„დონბასის ადგილობრივი ხელისუფლების“ ფორმირება: ელიტები და კონტრელიტები

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

გასული წლის ბოლოს არაღიარებულ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში მომხდარმა გადატრიალებამ კრემლიც კი ჩიხში შეიყვანა და აჩვენა, რომ დონბასსა და ლუგანსკში თავისებური, თუმცა საკუთარი პოლიტიკური ცხოვრება არსებობს.

არაღიარებული რესპუბლიკების შექმნას მოსკოვის ჩარევასთან ერთად ხელი შეუწყო რეგიონში ორ მაიდანს შორის (2004-2014 წლები) შექმნილმა პოლიტიკურმა ატმოსფერომ. ამ პერიოდში დონბასი აღმოჩნდა რეგიონების პარტიის მონოპოლიური ძალაუფლების ქვეშ, რომელმაც მისი დანარჩენი ქვეყნისგან იზოლირება მოახდინა. პარტიის ჩრდილქვეშ კი დაიბადა ადგილობრივი კონტრელიტა.

 

სხვა რიტმში ცხოვრება

საწყის ეტაპზე რეგიონების პარტია კუჩმას ეპოქის უსახო პოლიტიკურ პროექტს წარმოადგენდა, რომელიც სახელისუფლებო „ერთიანი უკრაინისთვის“ ბლოკში შედიოდა. კუჩმას წასვლის შემდეგ პარტიამ არსებობა დონეცკის ყოფილი გუბერნატორის ვიქტორ იანუკოვიჩის ხარჯზე გააგრძელა, რომელიც კუჩმას მემკვიდრედ ითვლებოდა. თუმცა მის გეგმებს ხელი 2004 წლის ნარინჯისფერმა რევოლუციამ შეუშალა.

საზოგადოების პოლარიზაციის ფონზე, რომელმაც გეოგრაფიული მნიშვნელობა შეიძინა, რეგიონების პარტია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გამომხატველად ითვლებოდა. სწორედ დონბასი იქცა პარტიის მოქმედების ძირითად არეალად, რომლის მოსახლოებაც 2004 წლამდე მხარს უკრაინის კომუნისტურ პარტიას უჭერდა. 2004 წლის შემდეგ დონბასური ელიტა (საბჭოთა ნომენკლატურა, „წითელი დირექტორები“ და 90-იანებში გამოჩენილი მეწარმეები) რეგიონების პარტიის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ, რამაც პარტია რეგიონში ყველაზე ძლიერ ძალად აქცია.

რეგიონების პარტია პრორუსულად ითვლებოდა, რაც გამოიხატებოდა როგორც უკრაინის რუსეთთან დაახლოების, ასევე რუსეთის ხელისუფლების ავტორიტარული მეთოდების კოპირების მცდელობაშიც. მან გააფორმა თანამშრომლობის შეთანხმება „ერთიან რუსეთთან“, ხოლო პარტიის ლიდერები რეგულარულად ჩადიოდნენ მოსკოვში გამოცდილების მისაღებად.

დონბასის შიგნით პარტიამ შექმნა ერთგვარი “სახელმწიფო სახელმწიფოში”, ხოლო იანუკოვიჩის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მისმა სიძლიერემ რეგიონში პიკს მიაღწია. ლუგანსკის რაიონულ საბჭოში 124 დეპუტატიდან 104, ხოლო დონეცკის საბჭოში 180-დან 168 რეგიონების პარტიას წარმოადგენდა. დანარჩენი მანდატები კი მოკავშირე კომუნისტური პარტიის დეპუტატებს ეკავათ. ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ კიევის სურვილი დაენიშნა რეგიონში თავისი წარმომადგენლები მაფიოზური დისციპლინის მქონე ადგილობრივი ელიტის კონსოლიდირებულ წინააღმდეგობას წააწყდა.

მსგავს ერთიანობას პარტიამ მიაღწია ძალაუფლების ვერტიკალის აგებით. დონეცკის და ლუგანსკის შიგნით პარტიის წევრობა იყო ერთადერთი სოციალური ლიფტი და პოლიტიკური მფარველობა ბიზნესისთვის. რეგიონების პარტიაში შედიოდა ყველა: ადგილობრივი ოლიგარქებიდან დაწყებული სკოლების და ბიბლიოთეკების დირექტორებით დამთავრებული.

შედეგად, უკრაინის სახელმწიფოში ჩამოყალიბდა ავტორიტარული ძალაუფლების ანკლავი, რომელიც თავისი გამოცდილების დანარჩენ ქვეყანაზე ექსპორტირებას ცდილობდა. რეგიონის მაცხოვრებლები მიეჩვიენ სხვა რიტმში ცხოვრებას, რასაც ხელს უწყობდა რეგიონების პარტიის იზოლაციონისტური იდეოლოგია. ავტორიტარული მეთოდების შედეგები განიხილებოდა „დონბასელი ხალხის“ თვისებად, რაც განასხვავებდა მათ უკრაინელების „ქაოსისა და ანარქიისგან“.

