ლობიზმი ამერიკის შეერთებულ შტატებში

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

ლობიზმის დაბადება

ლობიზმი შეერთებულ შტატებში სახელმწიფოსთან ერთად დაიბადა, ხოლო დემოკრატიული მართვის სისტემამ მის სწრაფ განვითარებას შეუწყო ხელი. მაგალითად, ხშირი არჩევნები გულისხმობდა პოლიტიკოსების დამოკიდებულებას საზოგადოებრივ აზრზე, ხოლო შეკავების და გაწონასწორების სისტემა ძალაუფლების სხვადასხვა შტოებს შორის მუდმივ დიალოგს უწყობდა ხელს. შესაბამისად, ქვეყანაში გაჩნდა მთელი რიგი პროფესიონალი პოლიტიკოსებისა, რომელთაც საკუთარი ამომრჩევლების განწყობების ცოდნა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კანონის ფარგლებში კოლეგებზე ზემოქმედების მექანიზმები სჭირდებოდა.

ლობისტური საქმიანობის იურიდიულ ფუნდამენტს წარმოადგენს კონსტიტუციის პირველი შესწორება, რომელიც რელიგიური თავისუფლების გარდა აკანონებს სიტყვის თავისუფლებას და კონგრესისადმი მიმართვის უფლებას.

XIX საუკუნეში ლობიზმი ფედერალურ დონეზე უფრო ნაკლებად იყო გავრცელებული, ვიდრე შტატების დონეზე. სიტუაცია შეიცვალა „მოოქროვილი საუკუნის“ დასაწყისში (1870-1890-იანი წლები), ხოლო შემდეგ პროგრესიზმის ეპოქაში (1890-1920-იანი წლები). ქვეყნის სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ და ფედერალური ხელისუფლების უფლებების გაზრდამ დედაქალაქში პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის ქონის ინტერესის ზრდა გამოიწვია.

სხვა ფაქტორი, რომელმაც ლობიზმის განვითარებას შეუწყო ხელი, იყო ძლიერი კორპორაციების შექმნა. მსხვილი ბიზნესი უარს არ ამბობდა როგორც უკანონო (მოსყიდვა), ასევე ლეგალური მეთოდების გამოყენებაზე – პოლიტიკოსების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის დაფინანსება. კონგრესმენები, სენატორები, მოსამართლეები და სხვა მაღალჩინოსნები სხვადასხვა ლობისტური სტრუქტურების ქსელში იყვნენ გახვეული. 1912 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მომავალმა პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლება არის გავლენის ჯგუფების მოსამსახურე და მას საკუთარი ნება არ გააჩნია. სწორედ მაშინ იქცა მსხვილ ბიზნესზე ხელისუფლების დამოკიდებულება საზოგადოების კრიტიკის ობიექტად. 1912 წელს დემოკრატი ვილსონის გამარჯვება დაკავშირებული იყო მის განცხადებასთან, დაესრულებინა კორუფცია და მონოპოლიათა ყოვლისშემძლეობა.

ლობისტური საქმიანობის განსაკუთრებული გააქტიურება 1970-იანი წლებიდან შეინიშნება, რომელიც მსხვილი კომპანიების საქმიანობას უკავშირდება. ლობისტების წყალობით მათ მოახერხეს შრომის კოდექსის რეფორმის ჩაგდება, კორპორატიული გადასახადის შემცირება და მთელი რიგი რეგულაციების გაუქმება. ამ პერიოდიდან მოყოლებული ლობისტური კომპანიების დაქირავება მსხვილი ბიზნესის მხრიდან ამერიკული პოლიტიკის მუდმივ თანმდევად იქცა.

 

ლობიზმის რეგულირება

ლობიზმის ინდუსტრიის რეგულირება პირველად 1920-იან წლებში სცადეს. 1928 წელს სენატმა მიიღო კანონი, რომელიც ლობისტებს ავალდებულებდა კონგრესში დარეგისტრირებას, თუმცა წარმომადგენელთა პალატამ იგი დაბლოკა.

1938: უცხოელ აგენტთა რეგისტრაცია (FARA)

მსოფლიოში არსებული არასტაბილური ვითარებიდან გამომდინარე 1938 წელს კონგრესმა მიიღო კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ (Foreign Agents Registration Act). კანონი ავალდებულებდა ორგანიზაციებს, რომლებიც სხვა სახელმწიფოების ინტერესებისთვის მოქმედებდნენ, დარეგისტრირებულიყვნენ იუსტიციის სამინისტროში და რეგულარულად გაეგზავნათ ანგარიში საკუთარი საქმიანობის და დაფინანსების წყაროების შესახებ.

