ევროპა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ: ოთხი ახალი გარემოება

ლევან ლორთქიფანიძე – პოლიტოლოგი, პოლიტიკური პარტიების მკვლევარი. თსუ-სა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შედარებითი პარტიული პოლიტიკის ლექტორი. „კავკასიური სახლის“ გამგეობის წევრი.

 

2019 წლის მაისის მიწურულს, 23-დან 26 მაისამდე ევროკავშირის წევრ 28 ქვეყანაში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა. 400 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ევროკავშირის წარმომადგენლობითი ორგანოს ახალი წევრები ხუთი წლის ვადით აირჩია. დამკვირვებლებისათვის მოულოდნელად, საარჩევნო ურნებთან ამომრჩეველთა 51%-მდე გამოცხადდა. უკანასკნელი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მონაწილეობის ასეთი მაღალი მაჩვენებლები ევროპარლამენტის არჩევნებზე არ დაფიქსირებულა. ევროკავშირის ერთიანობისა და განვითარების მომხრე პოლიტიკოსები მოქალაქეთა აქტიურობით გახარებულნი არიან. მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში ხალხის საარჩევნო მობილიზაცია ანტიევროპულმა და ევროსკეპტიკურმა განწყობებმა განაპირობეს, მაგრამ პროევროპული ძალები მაინც  ოცდარვა სახელმწიფოს გამაერთიანებელი ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობაზე მიანიშნებენ.

ევროპარლამენტი ევროკავშირის ფაქტობრივად ერთადერთი ორგანოა, რომელიც ხალხის მიერ აირჩევა. ევროპარლამენტი მონაწილეობას იღებს საერთო ევროპული კანონმდებლობის შემუშავებაში, ევროკავშირის ბიუჯეტის დამტკიცებასა და მისი აღმასრულებელი ორგანოების კონტროლის განხორციელებაში. 2009 წელს, ლისაბონის ხელშეკრულების დამტკიცების შემდეგ, საერთო ევროპულ საკანონმდებლო-წარმომადგენლობით ორგანოს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაემატა. კერძოდ, ევროპარლამენტს ევროკავშირის უმთავრესი აღმასრულებელი სტრუქტურის – ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილებაც მიენიჭა (ევროკომისიის პრეზიდენტს ზოგიერთი მკვლევარი ევროპის კვაზი-პრემიერსაც უწოდებს). ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა საბჭოს აღარ აქვს ევროკომისიის პრეზიდენტის დამოუკიდებლად დანიშვნის შესაძლებლობა. მაშასადამე, თავისუფლად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ევროპარლამენტი გახლავთ ის საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს თანამედროვე დასავლეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

არჩევნების შედეგად ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტში არაერთი მნიშვნელოვანი ძვრა განხორციელდა. მოდით, ყურადღება გავამახვილოთ 26 მაისის შემდეგ გამოკვეთილ რამდენიმე საგულისხმო გარემოებაზე.

გარემოება #1: „სახალხო პარტიების“ კრიზისი

პარტიული პოლიტიკის ევროპელი მკვლევრები ხშირად იყენებენ ტერმინს – „Die Volkspartei” (გერმ. სახალხო პარტია).  ამგვარ პარტიათა რიგებს ის პოლიტიკური ორგანიზაციები მიეკუთვნებიან, რომლებიც მხოლოდ ერთ ან მცირერიცხვოვან სოციალურ ჯგუფებზე არ არიან ორიენტირებულნი და მხარდამჭერების მოპოვებას ყველა საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენელთა შორის ცდილობდნენ.[1] მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის პოლიტიკურ ველზე ორი სახალხო პარტია გამოიკვეთა – მემარცხენე-ცენტრისტული ბანაკი სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციებმა გააერთიანეს, მემარჯვენე-ცენტრისტული ერთობას კი დასავლელმა ქრისტიან-დემოკრატებმა ჩაუყარეს საფუძველი. 2019 წლამდე, ორივე უდიდესი პარტიული ოჯახი თითქმის ყოველთვის ახერხებდა ევროპარლამენტის მანდატთა ნახევარზე მეტის მოპოვებას. 26 მაისს “ევროპის სახალხო პარტიამ“(EPP) და „ევროპელ სოციალისტთა პარტიამ“ (PES) საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგეს. 2014 წელს დასახელებული პარტიების მიერ ჩამოყალიბებულმა კოალიციამ ევროკომისიის პრეზიდენტად ჟან-კლოდ იუნკერი აირჩია. ამჯერად, ისინი ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის დამოუკიდებლად არჩევას ვეღარ შეძლებენ. ქრისტიან-დემოკრატებსა და სოციალ-დემოკრატებს პარტნიორების მოძებნა დანარჩენ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოუწევთ.