 

დონბასი იზოლაციაში

ფორმალურად რეგიონების პარტიის ლოზუნგები დემოკრატიულ ხასიათს ატარებდა. ისინი მოითხოვდნენ რეგიონების უფლებების გაზრდას და ეროვნული უმცირესობების ენობრივი უფლებების საერთაშორისო ქარტიის პრინციპების შემოღებას. თუმცა რეალურად ეს ლოზუნგები ემსახურებოდა რეგიონის დანარჩენი ქვეყნისგან იზოლაციას და იქ რეგიონალების მონოპოლიური ანკლავის შექმნას.

თუმცა აღნიშნული იდეოლოგია ვერ შეინარჩუნებდა მოსახლეობის სიმპათიებს, რომ არ ყოფილიყო გამყარებული რეგიონის მაცხოვრებლების განწყობებით და რეალური სურვილებით. დონეცკელების და ლუგანსკელების იზოლაციონიზმის ფესვები უკრაინული დამოუკიდებლობის პირველ წლებში უნდა ვეძებოთ.

1991 წელს დონბასის მოსახლეობის უმრავლესობამ რეფერენდუმზე უკრაინის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ახალ სტატუსს ისინი მძიმე ეკონომიკური სიტუაციიდან გამოსვლას უკავშირებდნენ, რომელშიც რეგიონი 1970-იანი წლების ბოლოდან იყო. საბჭოთა კავშირში მიმდინარე მეშახტეთა გაფიცვებმა საკუთარი გამოძახილი დონბასის მაცხოვრებლებშიც ჰპოვა. ძლიერი იყო ადგილობრივ მოსახლეობაში შეხედულება, რომ მოსკოვი უბრალოდ დონბასის ექსპლუატაციას ეწევა.

თუმცა დამოუკიდებლობის პირველმა წლებმა იმედგაცრუება გამოიწვია. დონბასში მოხდა მტკივნეული დეინდუსტრიალიზაცია: დაიხურა შახტები და ქარხნები, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლის ციკლი უკავშირდებოდა. მოსახლეობის ნაწილს თავის გადარჩენა ნატურალური მეურნეობით მოუწია.

დონბასის კიდევ ერთ უბედურებად იქცა ქვანახშირის უკანონო მოპოვება, რომლის სამუშაოებიც ხელით, თითქმის XIX საუკუნის მეთოდებით მიმდინარეობდა ყოველგვარი უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის გარეშე და კრიმინალური მფარველობის ქვეშ. სწორედ ეს მეწამეები გახდნენ პოლიტიკურად ყველაზე მოგებული უკრაინული დამოუკიდებლობით. მათ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება კიევის და ზოგადად უკრაინის წინააღმდეგ მიმართეს, რომელთაც მდიდარი დონბასი საბჭოთა კავშირს/რუსეთს ჩამოაშორეს და მისი გაღატაკება გამოიწვიეს.

აღნიშნული პირები გახდნენ „დონბასის პირველი დამცველები“ კიევის წინააღმდეგ. ნათელი მაგალითია ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ეფრემოვი, ყოფილი კომკავშირელი, რომელიც დაკავებული იყო საწარმოების ხელოვნული გაკოტრებით და შემდეგ მათი გაყიდვით. ეფრემოვი მოგვიანებით რეგიონების პარტიის ადგილობრივი განყოფილების ლიდერად და კიევის მწვავე კრიტიკოსად გარდაიქმნა. კიევს იგი ბრალს სწორედ ლუგანსკის ინდუსტრიის გაკოტრებაში დებდა.

სოციალურ პროტესტს და კიევის ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილებას დონბასში ამწვავებდა ეროვნულ-კულტურული წინააღმდეგობები. უკრაინული სახელმწიფო ცდილობდა ერთიანი პოლიტიკური სივრცის ჩამოყალიბებას უკრაინული სახელმწიფო ენით, რაც ნაკლებად ემთხვეოდა დონბასის ენობრივ რეალიებს.

რეგიონის ინდუსტრიულმა ხასიათმა განაპირობა სამუშაო ძალის მიგრაცია. დონბასის მაცხოვრებლები საკუთარ მხარეს მულტიეთნიკურად, ხოლო რუსულ ენას და კულტურას – ეროვნებათშორისი კომუნიკაციის საშუალებად მიიჩნევდნენ. შესაბამისად, განათლებასა და საჯარო სფეროში უკრაინიზაციის პოლიტიკა მათი მხრიდან მტკივნეულად აღიქმებოდა. მოგვიანებით ენის საკითხს დაემატა „ისტორიის გადახედვის“ თემაც, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ სცადა ეროვნული გმირებს პანთეონში დასავლეთ უკრაინული ანტიკომუნისტური წინააღმდეგობის ჩართვა. დონბასში რუსული მედიის წყალობით ეს გადაწყვეტილება „კულტურულ გენოციდად“ და „ნაცისტი დამნაშავეების ჰეროიზაციად“ აღიქვეს. გაუცხოებას აღმავებდა უკრაინის რეგიონებს შორის კავშირის არქონა. სოციოლოგიური კვლევების თანახმად ლუგანსკის მაცხოვრებლების 54% არ იყო ნამყოფი დასავლეთ უკრაინაში, ხოლო ლვოვის მოქალაქეთა 65% – დონბასში.

