იერუსალიმის ფასი ანუ რატომ არ შედგა „მესამე ინტიფადა“

ახალი რეალობა

2018 წლის 2 იანვარს ქნესეთმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო კანონი ერთიან იერუსალიმზე, 1967 წლის შემდეგ პირველად ოფიციალურად დაამტკიცა ქალაქის მუნიციპალური საზღვრები და შემოიღო „კვალიფიციური უმრავლესობის“ ნორმა (80 დეპუტატის 120-დან) ისრაელის დედაქალაქის პოლიტიკური ან ტერიტორიული სტატუსის შესაცვლელად.

პალესტინურმა მხარემ აღნიშნული კანონი „პალესტინელი ხალხისთვის, მისი პოლიტიკური და რელიგიური იდენტობისთვის“ ომის გამოცხადებად, ხოლო დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება უკანონოდ შეაფასა. მაჰმუდ აბასის გარემოცვის აგრესიული სტილი მათი დიპლომატიური სტრატეგიის ჩავარდნის აღიარებას წარმოადგენს. ათწლეულის წინ შეწყვეტილი დიალოგის აღდგენის წინაპირობად პალესტინის ხელისუფლებამ ქალაქის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილის პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარება გამოაცხადა, რაც ისრაელის აზრით დიპლომატიურ პროცესს პრაქტიკულ საზრისს აცლიდა. რამალამ საკუთარი პოზიცია მას შემდეგაც არ შეცვალა, რაც დონალდ ტრამპისგან ღიად მიიღო სიგნალი, რომ წინა ხელისუფლების მიერ აბუ-მაზენზე გაკეთებული კარტ-ბლანში არ მოქმედებდა. თავად დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ გაკეთებულ პოსტში პალესტინა ისრაელთან მშვიდობის დამყარების სურვილის არქონაში დაადანაშაულა.

ისრაელელ კომენტატორებს არ გამორჩათ, რომ ტრამპის სიტყვები ორმაგ დატვირთვას ატარებს. პირველი, გაეროში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ 2 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი პალესტინელებს არ დააფინანსებს, თუ ისინი მოლაპარაკებების მაგიდას არ მიუჯდებიან. ყოფილმა მთავარმა პალესტინელმა მომლაპარაკებელმა საიბ არიკატმა განცხადება „ლტოლვილთა ბანაკებში ბავშვების დამშევად“ და „ისრაელისთვის საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებების გაგრძელების წახალისებად“ შეაფასა.

ზედაპირზე არსებული დასკვნების გარდა მნიშვნელოვანია ტრამპის მიერ გამოყენებული ნაცვალსახელი „ჩვენ“, რაც აშშ-სთან ერთად ისრაელსაც მოიცავს. ხოლო „მაღალი საფასური“ არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ პოლიტიკურ-დიპლომატიურ შემადგენელსაც გულისხმობს. ამ თვალსაზრისით ქნესეთის მიღებული კანონი წარმოადგენს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან იერუსალიმში ისრაელური სტატუს-კვოს გათვალიწინების პირდაპირ შედეგს, რომლის თანახმადაც დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის ოფიციალური დედაქალაქია (საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც), ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი უარეს შემთხვევაში – „სადავო ტერიტორია ისრაელის რეალური სუვერენიტეტის ქვეშ“. ეს თავის მხრივ არა მარტო ართმევს პალესტინელებს „კოზირს“ განახლებულ მოლაპარაკებებში, არამედ შესაძლოა საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე ისრაელის ურთიერთობაში არაბულ ქვეყნებთან მათი პერიფერიულ ფაქტორად გადაქცევაც გამოიწვიოს.