რამ განაპირობა ყველაზე გავლენიანი პარტიების კრიზისი?

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ – „ზიუდდოიჩე ცაიტუნგმა“ დაწერა, რომ მთავარ პარტიათა დასახელებებში წინსართებმა თავიანთი საზრისი დაკარგეს. ავტორი ამტკიცებდა, რომ აღარ არსებობენ აღარც სოციალ-დემოკრატიული და აღარც ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზაციები. მათ ნაცვლად ორი დემოკრატიული პარტია წარმოიქმნა, რომლებიც ერთმანეთისგან ღირებულებებათა სისტემის მიხედვით პრაქტიკულად აღარ განსხვავდებიან. მათი გამიჯვნა მხოლოდ ისტორიული გამოცდილების მიხედვით არის შესაძლებელი.

ევროპული გამოცემის სხარტი და მეტწილად ზუსტი შენიშვნის დასაბუთება არაერთი მაგალითით არის შესაძლებელი. 1998-2005 წლებში გერმანიას ჯერ-ჯერობით უკანასკნელი სოციალ-დემოკრატი კანცლერი მართავდა. გერჰარდ შრიოდერის ხელისუფლებაში ყოფნის დროს საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდას, დაიწყო მთელი რიგი საწარმოების პრივატიზაცია, გაუქმდა გადასახადები და რეგულაციები მსხვილი კონცერნებისათვის, შემცირდა სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებები და ა.შ. კანცლერ შრიოდერის ნეოლიბერალურ რეფორმების პაკეტს, როგორც წესი, საერთო სახელწოდებით „Agenda 2010“ („დღის წესრიგი 2010“) მოიხსენიებენ. „Agenda 2010“-ის წყალობით, გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა (SPD) პოსტინდუსტრიულ საზოგადოებებში ისედაც დაუძლურებული და/ან ტრანსფორმირებული მუშათა კლასის ¾ მხარდაჭერა დაკარგეს. პარტიას დაუპირისპირდნენ კეთილდღეობის ინსტიტუტების დასუსტებითა და მთავრობის ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკით გაღიზიანებული პროფკავშირები, რომლებიც ტრადიციულად სოციალ-დემოკრატთა მთავარ პარტნიორებად გვევლინებოდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ შიდაპარტიული ოპოზიციის ნაწილი საერთოდ გამოეყო სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას და დამოუკიდებელი ბრძოლის გზა აირჩია. პარალელურად, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2005 წლიდან დღემდე, თითქმის ყოველთვის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობაში მთავარ მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიას ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) უმცროს პარტნიორად უწევს საქმიანობა. ბუნებრივია, ე.წ. „დიდ კოალიციებში“ მრავალწლიანი მუშაობა დამატებით სერიოზულ კომპრომისებთან არის დაკავშირებული, რაც ამომრჩეველთა თვალში კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის სოციალ-დემოკრატთა პოლიტიკურ თვითმყოფადობას.

2009 წელს გერმანიის ერთ-ერთ მთავარ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას კანცლერმა ანგელა მერკელმა ცნობილ ჟურნალისტ ანნე ვილს განუცხადა: „მე ხან კონსერვატორი ვარ, ხან ლიბერალი, ხან ქრისტიანულ-სოციალური იდეების მხარდამჭერი და ამგავრი მიდგომა აყალიბებს დღევანდელ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“.[2]  მერკელის კანცლერობის განვილი 14 წელი ცალსახად ადასტურებს მის მიერ ცნობილი ტელეწამყვანისთვის ნათქვამი სიტყვების ჭეშმარიტებას. 2000-იანი წლებიდან მოყოლებული  CDU-სთვისაც დამახასიათებელი გახდა იდეებისგან დაცლილი პრაგმატიზმი, რაც რამდენიმე მაგალითით შეგვიძლია დავასაბუთოთ. მთავარი მემარჯვენე-ცენტრისტული ჯგუფის წარმომადგენლები 2009 წლამდე ატომური ენერგიის წარმოების შეწყვეტას მხარს არ უჭერდნენ, მაგრამ იაპონიაში, ქალაქ ფუკუშიმას სადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ კონსერვატორთა მთავრობამ ატომური ენერგიის გამოყენებაზე უარი თქვა და მისი ჩანაცვლების ეტაპობრივი სტრატეგიაც დაამტკიცა. ქრისტიან-დემოკრატები წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ ჰომოსექსუალ წყვილთა ქორწინების დაკანონებას, მაგრამ 2017 წლის ოქტომბერში სწორედ CDU-ს ფრაქციის ნაწილის მხარდაჭერით მოახერხა პროგრესულმა კოალიციამ ახალი სტანდარტის ნორმატიულ აქტებში ასახვა. 2015 წელს გერმანიამ ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან დევნილ ათობით ათას მიგრანტს მისცა სახელმწიფო საზღვრის გადმოლახვის შესაძლებლობა. დევნილთა გერმანიაში შემოშვებამ მიგრანტთა კრიზისი განაპირობა, რადგან პრობლემები შეიქმნა მოქალაქეობის არმქონე პირთა დაბინავების, დასაქმების, ადგილობრივ თემებში ინტეგრირების საკითხთა გადაწყვეტისას. კონსერვატიული ბანაკის პარტიებს კი დღემდე არ აქვთ ჩამოყალიბებული თავიანთი მწყობრი ხედვა მოგრანტთა კრიზისის შესახებ და გადაწყვეტილებებს საბოლოო სტრატეგიული შეთანხმების გარეშე იღებენ. შესაბამისად, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ სოციალ-დემოკრატთა მსგავსად ქრისტიან-დემოკრატებიც იდეების უნივერსალიზაციისა და ჰომოგენიზაციის პროცესის ნაწილი გახდნენ. მათსა და სოციალ-დემოკრატებს შორის ფუნდამენტური განსხვავებების აღმოჩენა გართულებულია.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პრინციპული პარტიული პოზიციების არქონა არ განაპირობებს მთავარი პოლიტიკური ძალების დასუსტებას. ძირითად პარტიათა ამომრჩევლების მკვეთრ შემცირებაზე გავლენას მათი ძალაუფლებრივი როლიც ახდენს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ისინი სხვადასხვა ფორმით მუდამ ხელისუფლებაში არიან. შესაბამისად, ამომრჩეველი ევროპაში შექმნილ მდგომარეობაზე ( Brexit, ევროზონისა და მიგრანტთა კრიზისები, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ.) პასუხისმგებლობას სწორედ მათ აკისრებს.

ვფიქრობ, გერმანული მაგალითების განზოგადოება მთელს ევროპაზე შეიძლება. უამრავი მსგავსების აღმოჩენაა შესაძლებელი გერმანელ სოციალ-დემოკრატებს, ბრიტანელ ლეიბორისტებსა (ტონი ბლერის ეპოქის) და ფრანგ სოციალისტებს შორის. სამივე დასახლებულმა პარტიამ ერთნაირად კატასტროფული შედეგები აჩვენა 26 მაისის არჩევნებზე. ასევე უამრავი რამ აქვთ საერთო გერმანელ ქრისტიან-დემოკრატებს, ფრანგ ნეო-გოლისტებსა და ესპანეთის სახალხო პარტიის წევრებს.

 

გარემოება #2: „მწვანეების“ მიღწევები და ჩავარდნები.

2019 წლის მოწვევის ევროპარლამენტში მწვანეთა პარტიის წარმომადგენლობა დაახლოებით ოცი დეპუტატით გაიზრდება. მწვანეებმა განსაკუთრებით კარგი შედეგები ბენელუქსის ქვეყნებში, ფინეთსა და დანიაში, საფრანგეთსა და ირლანდიაში აჩვენეს. 1980-იან წლებში დაფუძნებულმა პარტიამ 26 მაისის არჩევნებზე ყველა დროს რეკორდი მოხსნა გერმანიაში. „გაერთიანება 90/ მწვანეებმა“ ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ კენჭისყრაზე 20%-იანი ნიშნული გადალახეს და მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატებს ჩამორჩნენ. მათ მთელი 5%-ით უკან ჩამოიტოვეს სოციალ-დემოკრატიული პარტია.