1946: ლობიზმის ფედერალური რეგულირება (FRLA)

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში ამოქმედდა ლობიზმის ფედერალური რეგულირების კანონი (Federal Regulation of Lobbying Act), რომელიც კონგრესმა 1946 წელს მიიღო. კანონმა პირველად განსაზღვრა ლობისტის ცნება. ეს არის ადამიანი, „რომელიც თავად, ან აგენტების და დაქირავებული პირების მეშვეობით, პირდაპირ ან ირიბად დაკავებულია საჩუქრების და შემოწირულობების შეგროვებით, რომელიც შემდეგ გამოიყენება პირდაპირი ან ირიბი გავლენის მოსახდენად აშშ-ს კონგრესის საკანონმდებლო პროცესზე“. კანონი ავალდებულებდა ლობისტებს დარეგისტრირებულიყვნენ კონგრესში და მოეხსენებინათ მისთვის კონგრესმენისთვის 500 დოლარზე მეტი ღირებულების შემოწირულობის გადაცემის შესახებ.

1954 წელს უმაღლესმა სასამართლომ შეამცირა კანონის მოქმედების არეალი. კონგრესის წევრებს მიეცათ ლობირების უფლება, თუ ამაში ისინი საკუთარ სახსრებს ხარჯავდნენ. ამასთან ლობისტების რიცხვიდან ამოშალეს ის ჯგუფები, რომლებიც ირიბი ლობირებით, ანუ საზოგადოებრივი აზრის შექმნით იყვნენ დაკავებული. ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა კანონის ეფექტურობაზე. იგი მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს. 1956 წელს Superior Oil Corporation-ის ორი ლობისტი დააჯარიმეს სამხრეთ დაკოტას სენატორ ფრენსის კეისისთვის 2500 დოლარის უკანონოდ გადაცემის გამო.

1995: ლობისტური საქმიანობის გამჟღავნება (LDA)

FRLA-ს შეცვლის აუცილებლობამ და კორუფციულმა სკანდალებმა გამოიწვია ლობისტური საქმიანობის გამჟღავნების კანონის (Lobbying Disclosure Act) მიღება. მისმა განხილვა სამი წელი (1992-1995) მიმდინარეობდა. კანონი ლობისტად მოიხსენიებდა ყველას, ვინც სამი თვის განმავლობაში იღებდა 2500 დოლარს ლობისტური საქმიანობისთვის და მას უთმობდა საკუთარი დროის 20%-ს. ორგანიზაციის შემთხვევაში თანხა ათი ათას დოლარს შეადგენდა. კომპანიები და კერძო პირები, რომლებიც ლობიზმით იყვნენ დაკავებული, უნდა დარეგისტრირებულიყვნენ კონგრესში.

2007: სამართლიანი ლიდერობა და ღია ხელისუფლება (HLOGA)

LDA-ს გამკაცრება მოხდა 2007 წელს, როდესაც მიიღეს კანონი სამართლიანი ლიდერობისა და ღია ხელისუფლების შესახებ (Honest Leadership and Open Government Act). მან გაამკაცრა კონტროლი ლობისტურ კომპანიებზე, კონგრესის წევრებზე და მაღალჩინოსან სახელწიფო მოხელეებზე. მაგალითად, სენატორებს, რომლებიც დატოვებდნენ თანამდებობას, ლობისტური საქმიანობის დაწყება ორი წლით ეკრძალებოდათ. მაღალჩინოსან თანამდებობის პირებს ლობისტური საქმიანობა აეკრძალათ იმ სფეროში, რომელსაც ისინი მთავრობაში მუშაობის დროს კურირებდნენ.

ლობისტებს აეკრძალათ კონგრესმენებისთვის საჩუქრის გადაცემა, რომელიც კანონმდებელთა ეთიკის ნორმებს არღვევდა. კონგრესმენებს და სენატორებს თავად უნდა აენაზღაურებინათ კერძო თვითმფრინავებით ფრენის ხარჯებიც.

 

ლობისტების რიცხვი და მათი შემოსავლები

მიუხედავად ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობის საერთო ტენდენციისა, „გავლენით მოვაჭრეები“ საკუთარ ძალაუფლებას სულ უფრო ზრდიან. საარჩევნო კამპანიების ღირებულების ზრდა აიძულებს პოლიტიკოსებს მიმართონ ლობისტურ კომპანიებს მოსახლეობის მხარდაჭერის მისაღებად. აშშ-ში ლობისტური კომპანიების სამოქალაქო კონტროლით რამდენიმე ორგანიზაციაა დაკავებული: Center for Responsive Politics; Public Citizen; Consumer Watchdog და ა.შ.

Center for Responsive Politics-ის ინფორმაციით, რომელიც კონგრესის ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, ვაშინგტონში დარეგისტრირებულია 11455 ლობისტი. ყოველწლიურად ინტერესთა ჯგუფები ლობიზმში ჯამურად სამ მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ლობიზმში დახარჯულ ყოველ დოლარზე კორპორაცია საშუალოდ 220 დოლარის მოგებას იღებს. აქვე აუციელებელია აღინიშნოს, რომ ლობისტური საქმიანობის ნაწილი, მაგალითად სატელევიზიო რეკლამა, დაბალ დონეზე პოლიტიკური კამპანიების დაფინანსება, რეკლამა ინტერნეტში რეგულაციების ქვეშ არ ხვდება, რაც ლობისტური სფეროს რეალური შემოსავლების შეფასებას ართულებს.

