური მდივნის და ცენტრალური სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობის შენარჩუნების), თუმცა საბოლოოდ მან ძალაუფლების მაქსიმალური კონსოლიდაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ანტიკრიზისული აბსოლუტიზმი

სი ძინპინის აზრით, ჩინეთი ღრმა კრიზისშია და გადარჩენისთვის ძლიერი ხელი სჭირდება. ამასთან იგი არ უგულებელყოფს პარტიის და ინსტიტუტების მნიშვნელობას (რითიც განსხვავდება მაოსგან). უბრალოდ საჭიროა პარტიული და ძალაუფლებრივი მექანიზმის თავიდან აგება და არა პოლიტბიუროს კოლექტიური მმართველობა მთელი თავისი ინტრიგებით და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შეუძლებლობით (თუ იგი რომელიმე მმართველი კლანის ინტერესებს ეწინააღმდეგება). სანამ კლანების და პატრონ-კლიენტისტური პირამიდის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, აღნიშნული მოდელი მუშაობს. თუმცა როდესაც სიტუაცია რთულდება, აუცილებელი ხდება არჩევანის გაკეთება და საყოველთაო სიკეთისთვის ვინმეს გაწირვა, China Inc.-ის ნებისმიერ წევრს აქვს ამ განაჩენის დაბლოკვის შესაძლებლობა. ამ მხრივ პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტი სულ უფრო ემსგავსებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, სადაც ნებისმიერი რთული გადაწყვეტილების დაბლოკვა სირთულეს არ წარმოადგენს. უმაღლესი ლიდერის არსებობა ჩინეთში ამ პრობლემას არ ხსნიდა. პირველ ხუთწლედის დროს იგი ძირითადად წინამორბედის მომხრეებით იყო გარშემორტყმული, რომელთაც მის გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადება შეეძლოთ. მეორე ხუთწლედს კი ატარებდა მემკვიდრის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც კოლექტივი ირჩევდა. ამ პირობებში უმაღლესი ლიდერი მეორე ვადას მომავალ ხელისუფლებაში საკუთარი პროტეჟეების წამყვან თანამდებობებზე დანიშვნაზე ხარჯავდა.

მთელ ამ სისტემას შეუძლია იმუშავოს, თუ კარგი დემოგრაფიის პირობებში ეკონომიკა ორნიშნიანი რიცხვებით იზრდება, ინვესტიციები მთელი მსოფლიოდან შემოდის, შრომის დაბალი ღირებულება და სოციალური გარანტიების სუსტი სისტემა მსოფლიო ვაჭრობაში კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს, ხოლო მოსახლეობა კორუფციასა და გარემოს დეგრადაციასთან შეგუებულია. უკმაყოფილება კეთილდღების მუდმივი ზრდით გადაიფარება.

თუმცა ამჟამად, ჩინეთში განსხვავებული ვითარებაა – წინა ათწლეულებში დაგროვებულმა პრობლემებმა მტკივნეულად იჩინა თავი და კოსმეტიკური ცვლილებებით მათი მოგვარება ვერ მოხერხდება. საჭიროა ღრმა სტრუქტურული რეფორმები. მათი გატარებისთვის კი აუცილებელია კონსენსუსი ელიტაში, რომელიც არ არის – თვითგადარჩენის ინსტინქტი დიდ, დახურულ კოლექტივებში ცუდად მუშაობს. პარტიული ოლიგარქიის ბევრი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ თუ ყველაფერი დაინგრევა, ისინი დროზე მოასწრებენ გაქცევას. ამისთვის კი აუცილებელია აქტივების საზღვარგარეთ გატანა და ოჯახების იქ გადაყვანა.

სწორედ ამან უბიძგა სის ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ. პირველ ხუთ წელიწადში მან მოახერხა „ძველი ამხანაგების“ ჩრდილიდან გათავისუფლება, ელიტის გაწმენდა და მთავარ პოსტებზე საკუთარი ხალხის დანიშვნა. ახლა კი დადგა ცვლილებების დრო, რომელსაც მინიმუმ ათი წელი სჭირდება. 2013 წლის ნოემბერში კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა მიიღო სტრუქტურული რეფორმების პროგრამა, რომლის განხორციელებაც 2020 წელს იგეგმებოდა. თუმცა 2016 წლის ოქტომბერში, პროგრამის მიღებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ რეფორმები მკვდარი წერტილიდან ძლივს დაიძრა.

