გასვლის მესამე მცდელობა: დასრულდა თუ არა ომი სირიაში?

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა დასვას წერტილი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომში და ამავდროულად დაასწროს დასავლელ კოლეგებს ტერორისტების დამარცხების ფაქტის მითვისება. 11 დეკემბერს, პუტინმა პირადად გამოაცხადა რუსული სამხედრო კონტინგენტის მნიშვნელოვანი ნაწილის სირიიდან გასვლის შესახებ. თუმცა რჩება კითხვები. მართლა დაასრულა თუ არა რუსეთმა ომი? გამოვიდა თუ არა იგი სირიის კონფლიქტიდან გამარჯვებული, და მართლაც დამარცხებულია თუ არა “ისლამური სახელმწიფო”?

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში რუსი სამხედროების გაყვანის ფაქტის კომენტირებისას აღნიშნეს, რომ საერთაშორისო კოალიცია აგრძელებს თავის მუშაობას სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე, რადგან იქ რჩებიან “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები და სიტუაციის დასტაბილურება კვლავ აუცილებელია.

 

გამარჯვება?

რთულია ამ განცხადებას არ დაეთანხმო. პენტაგონის მონაცემებით, ერაყსა და სირიაში იარაღი არ დაუყრია „დაეშის“ დაახლოებით სამი ათას მებრძოლს. სამი წლის წინანდელ რამდენიმე ათასთან შედარებით, ეს ციფრი უმნიშვნელოა. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბევრი მებრძოლი არ არის განადგურებული. უცხოელი დაქირავებულების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა ან აპირებს სხვა არასტაბილურ რეგიონებში გადაინაცვლოს, ხოლო „ისლამური სახელმწიფოს“ სირიელი და ერაყელი მეომრები მოსახლეობაში გათქვეფას ცდილობენ. „დაეში“ დასახლებულ პუნქტებს წლობით ინარჩუნებდა, რაც სავარაუდოდ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე ნაკლებად იყო შესაძლებელი.

„დაეშმა“ როგორც სტრუქტურამ, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს შექმნაზე აცხადებდა პრეტენზიას, დამარცხება განიცადა. თუმცა როგორც ტერორისტული დაჯგუფება აგრძელებს არსებობას, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა სხვა ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ყაიდა“. „დაეშმა“ შეინარჩუნა მმართველობის სისტემა, საკმარისი რესურსები და მომხრეები ტერაქტების მოსაწყობად როგორც სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. გრძელდება „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმები სირიელი სამხედროების პოზიციებზეც.

გაურკვეველი რჩება სიტუაცია სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან, მათ შორის „ჰეიათ ტაჰრირ აშ-შამთან“, რომლის საფუძველსაც „ჯებჰატ ან-ნუსრა“ წარმოადგენს. ისინი კვლავ იბრძვიან სირიის არმიის წინააღმდეგ. მიუხედავად დეესკალაციის ზონების შესახებ შეთანხმებისა, კვლავ გრძელება შეტაკებები სირიის არმიასა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის.

ომი სირიაში არ დასრულებულა. ამიტომაც ჩნდება კითხვა, ადრე ხომ არ არის რუსეთის მხრიდან გამარჯვების ზეიმი? წელიწადნახევრის წინ პუტინმა უკვე გამოაცხადა თავდაცვის სამინისტროს წინაშე არსებული ამოცანების შესრულება და გასცა სირიიდან ძირითადი ძალების გამოყვანის ბრძანება. თუმცა საბოლოო ჯამში სამხედრო ოპერაცია გაგრძელდა.

მიუხედავად ამისა, დღეს ძალთა ბალანსი სირიასა და ერაყში 2016 წლის მარტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ისლამურმა სახელმწიფომ დაკარგა კონტროლი ყველა მსხვილ დასახლებულ პუნქტზე ორივე ქვეყანაში და სხვადასხვა მონაცემებით რჩება სირიის ტერიტორიის 1-3%-ზე. სირიის ხელისუფლების კონტროლქვეშაა ქვეყნის დაახლოებით ორი მესამედი, დანარჩენს კი ქურთები და შეიარაღებული ოპოზიციის სხვა ნაწილები ინარჩუნებენ. ამ კონტექსტში რუსი სამხედროები თავიანთ ამოცანას გაუმკლავდნენ – ისლამური სახელმწიფოს წინსვლა შეჩერებული, ხოლო ასადის ხელისუფლება დამასკოში -შენარჩუნებულია.

ჭირდება თუ არა რუსეთს მსხვილი სამხედრო კონტინგენტი უცხო ტერიტორიაზე? სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ს სირიაში 2 000, ხოლო ერაყში 5 200 სამხედრო ჰყავს. რუსული შენაერთების რიცხვი სირიაში ბოლო დროს ოფიციალურად არ დასახელებულა. ცნობილია მხოლოდ ის შენაერთები, რომლებმაც დატოვეს ან დატოვებენ სირიას. სირიაში რუსეთის ფედერაციის ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი სუროვიკინის განცხადებით დარჩენილი ნაწილები დაკისრებულ ამოცანებს ისევე ეფექტურად შეასრულებენ, როგორც ადრე. რუსეთმა უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტებისთვის დარტყმის მიყენება შეიძლება უშუალოდ სირიის ტერიტორიაზე არყოფნის გარეშეც.