იზოლაციას ხელს უწყობდა დონბასის თავისებური საქალაქო კულტურაც: ადგილობრივი ქალაქებში არ ჩამოყალიბდა ქალაქური ცხოვრების წესი და მის მთელ რიტმს საწარმოო მოთხოვნები განსაზღვრავდა. ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს დონბასის ქალაქების უმრავლესობას არ ჰქონდა თვითმმართველობა და მოსახლეობა მთლიანად მეწარმეების დიქტატს ემორჩილებოდა. რეგიონების პარტია ხელს უწყობდა სპეციფიური რეგიონული პატრიოტიზმის და „დონბასური ხასიათის“ კულტივირებას – უდრეკი, ამაყი, ტრაციდიების ერთგული მეშახტეების და მეტალურგების.

შედეგად 2014 წელს დონბასში უკვე არსებობდა ერთიანი იდეოლოგია, რომელიც ხსნიდა, თუ რატომ არ იყო რეგიონის ადგილი უკრაინაში. საჭირო იყო მხოლოდ პოლიტიკური ბიძგი, რომლის როლიც მაიდანმა შეასრულა.

 

დონბასური კონტრელიტა

არაღიარებული რესპუბლიკების შიდა პოლიტიკაზე საუბარი არ იქნება სრულყოფილი დონბასურ კონტრელიტაზე საუბრის გარეშე, რომელიც რეგიონების პარტიის ჰეგემონიის ქვეშ ამოიზარდა.

თითქოს რეგიონების პარტია სრულად აკონტროლებდა პოლიტიკურ პროცესს დონბასში. უკრაინულ ეროვნულ ან ლიბერალ-დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პარტიები მარგინალიზებული იყვნენ, საყოველთაო არჩევნებზე ხმების 7-10%-ს იღებდნენ, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში თითქმის არ იყვნენ წარმოდგენილი. ერთადერთი ლეგალური პოლიტიკური აქტივობა, რომელსაც ამ პირობებში არსებობა შეეძლო იყო რეგიონების პარტიის მოკავშირე პარტიები და მოძრაობები, რომლებიც დონბასის უკრაინისგან გამოყოფას ისახავდნენ მიზნად.

2005-2014 წლებში დონეცკში ღიად მოქმედებდა საზოგადოებრივი მოძრაობა „დონეცკის რესპუბლიკა“, რომლის მიზანიც 1918-1919 წლებში არსებული დონეცკ-კრივოროჟსკის საბჭოთა რესპუბლიკის აღდგენა იყო. მოგვიანებით მისი დროშა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშად იქცა, ხოლო მისმა ლიდერებმა წამყვანი თანამდებობები დაიკავეს.

2014 წლის კრიზისულ პირობებში, იანუკოვიჩის უკრაინიდან გაქცევის შემდეგ, რეგიონების პარტიის ბიუროკრატიულ-ოლიგარქიულმა ვერტიკალმა ჩამოშლა დაიწყო, რამაც მსგავსი მოძრაობების ლიდერებს „სახალხო გუბერნატორების“ პოსტებზე, ანტიმაიდნის ხელმძღვანელობისა და საველე მეთაურობისკენ გზა გაუხსნა. მათ შეუერთდნენ ბიზნეს-ჯგუფები და ძალოვანების ნაწილი, რომელიც სხვადასხვა კრიმინალური ეკონომიკურ აქტივობით იყვნენ დაკავებული (კონტრაბანდა). მოგვინებით მათი რიგები შეავსეს რუსეთში მიუღებელმა და არარეალიზებულმა ნაციონალისტური მოძრაობების აქტივისტებმა, რომლებიც სოციალურად ახლოს იყვნენ დონბასურ კონტრელიტასთან.

რუსმა სოციოლოგებმა შერბაკმა, კომინმა და სოკოლოვმა გააანალიზეს დონბასელი სეპარატისტების ლიდერთა ბიოგრაფია და მათი ზოგადი პორტრეტი გამოიყვანეს: 1) ბევრი ყოფილი ოფიცერი, 2) ბევრი საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივისტი, 3) პრაქტიკულად არ იყვნენ პოლიტიკური ან ეკონომიკური ელიტის წარმომადგენლები.

რუსეთიდან ძლიერი მედიამხარდაჭერის ფონზე ადრე უცნობი ადამიანები „რუსული გაზაფხულის“ მთავარ მამოძრავებელ ძალად გადაიქცენენ, რომლებიც არა მხოლოდ უკრაინისგან გამოყოფას მოითხოვდნენ, არამედ რეგიონების პარტიის მიმართ წლობით დაგროვებული უკმაყოფილების ექსპლუატაციასაც ახდენდნენ. აღსანიშნავია, რომ დონბასის ყოფილი მმართველებიდან ვერავინ მოახერხა „სახალხო რესპუბლიკების“ ახალ რეალობაში საკუთარი ადგილის პოვნა. სოციალური ლიფტების საკითხი ერთი ხელის მოსმით, „დონბასური ხასიათის“ სტილში გადაწყდა.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

დატოვე კომენტარი