რამ განაპირობა ევროპელ მწვანეთა წარმატება?

2019 წლის არჩევნებზე მწვანეები მკაფიო პროგრამით გამოვიდნენ. ისინი საერთო ევროპულ დღის წესრიგში მოხვედრილ ყველა კონფლიქტურ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო და პრინციპულ პოზიციას აფიქსირებდნენ. ეკოლოგიური პარტიის წარმომადგენლები ძველებური ერთგულებით მხარს უჭერენ მულტიკულტურალიზმის იდეას, ყოველთვის ბოლომდე იცავენ მიგრანტებისა და მათი ოჯახების უფლებებს, ცალსახად ეწინააღმდეგებიან და მწვავედ უპირისპირდებიან ნაციონალისტებს, ულტრამემარჯვენეებსა და რადიკალებს. კლიმატის ცვლილებისა და გლობალური ეკოლოგიური გარდაქმნების საკითხს თითქმის ყველა პარტიის პროგრამაში ვხვდებოდით, რაც აღნიშნული პრობლემის განსაკუთრებულ აქტუალობაზე მიანიშნებს. სამწუხაროდ, თანამედროვე ეპოქაში არჩევნები გარკვეულწილად სამომხმარებლო ბაზარსაც დაემსგავსა. მომხმარებელი იშვიათად ირჩევს პატენტს, ის უპირატესობას ყოველთვის ორიგინალს ანიჭებს. გარემოსდაცვით საკითხებში „მწვანეთა კონფედერაცია“ ყველაზე კომპეტენტური და გამოცდილი ძალაა. შესაბამისად, კლიმატის ცვლილების თემებით ამომრჩეველთა მომხრობის გეგმამ სხვა პარტიების შემთხვევაში ნაკლებად გაამართლა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მწვანეთა პარტიების ამომრჩეველთა ზრდის ტენდენციას ხელი ერთმა 16 წლის გოგონამაც შეუწყო. გასული წლის ზაფხულში ერთი შვედი მოსწავლის, გრეტა ტუნბერგის მიერ დაწყებული პროტესტი რამდენიმე თვეში პანევროპულ საპროტესტო მოძრაობად  გარდაიქმნა. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მილიონობით მოსწავლე გამოვიდა ევროპის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში. ისინი ევროკავშირისა და მდიდარი ქვეყნების მთავრობებისგან კლიმატის ცვლილების შეჩერების პროცესში აქტიურ ჩარევას, CO2-ის ემისიის შემცირებასა და გლობალური ეკოლოგიური სტანდარტების შემუშავებას ითხოვენ. ისინი დღემდე, ყოველ პარასკევს კვლავ აწყობენ გაფიცვებსა და საპროტესტო დემონსტრაციებს. „Fridays for future“-მ რომ გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მწვანეთა პარტიების წარმატებაზე, ამას ამომრჩეველთა ქცევის დემოგრაფიული ანალიზი ცხადყოფს. გარემოსდამცველებსა და მულტიკულტურალისტებს 35 წლამდე ამომრჩევლების დაახლოებით 40%-მა დაუჭირა მხარი (ევროპის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში).

ფრაქციის წევრთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, მწვანეებს ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი მაინც აქვთ დამწუხრებისთვის. ეკოლოგიურ პარტიებს ფაქტობრივად არანაირი გავლენა არ აქვთ ევროკავშირის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებზე. იქ, სადაც Austerity politics-ის შედეგების დაძლევისა და სამართლებრივი სახელმწიფოს გადარჩენისთვის იბრძვიან, პოსტმატერიალისტური ღირებულებების დაცვისთვის ნაკლებად სცალიათ ხოლმე.

 

გარემოება #3: ულტრამემარჯვენეების გაძლიერება და მუდმივი ფრაგმენტაცია

2009 წლის მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ევროპაში ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერების პროცესი დაიწყო. 2010-იანი წლების მიწურულს მათ მიერ მოპოვებული საარჩევნო წარმატება უკვე აღარავის აკვირვებს. ევროპარლამენტის არჩევნებზე ულტრამემარჯვენე ძალებმა წარმატებით იასპარეზეს. ნაციონალისტურმა, პოპულისტურმა და ევროსკეპტიკურმა პარტიებმა პირველი ადგილები დაიკავეს დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ბელგიაში.[3] უკიდურესი კონსერვატიზმისა და არალიბერალური დემოკრატიის მხარდამჭერმა პარტიებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს პოლონეთსა და უნგრეთში ჩატარებულ კენჭისყრებზე. ულტრამემარჯვენე დეპუტატთა საერთო რაოდენობამ 100 მანდატიან ნიშნულს გადააჭარბა.

წარმომადგენლობის ზრდის მიუხედავად, ულტრამემარჯვენეები ჯერ-ჯერობით მაინც ვერ განაპირობებენ ევროპულ პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებას. რადიკალთა ნაკლებად შედეგიანი მუშაობის მიზეზი მათი ფრაგმენტაციაა. ისინი ვერ ახერხებენ საერთო ფრაქციაში გაერთიანებას და სულ მცირე ოთხ ჯგუფად არიან დაქსაქსულები. ზოგიერთ ჯგუფს ნაცისტური წარსულის მიმართ მკაფიოდ ჩამოუყალიბებელი ნეგატიური პოზიცია და პოლიტიკურ სივრცეში ბიოლოგიური არგუმენტებით მსჯელობა გამოარჩევს. ულტრამემარჯვენეთა ნაწილი მხოლოდ ევროკავშირის მომავლისადმი მკვეთრად სკეპტიკური დამოკიდებულებით ხასიათდება. პოპულისტური და ნაციონალისტური ჯგუფები ერი-სახელმწიფოს კონცეფციის განახლების სურვილითა თუ ანტიმულტიკულტურალისტური განწყობებით განირჩევიან სხვებისაგან. ხელისუფლებაში მყოფი კონსერვატიული და ნაციონალისტური ძალები კი ულტრამემარჯვენეთა სრულიად განსაკუთრებულ კოჰორტას ქმნიან.[4]

სავარაუდოდ, 2019 წლის მოწვევის ევროპარლამენტში ნავსის გატეხვასა და ულტრამემარჯვენეთა კონსოლიდაციას იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი შეეცდება.

 

გარემოება #4: კოშმარი მემარცხენეებისათვის

26 მაისის კენჭისყრის შემდეგ ყველაზე იმედგაცრუებულნი მემარცხენე პარტიები აღმოჩნდნენ. სოციალ-დემოკრატებზე უფრო მარცხნივ პოზიციონირებით გამორჩეულმა ძალებმა თითქმის ყველგან დაკარგეს მანდატები. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის „სირიზამ“ ვერ მოახერხა საუკეთესო ეროვნული შედეგის ჩვენება, გერმანული „ლინკეს“ მონაცემებიც 1,5%-ით გაუარესდა. იტალიელი სოციალისტები საერთოდ ბარიერს მიღმა აღმოჩნდნენ. მხოლოდ ესპანელმა და პორტუგალიელმა მემარცხენეებმა შეძლებს პარტიული ოჯახისათვის ნამუსის შენახვა, მათ საკუთარი მონაცემები არ გაუუარესებიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ მწვანეთა პარტიის მსგავსად მემარცხენე ძალებიც უსუსტესად გამოიყურებიან აღმოსავლეთ ევროპაში ჩატარებულ კენჭისყრებზე.

გერმანული გამოცემა „თაგესცაიტუნგი“ წერს, რომ მემარცხენეთა მარცხის მიზეზი პარტიულ ოჯახში არსებულ შიდადაპირირსპირებებს უნდა დავუკავშიროთ. ევროპელი მემარცხენეები ტრადიციულ, გაუთავებელ დისკუსიებში არიან ჩაძირულნი, დავობენ არადოგმატური და ორთოდოქსული სოციალიზმის შესახებ, ცდილობენ რევოლუციურ და რეფორმისტურ პროგრამებს შორის არჩევანის გაკეთებას, ვერ გაურკვევიათ მათი კრიტიკული დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ პროევროპული პოზიციის გამომხატველია თუ ევროსკეპტიკური განწყობების მაჩვენებელი, გადაუჭრელი რჩება მუშათა და გარემოსდამცველთა შორის ინდუსტრიის გადარჩენა-განვითარების თაობაზე მიმდინარე კონფლიქტი, მემარცხენეები თავიანთ ინტერნაციონალისტურ პოზიციებს არ თმობენ, მაგრამ პარალელურად ანტიიმიგრაციული განწყობებითაც ხასიათდებიან. აქტუალურ საკითხებზე მეტ-ნაკლებად ერთიანი პოზიციის გარეშე წარმატების მოპოვების შანსი არც ერთ პარტიას არ აქვს. [5]

დასკვნა: ერთი საარჩევნო კამპანია დასრულდა, მეორე დაიწყო.

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები ერთადერთი მკაფიო დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას გვაძლევს. 2019 წლის შემდეგ ევროპარლამენტში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კიდევ უფრო მეტად გართულდება. საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად სამსუბიექტიანი ერთობის შექმნაა აუცილებელი. სამი პარტიული ოჯახის ერთი ქოლგის ქვეშ აღმოჩენა დამატებით წინაპირობებს შექმნის არასტაბილურობის, დამატებითი და ხანგრძლივი დისკუსიებისათვის.

ევროპარლამენტის განსაკუთრებით მრავალფეროვან შემადგენლობას პირველი ტესტის ჩაბარება უახლოეს მომავალში მოუწევს. საერთო ევროპული საარჩევნო კამპანია დასრულდა, მაგრამ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება. თავდაპირველად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურები უნდა შეიკრიბონ და 26 მაისის არჩევნებში მონაწილე პარტიების ლიდერთაგან ერთ-ერთი კომისიის პრეზიდენტის პოსტზე უნდა წარადგინონ. კანდიდატის წარსადგენად აუცილებელია, რომ მას სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურთა „გაძლიერებული კვალიფიციური უმრავლესობა“ უჭერდეს მხარს („გაძლიერებული კვალიფიციური უმრავლესობა“ გულისხმობს – ევროკავშირის წევრი ქვეყნების 72%-ს, რომლებშიც თანამეგობრობის მოსახლეობის სულ მცირე 65% ცხოვრობს).[6] კანდიდატის წარდგენის შემდეგ მას ხმა ევროპარლამენტის 376-მა დეპუტატმა უნდა მისცეს, რათა შერჩეული პირი ევროკომისიის პრეზიდენტად გამოცხადდეს.

დამკვირვებლები დიდი ევროპული კოალიციის შექმნას ვარაუდობენ, სადაც ქრისტიან-დემოკრატებთან და სოციალ-დემოკრატებთან ერთად, ლიბერალებიც გაერთიანდებიან. პროცესის მთავარი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ სამივე ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატი ჰყავს. ანგელა მერკელი და „ევროპის სახალხო პარტია“ ბავარიელ მანფრედ ვებერს უმაგრებენ ზურგს. ემანუელ მაკრონი და ლიბერალები უპირატესობას კონკურენციის საკითხებში ევროკომისარს, დანიელ მარგარეტ ვესტეგერს განიხილავენ ფავორიტად, სოციალ-დემოკრატები კი ყველაფერ გააკეთებენ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის ფრანს ტიმერმანსის დასაწინაურებლად.

ევროპას წინ მშფოთვარე ზაფხული და დაძაბული, მღელვარე პოლიტიკური კონფლიქტებით აღსავსე ხუთი წელი მოელის.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

[1] https://www.bpb.de/nachschlagen/lexika/das-junge-politik-lexikon/231958/volkspartei

[2] https://www.sueddeutsche.de/politik/merkel-bei-anne-will-dinge-tun-die-aus-dem-rahmen-fallen-1.403011

[3] https://www.spiegel.de/politik/ausland/europawahl-2019-alle-ergebnisse-der-eu-wahl-im-ueberblick-a-1267737.html

[4] http://psage.tsu.ge/index.php/Politics/article/view/93

[5] http://taz.de/Linke-bei-der-Europawahl/!5598099/

[6] https://www.spiegel.de/politik/ausland/europawahl-wie-der-neue-eu-kommissionspraesident-bestimmt-wird-a-1269463.html

დატოვე კომენტარი