რუსეთი ასევე იტოვებს ბაზებს ხმეიმიმში და ტარტუსში და საკმარის პერსონალს მათი მომსახურებისა და დაცვისთვის. პუტინის განცხადებით კი, მოსკოვი კვლავ მზადაა საჭიროების შემთხვევაში გააგრძელოს ოპერაცია სირიაში.

ამის საჭიროება კი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დადგეს. ისლამური სახელმწიფოს დაბრუნება ან რომელიმე სხვა მსგავსი დაჯგუფების გაძლიერება რეალურია, თუ სირიაში ვერ შედგება პოლიტიკური კონსენსუსი, რომლის მიღწევის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს.

 

სოჭი და ჟენევა

კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირება სირიაში შეჩერებულია. სირიის ხელისუფლება ნოემბრის ბოლოს, ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განაწყენდა, რომ პრეზიდენტი ბაშარ ასადი გარდამავალ პერიოდში უნდა გადადგეს. ამის შემდეგ რუსეთმა ოფიციალური დამასკო ჟენევაში ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე ძლივს დაითანხმა. თუმცა ეს სიტუაციას ვერ ცვლის. ჩასვლა არ ნიშნავს შეთანხმებას. ჯერჯერობით არავინ არ იცის, როგორი შეიძლება იყოს კომპრომისი და შეიძლება თუ არა საერთოდ მისი მიღწევა.

რუსეთი ამავდროულად სამყაროს სირიის სამომავლო დარეგულირების საკუთარ ხედვას სთავაზობს. პოლიტიკური პროცესის დასაწყისად უნდა იქცეს ეროვნული დიალოგის კონგრესის შექმნა და გამართვა. რუსული ჩანაფიქრით, ახალი სტრუქტურის ფარგლებში უნდა განიხილონ სამომავლო სახელმწიფო მოწყობა, კონსტიტუცია და მის ფარგლებში გაეროს კონტროლის ქვეშ არჩევნების ჩატარება.

ოფიციალურად იგი წარმოადგენს არა ჟენევის მოლაპარაკებების ჩანაცვლებას, არამედ მის დანამატს. თუმცა არაბულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გაეროს სპეცწარმომადგენელმა სირიის კონფლიქტის საკითხებში სტეფან დე მისტურამ ოპოზიციას განუცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა პოლიტიკური დარეგულირების პროცესის სოჭში გადატანას გულისხმობს.

ასტანის ფორმატის წარმატების შემდეგ, როდესაც რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა მოლაპარაკებების მაგიდასთან სხვადასხვა სირიული შეიარაღებული ჯგუფების დასმა შეძლეს, რუსეთის ხელისუფლებამ მისი პოლიტიკურ ველზე გამეორება გადაწყვიტა. ოქტომბერში, პრეზიდენტმა პუტინმა სოჭში სირიის ეთნო-კონფესიონალური თემების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეკრების იდეა წამოაყენა, რათა მათ საკუთარი ქვეყნის მომავლის შესახებ აზრი გამოხატონ.

იდეა მოულოდნელი იყო როგორც თავად სირიელებისთვის, ასევე ასტანას ფორმატში მოსკოვის პარტნიორებისთვის. ანკარა შეეწინააღმდეგა კონგრესში ქურთული დემოკრატიული კავშირის პარტიის წარმომადგენელთა მონაწილეობას, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. თუმცა, სწორედ დემოკრატიული კავშირი არის ძირითადი პოლიტიკური ძალა სირიის ქურთისტანში, ხოლო ქურთი მეამბოხეები უმრავლესობას შეადგენენ სირიის დემოკრატიული ძალების შიგნით, რომელიც ქვეყნის თითქმის მეოთხედს აკონტროლებს. ქურთების გარეშე კონგრესის ჩატარება აზრს კარგავს. ჯერჯერობით უცნობია, გამონახეს თუ არა საერთო აზრი თურქეთმა და რუსეთმა ამ საკითხზე, თუმცა ანკარას დამოკიდებულება კონგრესის ჩატარებასთან დაკავშირებით შერბილდა. ყოველ შემთხვევაში, მოსკოვში საკითხს ასე აღიქვამენ.

 

მთავარი საკითხი

ბოლო ვერსიით, კონგრესი მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება. თუმცა კვლავ ღია რჩება კითხვები: რომელი სირიული ძალები ჩავლენ სოჭში, რამდენად ლეგიტიმური იქნებიან ისინი, ვინ ჩაუდგება კონგრესს სათავეში და შეიძლება თუ არა ეს პიროვნება ასადის პოტენციურ ალტერნატივად მივიჩნიოთ გარდამავალ პერიოდში ან სამუდამოდ. და რაც მთავარია – აპირებს თუ არა მოსკოვი შეინარჩუნოს ასადის მმართველობა, თუ რუსეთი ამზადებს ნიადაგს მისი ეტაპობრივი წასვლისთვის. პუტინის ხმეიმიმში ვიზიტისას სირიის პრეზიდენტის გაბადრული სახე აჩვენებს, რომ იგი საკუთარ მომავალში დარწმუნებულია.