ლობისტების კლიენტები

ლობისტების კლიენტებს შორის დომინირებენ ამერიკული მსხვილი კორპორაციები და კომერციული გაერთიანებები. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურობდა უმსხვილესი ბიზნეს-ლობი – სავაჭრო პალატა, ასევე უძრავი ქონების სააგენტოთა ეროვნული ასოციაცია და კონგლომერატი General Electric. „ობამაქეარის“ მიღების პერიოდში გაიზარდა სამედიცინო სფეროს საწარმოების ურთიერთობა ლობისტებთან, რომელთაც 2013 წელს მათთვის სასურველი იმიჯის შესაქმნელად 117 მილიონი დოლარი დახარჯეს.

ლობისტური კომპანიების წარმატებული საქმიანობის შედეგია კანონპროექტ SOPA-ს ჩავარდნა, რომელიც ინტერნეტში მეკობრეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. თავდაპირველად კანონპროექტს მხარს უჭერდნენ როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები, თუმცა ინტერნეტ კომპანიების ლობისტური საქმიანობის შემდეგ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კანონი ინტერნეტში ცენზურას შეუწყობდა ხელს, კონგრესმა მის მიღებაზე უარი განაცხადა.

ლობისტურმა საქმიანობამ წარმატებას მიაღწია უსაფრთხოების სფეროშიც, როდესაც 2013 წლის თებერვალში 950 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო კონტრაქტი მოიგო ბრაზილიურმა კომპანია Embraer-მა და მისმა ამერიკულმა პარტნიორმა Sierra Nevada Corp.-მა. მათ კონკურენციას უწევდა ამერიკული კორპორაცია Beechcraft. ბრაზილიური კომპანიის გამარჯვება პირდაპირ დამოკიდებული იყო ლობისტების საქმიანობაზე, რომლებმაც კონგრესმენები ბრაზილიური პროდუქციის უპირატესობაში დაარწმუნეს.

2015-2016 წლების საარჩევნო ციკლისას Wall Street-ის ბანკებმა და ბიზნეს კორპორაციებმა არჩევნებზე გავლენის მოსახდენად ორი მილიარდი დოლარი დახარჯეს. თანხების 55% რესპუბლიკელ, ხოლო 45% დემოკრატ კანდიდატებზე განაწილდა. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ სენატორების მიღებული წლიური შემოწირულობების საშუალო მაჩვენებელი 900 000 დოლარს სცდება. კონგრესმენების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 300 000 დოლარის ტოლია.

 

დასკვნის მაგიერ

ამერიკული საკანონმდებლო პროცესი აგებულია განსხვავებულ ელიტათა ჯგუფების შეჯიბრზე, რომლის შედეგადაც იბადება ეროვნული ინტერესების ცნება. ეს სისტემა იწვევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის სხვა სახელმწიფოებს – ღიად გამოხატოს თავისი ინტერესი და მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. შედეგად აშშ-ის მოკავშირეების უმრავლესობამ კარგად აითვისა ამერიკელი კონგრესმენების ენა, რის შედეგადაც ისინი ახერხებენ საგარეო პოლიტიკური პროცესებით მანიპულირებას. ისრაელელების, სომხების, ირლანდიელების, პოლონელების და უკრაინელების ლობმა აშშ-ის შესთავაზა საკუთარი ისტორია, რომელიც კარგად ეწერება შიდაპოლიტიკური ბრძოლის და კულტურული ომების კონტექსტში.

თურქეთის ლობის მუშაობის შედეგად აშშ-ის აკადემიურ საზოგადოებაში და ანალიტიკურ გამოცემებში ფართოდ წარმოჩინდა სომეხთა გენოციდის თურქული ვერსია. სანქციების ქვეშ მყოფი ირანის მხრიდან აქტიურმა ლობისტურმა საქმიანობამ ხელი შეუწყო ბირთვული შეთანხმების გაფორმებას. ქართულ პოლიტიკურ წრეებსაც მართებს გაითვალისწინოს აღნიშნული ვითარება, გაიაზროს ამერიკული პოლიტიკური სისტემის მუშაობის თავისებურება და გააძლიეროს ლობისტური საქმიანობა აშშ-ში, რაც სხვა საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტების დამატებითი კომპონენტი იქნება და ამერიკულ პოლიტიკაზე არაპირდაპირ გავლენას მოახდენს.

ტრადიციული დიპლომატიის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს წარმომადგენლობამ ქვეყნის კულტურული და ისტორიული მახასიათებლების პოპულარიზაცია მოახდინოს, აქტიურად იმუშაოს ამერიკულ მედიასთან, რათა შექმნას საზოგადოებრივი განწყობა და გაზარდოს ქვეყნის მამართ ცნობადობა. ამერიკის მიმართულებით არსებული აქტივობების შედეგიანობის გასაზრდელად აუცილებელია ლობისტურ ორგანიზაციებთან მუშაობის სტრატეგიის შემუშავება. სტრატეგია უნდა დაიგეგმოს ქვეყნის იმ პრიორიტეტების შესაბამისად, რომლითაც მას სურს წარმოჩინდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი მოაწესრიგებს არსებულ პოლიტიკას და დაეხმარება ქვეყანას უფრო ეფექტურად მოახდინოს სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენა.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

დატოვე კომენტარი