უკვე ცხადია, რომ 2000 წელს იასირ არაფატისთვის კემპ-დევიდში, ხოლო 2007 წელს მაჰმუდ აბასისთვის ანაპოლისში შეპირებული ისრაელის „1967 წლის საზღვრებში“ დაბრუნება, იერუსალიმის გაყოფა, იუდეასა და სამარიაში ებრაული დასახლებული პუნქტების ლიკვიდაცია და „მწვანე ხაზის“ შიგნით „პალესტინელი დევნილების და მათი შთამომავლობის“ იმიგრაცია დღეს რთულად წარმოსადგენია. პირიქით, ყველაფერი შეიძლება დასრულდეს ავიგდორ ლიბერმანის მიერ წამოყენებული იდეით იუდეასა და სამარიაში არაბული დასახლებული პუნქტების თვითმმართველ, თუმცა სახელმწიფო სუვერენიტეტს მოკლებულ „კანტონებად“, ან ქალაქ-სახელმწიფოებად (ემირატებად) გადაკეთებით, რომლის შესახებაც ცნობილმა ისრაელელმა აღმოსავლეთმცოდნემ და პუბლიცისტმა მორდეხაი კეიდარმა განაცხადა.

 

პასუხის პოტენციალი

რამალას თამამი განცხადებების გარდა, რომ “იერუსალიმი და მისი სიწმინდეები არ შეიძლება ვაჭრობის საგნად განვიხილოთ“, რეალურად რა შეუძლია პალესტინის ადმინისტრაციას?

სუნიტური რეჟიმების სოლიდური მხარდაჭერის იმედი მათ არ უნდა ჰქონდეთ. ტრამპის გადაწყვეტილებაზე მათი რეაქცია მინორული იყო. არაბულ დედაქალაქებში ბევრს საუბრობდნენ საფრთხეზე სამშვიდობო პროცესისთვის, ხოლო იორდანიაში არაბულ სახელმწიფოთა ლიგის სამიტზე დრამატული განცხადებებიც კი გაკეთდა, თუმცა რადიკალური ნაბიჯების გადადგმის არც ინტერესი და არც სურვილი არაბულ სახელმწიფოებს არ გამოუხატავთ. გილემ ფრიშის ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამერიკული ექსპორტის ვარდნას რეგიონში ან სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან გაფორმებული კონტრაქტების გაწყვეტას ადგილი არ ჰქონია, რაც ადრე ტრადიციული რეაქცია იყო ამერიკულ დემარშებზე.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ყველაზე მკაცრად თურქეთმა და ირანმა გააკრიტიკა. აღნიშნული აჩვენებს, რომ რეგიონში მთავარი დაპირისპირება არა ისრაელი-პალესტინის, არამედ ირან-არაბეთის ხაზით მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში, ვაშინგტონის არაბ პარტნიორებს ხელს აძლევთ პალესტინურ-ისრაელური კონფლიქტის დარეგულირების პარადიგმის ცვლილება, თუ მას პაკეტში ირანული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკული და ისრაელური მხარდაჭერა მოჰყვება.

ექსპერტთა პროგნოზების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იერუსალიმზე მიღებული ამერიკული გადაწყვეტილება რეგიონს „ააფეთქებდა“, „არცერთი დემონსტრაცია ახლო აღმოსავლეთში მასშტაბით არ მიუახლოვდა ფრანგი ელვისის – ჯონი ჰოლიდეის დასაფლავების ცერემონიას“ – ირონიულად აღნიშნა New York Post-ის ფურცლებზე ტელეკანალ Fox-ის მიმომხილველმა რალფ პეტერსმა.

საგარეო პოლიტიკაში ამერიკული საბჭოს წევრის, EuropeToday-ის აკადემიური სერიის მთავარი რედაქტორის რონალდ ტერსკის განცხადებით პალესტინელთა უფლება სახელმწიფოებრიობაზე ახლო აღმოსავლეთში არცერთი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული არ არის. ეგვიპტემ და იორდანიამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები დიდი ხნის წინ გააფორმეს, სირია ნანგრევებშია, ხოლო საუდის არაბეთი მრავალი წელია საიდუმლოდ თანამშრომლობს ისრაელთან და მოწადინებულია გააღრმავოს ეს თანამშრომლობა.

ინიციატივას უფრო იჩენენ საუდის არაბეთის და ეგვიპტის კონკურენტები რეგიონული ლიდერობისთვის ბრძოლაში, რომლებიც ყველაზე მწვავე ანტიამერიკული და ანტიისრაელური განცხადებებით გამოვიდნენ. ამ ტონებში იყო გაკეთებული სტამბულში საგანგებოდ მოწვეულ ისლამური თანამშრომლობის საბჭოზე რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადება, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა იერუსალიმი ისრაელის მიერ ოკუპირებული პალესტინის დედაქალაქად გამოაცხადონ და დაადანაშაულა აშშ „ისრაელური ტერორის მხარდაჭერაში“. ცხადია, რომ პალესტინელი არაბები მხოლოდ საშუალება ან საბაბია თურქეთის ლიდერისა და ანტისაუდურ ბლოკში მისი პარტნიორების ხელში რეალური მიზნების მისაღწევად.