რეფორმატორი და კონტროლიორი ტახტზე

მოიხსნა რა წინა სისტემით არსებული ყოველგვარი შეზღუდვა და ჩამოაყალიბა საკუთარი მმართველობითი გუნდი, 2018 წლის მარტის შემდეგ სი ძინპინს შეუძლია გარდაქმნებით დაკავდეს. რეალურად, 2012-2017 წლების პირველი ვადა შეიძლება მოსამზადებლად ჩაითვალოს, ხოლო ახლა უკვე ლიდერს შეუძლია „ახალი ეპოქის მშენებლობა“ დაიწყოს, რომლის შესახებაც პარტიის ყრილობაზე ისაუბრა. სი ძინპინისთვის მნიშვნელოვანია უჩვენოს ელიტას, მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს, რომ იგი ვითარების ბატონ-პატრონია და ხელისუფლებას იმდენი ხნით შეინარჩუნებს, რამდენითაც საჭიროდ ჩათვლის.

ჩინეთისთვის უპრეცედენტო ძალაუფლების კონსოლიდაცია არ ნიშნავს, რომ სი უარს ამბობს ინტიტუტებსა და შეზღუდვებზე. 2013 წლის იანვარში მან განაცხადა, რომ აპირებს „ჩაკეტოს ძალაუფლება სისტემის გალიაში“. თუმცა მისეული „სისტემის გალია“ განსხვავდება დასავლურ სამყაროში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებისა და დენ სიაოპინის ნახევრად ინსტიტუციონალური ძალაუფლების გადაცემის წესების ლოგიკისგან. დაგეგმილი ცვლილებები კონსტიტუციაში ხსნის სის ლოგიკას. ერთ-ერთი უმთავრესი სიახლეა სახელმწიფო ზედამხედველობითი კომისიის – ახალი სუპერორგანოს შექმნა, რომლის მიზანიცაა ბიუროკრატიის და სახელმწიფო კომპანიების თანამშრომელთა კონტროლი. ამასთან ახალი უწყება რეალურად ძალაუფლების ცალკე შტოს წარმოადგენს – საკონსტიტუციო ცვლილებებში მისი აღწერა სასამართლო ხელისუფლებაზე ზემოთ არის მოცემული. იდეა, რომ მაკონტროლებელი ორგანო ძალაუფლების დამოუკიდებელ შტოს უნდა წარმოადგენდეს, ჩინეთის რესპუბლიკის დამაარსებელ სუნ იატსენს (1866-1925) ეკუთვნის და ტაივანშია რეალიზებული.

სავარაუდოდ, სი ძინპინი ცდილობს ააგოს სისტემა, რომელშიც შერწყმული იქნება კომპარტიის მემკვიდრეობა და იმპერატორული ჩინეთის ტრადიციები. შედეგად უნდა გამოვიდეს სისტემა, სადაც ბიუროკრატიული აპარატის ორგანიზების პრინციპები თანამედროვე ჩინეთის მსგავსი იქნება, თუმცა საჯარო მოხელეები ეფექტურობით სინგაპურელებს დაემსგავსებიან. სისტემის კონტროლს გასწევს არა სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია ან არჩევნების მექანიზმი, არამედ ახალი მაკონტროლებელი უწყება. ჩინოვნიკების კონტროლში საზოგადოებას კი დაეხმარება დიდი ძმა – „საზოგადოებრივი ნდობის სისტემა“, რომელსაც აქტიურად ცდიან პეკინში. ჩინეთის ათეულობით ქალაქში საპილოტო ცდების შედეგად სისტემა, რომელიც big data-ს ეფუძნება, ადამიანთა ქცევას აანალიზებს და „სწორი“ ქცევისთვის სტიმულებს ქმნის.

სამომავლო ტრანზიტი

სამომავლოდ ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ ხედავს სი ძალაუფლების სისტემის ცვლილებას მისი წასვლის შემდეგ. ახლა ჩინეთის ლიდერი 64 წლისაა და თანამედროვე მედიცინის საშუალებით მას შეუძლია კიდევ დიდ ხანს მართოს ქვეყანა. თუმცა ძალაუფლების გადაცემის ძველი პრინციპები უკვე დარღვეულია, ხოლო ახალი ჯერ არ არის გაცხადებული. 25 კაციან პოლიტბიუროში არიან გენერალური მდივნის ახალგაზრდა პროტეჟეები, რომელთა იერარქიული წინსვლაც სის ინტერესებში შედის – მაგალითად, 57 წლის ჩუნცინის პარტიული მდივანი ჩენ მინიერი და 55 წლის კომპარტიის ცეკას კანცელარიის ხელმძღვანელი დინ სიუესიანი. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს ძალაუფლების გადაცემის პროცესი 2027-2028 წლებამდე არ იგეგმება.

თუმცა პრობლემები შეიძლება მანამდეც შეიქმნას და იგი მხოლოდ ერთპიროვნული ლიდერის ასაკობრივ დეფორმაციას არ უკავშირდება. სიმ უნდა დაიწყოს გარდაქმნები, რომლის გამოც მან ძალაუფლების უზურპირება მოახდინა და თამაშის წესები შეცვალა. პრობლემები, განსაკუთრებით ეკონომიკაში, მასშტაბურია. ჩინეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის ლოუ ცზივენის განცხადებით, ჩინეთში სიტუაცია უფრო სახიფათოა, ვიდრე აშშ-ში Lehman Brothers-ის გაკოტრების წინ. ადგილობრივ ხელისუფლებათა ვალების პირამიდის გაწმენდა, სახელმწიფო კომპანიების ნაწილის ეფექტურობის გაზრდა, კერძო კონგლომერატებს შორის წესრიგის დამყარება, რომელთაც ბოლო წლებში მილიარდები საზღვარგარეთ გაიტანეს, სი ძინპინის და მისი გუნდისგან გამბედაობას და უნარიანობას მოითხოვს. სწორედ ეს იწვევს დიდ ეჭვებს.

1990-იანი წლების დასაწყისში დენ სიაოპინმა ჩინეთის სათავეში ტექნოკრატიული „ოცნების გუნდი“ დატოვა მომავალი პრემიერი ჩჟუ ჟუნცზით სათავეში. ვარსკვლავები, რომელთაც ჩინეთის ეკონომიკის 30 წლიანი არანორმალური ზრდა უზრუნველყვეს, მაგალითად ვან ციშანი ან პენსიაზე მიმავალი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ჩჟოუ სიაოჩუანი, ეკონომიკის ოპერატიულ მმართველობას შორდებიან. მათ ნაცვლად კი მოდის სის ხალხი, რომელთაც თავბრუდამხვევი კარიერა ბოლო ხუთ წელიწადში გენერალური მდივნის წყალობით გაიკეთეს და „ნორმალური“ კარიერული ზრდის მთელი ეტაპები გამოტოვეს. მათი უმრავლესობა კარიერას 1990-2000-იან წლებში მდიდარ ზღვისპირა პროვინციებში – ფუძიანსა და ჯეძიანში იკეთებდა, სადაც თავად სი მუშაობდა. ეს რეგიონები ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ლოკომოტივს წარმოადგენდნენ, რომლებიც 1990-იანების რეფორმების ტალღაზე წინ მიიწევდნენ და მათ მმართველობითი ტალანტები არ სჭირდებოდათ. საკმარისი აქვთ თუ არა ამ ადამიანებს გამოცდილება, რომ მოაგვარონ ჩინეთის ეკონომიკასა და სოციალურ სისტემაში არსებული პრობლემები, დრო აჩვენებს.

პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიღების ჰიპერცენტრალიზაციაც. როგორ ქმნის მსგავსი სისტემა ხელოვნურ კრიზისებს ეკონომიკაში, კარგად აჩვენა ჩინეთში ბირჟის კოლაფსმა 2015 წელს, როდესაც ძირითადი პირების შეუთანხმებებლმა მოქმედებამ და სი ძინპინის პირადმა აქტიურობამ, რომელიც საფონდო ბირჟის და სავალუტო პოლიტიკის საკითხებში კარგად ვერ ერკვევა, კრახი გამოიწვია. კიდევ ერთი საკითხია წინააღმდეგობები აღნიშნულ გუნდს შორის. მომავალი ვიცე პრემიერი ლიუ ხე, სის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი, ღია კონფლიქტშია პრემიერ ლი კეციანთან და აკრიტიკებდა მას პარტიული რუპორის „ჟენმინ ჟიბაოს“ გვერდებზე ანონიმური ინტერვიუების ფორმატში.

ნებისმიერ შემთხვევაში ჩინეთისთვის და მისი ლიდერისთვის გადამწყვეტი მომენტი უახლოეს ათწლეულში დადგება. ჩვენ კი შეგვიძლია უბრალოდ ვითარებას დავაკვირდეთ და განსხვავებული სცენარებისთვის მოვემზადოთ.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

დატოვე კომენტარი