ბოლო დროს მოსკოვისა და ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია ასადთან დაკავშირებით ერთმანეთს დაემთხვა: საკუთარი პრეზიდენტის შესახებ გადაწყვეტილება თავად სირიელებმა უნდა მიიღონ. შემდეგ კი იხსნება ინტერპრეტაციების ველი. ოპოზიცია კვლავ აცხადებს, რომ ასადი გარდამავალი პერიოდის დაწყებამდე უნდა წავიდეს. სირიის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ასადი არჩევნებამდე უნდა დარჩეს და არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც უნდა ჰქონდეს.

რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით კონფლიქტის ძირითადი მონაწილეები? რამდენიმე დღის წინ New Yorker-მა ამერიკელ და ევროპელ საჯარო მოხელეებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია მზადაა დაეთანხმოს რუსეთის პოზიციას, რომელსაც ასევე მხარს უჭერს ირანი და გარკვეულწილად თურქეთი და რომლის თანახმადაც ასადი ხელისუფლებაში 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა დარჩეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი ამ პუბლიკაციაზე ცხადი იყო: ჩვენ მივიჩნევთ, რომ სირიის მომავალში ბაშარ ასადის ადგილი არ არის, თუმცა საბოლოო ჯამში, ამას სირიის მაცხოვრებლები და ამომრჩევლები გადაწყვეტენ. მოსკოვის თვალსაზრისი რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლავრენტიევმა Bloomberg-თან ინტერვიუში გააჟღერა, სადაც აღნიშნა, რომ იგი ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავ, რატომაც უნდა წავიდეს ასადი და რატომა არ უნდა მიიღოს მან მონაწილეობა კიდევ ერთ საპრეზიდენტო არჩევნებში. „ეს მთლიანად მისი საქმეა“ – განაცხადა ლავრენტიევმა.

საპრეზიდენტო არჩევნებში ასადის მონაწილეობა დევს სირიის კონსტიტუციის რუსულ პროექტშიც, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში, ასტანის ფორმატში მოლაპარაკებების დაწყების დროს გამოჩნდა. თუმცა, რუსები მას მხოლოდ „განხილვის ველად“ მიიჩნევენ, სადაც ასახულია ყველა ის მწვავე საკითხი, რომელზეც სირიელები ერთმანეთში უნდა შეთანხმდნენ. ასტანის მოლაპარაკებები სხვა პრობლემებზე იყო კონცენტრირებული. სავარაუდოდ, მოსკოვი იმედოვნებს, რომ კონსტიტუციის პროექტში ასახულ საკითხებზე ფართო დისკუსია სოჭში გაიმართება.

ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზეც, მოახერხებს თუ არა მოსკოვი საკუთარი იდეის რეალიზებას. დასავლეთი ჯერ არ ჩქარობს სოჭში კონგრესის რუსულ ინიციატივას დაუჭიროს მხარი. ერთი წლის წინ, ასტანაში ერთ მაგიდასთან სხვადასხვა სამხედრო შენაერთების დასმის რუსული ინიციატივაც უტოპიურად ჩანდა. თუმცა, რეალობაში ყველაფერი სხვანაირად აღმოჩნდა. ასტანის მოლაპარაკებათა ფორმატმა გამოიწვია დეესკალაციის ზონების შექმნა. ეს კი მიუხედავად ყველაფრისა, ხელშესახები შედეგია. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, დადებითი შედეგის მიღწევა მაშინაა შესაძლებელი, როდესაც თანხმობას სირიის კრიზისის მოგვარებით დაინტერესებული ყველა ძირითადი მხარე მიაღწევს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის აშშ, რუსეთი, თურქეთი, ირანი და საუდის არაბეთი. თუმცა სია ამით არ შემოიფარგლება.

მოსკოვს სურს მიაღწიოს წარმატებას სირიაში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ დიპლომატიურ ველზეც –  მხოლოდ მაშინ შეძლებს იგი თქმას, რომ ომი რეალურად დასრულდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღევანდელი სამხედრო წარმატება გაუფასურდება. სტაბილურობა სირიაში სჭირდება რუსეთის დასავლელ პარტნიორ/მოწინააღმდეგეებსაც. არავინ არის დაინტერესებული ერაყის გამოცდილების გამეორებაში, სადაც პოლიტიკურმა ქაოსმა „ისლამური სახელმწიფოს“ ტრიუმფი გამოიწვია. თუმცა იმ ფაქტისთვის თვალყურის დევნება, თუ როგორ ცდილობენ მსოფლიოს ლიდერები ერთმანეთს „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო დამმარცხებლის დიდება გამოგლიჯონ, უნებლიედ წარმოგვიდგენს მათ ბრძოლას სირიის პოლიტიკური დარეგულირების საკუთარი ვარიანტის გასატანად.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

დატოვე კომენტარი