 

რა შეუძლია აბუ მაზენს?

ადრე მნიშვნელოვან ეფექტს იძლეოდა „არაბული ქუჩის გაცხელება“ ისრაელის და პალესტინის ტერიტორიებზე, რაც პალესტინის ადმინისტრაციას „დღის წესრიგის“ განსაზღვრის საშუალებას აძლევდა. ბოლო მოვლენების შემდეგ მაქსიმუმი, რაც მაჰმუდ აბასს შეეძლო, რომელსაც ერთდროულად სურდა „წინააღმდეგობის“ ხელმძღვანელობა და სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნებაც, იყო „ფრთხილი წაქეზება“, რამაც მნიშვნელოვანი ეფექტი ვერ მოიტანა. მკვლევართა თვალსაზრისით, ყველაზე მსხვილი საპროტესტო აქტი, რომელიც რამალამ დააორგანიზა, გაიმართა იერუსალიმის ჩრდილოეთით ბლოკპოსტ კალანდიასთან, რომელსაც სულ რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო. საბოლოო ჯამში პალესტინელი არაბების დემონსტრაცია ვერ მიუახლოვდა იმ მასშტაბებს, რაც მას პირველი და მეორე ინტიფადას დროს ჰქონდა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

  • საგარეო დონორების რესურსების ნაკლებობა, რომელთაც ან ვერ გაარღვიეს ისრაელის მიერ გადაკეტილი არხები, ან არსებულ რეგიონულ სიტუაციაში მიზანშეწონილად არ ჩათვალეს პალესტინური ქუჩის „გახურება“.
  • ისრაელის სპეცსამსახურების ეფექტური “პროფილაქტიკური” ქმედება.
  • ტრამპის გადაწყვეტილების ისლამის წინააღმდეგ ბრძოლად და მუსლიმების შეურაცხყოფად შერაცხვა ვერ მოხერხდა. 2017 წლის ივლისის წმინდა მთის ინციდენტისგან განსხვავებით ამჟამინდელი სიტუაცია პალესტინელი არაბების მხრიდან განიხილება არა რელიგიურ, არამედ ეროვნულ-პოლიტიკურ საკითხს, რომლისთვისაც თავის გაწირვა არ ღირს.

სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ პალესტინელ არაბებში საკუთარ იდენტობად უპირველეს ყოვლისა „მუსლიმის“ აღქმა 2008 წლიდან 2011 წლამდე 40%-დან 66%-მდეა გაზრდილი. პარალელურად „პალესტინური“ იდენტობა 29%-დან 16%-მდე, ხოლო საერთო არაბული 13%-დან 3%-მდე დაეცა.

და რაც მთავარია, დასავლეთის ნაპირის პალესტინელი არაბების უმრავლესობა ამჯობინებს არ გარისკოს არსებული ცხოვრების და პირადი უსაფრთხოების დონით, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ქაოსში ჩაბმული არაბული სახელმწიფოების მაცხოვრებელთა პირობებს. მსგავსი განწყობები თანდათან ვრცელდება ღაზას სექტორშიც. პალესტინური არაბული ქუჩის აპათია აშშ-ს ადმინისტრაციასთან დაპირისპირების სურვილის არქონასა (რომლის დახმარებაც პალესტინას ჭირდება) და „დიპლომატიური წინააღმდეგობის ფრონტის“ სწრაფ დაშლასთან ერთად იყო „მესამე ინტიფადას“ არდაწყების ძირითადი მიზეზები. ამ ვითარებაში კი პალესტინელ არაბთა ლიდერების და მათი მხარდამჭერების მწვავე განცხადებები ერთადერთ რესურსად რჩება პალესტინელების ხელში, რომელსაც ჩვენ უახლოეს კვირებსა და თვეებში მრავალჯერ გავიგებთ.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი